ლაშა ჯოხაძე: ხანდახან იმდენ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, რომ თვითონ შევწუხებულვარ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 25.09
ვნახოთ, რამდენად სჯერა დიზაინერ ლაშა ჯოხაძეს ზოდიაქოსი, რომელი ნიშნის ქვეშ არის ის დაბადებული და რამდენად ამართლებს მის თვისებებს.
ლაშა ჯოხაძე: 17 სექტემბერს ვარ დაბადებული, შესაბამისად, ზოდიაქოთი ქალწული ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ამ თემაში ღრმად ვერკევი, მაგრამ არის რაღაცები, რისიც მჯერა. ხშირ შემთხვევაში დახასიათებები ემთხვევა და ალბათ, ამიტომ. მაგალითად, როგორც ქალწულის ზოდიაქოს ახასიათებს, ჩემში დიდია ხელოვნების მიმართ მისწრაფება, ასევე, გამძაფრებული მაქვს შრომისმოყვარეობა.
– ქალწული მაღალი ინტელექტის მქონე პიროვნებაა. ამ მხრივ, საკუთარი თავის შეფასება, ალბათ, ცოტა რთულია, მაგრამ რამდენად დიდ აქცენტს აკეთებ ამაზე?
– რა თქმა უნდა, ინტელექტი პრიორიტეტულია და შესაბამისად, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ინტელექტუალურ ადამიანთან ურთიერთობა, პირადად ჩემთვის, ძალიან დიდი კომფორტია. მე, ამ მხრივ, ალბათ, სხვამ უნდა შემაფასოს. ქალწულს კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს – დიპლომატია. ჩემში ეს თვისება მძაფრადაა და ეს ჩემს პროფესიაშიც ძალიან მადგება. ეს თვისება არ გამომიმუშავებია, შინაგანად ასეთი ვარ და ეს ძალიან მეხმარება კონფლიქტური და დაძაბული სიტუაციებისგან თავის არიდებაში. დიპლომატიური გზებით ბევრი რთული პრობლემის მოგვარება შემიძლია.
– ქალწული მამაკაცები იმდენად შრომისმოყვარეები არიან, რომ მათ „ქრონიკულ ვორკაჰოლიკებსაც“ ეძახიან...
– კი, ეს მეც მჭირს (იცინის). ბევრს ვმუშაობ დასაწყისიდან დღემდე, მაგრამ ამას მსხვერპლშეწირვად არ მივიჩნევ და განვლილ გზას წვალებად არ ვაფასებ. ბევრი ღამე გამითენებია, ბევრი რთული სიტუაცია გადამილახავს, მაგრამ ყველაფერს ბუნებრივად შევხვედრივარ. ალბათ, იმიტომ, რომ ადაპტირებას მარტივად ვახდენ ყველა სიტუაციასთან. ვახერხებ, ყველაფერს კარგი კუთხით შევხედო და ასეთი ხედვით მიმარტივდება სირთულეებთან გამკლავება და შესაბამისად, ცხოვრება. მგონია, რომ ყველაფერი გამოცდილებას გვაძლევს შემდგომი სირთულეების დასაძლევად.
– მხოლოდ შრომით გამომუშავებული ფულით შეუძლია სიამოვნების მიღება.
– ასეა, მხოლოდ პატიოსანი გზით მიღებული შემოსავლით შემიძლია სიამოვნების მიღება. სხვანაირად რომც იყოს, ალბათ, ამას ხმამაღლა არავინ იტყვის, მაგრამ მართლა ასეა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ვიღებ იმას, რაც რეალურად მეკუთვნის და ვირგებ კიდეც. სხვა გზებს არ მივმართავ, რადგან მგონია, რომ ეს ჩემი არ არის. ქალწულს ახასიათებს თვითგვემა და თვითკრიტიკულობა. თუ ვფიქრობ, რომ რამე დაუმსახურებლად მაქვს, ვერ ვისიამოვნებ მისით, ვერ ვთვლი ჩემად. უფრო მეტიც, შრომისმოყვარეობა ცხოვრების რეჟიმში მაქვს გადასული და იყო დრო და საკმაოდ დიდხანს, რომ დროის 99 პროცენტს ჩემს საქმიანობას ვუთმობდი. შემდეგ ცოტა გადავიღალე და პროფესია ბალანსში მოვიყვანე ცხოვრებასთან. საქმის მიღმაც არსებობს ცხოვრება და ვეცადე, ყველაფრისთვის თავის ადგილი მიმეჩინა. ძალიან მიყვარს ფსიქოლოგთან საუბრები და მქონდა ასეთი გამოცდილებაც. ბარსელონაში ცხოვრების პერიოდში, ფაქტობრივად, არ ვმუშაობდი და ეს საოცარ დისკომფორტს მიქმნიდა. ფსიქოლოგმაც ამიხსნა, რომ მე როდესაც არ ვმუშაობ, თავს ცუდ ტიპად მივიჩნევ. კი, მართლა ასეა. გავაცნობიერე, რომ თვითგვემის მომენტი მაქვს. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ცუდი ტიპი ვარ, უსაქმური. არადა, ისიც ჩემი არჩევანი იყო, განტვირთვა მინდოდა და ყოველდღიურობასთან მოშორება. რა თქმა უნდა, ყველაფერს ჩემი დანაზოგით ვაკეთებდი, ჩემივე შრომით მივეცი საკუთარ თავს გარკვეული დროით თავისუფლება, მაგრამ იმდენად დამოკიდებული ვარ მუშაობაზე, რომ ვერ ვიხარჯები, თუ არ ვმუშაობ, სწორად ვეღარ ვანაწილებ დროს და ენერგიას. ამიტომ მუდმივი დანაკლისი მაქვს, ეს სერიოზული პრობლემაა ჩემთვის. როდესაც ძალიან გადატვირთული ვარ, ენერგიას სწორად ვხარჯავ. ბევრი ენერგია მაქვს და როცა საქმე ცოტაა, შინაგან თვითკმაყოფილებას ვერ ვგრძნობ. აი, შრომის დროს კი ჰარმონიაში ვარ, ეს ჩემი მდგომარეობაა, მაგრამ დასვენებაც საჭიროა. ენერგიის სრულად აღსადგენად ერთკვირიანი დასვენება სრულად მყოფნის.
– მამაკაც ქალწულებს საშინლად აღიზიანებს ქალში ვულგარულობა, ზედმეტი მაკიაჟი, იაფფასიანი სუნამო...
– სუნამო, გარემო, სიტუაცია, ძალიან ახდენს ჩემს ხასიათზე გავლენას. შესაძლოა, სუნამოს ფასი ვერ განვსაზღვრო, მაგრამ იმას მივხვდები, ჩემია თუ არა. შეიძლება, უბრალოდ, ადამიანის ხმის ტემბრმა დამაყენოს ცუდ ხასიათზე. ქალწულები ძალიან მგრძნობიარეები ვართ, გვიყვარს წესრიგი, პედანტურობის მომხრეები ვართ, განსაკუთრებით პროფესიაში. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ მუდმივად მოწესრიგებულობა მომწონს, ზოგჯერ შეიძლება, ძალიან არეულიც ვიყო და არ ვაძალებ ჩემს თავს არაფერს, როგორც ვგრძნობ თავს კომფორტულად, ისე ვარ ჩემს სივრცეში, თუმცა საერთო ჯამში ცოტა ზედმეტად მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ვარ.
– სუსტ სქესში არ მოსწონს იმპლუსურობა და მფლანგველობა.
– მე ძალიან ემოციური ვარ და არ მომწონს მონოტონურობა. არ ვარ მშვიდი და გაწონასწორებული ტიპი. შინაგანი სიმშვიდე მაქვს, მაგრამ მრავალფეროვნება და დრაივი მიზიდავს. რაც შეეხება მფლანგველობას, არ ვარ ხელმომჭირნე. არ მიყვარს ბევრი ფიქრი. გადაწყვეტილებას ძალიან მარტივად ვიღებ, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის. ლოგიკას მივყვები და არასდროს ვნანობ. მფლანგველი შეიძლება არ ვარ, მაგრამ მხარჯველი ვარ და აქედან გამომდინარე, სხვას ვერ გავაკრიტიკებ. ხარჯვისგან ნამდვილად ვიღებ სიამოვნებას. როდესაც შრომობ, უნდა გაიღო და დახარჯო კიდეც, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– კონფლიქტები, შურისძიება და შენიშვნები არ გიყვარს?
