შოუბიზნესი

ლიკუნა ხაჭაპურიძე: ჩემმა ქმარმა მთლიანად შემიცვალა დამოკიდებულება და საკუთარი თავი ფიზიკურადაც და სულიერადაც შემაყვარა

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 08.09, 2021 წელი

ლიკუნა ხაჭაპურიძე
დაკოპირებულია

ლიკუნა ხაჭაპურიძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელია, რომელიც არაერთ პრემიუმ ხარისხის ბრენდთან თანამშრომლობს და მისი განსაკუთრებული სტილი ყოველთვის იქცევს ყურადღებას.

ლიკუნა ხაჭაპურიძე: ვცდილობ, თავს მოვუარო და ყოველთვის კარგ ფორმაში ვიყო. არასდროს მეზარება და დროც არ მენანება, რომ ამას დავუთმო. არასდროს ვტოვებ არც დილის და არც ღამის რუტინას – გამორიცხულია, მაკიაჟით დავიძინო. რაც შეეხება პროდუქციას, ვცდილობ, საუკეთესო ხარისხის გამოვიყენო. ბოლო დროს ნაკლები დრო მაქვს და ვეღარ ვიცლი, რომ სკრაბები და ნიღბები სახლში მოვამზადო, უფრო მარტივია, მზა სახით ვიყიდო და ის გამოვიყენო. თუმცა, არაჩვეულებრივი საშუალებები არსებობს, რომელსაც ვიყენებდი. მაგალითად, არაჟანს ვურევდი თაფლს, ზეთოვანი სახის E ვიტამინს, უკვე მოდუღებული ყავის ნალექს და ძალიან ეფექტური ნიღაბი გამოდიოდა გამონაყრის შემდეგ დარჩენილი ლაქების მოსაშორებლად. ვამზადებდი ნიღაბს ავოკადოს, თაფლისა და ლიმონის რამდენიმე წვეთისგან – ესეც ძალიან სასარგებლოა სახის კანისთვის. ერთად კვერცხის გული, ქოქოსის ან აბუსალათინის ზეთი, შეგვიძლია, ზეითუნის ზეთიც გამოვიყენოთ, ძალიან კარგია თმისთვის. ზრდასაც უწყობს ხელს და კვებავს კიდეც. ეს ნიღაბი ძალიან ბევრჯერ გამოვიყენე.

– ძალიან ხშირად იცვლი თმის ფერს და სტილს, რისი დამსახურებით ინარჩუნებ ხარისხს?

– კი, მართლა ძალიან ხშირად ვიცვლი, მაგრამ იმის გამო, რომ ბოლოებში ცოტ-ცოტას ხშირად ვიჭრი, ახალი თმა მოდის და ეს ძალიან მეხმარება. თუმცა, საერთო ჯამში, მაინც ძალიან დაზიანებული მაქვს და ყოველთვის ვახმარ სხვადასხვა ნიღბებს. ერთ-ერთი, სწორედ, ქოქოსის ზეთი და კვერცხის გულია.

– როგორ იკვებები?

– რა პროცედურებიც უნდა ჩავიტაროთ, თუ საკმარისი ოდენობის წყალი არ დავლიეთ, ორგანიზმს ეს აუცილებლად დაეტყობა. აუცილებელია კანი დატენიანებული იყოს და ასევე აუცილებელია, ძილის რეჟიმი მოვიწესრიგოთ. ეს მარტო შინაგან მდგომარეობაზე კი არა, ვიზუალზეც მკვეთრად აისახება. რაც შეეხება კვებას, ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. სიგარეტის მწეველი ვიყავი და ამასაც დავანებე თავი – ამით ძალიან ვამაყობ. ძალიან გამიჭირდა, ერთი პერიოდი აიქოსზე გადავედი, მაგრამ ამასაც შევეშვი და ახლა უკვე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია, ვთქვა, რომ სიგარეტის გადაგდება შესაძლებელია და ჩვენი ორგანიზმისთვის ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებთ. არ ვჭამ ხორცს, ძირითადად, ბოსტნეულითა და ხილით ვკმაყოფილდები. რაღაც პერიოდი თევზზეც უარი ვთქვი, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა მიმეღო ჩემი ორგანიზმისთვის სხვანაირად არ შეიძლებოდა, ამიტომ შიგადაშიგ ზღვის პროდუქტებსაც ვურევ. ძალიან მიყვარს ცხოველები და მეცოდებიან, მიმაჩნია, რომ რაც ასე გიყვარს, არ უნდა ჭამო, ამიტომაც ვთქვი უარი ხორცზე. არ ვიცი, რამდენად მართალი ვიქნები, მაგრამ მინდა ყველას ვთხოვო, რომ არც მათ ჭამონ. ვცდილობ, დღეში სამჯერ ვიკვებო, თავი არ შევიზღუდო და რაც მიყვარს, მასზე უარი არ ვთქვა, ხშირად „ფასტფუდებსაც“ ვჭამ, მაგრამ მერე ვვარჯიშობ და ვცდილობ, არაჯანსაღი ცხიმები ამ გზით მოვიშორო. ერთი კილოგრამიც რომ მოვიმატო, მაშინვე პანიკა მეწყება. ადრე ვშიმშილობდი, რაც არასწორია, ახლა, უბრალოდ, გვიან აღარ ვჭამ, ცომზე უარს ვამბობ და ჩემი ორგანიზმი მაშინვე ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ძალიან მეხმარება ფეხით სიარულიც.

– თავის მოვლის პროცედურები და დრო, რომელიც მას სჭირდება, ბიჭებს საკმაოდ აღიზიანებთ და რას ამბობს ქმარი?

– სულ მაგაზე გვაქვს ჩხუბი და სულ ეს სიტყვები მესმის, მალე გამოდი (იცინის). რომ ვიტყვი, 15 წუთში ვიქნები მზად-მეთქი, ეს, მინიმუმ, ერთი საათის ტოლფასია. მგონი, ყველა გოგო ასე ვართ და უკვე ჩემი ქმარიც მიეჩვია (იცინის). მაგრამ ბოლო დროს მეც შევცვალე ტაქტიკა, მაგალითად, თუ ექვსზე გავდივარ სახლიდან, ოთხზე ვიწყებ მომზადებას და აღარ მაგვიანდება. ადრე ნახევარი საათით ადრე ვიწყებდი და სულ პრობლემა გვქონდა (იცინის). ისე, თავის მოვლას რაც შეეხება, ჩემს ქმარს ეს არ აღიზიანებს, პირიქით, ძალიან სიამოვნებს და აფასებს კიდეც ჩემს მონდომებას. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე დღეს საკუთარი თავი მიყვარს. არასდროს მჯეროდა საკუთარი თავის, საკუთარი გარეგნობის. კომპლიმენტებს რომ მეუბნებოდნენ, ვერ ვიღებდი. არ ვიცი, საიდან მოდიოდა ეს კომპლექსი, მაგრამ ჩემმა ქმარმა მთლიანად შემიცვალა დამოკიდებულებები და ჩემი თავი შემაყვარა ფიზიკურადაც და სულიერადაც. ღმერთის მადლიერი ვარ, ის რომ გამომიგზავნა. ჩემს საქმიანობაშიც ძალიან მეხმარება. ჩემამდე ფოტო არ ჰქონდა გადაღებული და ახლა როცა მჭირდება, თვითონაც მიღებს ფოტოებს (იცინის). ჩემს მეილებსაც პასუხებს და მირჩევს, რომელი ფოტო დავდო, რომელ ბრენდთან ვითანამშრომლო. უზომოდ მიხარია და უბედნიერესი ვარ მისი ჩემს ცხოვრებაში არსებობის გამო.

– ცოლის ამპლუა როგორი აღმოჩნდა?

– ძალიან კარგი. ადრე ბევრისგან მსმენია, რომ დაქორწინების შემდეგ ბევრი რამე იცვლება, ხშირია ჩხუბი და უსიამოვნებები, ამიტომ სულ შიში მქონდა. მაგრამ ახლა ძალიან კომფორტულად ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ისევ შეყვარებულებივით ვართ. ჩვენც ვკამათობთ, სხვანაირი ურთიერთობა ძალიან მოსაწყენიც იქნება, მაგრამ ორ წამში ვრიგდებით და ერთმანეთს ვეხუტებით.

– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და ალბათ, უამრავი ბიჭი გწერს – არ აქვს ამაზე გართულება?

– უცნობი ბიჭების მოწერილებზე ჩემს ქმარს საერთოდ არანაირი რეაქცია აღარ აქვს და უკვე არც მე. უბრალოდ, ვაიგნორებთ. თავიდან, სანამ ერთმანეთს კარგად გავიცნობდით, ღიზიანდებოდა. შენს შეყვარებულს რომ უცნობი ბიჭები სწერენ, გაღიზიანდები, მაგრამ ახლა ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

– ქორწინების პირველი პერიოდი გერმანიაში ცხოვრობდით, ახლა რა გეგმები გაქვთ?

– ახლა საქართველოში ვართ, სახლი განვაახლეთ და ჯერ აქ ვაპირებთ ყოფნას, სამომავლოდ კი შეიძლება, წავიდეთ. რომ მივდიოდი, ყველაფრის ძალიან მეშინოდა, ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო და ამან მართლა ძალიან შემაშინა. თუმცა, იქ რომ ჩავედი, ერთდროულად იმდენი კარგი რამ მოხდა, იმდენ კარგ ბრენდთან დავიწყე თანამშრომლობა და ისე წინ წავიდა ჩემი საქმიანობა, ისე განვვითარდი პიროვნულად და კარიერულად, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. გერმანიის მადლიერი ვარ. მანამდე დეპრესიული პერიოდები მქონდა, მიჭირდა შეგუება, იყო სირთულეებიც, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი დალაგდა.

– გამორჩეული ჩაცმის სტილი გაქვს და ამითაც სულ ყურადღების ცენტრში ხარ, როგორ არჩევ ხოლმე სამოსს?

– 19 წლის ვიყავი, დამოუკიდებლად ჩაცმა რომ დავიწყე, მანამდე ტანსაცმელს მშობლები ყიდულობდნენ ჩემთვის (იცინის). მას შემდეგ მართლა სულ ყურადღების ცენტრში ვარ, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან არაორდინარული სტილი მაქვს. მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მინიმალისტურ სტილზე გადავედი. ადრე ყველაფერი ერთად მეცვა, ორი პიჯაკი, დიდი შარვალი, ჯაჭვები, დიდი ბოტასები, ახლა ყველაფერ სადას ვარჩევ – ხასიათის მიხედვით. დღეს შეიძლება, სპორტული სტილი მომინდეს, ხვალ – კლასიკური, მაგრამ ძირითადად მაინც სპორტულისკენ ვიხრები, მთავარია, კომფორტულად ვგრძნობდე თავს და ესთეტიკურადაც გამოვიყურებოდე. ადრე პირიქით ვიყავი, მთავარი იყო, ჩემი ვიზუალი და ჩაცმულობა მომწონებოდა და სულ არ დავეძებდი თუ ეს ყველაფერი დისკომფორტს მიქმნიდა.

– ბრენდები და ფასები – ეს რამდენად მნიშვნელოვანია?

– მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ პრემიუმ ხარისხის ბრენდთან დავიწყე თანამშრომლობა – იქნება ეს ტანსაცმლის თუ კოსმეტიკური ხაზი, კარლ ლაგერფელდსაც ედო ჩემი პოსტები. როცა ასეთ ბრენდებთან გავაფორმე ხელშეკრულებები, მათ პირობა დამიდეს, რომ თუ მათთან ვითანამშრომლებდი, მხოლოდ და მხოლოდ პრემიუმ ხარისხის ბრენდებთან უნდა მქონოდა ურთიერთობა. ამიტომ ახლა ყველასთან ვერ ვთანამშრომლობ. იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომლობის ფარგლებში ძალიან ბევრ რამეს მჩუქნიან, იმდენის ყიდვა აღარ მჭირდება, რამდენისაც ადრე. მაგრამ როცა ვყიდულობ, არ ვაქცევ ყურადღებას, ბრენდულია თუ მეორადი. მთავარია, მომეწონოს და მიხდებოდეს. ძალიან მიყვარს ვინტაჟური ტანსაცმელი, რომელსაც მეორადებში ვპოულობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი