შოუბიზნესი

კრისტი ყიფშიძე: დღეს ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად კრიზისშია

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 15:48

კრისტი ყიფშიძე
დაკოპირებულია

როგორი იყო კრისტი ყიფშიძისთვის 2025 წელი, როგორ ხვდება ის ახალ წელს და რამდენად სჯერა ბედობის ტრადიციის, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

კრისტი ყიფშიძე: ყოველი ახალი დღისთვის სამყაროს მადლიერი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იყო ის – კარგი მოხდა თუ ნაკლებად კარგი, ესე იგი, ასე იყო საჭირო, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო. მით უმეტეს, მადლიერი ვარ ყოველი წლის, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელი ფანტასტიკური ნამდვილად არ ყოფილა. ისე დაემთხვა, რომ ეს წელი ავადმყოფობით დავიწყე და დავასრულე – პირველ იანვარს სიცხიანმა გავიღვიძე და ახლაც ვირუსი მაქვს (იცინის).

წელს დამჭირდა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, საჭირო აღარ იყო და მოვიშორე. რაც სარგებელს არ გაძლევს, უნდა მოიშორო და ეს ტრაგედიად არ უნდა აღიქვა, პირიქით, უკეთესობისთვის ხდება. ჩემს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში განწმენდის ეტაპია. გულახდილად რომ ვთქვა, ვგრძნობდი, რომ მე ეს მჭირდებოდა და ასეც მოხდა.

– ის მოხდა, რაც გინდოდა, მაგრამ ალბათ, მარტივი არ იყო.

– მოსაყოლად ძალიან მარტივია, მაგრამ გადასატანად და გადასალახად საკმაოდ რთული იყო. საინტერესო, რთული, ცოტა კრიზისული წელი იყო. მხოლოდ ჩემთვის არა, ვფიქრობ, არც დანარჩენი მსოფლიოსთვის იყო საუკეთესო. სამწუხაროდ, ვიცით რა პროცესებიც მიდის ჩვენ გარშემო. ადამიანი ამდენ ომსა და ტრაგედიას რომ უყურებ, გულგრილი ვერ იქნები.

– როგორ აისახა მომხდარი ცვლილებები კრისტიზე?

– დროსთან ერთად, ჩემი აზროვნება ძალიან იცვლება. ვაკვირდები ჩემი ზრდის პროცესს და მუდმივად მეტს ვითხოვ ჩემი თავისგან, რაც ძალიან მომწონს, რადგან ეს უკეთესობისკენ მცვლის.

წლის მომატება მხოლოდ ციფრის ცვლილებას ან ახალ ნაოჭს ხომ არ ნიშნავს?! ეს გაზრდილ გამოცდილებასა და მრავალსაფეხურიან კიბეზე ერთი ნაბიჯით მაღლა ასვლასთან ასოცირდება. ზოგჯერ უკანაც ვიხევთ ან, უბრალოდ, ადგილზე ვჩერდებით, რადგან გარშემო კრიზისია. მე შემიძლია, ვთქვა, რომ დღეს ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად კრიზისშია, მაგრამ ამას დადებითად ვუყურებ. იმას არ ვგულისხმობ, რომ არაფერი გამომდის, არა, უბრალოდ, ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი საუკეთესოდ მიდის. ესეც საჭიროა, რადგან „მწარე“ გამოცდილება ძალიან გვზრდის. ასეთ დროს ადამიანი უფრო იხვეწება და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის გზებს უკეთ ხედავს. ბოლო წამამდე ოპტიმისტურად უნდა იყო განწყობილი, ვგულისხმობ, რომ საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს და მერე ყველაფერი აუცილებლად გამოგივა. ცხოვრება საინტერესო არ იქნება, ყოველდღე მხოლოდ კარგი რომ ხდებოდეს. გამოწვევების გარეშე მოსაწყენია ცხოვრება. ძალიან მარტივად რომ შევხედოთ – მოგზაურობა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჰობია, მაგრამ არის პერიოდები, რომ ესეც მეზარება. ადრე ერთი სული მქონდა ახალი ადგილი მომენახულებინა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ თითქოს, ის აღფრთოვანება ამოვწურე. ახლა ვეძებ გზას, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩემი ცხოვრების აზრს. ეს ერთგვარი თამაშია, ახალ-ახალი ეტაპები მეტ ინტერესს სძენს ყოველდღიურობას, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ის.

არაფერი მაქვს დასამალი, წელს ექიმებში საკმაოდ დიდი დრო გავატარე. საბედნიეროდ, ჯანმრთელი ვარ და ყველაფერი კარგად მაქვს, მაგრამ ასე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული არაფერი მჭირდა, სულ რაღაც პრობლემა იყო. თითქოს ესეც გამოწვევაა, რომელსაც განგება გიგზავნის, თითქოს გამოცდებს აბარებ. ახლახან გადაღება მქონდა, უკვე ვგრძნობდი, რომ ვირუსის გამო კარგად არ ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, მუშაობის პროცესში ცუდად ყოფნა საერთოდ დამავიწყდა. არადა, ახლა იმ მომენტში გადაღებულ ფოტოებს რომ ვუყურებ, ვერ ვხვდები, იმ მდგომარეობაში როგორ შევძელი მათი გადაღება.

– რამდენად გიყვარს ახალი წელი და როგორ აღნიშნავ?

– გრინჩი არ ვარ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს. 48 წელი შემისრულდა და ამდენი წელია ერთსა და იმავე ტრადიციებს ვიმეორებთ. 31 დეკემბერს ყოველთვის ერთი და იგივე ხდება, თითქოს სხვანაირად გამორიცხულია. ბევრჯერ მითქვამს, მინდა, ერთხელ, 31 დეკემბერს, არ ვიყო სახლში, არ ვიყო საქართველოში და საერთოდ არ მქონდეს საახალწლო განწყობა-მეთქი. სანაცვლოდ ვიყო სადღაც პლაჟზე, პალმების ქვეშ (იცინის). განსხვავებული ახალი წელი ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ეს სურვილი ვერ ავისრულე. დიდი ხნით ადრე არაფერს ვგეგმავ, მაგრამ არავინ იცის, როდის რას გადავწყვეტ (იცინის). სხვათა შორის, ბოლო თერთმეტი წელია, ტრადიციას არ ვარღვევ და დაბადების დღეს სხვა ქვეყანაში აღვნიშნავ. მხოლოდ პანდემიის წელი იყო გამონაკლისი, როცა მოგზაურობა შეუძლებელი იყო და წინანდალში წავედი. სხვისი დაბადების დღის აღნიშვნა ძალიან მიყვარს, მაგალითად, ჩემს შვილს ბავშვობიდან უზარმაზარი დაბადების დღეები აქვს, მაგრამ მე თვითონ არ მიყვარს გადახდა და ამ დღეს ზეიმის მოწყობა. ამიტომაცაა, რომ ბოლო წლებში არასდროს ვარ საქართველოში. ახლა შეიძლება, საახალწლოდაც ამ ტრადიციას ჩავუყარო საფუძველი.

ნაძვისხის და საერთოდ, საახალწლოდ სახლის მორთვა, ეს ნატალიას და დედაჩემს უყვართ ძალიან. მე ამაში არ ვერევი. ნატალიას ბავშვობიდანვე ძალიან მოსწონდა ეს პროცესი და მეც ყოველთვის ვაძლევდი თავის გამოვლენის საშუალებას. მას აწყობის პროცესი მოსწონს, მე კიდევ ამ პროცესში მისი ცქერა მსიამოვნებს ყველაზე მეტად.

დიდი ხნის წინ მითხრეს, რომ ნაძვისხეს ყოველ წელს ერთი ახალი სათამაშო უნდა შემატო და ეს ტრადიციასავით ჩამოვაყალიბე, ყოველ წელს მე შემომაქვს ოჯახში ახალი სათამაშო.

კიდევ ერთი ტრადიცია, რომელსაც არასდროს ვარღვევ, ისაა, რომ ახალ წელს აუცილებლად ახალი კაბა უნდა მეცვას.

– ბედობის გჯერა?

– საქართველოში ორ-სამჯერ აღვნიშნავთ ერთსა და იმავე დღესასწაულს და ბედობაც მათ შორისაა. თან მჯერა, თან – არა. ადრე უფრო მაინტერესებდა მსგავსი რამეები. ბევრს, თითქოს, არ სჯერა, მაგრამ მაინც აკვირდება, როგორ გაატარა ეს დღე, ვინ ესტუმრა სახლში პირველი, ანუ, ვინ იყო მისი მეკვლე. არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ, ესეც ტრადიციაა და იმდენად გამჯდარი გვაქვს ცნობიერში, რომ გვჯერა თუ არა, ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა.

საერთოდ, მე მჯერა, რომ უბრალოდ არაფერი ხდება. ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს. ადამიანი თვითონ ქმნის თავის გზას და ბედს. ამაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, მაგრამ ცხოვრება, ძირითადად, იქით მიდის, საითაც შენ მიგყავს. მაგალითად, 24 საათი რომ სახლში ვიჯდე და არაფერს ვაკეთებდე, თავისით ხომ არაფერი მოვა?! ბედია და თავისით მოხდება – ეს დამოკიდებულება რომ მქონდეს, რა გამოვა?! შეიძლება, რაღაცები თავისითაც ხდება, მაგრამ შენ თუ არ მოინდომებ, ვფიქრობ, ცხოვრება შენთვის სასურველი მიმართულებით არ წავა.

ჩემი კარიერის დასაწყისს რომ ვიხსენებ, პირველ რიგში, მახსენდება დღე, როდესაც მოდის სახლში პირველად მივედი. ვიღაცამ დამინახა, მოვეწონე და შემომთავაზა, მეცადა. თუმცა, მხოლოდ ამის დამსახურება ხომ ვერ იქნება ის, რაც მერე მოხდა?! ასე დაიწყო და მერე ამას მოჰყვა ჩემი დიდი ინტერესი და მონდომება. ამან მოიტანა ის, რომ ბნელ 90-იანებში გამოვანათე. პროცესში ნელ-ნელა მოდის აზარტი. მახსოვს, რა საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როცა პირველად გამოვედი ჩვენებაზე. დღემდე ვერაფერი მანიჭებს ასეთ სიამოვნებას. ამ გრძნობამ ძალიან შემაყვარა ჩემი საქმე და შრომისმოყვარეც გამხადა. შეიძლება, ვიღაცამ ეს ბედს და ბედისწერას მიაწეროს, მე ვფიქრობ, რომ ეს სიყვარულისა და მონდომების დამსახურებაა. თუ ბოლომდე არ დაიხარჯები, მხოლოდ ბედობა და ბედისწერა ვერ დაგეხმარება. შეიძლება, ცხოვრებამ ერთი შანსი მოგცეს, მაგრამ თუ მას არ გამოიყენებ, არ გამოვა ის, რაც შეიძლება, გამოსულიყო. გამართლება და ბედისწერა ერთია და ყოველდღიურობაში ჩადებული შრომა – მეორე. გარდა ამისა, როცა წარმატებას მიაღწევ, მერე კიდევ უფრო რთულია მისი შენარჩუნება და მოფრთხილება, ამას კიდევ ცალკე შრომა სჭირდება, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. ამიტომაც მინდა, ამ საახალწლოდ, პირველ რიგში, ყველას საყვარელი საქმის პოვნა, შემდეგ მისი ერთგულება და წარმატების მიღწევა ვუსურვო, უამრავ საინტერესო თავგადასავალთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი