შოუბიზნესი

ლევან საგინაშვილი: ლელამ თხუთმეტი წელი იცოდა, რომ მიყვარდა და თავად სამი წლის წინ გამომიტყდა სიყვარულში

№30

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 30.07

ლევან საგინაშვილი
დაკოპირებულია

ქუჩაში ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩეროთ და ლევან საგინაშვილის სახელი და გვარი უხსენოთ, ალბათ, უმრავლესობა მხრებს აიჩეჩავს, ხოლო, საკმარისია, უთხრათ ქართველი ჰალკი, რომ მას ყველა სიყვარულით გაიხსენებს. ლევანის ანგარიშზე უამრავი ჯილდო და გამარჯვებაა. ბოლო წარმატება კი მკლავჭიდის პრესტიჟული ტურნირის – East vs West-ის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მოიპოვა. სტამბოლში გამართულ ტურნირზე ქართველ ჰალკად წოდებული ჩემპიონი კანადელ ჩემპიონს, დევონ ლარატს, დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. უძლეველი ქართველი მკლავჭიდელი, ტრავმის გამო ერთი წლის განმავლობაში ვერ ასპარეზობდა, თუმცა, იძულებითი შესვენების შემდეგ გამარჯვებით დაბრუნდა და დევონ ლარატს ჩემპიონის ქამარი ჩამოართვა.

ლევან საგინაშვილი: სტამბოლში, პროფესიონალური მკლავჭიდის შეჯიბრების მეთორმეტე ჩემპიონატზე რომ უნდა წავსულიყავი, ხუთი თვით ადრე დავიწყე მომზადება. მაჯის მძიმე ტრავმა მქონდა მიღებული, ვმკურნალობდი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში და ცოტას განვიცდიდი, რადგან არ ვიცოდი, რამდენად კარგად შევძლებდი ასპარეზობას. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მეყო ძალა და გავიმარჯვე.

– 4:0-ით დაამარცხე საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე, კანადელი ჩემპიონი, დევონ ლარატი. როგორც ვიცი, 6 რაუნდი უნდა ყოფილიყო...

– დიახ, 4:0 დავამარცხე მოწინააღმდეგე. 6 რაუნდი კი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 4:0-ის მერე, ორი რაუნდი მოხსნეს. სხვათა შორის, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა და გამარჯვება მომილოცა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღირსეული მოწინააღმდეგე, ჩემპიონი და კარგი ადამიანია. ვიცოდი, სხვანაირად არც მოიქცეოდა. ორი წლის წინ რომ დავამარცხე, მაშინაც მომილოცა გამარჯვება. ვმეგობრობთ, ღირსეული მოწინააღმდეგე და კარგი ადამიანია. საჩემპიონო ქამარი ჩამოვიტანე და ძალიან გამიხარდა, რომ აეროპორტში უამრავი ადამიანი დამხვდა. ძალიან სასიამოვნოა ხალხის ყურადღება და სიყვარული და ჩემთვის უდიდესი სტიმულია. ყველა შეჯიბრებაზე მაქსიმალურს ვცდილობ, რომ გავიმარჯვო, არ მინდა, ჩემს გულშემატკივარს გული დავწყვიტო. სხვათა შორის, რა შეჯიბრებაც მკლავჭიდში არსებობს, ყველაფერი მოგებული მაქვს, ჩემს სახლში უამრავი პრიზი და ქამარი ინახება და მიხარია, რომ ჩემს სიხარულს ჩემი გულშემატკივრებიც იზიარებენ. რვა წლის განმავლობაში, არცერთი რაუნდი არ წამიგია.

– ბევრმა არ იცის, რომ შენი სახით, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა საკმაოდ ძლიერი მცველი დაკარგა. ანუ, რომ არა მკლავჭიდელი, ძალიან კარგი ფეხბურთელი იქნებოდი. საკმაოდ კარგი მონაცემი გქონდა და წლები სპორტის ამ სახეობით იყავი დაკავებული. რის გამო დაანებე თავი?

– ხმამაღალი განცხადებაა, რომ ჩემი სახით, ჩვენმა ქვეყანამ ძლიერი ფეხბურთელი დაკარგა (იცინის). ადრეული ასაკიდან ვთამაშობდი ფეხბურთს, 16 წლამდე. ცენტრალური მცველი ვიყავი, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და თამაში ამეკრძალა.

– თუ საიდუმლო არ არის, რა პრობლემაზეა საუბარი?

– ძალიან მალე ავიყარე ტანი, გავიზარდე და 15-16 წლის ასაკში ექიმმა მითხრა, ორგანოებმა ვერ მოასწრო განვითარებაო. ფიზიკურ დატვირთვაზე ჭინჭრის ციება მემართებოდა და ვარჯიში შეუძლებელი გახდა. ამის შემდეგ, 20 წლის ასაკში, ვეზიარე მკლავჭიდს. ჩემს სადარბაზოში ფიტნესდარბაზი გაიხსნა. ძალიან გამხდარი ვიყავი, მინდოდა, ჯანზე მოვსულიყავი და იქ დავიწყე ვარჯიში. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მწვრთნელი ლადო ხუციშვილი, რომელმაც მითხრა: ივარჯიშე და ხუთ წელში ჩემპიონს გაგხდიო. დამაწყებინა ვარჯიში, ნაკრებშიც მან მიმიყვანა და მისი წინასწარმეტყველებაც ზუსტად ხუთ წელში ახდა – ჩემპიონი გავხდი. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მკლავჭიდელი ვიქნებოდი, არც ვიცოდი, ასეთი სპორტი თუ არსებობდა. ვარჯიში რომ დავიწყე, მეგობრები მხარს მიჭერდნენ, ოჯახის წევრები კი არასერიოზულად უყურებდნენ, რადგან წლების წინ არაპერსპექტიული სპორტი იყო. მეუბნებოდნენ: დაუფასებელი სპორტის სახეობააო. მართალს ამბობდნენ, იმ პერიოდში დიდი წარმატებისთვისაც რომ მიგეღწია, დაფასება ნული იყო. საბედნიეროდ, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

– შენი მეგობრები ხუმრობენ: ლევანი თავის გენეტიკას ასცდა, მის წინაპრებში ამხელა და ამ ძალის მონაცემების არავინ ყოფილაო.

– (იცინის) მართალია, გენეტიკაში ჩემი სიმაღლისა და წონის არავინ მყავდა, მაგრამ დედის მამა იყო მოჭიდავე. მაღალი არ ყოფილა, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი იყო. მამაჩემსაც ბიძები ჰყოლია დიდი ტანის, მაგრამ ჩემსავით – ამხელა წონის და სიმაღლის – არა.

– წარმოშობით კახელი ხარ. კახურ იუმორს რომ თავი დავანებოთ, ამ კუთხის წარმომადგენელი მამაკაცები სასწაული გურმანობით გამოირჩევიან. ამ მხრივ თუ ამართლებ გენეტიკას?

– 170 კილო ვარ და რომ გითხრათ, ჭამა არ მიყვარს თქო, დამიჯერებთ? (იცინის). ძალიან მიყვარს გემრიელად შემწვარი საქონლის სტეიკის ხორცი, კარგი მწვადი, ხინკალი და ყველაფერი გემრიელი.

– ესე იგი, შენი სტუმრობა ძვირი დამიჯდება?

– არც ისე. პრეტენზიული მჭამელი არ ვარ, მაგრამ მაინც თავი შეიკავეთ (იცინის).

– ლევან, საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრობ, თუმცა ჯერ არც ხელი გაქვთ მოწერილი, არც ჯვრისწერის ცერემონიალი ჩატარებულა და ქორწილიც არ გქონიათ. ეს ყველაფერი უახლოესი მომავლისთვის ხომ არ დაგიგეგმავთ?

– მე და ლელა, უკვე სამი წელია, ერთად ვართ, მაგრამ ჯვრისწერასა და ქორწილს ჯერ ვერ მოვაბით თავი. ვერც ვგეგმავთ, რადგან არ ვიცით, ამისთვის როგორ მოვიცლით. სექტემბრისთვის კი გვინდოდა, მაგრამ დეკემბერში ამერიკაში მიწევს შეჯიბრებაზე წასვლა და ვერ მოვახერხებ. ახლახან ჩემი ძმის ქორწილი იყო, ვიდეო დავდე, რძალთან რომ ვცეკვავ და ყველას ჩემი ქორწილი ეგონა (იცინის). მინდა, კარგი ქორწილი გადავიხადო, მაგრამ ჯერ ვერ მოვიცალე, თან, ფინანსურადაც ჯერ არ ვარ ამისთვის მზად.

– შენ და შენი რჩეული, საკმაოდ დიდი ხანი იცნობდით ერთმანეთს. როგორ შეხვდით ერთმანეთს და როდის გაჩნდა გრძნობა?

– დიახ, დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. პირველად 15 წლის წინ ვნახე და ძალიან მომეწონა. მეგობრები ვიყავით და სულ მქონდა კონტაქტი. ლელა რუსთავში ცხოვრობდა, მე – თბილისში. მაშინ რთული იყო ურთიერთობა ქალაქიდან ქალაქში. სამ თვეში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს.

– როდის გადაიზარდა მეგობრობა სიყვარულში?

– მე თავიდანვე შემიყვარდა, ლელასაც ჰქონდა სიმპათიები. მაშინ ფინანსურად მიჭირდა, სპორტით აქტიურად ვიყავი დაკავებული და სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების გამო ერთმანეთის ნახვას ხშირად ვერ ვახერხებდით. ეს იყო მიზეზი, რომ დაოჯახება 15 წლის მერე გადავწყვიტეთ. ლელამ თხუთმეტი წელი იცოდა, რომ მიყვარდა, თავად კი სამი წლის წინ გამომიტყდა სიყვარულში. უკვე, სამი წელია, ერთად ვცხოვრობთ და ჩემი ცოლია. ამ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, ვიგრძენი, რომ გავიზარდე, უფრო სტაბილური და წარმატებული გავხდი, უფრო დავკაცდი (იცინის). ადრე სულ გარეთ მინდოდა, საძმაკაცოში, ახლა კი რეჟიმში ვარ, ჩემს საქმესაც პროფესიონალურად ვუდგები და ვცდილობ, თავისუფალი დრო სახლში, საყვარელი ადამიანის გვერდით გავატარო. ლელამ სახლში ის ატმოსფერო და სიმშვიდე შემიქმნა, რაც მჭირდებოდა.

– როგორც ვიცი, ლელა პროფესიით ფინანსისტია. თავად რა პროფესიის ხარ?

– დიახ, ლელა ფინანსისტია, მე კი, პროფესია არ მაქვს, რადგან ერთი წელი ვისწავლე უნივერსიტეტში, მაშინ გვიჭირდა და სწავლის თანხა ვერ გადავიხადე. იმ პერიოდში რემონტებს ვაკეთებდი, მერე ტაქსის მძღოლი ვიყავი. ნორმალურად ვაკეთებდი ფულს, მაგრამ ჩემთვის არ ვხარჯავდი, ოჯახს ვეხმარებოდი. მერე ჯარში მომიწია წასვლა და იმის დასრულების შემდეგ ჩემი კარიერა წინ და წინ წავიდა.

– ამბობენ, ძალიან რომანტიკული ხარ და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრების გაკეთება გიყვარს.

– პატარა საჩუქრები არა, გრანდიოზული სიურპრიზები მიყვარს. მაგალითად, ბოლოს, ლელას მანქანა ვაჩუქე. მაგრამ ერთი წელია, ის მანქანა ერთ ადგილას დგას, მართვის მოწმობა კი აქვს, მაგრამ ეშინია და ვერ ატარებს (იცინის). სხვათა შორის, ბევრ მანქანაში ვერ ვეტევი და ჩემს ბევრ ძმაკაცს ისეთი სპორტული მანქანა ჰყავს, ჩემი გაბარიტების გამო ვერ ვჯდები (იცინის). მეხუმრებიან: რა მანქანაშიც არ უნდა ჩაჯდე, ყველა გიჭერს, თვითმფრინავი იყიდეო... მაგრამ, ფრენაც რთულად გადამაქვს – შიში არ მაქვს, უბრალოდ, თვითმფრინავის სავარძელშიც ვერ ვეტევი, მიჭერს (იცინის).

– რადგან შიში ვახსენეთ, შენ, როგორც უძლეველ ქართველ ჰალკს, რამის შიში გაქვს?

– შიშით არაფრის მეშინია, უფრო გარისკვა არ მიყვარს. მაგალითად, ცურვა არ ვიცი. წყლის შიში არ მაქვს, მაგრამ ღრმად შესვლას არ გავრისკავ. სიმაღლის კი არ მეშინია, უბრალოდ, პარაშუტით ვერ გადმოვხტები, რადგან დიდი ალბათობით, ჩემს წონას ვერ გაუძლებს და ვერ გავრისკავ (იცინის). ასე რომ, არც წყლის მეშინია და არც სიმაღლის, უბრალოდ, არ ვრისკავ. ზოგადად, იღბლიანი ადამიანი ვარ. დედაჩემი მეუბნება: სასწაული ცხოვრების გზა გამოიარეო. მართლაც წარმოუდგენელი რამეები მოხდა ჩემს ცხოვრებაში – რემონტებს ვაკეთებდი, ტაქსისტი ვიყავი, არაპერსპექტიულ სპორტზე დავიწყე ვარჯიში და დღეს მსოფლიომ გამიცნო, ჰოლივუდურ ფილმშიც კი გადამიღეს კინოვარსკვლავების გვერდით. თუ იღბალი არ გაქვს ადამიანს, გაგიჭირდება წარმატების მიღწევა. თუმცა, მარტო გამართლების იმედზეც ვერ იქნები, ბევრი უნდა იშრომო. უკან რომ ვიხედები, იმდენად რთული გზა მაქვს გამოვლილი, იმდენი მაქვს ნაშრომი, იმ წლებში რომ დამაბრუნოთ, ვეღარ გავიმეორებ, ვერ შევძლებ, გამორიცხულია. რთული გზა კი გამოვიარე, იყო ცდუნებებიც, მაგრამ უკან მიხედვის არ მეშინია და არც მრცხვენია. კარიერაშიც, ოჯახშიც და სიყვარულშიც გამიმართლა, ღმერთის მადლიერი ვარ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა