შოუბიზნესი

კოსტა სანიკიძე: 19 ნოემბერს მესამედ დავიბადე, არის ამ ყველაფერში მისტიკაც და მაგიაც

№49

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 11.12, 2023 წელი

კოსტა სანიკიძე
დაკოპირებულია

„ღამეა. ოთახს სიჩუმე ახრჩობს და სულსაც თითქოს რაღაც მოება, არ ვიცი, რას ვგრძნობ, ბუნდოვნად მახსოვს, სიკვდილის ასე მოახლოება…“ – ეს ლექსი კოსტა სანიკიძემ, საავადმყოფოში დაწერა, როცა მიხვდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ფაქტია, თავდამსხმელმა კოსტა, ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო, სასიკვდილოდ გაიმეტა – საკუთარ სახლში ოჯახის წევრების, დედისა და არასრულწლოვანი ძმის, თვალწინ, ცივი იარაღით საკმაოდ მძიმედ დაჭრა. კოსტა, დღეს უკვე სახლშია, საავადმყოფოდან გამოწერეს და მიაჩნია, რომ თავიდან დაიბადა. შეგახსენებთ, რომ კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 24 წლის გიორგი გველესიანი და მას ციხეში ბევრი წლის გატარება მოუწევს.

კოსტა სანიკიძე: რომ გითხრათ, წყნარი ბავშვი ვიყავი ან ახლა ვარ მშვიდი-მეთქი, მოვიტყუები. საკმაოდ ხისტი და მებრძოლი ვარ, თუ ვინმე მე ან ჩემს ღირსებას შეეხება. ცხოვრებაში ბევრი რთული მომენტი მქონია, ასევე, ეტაპები, როცა დამოკიდებული ვიყავი ალკოჰოლზე და სხვადასხვა პრეპარატებზე. თუმცა, მეყო ნებისყოფა და ჟინი, ახლაც მყოფნის და თავს კარგად ვგრძნობ, ესეც, ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც ჩემს გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა, რადგან რომ არა ეს – უკვე მოქოქილი ორგანიზმი, ახლა ან ვიქნებოდი და ან - არა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელი გამოუწვდია ჩემთვის, გვერდში დამდგომია და უზრუნია. ამაყი ვარ ამ ხალხით, რადგან ბევრი მისწავლია და საკუთარ თავთანაც დამიმტკიცებია ის, რომ, რაზეც არასდროს არ უნდა თქვა უარი, არის სიკეთე, დადებითი ენერგიები და უბრალოდ, კეთილი სურვილები და განზრახვები. არავისთვის მისურვებია ცუდი, არავის დახვედრია წინ ჩემი სიტყვები ან ქმედებები ცუდად და ბოროტად. უბრალოდ, მინდა, ამ ქვეყანაში უფრო მეტი სიყვარული გავიღოთ, გავუღიმოთ ერთმანეთს და წარმატებები ვუსურვოთ. რა ვერ გავიყავით ან რა გვაჩხუბებს? სულ ვცდილობ, რომ საუბრით, „დასტოინად“ მოვაგვარო ხოლმე შეხლა-შემოხლები, მაგრამ იმ დღეს, უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა,

– კოსტა, იქნებ გაიხსენო, რა მოხდა იმ დღეს? ფაქტია, სიკვდილს თვალებში ჩახედე, თუმცა ღმერთმა არ გაგწირა, არც შენ და არც შენი ოჯახის წევრები.

– სანამ ამაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ რაც თავი მახსოვს, შემოქმედებით სფეროში ვარ, არაერთ ჭრილში, რაც მე არ ამირჩევია და ეს ყველაფერი თვითონ მოვიდა… სამწუხაროდ, ჩემი დაჭრა უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება და სხვადასხვა შოუებში აშუქებენ… ალბათ, კარგად მყიდიან და ვერ ვარ ისე რეალიზებული, როგორც უნდა ვიყო. ეს, ალბათ, კულტურის ბრალია და იმის, რა დამოკიდებულებაც აქვთ ხელოვნების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება სიკვდილის თვალებში ჩახედვას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სიკვდილს რამდენიმეჯერ ჩავხედე თვალებში და ამ ფაქტების მომსწრეები არიან ჩემი მეგობრები და ბოლოს ჩემი ოჯახის წევრებიც გახდნენ, რაც მძიმე აღსაქმელი გამოდგა ჩემთვის. მოკლედ, 19 ნოემბერს, დილის 6 საათისთვის სახლის კართან ჩემთვის უცნობი მამაკაცი მოვიდა, იგინებოდა და ჩემს ნახვას ითხოვდა. აგრესიული იყო და ვერანაირად ვერ გავიგე მისი მოტივი, უშუალოდ მაშინაც კი, როდესაც ხელებით მეჭირა და ვეკითხებოდი, რა უნდოდა. ხუთჯერ მქონდა დანა გულმკერდის არეში დარტყმული და ფეხზე ვიდექი. მოქნეული დანა ხელით მეჭირა, თვალებში ვუყურებდი და ვურტყამდი, მაგრამ მოტივი მაინც ვერ გავიგე. მე არ ვცხოვრობ ისე, რომ ამას ვიმსახურებდე. ეს, არცერთ ჩარჩოში არ ზის და გამგები გაიგებს.

