შოუბიზნესი

ლიკა კვარაცხელია: ჩემი ზედმეტი პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა თვითონვე მღლის ხოლმე

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 25.03

ლიკა კვარაცხელია
დაკოპირებულია

არის თუ არა ასტროლოგია ლიკა კვარაცხელიასთვის საინტერესო, ვინ არის ის ზოდიაქოთი და აქვს თუ არა საკუთარი ნიშნის თვისებები, ამას მისგან შევიტყობთ.

ლიკა კვარაცხელია: ზოდიაქოთი მორიელი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიაში ძალიან კარგად ვერკვევი, თუმცა, შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებ და რჩევებსაც ვითვალისწინებ.

– „მორიელს ბრძოლის საოცარი უნარი აქვს, არ არსებობს სიტუაცია, ის რომ დანებდება“. ხართ ასეთი?

– ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი. უბრალოდ, თუ სირთულეები მხვდება, უფრო მეტად მოტივირებული ვარ, უფრო მეტად ვცდილობ, საქმე ბოლომდე მივიყვანო და წინააღმდეგობების მიუხედავად, არ დავნებდე. ვფიქრობ, რთულ სიტუაციებს არ გავურბივარ.

– მორიელი გამოირჩევა მოთმინებითა და სიფრთხილით...

– სიფრთხილეზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მოთმინება გარკვეული დოზით მაქვს. ვიაზრებ, ზოგჯერ დროა საჭიროა იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიიღო. ზოგჯერ კი საჭიროა, დათმობაზე წახვიდე. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი ორ წუთში მინდა. შემიძლია, კარგად დავფიქრდე, მოვიცადო, სხვისი აზრიც მოვისმინო, გავითვალისწინო და მშვიდად გადავდგა ნაბიჯი. მოთმინების უნარი კარგი მაქვს, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. არსებობს პირადი სივრცე, ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ვერავის გადაალახინებ.

– რასაც ჩაიფიქრებს, იმას აუცილებლად მიაღწევს, თუნდაც, ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე მოუწიოს ბრძოლა...

– სიმართლე რომ ვთქვათ, არ ვისახავ ისეთ მიზნებს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე სჭირდება ბრძოლა. ალბათ, მოკრძალებული მორიელი გახლავართ (იცინის). საკმაოდ რეალისტი ვარ. ვიცი ჩემი შესაძლებლობები, გარემოსაც ვითვალისწინებ, პირობებს და აქედან გამომდინარე, მიზნებსაც ისეთს ვისახავ, რისი განხორციელება და ასრულება შესაძლებელია. რასაც მიზნად ვისახავ, იმის ბოლომდე მიყოლა მახასიათებს. შესაძლოა, გარკვეული პერიოდით თაროზე შემოვდო, სიზარმაცემ მძლიოს, მაგრამ რაღაც მომენტიში აუცილებლად დავუბრუნდები და ბოლომდე მივიყვან დაწყებულ საქმეს.

– მორიელი საკმაოდ რთული ბუნების ადამიანად მიიჩნევა. მისი ბოლომდე გაშიფვრა და შესწავლა შეუძლებელია.

– არ ვიცი, მიმალავენ თუ პირდაპირ ვერ მეუბნებიან, მაგრამ მსგავსი რამ არ უთქვამთ (იცინის). ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ ბოლომდე მორიელიც არ ვარ. ცოტა მითი მგონია, რომ მორიელი საკმაოდ რთული ბუნებისაა და მისი ბოლომდე შესწავლა შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში ჩემ გარშემო ასეთი არავინ არის.

– როგორი ინტუიცია გაქვთ?

– კარგი. ჩემი შეგრძნებები ხშირად მართლდება, თუნდაც, ადამიანების შეცნობა ავიღოთ. შევმცდარვარ კიდეც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ჩემი შეგრძნებები მაინც მართლდება ხოლმე,.

– საკმაოდ მისტიკურ ნიშნად მიიჩნევა...

– საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ მიიჩნევა მორიელი მისტიკურ ნიშნად. არ ვარ ასეთი. პირიქით, ყველაფერში გახსნილი და ღია ვარ, მისტიკურობისგან ძალიან შორს.

– სიმართლის მოყვარულია და ამის გამო მწარე ენის პატრონად მიიჩნევენ. ასეა?

– მწარე არ ვიცი, მაგრამ სიმართლე ძალიან მიყვარს. გამორიცხულია, თავს ვერ შევიკავებ და არასწორად ვერაფერს ვიტყვი. შესაძლოა, ვინმესთვის ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ აუცილებლად სიმართლე უნდა ვთქვა. თუ ჩემი აზრის დაფიქსირება არ არის საჭირო, ამას არც ვაკეთებ, ჩემთვის ვიტოვებ. თუ მეკითხებიან, მაშინ მირჩევნია, რეალურად შევაფასო. რა თქმა უნდა, მეც მირჩევნია, სიმართლე მითხრან, როგორიც არ უნდა იყოს ის.

– მორიელს ახასიათებს შურისძიება...

– არა, შურისძიება ნამდვილად არ მახასიათებს. უბრალოდ, თუ ადამიანს ხაზი გადავუსვი, ესე იგი, ყველაფერი მორჩა და მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მექნება. შურისძიება ძალიან შორს არის ჩემგან.

– ძალიან ძლიერი სიყვარული იცის, მესაკუთრეობის დონემდე.

– არა, პირად სივრცეს ყველას ვუტოვებ, მესაკუთრე ნამდვილად არ ვარ. ერთგული ვარ და შესაძლოა, გადაჭარბებულადაც მიყვარს, თუმცა სიყვარული ეჭვიანობასა და მესაკუთრეობაში არ გადამდის.

– უჭირს წყენის პატიება...

– კი, წყენის პატიება ნამდვილად მიჭირს. მით უმეტეს, როცა არ ვიმსახურებ, მერე მართლა ძალიან მიჭირს. ალბათ, იმიტომ, რომ ურთიერთობაში ბევრს გავცემ. მეგობარი იქნება, ახლობელი თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, როდესაც უკან სხვა დამოკიდებულებას ვიღებ, მერე უკვე აღარ ვპატიობ.

სიყვარულის გამო მსოფლიოს დაუპირისპირდება, საყვარელი ადამიანებისთვის თავის განწირვა შეუძლია.

– არა, ასეთი გმირობის ჩამდენი არ ვარ (იცინის). ზოგადად, ჩემში არ არის რადიკალიზმი. ერთგულება და სიყვარული ისედაც ბუნებრივია, ვფიქრობ, ამაზე ხაზგასმა საჭირო არ არის და ამისთვის გმირული საქციელების ჩადენაც არ მჭირდება. ბუნებრივად ასეთი ვარ.

– მორიელი ძალიან სტაბილურია.

– კი და ზოგადად, მიყვარს სტაბილურად გაწერილი გეგმა, დღის წესრიგი – ჩემი ცხოვრების სტილი ასეთია. უნდა ვიცოდე, როდის რას ვაკეთებ, სად ვარ წასასვლელი და ასე შემდეგ. ქაოტურობა არ მომწონს, სპონტანურობა მძაბავს. ამას ზოდიაქოს არ ვაბრალებდი, მეგონა, უბრალოდ, ასეთი ვიყავი, მაგრამ ზოდიაქოს თვისება ყოფილა.

– თავშეკავებულია...

– კი, ჩემშიც არის ეს თვისება. ზოგადად, არ ვარ ფამილარული ადამიანი. არ შემიძლია, გაცნობიდან მეორე დღეს ასი წლის ნაცნობივით ვეურთიერთო ადამიანს. დისტანციაც მიყვარს და ბევრ ემოციასაც ვერ გამოვხატავ. შეიძლება, ჩემში მოიხარშოს ყველაფერი და სხვებს არ გავუზიარო.

– ძალიან პასუხისმგებლიანია...

– კი, ეს თვისება ცოტა გადაჭარბებულად მაქვს, იმდენად, რომ თვითონ მღლის ხოლმე ჩემივე ზედმეტი პასუხისგებლობა და ზედმეტი პუნქტუალობა.

– რა მოგწონთ და რას გამოასწორებდით საკუთარი თვისებებიდან?

– მომწონს სამართლიანობა. ყველანაირ სიტუაციაში ვცდილობ, ორივე მხრიდან რაციონალურად და ცივი გონებით შევხედო არსებულ მდგომარეობას და სამართლიანად ვიმოქმედო, ანუ, ემოციებს არ ავყვე. ძალიან ბევრი ფიქრი მჩვევია და ასევე, ზედმეტი პასუხისმგებლობის შეგრძნება ჩემი ახლობლების მიმართ, რაც მე თვითონაც მღლის და ალბათ, სხვასაც – ამ თვისებას სიამოვნებით გამოვასწორებდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა