შოუბიზნესი

ლევან სუხიტაშვილი: ერთ ქალბატონთან ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეტირა

№10

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 16.03

ლევან სუხიტაშვილი
დაკოპირებულია

ლოქდაუნის დროს მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა, მეგობრებთან ერთად, საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო – მადლინგ Madling-day. ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარებიან. უფრო დაწვრილებით ამ თემასთან დაკავშირებით თავად ლევანი გიამბობთ.

ლევან სუხიტაშვილი: ეს იდეა ახლა არ დაბადებულა. დაახლოებით, იმავე შემადგენლობამ 2008 წლის ომის შემდეგ დავიწყეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული ხალხის დახმარება. ეს ადამიანები სკოლებში იყვნენ შესახლებული და არაფერი არ გააჩნდათ. ერთ-ერთი სკოლა ჩემი სახლის წინ იყო და ერთ დღესაც, უბრალოდ, ჩავედი, რაღაცები ჩავუტანე. ისეთი საშინელი სიტუაცია დამხვდა მაშინვე გადავურეკე ყველა მეგობარს, ვისაც რა შესაძლებლობა ჰქონდა, რომ დავხმარებოდით. არც ერთმა არ დაიზარა, უამრავი რამ შევაგროვეთ და სხვადასხვა სკოლაში შესახლებულებზე გადავანაწილეთ. მერე ამის ბევრი მსურველი გამოჩნდა და გავმრავლდით. ამიტომ მიყვარს ჩვენი ერი, მიუხედავად ყველა ნაკლისა, გაჭირვების დროს ერთმანეთის გვერდში დგომა ვიცით და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. კარგად თუ ხარ, მაშინ არ „ევასები“ ვინმეს, თორემ, როცა გიჭირს, მაგრად უყვარხარ (იცინის). მოკლედ, დაავარსეთ საქველმოქმედო კავშირი. გორში, მავთულხლართებთან საქველმოქმედო საღამო გავაკეთეთ, კონცერტიც – ცოცხალი შესრულებით, მაგრამ ეს წამოწყება რაღაც მიზეზების გამო ვეღარ გავაგრძელეთ.

– ვიცი, რომ ბელგიიდან ქართველები დაგიკავშირდნენ და ჰუმანიტარული დახმარება, პროდუქტები გამოგზავნეს. რა ბედი ეწიათ მათ?

– კი, მაგრამ გადაზიდვებთან დაკავშირებით იყო პრობლემა, რომელიც დროში ძალიან გაიწელა, ბევრი მაწვალეს და ამ საქმეზე გული ამიცრუვდა. ბელგიიდან ფოთში შემოვიდა გემი და პროდუქტებს არ გვატანდნენ, საბუთები არ გაქვთ წესრიგშიო. ბელგიიდან რომ საბუთს მიგზავნიდნენ, სამ დღეში ჩასასწორებლად ვგზავნიდი უკან და ეს მთელი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ისე დავიღალე, რომ აგერ თქვენი ტვირითი და რაც გინდათ, ის უყავით-მეთქი. მითხრეს, რაღაც ნაწილს გამომატანდნენ, მაგრამ როგორ უნდა წამომეღო ცოტა, როცა ყველამ იცოდა, რისთვისაც იყო განკუთვნილი ეს ყველაფერი. თან, ეს არ იყო ჩვენი შეცდომა, თვითონ დაარღვიეს რეგულაციები, ბელგიიდან გამოგვიგზავნეს საკვები და საქართველოში გააჩერეს. ბელგიიდან ვინ დაგვაძვრევინებდა გემს, საბუთები რომ წესრიგში არ გვქონოდა. გავედი მინისტრების, მოადგილეების დონეზე, რომ ნუ წაართმევდნენ ამ ხალხს ყველაფერს – ან სახელმწიფოს უნდა გადასცემოდა, ან განადგურებულიყო. მაინც არაფერი გამოვიდა და იმდენად მეწყინა, რომ იმ პროდუქტების ბედი აღარც მომიკითხავს.

– თუმცა, ამის მიუხედავად, დღეს ისევ ჩაები საქველმოქმედო კამპანიაში.

– ჩემი მეგობრების დამსახურებით. ნათია ხაინდრავამ და მისმა მეუღლემ, დაჩი ცაგურიამ ლოქდაუნის პერიოდში თვითონვე წამოიწყეს ეს კამპანია და მითხრეს, შევერთებოდი. თან, თანხა ჰქონდათ მოძიებული 15 ოჯახზე. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, წავედით „კარფურში“, ვიყიდეთ პროდუქტები და დავიწყეთ ეს საქმე. უბრალოდ, რომ მიდიან ხოლმე დასახმარებლად, კეთილ საქმეში, რომ ჩაეთვალოთ და ორ პატარა ბოღჩას მიიტანენ, ასე არ ვართ. ამ ადამიანებთან მიგვაქვს საკვების ის რაოდენობა, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირა ჰყოფნით – ბავშვებმა ამ პერიოდის განმავლობაში რომ მაინც იკვებონ წესიერად. ამ ყველაფერს სამი კომპანიის – „ბრიტანია კონსტრაქშენის“, „მოდერნ მედიკალისა“ და „პლატინუმ ინვესტის“ – გვერდში დგომით ვახერხებთ. მადლობა მინდა, მათ გადავუხადო, ნამდვილად მისაბაძები არიან. მეც ამიტომ ვლაპარაკობ ამ თემაზე სოციალურ ქსელში და ყველგან, რომ ერთმანეთს კარგ რამეში უნდა მივბაძოთ.

– ალბათ, ემოციურად ძალიან რთულია. ძირითადად, რომელ ფენას ეხმარებით?

– აუ, კი, ძალიან ძნელია. ბავშვი მყავდა წაყვანილი და ერთ ქალბატონთან ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეტირა, გარეთ გამოვედი, ლამის მოვკვდი, ისეთი მძიმე სიტუაცია დამხვდა. წავკისშია კიდევ მამაკაცი, რომელიც მარტო ზრდის ორ შვილს. ბევრი ისეთი მომენტია, ემოციურად რომ გიჭირის თავის გაკონტროლება. გაჭირვებულების სამი კატეგორიაა, მაგრამ ჩვენ ლოქდაუნის პერიოდში ბავშვიან ოჯახებს ვეხმარებით, იმ ოჯახებს, სადაც მშობლები ვერ ახერხებენ მუშაობას. რამდენიმე ოჯახში ყოველთვის მივდივართ. მათ შორის არის ერთი – ოთხ შვილიშვილს მხოლოდ ბებია ზრდის, ეს ქალბატონი ვერც მუშაობას ახერხებს და ვერც ბავშვების დატოვებას. უცებ დაეღუპა შვილი, რაღაც ვირუსი შეეყარა, თან პატარაზე ყოფილა ორსულად. ბოლოს რომ მივედი და მაცივარი გამოაღო, იმდენად რთული მდგომარეობა იყო, ამეტირა.

– მარკ ცუკერბერგმა დაგბლოკა ერთი თვით და რამდენად რთული იყო „ფეისბუქის“ გარეშე ყოფნა?

– პირველად კი არ დამბლოკა, უკვე მეორედ (იცინის). ბოლოს ისეთი რამ დავუდე, რომ მაშინვე ბლოკი დამადო. ერთი წლის წინ გამომთიშა კიდევ და როგორი ცუდია იცით, აი, უცებ ცხოვრება, რომ შეგიწყვიტონ, ისე იყო. ბლოკი ახალი ახსნილი რომ მქონდა, კარგად ვიქცეოდი, მაგრამ მერე მალევე დამავიწყდა და ბლოკი ისევ მივიღე (იცინის).

– გურიაში ხარ ხშირად, საცხოვრებლად გადასვლას ხომ არ ფიქრობ?

– ჩათვალე, გადავედი, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, მაშინვე მივდივარ ხოლმე. ახლაც ერთი სული მაქვს, გაზაფხული როდის მოვა, რომ წავიდე. ძალიან მომწონს იქ ყოფნა და მსიამოვნებს, კარგად ვგრძნობ თავს ზღვის პირას. მთელი ცხოვრება დასვენება უკუღმართულად მესმოდა, მივდიოდი დასასვენებლად და იქიდან ქანცგაწყვეტილი ვბრუნდებოდი, ნაომარი, ნათრევი და ნალოთავები. აი, მართლა დასვენება ყოფილა მაგარი: ვზივარ ჩემს კაპროვანში, გავყურებ ზღვას და იქვე მყავს მეგობრებიც. სტუმრებიც არ მაწყენენ ხოლმე, პატარა სასტუმროც მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...