– როგორც ვიცი, მანამდეც იყო მოსული და მისამართი შეეშალა.

– დიახ, 2 ნოემბერსაც იყო მოსული, დაახლოებით იმავე დროს. უბრალოდ, ჭიშკარი შეეშალა და მეზობელთან გადაძვრა. კიდევ კარგი, მაშინ ყველაფერი კარგად და მშვიდობიანად დამთავრდა.

– ანუ მართლა არ იცი მოტივი, რის გამოც სასიკვდილოდ გაგიმეტეს?

– ჩემთვის მოტივი, მართლა უცნობია. ახლა ვფიქრობ, რა უნდა ჩემს პოვნას? ნახევარი ქალაქი მიცნობს და ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ რაიმე უნდოდა, სთორებით მაინც მიპოვიდა.

– იმ მომენტში, როცა დაჭრილი იყავი, გონება არ დაგიკარგავს?

– ყველაფერი კარგად მახსოვს, არ გავთიშულვარ. არც მქონდა ამის უფლება, რადგან ოჯახს ვიცავდი – ჩემ უკან დედა და ჩემი არასრულწლოვანი ძმა იდგა და ადგილზე რომ მოვმკვდარიყავი, იქ, ალბათ, ცოცხალი არავინ დარჩებოდა. საკმაოდ ძლიერი აღმოვჩნდი ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც, რადგან ვგრძნობდი, სისხლისგან როგორ ვიცლებოდი, მაგრამ ხელს მაინც არ ვუშვებდი და იქამდე მეჭირა და ვუსწორდებოდი ფიზიკურად შიშველი ხელებით, სანამ ჩემი მეზობელი, ოჯახის მეგობარი სამართალდამცველი არ შემოვიდა ეზოში და არ დააკავა. მიუხედავად საშინელი ტკივილისა, მაინც ფეხზე ვიდექი. შემდეგ გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობა.

– ოპერაციის შემდეგ, როცა თვალი გაახილე, რა იფიქრე, რა გადააფასე და რაზე დაფიქრდი?

– ბევრი რამ გადავაფასე, დავფიქრდი: რატომ ვახელთ თვალებს, რისთვის ვსუნთქავთ, ვართ თუ არა მადლიერები იმით, რაც გვაქვს? ერთი წამი და შეიძლება, ამ პლანეტაზე აღარ ვიყოთ, რას დავტოვებთ? ან რა მიგვაქვს? ამიტომ, გავცეთ მეტი სიყვარული, ვიყოთ უფრო მიმღებლები, გულწრფელები და უბრალოდ, გავუგოთ ადამიანებს. ჩვენს ცხოვრებას ჩვენ ვქმნით, მე ყოველთვის სიყვარული და სიკეთე მამოძრავებს და ამ ყველაფერს ვემსახურები. თუ ვიაზრებთ, რომ „კეთილი ბოროტს ვერ ცვლის“, მაშინ გვეძლევა სამყაროსგან სუპერძალები და ვგრძნობთ, როგორ გვაზიან ორივე მხარზე ანგელოზები. ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ ენაზე და ერთმანეთის არ გვესმის. მადლობა ღმერთს, გამიმართლა, პირველ რიგში, ოჯახში, სადაც დავიბადე, ქალღმერთის შვილი ვარ, ასევე, მეგობრებში, მონათესავე სულებში. ცხოვრებაში ბევრჯერ მქონია რთული მომენტები და რომ არა ჩემთვის ძვირფასი ადამიანები, მათი თანადგომა, უბრალოდ, დაღუპული და საერთოდ, სხვა გზაზე მყოფი ვიქნებოდი. 19 ნოემბერს მესამედ დავიბადე, არის ამ ყველაფერში მისტიკაც და მაგიაც, რაც სულ ახლავს ჩემს ცხოვრებას. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი გაკვეთილი იყო, ან რთულად ჩასაბარებელი გამოცდა… არ ვიცი, რადგან არცერთი ლოგიკით ცოცხალი არ უნდა გადავრჩენილიყავი, მაგრამ სასწაული მოხდა, რაღაც დეტალებმა იმოქმედა, რომლის მეშვეობითაც, სული ისევე ჩემს სხეულში დაბრუნდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა