ლევან წვერავა: ამერიკის ვიზა ჩვენი ახალი შანსია
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00
ცოლ-ქმრის, ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის დუეტი – „ლეონი“, ხალხმა მრავალფროვანი და გამორჩეული სტილის სიმღერებით შეიყვარა. ახლახან ლევანსა და ნინის ამერიკის საელჩოში, ათწლიანი ვიზა მისცეს და როგორც ისინი ამბობენ, ამით მათ ახალი გზა გაეხსნათ, რაც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაში ზღვა ემოციას შემოიტანს.
ლევან წვერავა: ჩემს ცხოვრებაში წარმატება ადვილად არასდროს მოსულა. ამას სჭირდება ძალიან ბევრი შრომა, ბევრი აზროვნება, გათვლა და მიმაჩნია, რომ წარმატებისთვის სულ უნდა იშრომო და განვითარდე. ზოგადად, ყველაზე მეტად ოჯახში გამიმართლა. მოტივაცია საიდანღაც ხომ უნდა მოდიოდეს, იდეას გაწვდიდეს და სამომავლოდ სტიმულს გაძლევდეს. ჩემს შემთხვევაში ეს არის ჩემი ოჯახი, ჩემი ყველაზე დიდი „საკვები“, რომლისგანაც ვიღებ ყველაზე დიდ ემოციას, რაც გინდა, რომ განავრცო და ერთიანობაში მოიყვანო. მოკლედ, ოჯახი – ჩემი მეუღლე და შვილი, ჩემი ცხოვრებისა და წარმატების ყველაზე მთავარი მოტივატორია. მე მეორე ნახევარში გამიმართლა, ისევე, როგორც ჩემს ცოლს (იცინის). სიყვარული ჩემთან იმ საჭირო მომენტში მოვიდა, როცა უნდა მოსულიყო. მანამდე იყო ფლირტი, ვნებაზე დაყრდნობილი ურთიერთობები. ვიცოდი, თუ ვინმე შემიყვარდებოდა, ის აუცილებლად ჩემ გვერდით იქნებოდა. ნინი ჩემი პირველი სიყვარულია. სულ სიყვარულის ძიებაში ვიყავი და ზუსტად ვიცოდი, მას შევხვდებოდი. ასე რომ, ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო, უნდა შევხვედროდით, შეგვყვარებოდა და ერთად ვყოფილიყავით. ნინი საჭირო დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და წლებია, ერთმანეთის წარმატებას, პრობლემებს თუ რთულ მომენტებს, ერთად ვიზიარებთ.
– რამდენი წელია, ერთად ხართ?
– მეთექვსმეტე წელია, რაც მე და ნინი ერთად ვართ და მინდა, გითხრათ, ეს განვლილი თანაცხოვრება იყო ყველაზე დიდი გამოცდილება. როგორ შეიძლება, სიყვარული გახუნდეს – ისევ ისე მიხარია ნინის გვერდით გათენებული ყოველი დილა, როგორც თექვსმეტი წლის წინ მიხაროდა. სიყვარული არ არის მხოლოდ ლამაზი დღეები, ეს არის ერთობლივი ბრძოლა, როცა გჯერა, რომ ერთად ყველაფერს გაუძლებთ. ჩვენმა სიყვარულმა, ყველა გამოცდას გაუძლო. შვილის დაბადებამ, ხომ, საერთოდ შეცვალა ჩვენი სამყარო უკეთესობისკენ. ისეთი ფერი შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც რეალურად არ არსებობს, ყველაზე ლამაზი ფერია. ერთი სიტყვით, ნოეს დაბადებით ყველა ფერი შეიცვალა, ახალი ბგერები შემოიტანა, უფრო ნათელი გახდა ჩვენი სიყვარული, სიყვარულს კიდევ უფრო დიდი სიყვარული დაემატა. ჩვენი ნანატრი შვილია, მთელი ათი წელი ველოდით მის დაბადებას და მის მიმართ კიდევ უფრო მძაფრი ემოცია გვაქვს. ყოველდღე, როცა ვეფერები, ვესაუბრები და ვეკონტაქტები, გულში ვფიქრობ: ეს აუცილებლად უნდა დაბადებულიყო და ათი წელი ნამდვილად ღირდა ამ ლოდინად. სხვათა შორის, ნოე ერთგვარი თილისმაა ჩემთვის და ნინისთვის. მის დაბადებას მოჰყვა ჩვენი წარმატება, არა მარტო შემოქმედებითი, არამედ ფინანსურიც. როგორც კი დაიბადა, გაჩნდა ახალი იდეები, გაიხსნა რეალურად სხვა გზები. ასე რომ, ნოეა ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯის წარმატების მიზეზი. მისი დაბადებით ჩემთვის ახალი ცხოვრება, ახალი სიცოცხლე დაიწყო.
– როგორც ვიცი, დიდი ხანია, ამერიკის ვიზის აღება გინდოდა. სულ ახლახან ეს ოცნება აიხდინე და როგორც კი სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნე, ამას მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომ თავისუფლების ქვეყანაში წასული, უკან აღარ დაბრუნდები და ოჯახთან ერთად, იქ განაგრძობ მოღვაწეობას. ეს მხოლოდ ჭორია თუ ახლოსაა რეალობასთან?
– მე და ნინი იმ ადამიანებს შორის ვართ, ვისაც ამერიკაში გვინდოდა მოხვედრა, სადაც სხვა შესაძლეობლებებია. ბევრი დაინტერესდა, იქ ხომ არ დარჩებიანო. არა, ჩვენ ამერიკაში არ დავრჩებით, ათწლიანი ვიზა გვაქვს, ეს ჩვენი ახალი შანსია. ბევრ უცხო ქვეყანაში ვართ ნამყოფი, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამერიკაში ჩასვლით ჩვენს შემოქმედებას ახალ ფრთებს შევასხამთ. ჩვენი მეგობრები ყოველდღიურად გვწერდნენ ამერიკიდან, როდის ჩამოხვალთო, ჩვენზე არანაკლებად ელოდებოდნენ ვიზის აღებას. ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო როგორც კორპორატიულ საღამოებზე, ისე ემიგრანტების მხრიდან. სხვათა შორის, წლებია, გვინდოდა, ასე მომხდარიყო, მაგრამ პირველი მცდელობა იყო და გაგვიმართლა. რეალურად, ისეთი არაფერი ყოფილა, მომენდომებინა და არ გამომსვლოდა და არ გაკეთებულიყო. შევეხმიანეთ ძალიან კარგ გოგოს, ლანას, რომელიც საბუთების მოწესრიგებაში დაგვეხმარა, დაგვაკვალიანა და საელჩოში პირველივე შესვლაზე ჩაგვირტყეს ათწლიანი ვიზა. მე და ნინი ამერიკაში დამრჩენები ნამდვილად არ ვართ, აქაც დატვირთული გრაფიკი გვაქვს. ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში და სულ მეუბნებოდნენ: საელჩოში თუ შეხვალ, აუცილებლად მოგცემენ ვიზასო. მეც მქონდა იმედი. მჯეროდა, რომ მოგვცემდნენ. მთელი ღამე მესიზმრებოდა: „გილოცავთ, თქვენ დაგიმტკიცდათ ვიზა...“ და, რეალობაში ამიხდა. ნინიმ იქვე გამოხატა ემოცია, მეც მინდოდა მაგრად ავმხტარიყავი, მაგრამ თავი შევიკავე (იცინის). გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ამერიკაში დარჩენას არ ვაპირებთ, მეგობრებთან ჩავალთ, დაიგეგმება ღონისძიებები. ამერიკული ვიზის აღებით ხვდები ადამიანი, რომ ცხოვრებაში იმედი მოიგე. თან, ჩემი „სეიშენის“ ბიჭებიც იქ არიან. ასე რომ, ამერიკული ოცნება ამიხდა და წინ კიდევ ბევრი ოცნების ახდენის წამები მელის. უფრო სწორად, წელს მთელი დეკემბერი დატვირთული გვაქვს, ფიზიკურად ვერ ვახერხებთ და მომავალი წლის მარტის თვიდან დაიწყება ჩემი და ნინის დუეტის – „ლეონის“, ამერიკული ოცნებების ახდენა.
– მარტო ცოლ-ქმარი გაემგზავრებით თუ ბავშვიც მიგყავთ?
– მარტო მე და ნინი მივდივართ, ბავშვს ვტოვებთ. ჩავალთ, დავიგეგმებით, ლამაზ ფოტოებს გადავიღებთ, ახალ ემოციებს „ჩავყლაპავთ“ და მერე ჩამოვალთ. სულ ვამბობ, მოუსვენარი ქუთაისელი ვარ-მეთქი და მართლა ასეა (იცინის). მე ჩემი თავი სხვანაირი ვერ წარმომიდგენია. ყოველ ახალ შესაძლებლობებს დიდი იმედითა და კეთილგანწყობით ველოდები ხოლმე და ახალაც ასეა.
– ყველა გიცნობს, როგორც წარმატებულ, პოზიტიურ ადამიანს. შენი და ნინის სიყვარული, ცალკე თემაა. ცოლქმრული თანაცხოვრების განმავლობაში იყო პერიოდი, რისი გადალახვაც რთულად მოგიწიათ?
– თანაცხოვრებაში როგორ არ იყო რთული პერიოდები, მაგრამ მე და ნინიმ ერთად გადავლახეთ. ათი წელი ცოტა არ არის, როცა შვილი არ გყავს და მის მოლოდინში ხარ, ამას ყველაზე დიდი გამძლეობა უნდა და ღმერთმა არ გამოაცდევინოს არავის. არ იყო მარტივი ათი წელი ლოდინი, მაგრამ მე და ნინი ამაშიც ძლიერები აღმოვჩნდით. განა ერთმანეთი მივატოვეთ გასაჭირში, პირიქით, ერთმანეთი უფრო შევავსეთ, არანორმალური ძალა გამოვიჩინეთ და ერთმანეთის დაფასებით გავუძელით. იყო მომენტი, როცა ფინანსური კრიზისიც გვქონდა და ჩიხში შევედით. ამასაც ერთად გავართვით თავი და ამ ერთობის ყველაზე დიდი ძალა, სწორედ ესაა, ერთად გამოვიარეთ, ვნახეთ ყველაფერი – ძალიან დიდი დაბრკოლება, გაჭირვება, იმედგაცრუება, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ფარ-ხმალს ყრის.
ყოველთვის შეიძლება ფეხზე წამოდგომა, თუ გვერდით საიმედო საყრდენი გყავს. ჩემს შემთხვევაში ეს საყრდენი ნინი იყო და არის.
– ყოველთვის კარგად გამოიყურები და ალბათ, როცა საკუთარ წლოვანებას ამხელ, ბევრს უკვირს. ეს გენეტიკის დამსახურებაა თუ ამაშიც ნინის ხელი ურევია?
– ასაკს არ ვმალავ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 43 წლის ვარ, თუმცა არ მეტყობა (იცინის). ცოლი 25 წლის ასაკში მოვიყვანე, ჩვენ შორის ცხრაწლიანი სხვაობაა. ვინც იგებს ჩემს წლოვანებას, ყველა შოკში ვარდება (იცინის). გენეტიკა მაქვს სასწაული, ბიძაჩემი 80 წლამდეა და 65 წლის ადამიანს ჰგავს, ასე იყო მამაჩემი და ჩემი ძმაც, რომელიც ჩემზე სამი წლით დიდია, მაგრამ ასაკი არ ეტყობა. ასე რომ, ჩემი გარეგნობა და ახალგაზრდობის საიდუმლო გენეტიკაშია, თუმცა თავის მოვლაც ძალიან მიყვარს. გენეტიკას პლუს სწორი კვება და ვარჯიში. არასოდეს გავცდები ჩემს წონას, რადგან ეგრევე დისკომფორტს ვგრძნობ. ამ დოზით რომ ხარ სცენაზე, ტელევიზიაში, ჟურნალის ყდაზე თუ ფოტოსესიაზე, პატივი უნდა სცე შენს მსმენელსა და მაყურებელს – მე ასე ვუდგები ამ საკითხს. მუსიკის შემდეგ, ძალიან მიყვარს კულინარია. პატარაობისას ნამცხვრებსაც ვაცხობდი (იცინის). მოკლედ, კულინარია ჩემი ჰობია, კეთებაც მსიამოვნებს, გურმანიც ვარ და ჭამაც მიყვარს, თუმცა, წონას ყოველთვის ვაკონტროლებ. სხვათა შორის, მუსიკალური ნიჭიც გენეტიკურად დამყვა – ბაბუა მევიოლინე იყო, მამა კარგად უკრავდა გიტარაზე, ბიძაჩემიც კარგად მღერის. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო მუსიკა და ის სფერო, საითაც ახლა მივდივარ. მართალია, პარალელურად სხვა საქმეებსაც ვაკეთებ და ის დრო, რაც შემოქმედებითი კუთხით მეხარჯება, იმ საქმეებს რომ დავახარჯო, მეტად კარგი ფინანსური სარგებელი მექნება, მაგრამ მე თუ მუსიკით არ „ვიკვებები“, სხვა საქმეს ვერ გავაკეთებ. პარალელურად, მუსიკა უნდა ვაკეთო. „სეიშენი“ რომ დაიშალა და მარტო დავრჩი, მაინც ეს გზა ვარჩიე, გამოსავალი ვნახე – სიგიჟეს შევეჭიდე, რადგან ნინი არ არის პროფესიონალი მომღერალი. თუმცა სმენაც კარგი აქვს და ხმაც, ამიტომ „ლეონის“ ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ეს დუეტი, მიუხედავად ჩემი პროფესიონალიზმისა და დიდი ძალისხმევისა, მის გარეშე, ასეთი პოპულარული ვერ იქნებოდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