– კონფლიქტურობა ჩემთვის დაბალი დონის საქციელია. შურისძიება არ მახასიათებს, თუმცა, შეიძლება, ერთი სიტყვა გითხრა და საუბარი ერთით ნული დავასრულო ჩემს სასარგებლოდ. ჰაერზე მოსულ შენიშვნებს ვერ ვიღებ, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც თუ ვინმეს რამეს ეუბნება, აუცილებლად უსაბუთებს და იმავეს ვითხოვ მეც, ადამიანი შენიშვნას თუ მოგცემს, ახსნაც უნდა მოაყოლოს.
– ქალწულს არ უყვარს თავისი სიყვარულის შესახებ სახალხოდ საუბარი...
– ზუსტად. აბსოლუტურად ვეთანმები. ჩემი კომფორტის ზონაა, რომ ურთიერთობა ჩემია, პირადია. არ მომწონს მისი გასაჯაროება. რაც მაქვს, ჩემთვის მაქვს და არ მჭირდება ამის საზოგადოებაში გატანა.
– მამაკაც ქალწულს მაღალი სტანდარტები აქვს, საპირისპირო სქესის მიმართ ძალიან პრეტენზიული და მომთხოვნია...
– ასეა. ხანდახან იმდენ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, რომ ჩემი მეწვრილმანეობით თვითონ შევწუხებულვარ. თუმცა, როცა საქმე გარეგნობას ეხება, ესთეტი ადამიანებისთვის ეს, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ჩემი სფეროდან გამომდინარე, მუდმივად სილამაზეზე მაქვს აქცენტი, მაგრამ რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ მახსოვს, ურთიერთობაში გარეგნობით რამე გადამეწყვიტოს. ინტელექტი და ადამიანური თვისებები ყოველთვის პირველ ადგილზე დგას. დღეს ამის დეფიციტია და ჩემთვის ეს უფრო ღირებულია.
– გეგმავენ არა მხოლოდ ერთ დღეს, არამედ მთელ ცხოვრებას.
– ამაში ვერ დავეთანხმები. პირიქით, ძალიან სპონტანური ტიპი ვარ. აბსოლუტურად არაფერი დამიგეგმავს, თუ პროფესიაზე არ ვისაუბრეთ. იქ, რა თქმა უნდა, ყველაფერი დალაგებული მაქვს და გეგმას მივყვები. ცხოვრებაში უფრო სპონტანური ვარ და ვიღებ იმას, რასაც სიტუაციები მთავაზობს.
– არ უყვარს საკუთარი თავის დემონსტრირება.
– ნამდვილად ასეა. მქონდა პერიოდი, როცა არსად გამოჩენა არ მინდოდა. მთავარი საკვები ჩემთვის ის იყო, რომ შევმდგარიყავი ჩემს სფეროში და სწორად დავხარჯულიყავი. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა და აბსოლუტურად არ მქონდა ეკრანზე გამოჩენის სურვილი. შეიძლება, კომპლექსიც იყო და დღემდეც არის. ყოველთვის უხერხულობას მიქმნიდა გამოჩენის მომენტი, მაგრამ რაღაც დოზით შევეჩვიე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემმა პროფესიამ მოითხოვა. მახსოვს, პირველ ინტერვიუს რამდენიმე საათი ვწერდით, რადგან ვერ ვუყრიდი თავს მანერებს, ჟესტიკულაციას... გამოცდილება ბევრ რამეს ალაგებს და დღეს ისეთ დისკომფორტს აღარ ვგრძნობ, მაგრამ არც მეკომფორტულება. მე მირჩევნია, ჩრდილში ვიდგე და ჩემი საქმე ვაკეთო. სჯობს, ჩემი საქმე გამოჩნდეს, ვიდრე ვიზუალურად მე ვიყო პრიორიტეტი. „მე ვარ“ – ეს მომენტი დღემდე არ მაქვს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან