შოუბიზნესი

ლალი მოროშკინა: არანაირი სურვილი არ მაქვს, პირადი ცხოვრება მქონდეს

№33

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00

ლალი მოროშკინა
დაკოპირებულია

ლალი მოროშკინამ ბულინგი და ცხოვრებისეული რთული „დარტყმები“ ადრეული ასაკიდან მიიღო. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამის მადლობელია, რადგან ამ ყველაფერმა გამოცდილებაც შესძინა და ეს ყველაფერი მაშინ, იმ ეტაპზე მოილია. დღეს დამოუკიდებელი ქალია, დაკავებულია თავისი ბიზნესით და იმდენად არის ამ საქმეში ჩართული, რომ პირადი ცხოვრებისთვისაც კი აღარ რჩება დრო.

ლალი მოროშკინა: მადლობელი ვარ ამ ცხოვრების, რომ „დარტყმები“ ადრეულ ასაკში მივიღე. ებრაელებს აქვთ ჭკვიანური გამონათქვამი: ღმერთმა ქნას განსაცდელი ადრეულ ასაკში გეწვიოსო... მერე გარკვეული იმუნიტეტიც გიჩნდება და ბევრი რამე უფრო მარტივად მიდის ცხოვრებაში. მე ძალიან ადრე დავიწყე „ჭიდილი“ ამ ცხოვრებასთან. წარმოიდგინეთ, რვა წლის ასაკში გამოვჩნდი პირველად ეკრანზე, თან მაშინ მხოლოდ ერთი არხი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ უკვე იმდენად აქტუალური ვიყავი, ვეღარსად დავიმალებოდი. მაშინ ეკრანზე გამოჩენა ნიშნავდა იმას, რომ მეორე დღეს მთელი სკოლა შენკენ გამოიშვერდა ხელს და ამას მოაქვს არა მარტო დადებითი, არამედ უარყოფითიც – შური, ბოღმა, ბოროტება, ინტრიგები... ზოგადად, ბავშვების ბულინგი ყველაზე მძაფრია, მაგრამ მე გამიმართლა, რომ ყოველთვის სპორტით ვიყავი დაკავებული. ადამიანი, რომელიც სპორტითაა დაკავებული, თავის თავში უფრო დარწმუნებულია და რამე რომ იყოს, პასუხს გასცემს. შესაბამისად, მე, იმის გამო, რომ ჩემი ფიზიკური ძალის იმედი მქონდა, ვიცოდი, თუ რაღაც არ მომეწონებოდა, ძალიან კარგად შევძლებდი პასუხის გაცემას. სულ ვამბობ, ბავშვებში ფიზიკური განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. როცა შენ ძლიერი ხარ ფიზიკურად და ასევე, სულიერად, ეს ორივე ძალიან კარგი ნაზავია და შესაბამისად, გაძლევს საშუალებას, განვითარდე. მე ვიცოდი, რომ სულიერი სიმტკიცე მქონდა, რადგან რვა წლის ასაკში დაჯდე პირდაპირ ეთერში, თანაწამყავანად, ამას ვაჟკაცობა უნდა, ფიზიკური ძალაც მერჩოდა და წავედი წინ. რა თქმა უნდა, ამ გზაზე იყო ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ იმ პრობლემებს უნდა მოერიო მაშინ, როცა უნდა მოერიო და შემდეგ დგება ასაკი, როცა ეს პრობლემები აღარ არსებობს, რადგან უკვე მოლეული გაქვს. ახლა მეცინება, როცა ცდილობენ, რამე ცუდი თქვან ჩემზე, აგონდებათ ჩემი და ანრის ცეკვა რესტორანში, როცა ვართ 25 წლისები. თუ ამაზე უარესი არაფერი გამიფუჭებია ცხოვრებაში, რომ იმ ასაკში რესტორანში მე და ანრიმ ვიცეკვეთ, ესე იგი, ჩემი ცხოვრება ფუჭი ყოფილა (იცინის). გაცილებით უარესიც მაქვს გაკეთებული, მაგრამ რატომღაც, დღემდე იმ ცეკვას განიხილავენ. გეტყვით, რომ რესტორანში ცეკვა კომპრომატი არ არის, ცეკვა ბიბლიოთეკაში კომპრომატია... მოლხენა რესტორანში კომპრომატი არ არის, მოლხენა სამუშაო ადგილზე კომპრომატია. ანუ, ადამიანები რომლებიც ინტელექტით არ არიან დაჯილდოებული, მათი სუფთა წყალზე გამოყვანა ძალიან მარტივია, ადვილია და ძალიან სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ამიტომ, თუ შენ დაიჭირე სწორი ნიშა, სულაც არ არის რთული, გაუმკლავდე იმ სიბინძურეს, რაც უინტელექტო ხალხისგან მოდის. დამიჯერეთ, ხანდახან, ნოსტალგიით ვუყურებ იმ ყველაფერს, როგორ მინდა, კიდევ იყოს, მეორდებოდეს და იყოს ბევრი დროსტარება, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს ყველაფერი ცოტავდება. არა იმიტომ, მე რომ მომინდეს, არ არის, არამედ აღარ მინდა. ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და მთავარია, სასაცილო არ გახდე. ის, რაც 25 ან 28 წლის ასაკში გიხდება, არ შეიძლება, გიხდებოდეს 55 წლის ასაკში და იგივე რომ გააკეთო, იქნები ძალიან სასაცილო.

– თქვი, ბევრი დარტყმა და ბულინგი გავიარეო. ახლა რა ასაკში ხარ, რა ეტაპი დგას შენს ცხოვრებაში?

– ახლა მაქვს ჩემი ბიზნესი, ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქალი. ყველაფერი თაროების მიხედვით მაქვს დალაგებული – შვილები დაქორწინებულები, შვილიშვილები და ვარ დაკავებული ჩემი საყვარელი საქმიანობით, რომელშიც მინდა, მიმტანი ვიქნები, მინდა – დირექტორი, მინდა – კარის კაცი და მინდა – სტუმარი. ახლა მაქვს ასაკი, როცა შემიძლია, ნებისმიერი პროფესია მოვირგო და შევითავსო, რადგან ბიზნესი ჩემია. სხვათა შორის, ამ ბიზნესის გამო გავყიდე ჩემი ვაკის ბინა, ეს თანხა არ მეყო და საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით, იპოთეკით შევიძინე ადგილი სიღნაღში, სადაც სასტუმრო ავაშენე. როცა ბიზნესის ერთადერთი მეპატრონე შენ ხარ, გაქვს უფლება, აკეთო, რაც გსურს. არასოდეს დამავიწყდება, წლების წინ, როცა ჩემმა დამ დამპატიჟა საფრანგეთში, ერთ-ერთ ძალიან ლამაზ რესტორანში სიმპათიური მიმტანი გვემსახურებოდა. ჩემმა დამ მკითხა: ამ სიმპათიურ ბიჭ მიმტანზე რას იტყვიო? ვუპასუხე: რა ვიცი, ძალიან სიმპათიური, კარგი ტიპია-მეთქი. ჩემმა დამ კი მითხრა: ჰოდა, ეს კარგი და სიმპათიური ტიპი ერთ-ერთი ცნობილი მილიარდერია პარიზის რეალობაშიო. გამიკვირდა: კი მაგრამ, თუ ასეა, რა გაუჭირდა, რომ თეფშებით არ ირბინოს და პიცები არ ატაროს-მეთქი. მითხრა: ეს, მისი სტილია, უნდა, წამოწვება მხარ-თეძოზე და არაფერს გააკეთებს და უნდა, თავის სტუმრებს თავად მოემსახურებაო. ისე მომეწონა ეს მომენტი, ვთქვი: აუცილებლად დადგება დრო, როცა მეც მექნება ასეთი ბიზნესი, სადაც მინდა, მხარ-თეძოზე წამოვწვები და მინდა, მე თავად ვიქნები მიმტანიც იმ სტუმართან, რომელსაც პატივისცემის ღირსად მივიჩნევ. მას მე პირადად მოვემსახურები და ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ-მეთქი. ზოგადად, როცა ადამიანს არჩევანის უფლება აქვს, როცა შეუძლია, თავად აირჩიოს, რა გააკეთოს და როგორი იყოს, ამაზე დიდი ბედნიერება და მიღწევა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ჩემი საქმიანობა იმასაც მოიცავს, რომ სხვებს დავეხმარო. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ოცი კაცი პირადად ჩემი დახმარებით და გვერდში დგომით არის. ანუ, არ ნიშნავს ჩემი ბიზნესი იმას, რომ მხოლოდ ჩემთვის ვმუშაობ და მარტო მე ვირგებ იმას, რასაც ვშოულობ. ხანდახან არის სიტუაცია, როცა ფინანსურად არ ვარ მყარად, მაგრამ ვიცი, ეს იმიტომ მოხდა, რომ სხვებს დავეხმარე, ის ადამიანები, ვინც ჩემზე არიან დამოკიდებული მშივრები არ არიან და ამიტომ, არ განვიცდი. მოკლედ, საინტერესოა ასეთი ყოფა, როცა ხანდახან შენც არ გაქვს, მაგრამ სხვებს ეხმარები. ეს ისეთი ბიზნესია, დღეს გაქვს და ხვალ შესაძლოა, არ გქონდეს, ზეგ ჩავარდნა იყოს. ბევრი ნიუანსია, მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან საინტერესოა და კმაყოფილი ვარ, რომ დროზე დავადექი ამ გზას. თუმცა, ვფიქრობ, უფრო ადრეც უნდა მეფიქრა და გამეკეთებინა. ცოტა ვნანობ. თუმცა, ბევრი მიზეზის გამო ამ ბიზნესს ადრე ვერც დავიწყებდი.

– კი თქვი, დღეს იმ ასაკში ვარ, როცა მაქვს პირადი ბიზნესი, მყავს დაოჯახებული შვილები, შვილიშვილები და ბედნიერი ვარო. თუმცა, პირადი ცხოვრება არ გიხსენებია. სამჯერ გადადგი ნაბიჯი, სამჯერ შექმენი ოჯახი და სამივეჯერ კრახით დასრულდა. ეს იყო შენი მცდარი ნაბიჯები თუ ბედისწერა, გზა, რომელიც უნდა გაგევლო?

– სულ არ ვფიქრობ, რომ ჩემი ქორწინებები კრახით დასრულდა. ერთი გარდაიცვალა და მისგან არაჩვეულებრივი შვილი მყავს.? მეორესგანაც შვილი მყავს, ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს და საერთო ბიზნესი და მეგობრობა გვაკავშირებს... უბრალოდ, ეს იყო ჩემი ცხოვრების ეტაპები. მე არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, ვინც მამაკაცს ფული უნდა სთხოვოს ან მამაკაცმა უნდა შეინახოს. როცა გინდა, ცხოვრებით დატკბე და თვითონ განაგო ეს ცხოვრება, ცხადია, მამაკაცებს ამაზე სხვა წარმოდგენები აქვთ. ამიტომ, ვთვლი, ყველა მამაკაცს თავისი ადგილი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში... დღეს მე და მიშიკო, გიორგის მამა, საუკეთესო ბიზნესპარტნიორებიც ვართ და მეგობრებიც. ხანდახან ვამბობ: ოფიციალურ ქორწინებაში რომ ვიყოთ, ალბათ, ასე ხშირად ვერ ვიქნებოდით ერთად, როგორც ახლა ვართ-მეთქი. ყველგან ერთად ვართ, მიშიკომაც არ შექმნა ოჯახი.

– ანუ, ფიქრობ, რომ არცერთი შენი ქორწინების ნაბიჯი არ იყო მცდარი?

– დიახ, ეს იყო ცხოვრების ეტაპები, რომლებიც უნდა გამევლო. უბრალოდ, 15 წლის ასაკში გავთხოვდი და ვთვლი, რომ შეცდომა დავუშვი, რასაც შემდეგი შეცდომები მოჰყვა. უბრალოდ, ჭკუა მყოფნის, არ მივამატო არც ქორწინება და არც შეცდომა. ისეთ აზარტით ვარ ბიზნესში და ისე ვარ ჩემი საქმიანობით გატაცებული, არანაირი სურვილი არ მაქვს პირადი ცხოვრება მქონდეს. ერთ დღეს რომ კახეთში ვარ, მეორე დღეს – გურიაში, მესამე დღეს – კიდევ სადღაც ანუ ჩემი ცხოვრების ტემპი ისეთია, ვერანაირად ვერ დავუთმობ დროს პირად ცხოვრებას. მე ასე ვფიქრობ და არავინ არ მითხრას, რომ 55 წლის ქალს, რომელიც დაკავებულია საკუთარი ბიზნესით და აქტიური ცხოვრება აქვს, სჭირდება ქმარი. ვთვლი, რომ ეს არის ზედმეტი ტვირთი და ამ ასაკში ასეთი ტვირთით თავს ვერ დავიტვირთავ (იცინის).

– ლალი, ეს ზაფხული რით იყო გამორჩეული და მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული და დატვირთული იყავი, თუ მოასწარი დასვენება?

– მე ზაფხულში არასოდეს ვისვენებ, რადგან ეს ჩემთვის სამუშაო სეზონია. გამორჩეული იმითია, რომ ვმუშაობ ძალიან ბევრს. სხვათა შორის, ვმუშაობ ძალიან საინტერესო, ინოვაციურ პროექტზე და ახალი წლისთვის საქართველოს უმაგრეს პროექტს შევთავაზებ. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობ ჩემს ახალგაზრდა პარტნიორებთან ერთად. საოცრად საინტერესო, დიდი პროექტია და ვფიქრობ, საქართველოში ისეთ რამეს გავაკეთებთ, ჯერ რომ არავის გაუკეთებია, ტურიზმს ეხება, ოღონდ სულ სხვა კონცეფციით, რომელიც ჯერ არ დადებულა. ამიტომ, ახლა მთლიანად ამ პროექტზე ვერ გადართული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა