შოუბიზნესი

ხატია სიჭინავა: ნებისმიერი რამის გარეშე შემიძლია ცხოვრება

№44

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 09.11, 2021 წელი

ხატია სიჭინავა
დაკოპირებულია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისევ ჟურნალისტიკას უბრუნდება და სოციალური ქსელის მეშვეობით საავტორო გადაცემას იწყებს. „მომიყევი შენზე“ უბრალო ადამიანებს გაგაცნობთ, რომელთა გამოცდილებაც რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. როგორ გაჩნდა გადაცემის იდეა და რა სიახლეებია ტელეწამყვანის ცხოვრებაში, უფრო დაწვრილებით თავად გიამბობთ.

ხატია სიჭინავა: ჟურნალისტიკა არასოდეს გასულა ჩემი დღის წესრიგიდან, უფრო მეტიც, ეს ერთადერთი საქმეა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ტელევიზიებში იმდენად ერთი და იგივე სახეები და ისტორიებია, გადავწყვიტე, „ინსტაგრამზე“ გავაკეთო გადაცემა – პირდაპირ ეთერში ჩემს გამომწერებს ჩავრთავ. ყველას აქვს ცხოვრებაში ისეთი ისტორია, რომელიც სხვას გამოადგება და რთული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნაში დაეხმარება. ამით მინდა, ადამიანებს იმედი მივცე და დავანახვო, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ამიტომ გადაცემას დავარქვი „მომიყევი შენზე“, სადაც კვირაში ერთხელ, უბრალო ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ საზოგადოებას.

– ნოსტალგიის გამოც ხომ არ დაუბრუნდი ძველ პროფესიას?

– საკუთარი ბიზნესიც მქონდა, ერთ-ერთი კომპანიის პიარიც ვიყავი, მოკლედ ყველაფერი ვცადე და მოვსინჯე, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივხვდი, ტელევიზია და ეთერიდან ხალხთან ურთიერთობა არის ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის. ნოსტალგია – არა, რადგან ეს პროფესია სულ იყო ჩემში, უბრალოდ, მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ გამოსავალი თითქმის ყველა რთული სიტუაციიდან არსებობს.

- რატომ „ინსტაგრამზე“ და არა ტელევიზიაში?

– გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გამომწერი მყავს, მაყურებლის დეფიციტი არ მექნება, ამიტომ ავირჩიე „ინსტაგრამი“. თან, ტელევიზიაში პროექტის მიტანის, მერე მისი დამტკიცების თავი და ნერვი არ მაქვს. მათი მხრიდან შემოთავაზება არ მქონია და ამ მხრივ, არც მე გამომიჩენია ინიციატივა. ამ საქმის გაკეთება ჩემს სივრცეში მირჩევნია და გამომწერებიც საკმაოდ მყავს იმისთვის, რისი გახმაურებაც მინდა. ჩემს გამომწერებს ყოველთვის პოზიტივისკენ მოვუწოდებ, თუმცა ახლა მინდა, სხვამაც ილაპარაკოს კარგზე და მაგალითი მისცეს ადამიანებს.

– მსგავსი არაერთი ისტორია გექნება და იქნებ, რომელიმე გვიამბო?

– როცა მეგონა, გამოუვალი მდგომარეობა მქონდა და წინ არაფერი ჩანდა, სწორედ, მაშინ გადავწყვიტე, მიმემართა ჩვენი წმიდანებისთვის, რომელთაც მართლა დიდი ძალა აქვთ. მამა გაბრიელთან ავედი და ვთხოვე, სწორ გზაზე დავეყენებინე. ზოგადად, როცა რაღაცას სთხოვ უფალს, წმინდანებს, აუცილებლად ხდება, უბრალოდ, მინიშნებებს უნდა დააკვირდე. მაშინ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მამა გიორგი. სწორედ, მისი დამსახურებაა, დღეს როგორი ოჯახიც მაქვს და როგორც ვცხოვრობ, ამ ყოველივეში უდიდესი წვლილი მას მიუძღვის. სამწუხაროდ, მამა გიორგი უკვე გარდაიცვალა, თუმცა მის საფლავსაც ძალიან დიდი ძალა აქვს, ხშირად ვსტუმრობთ და შეიძლება ითქვას, იქიდანაც გვეხმარება. ასე რომ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მთავარია რწმენა და სწორ გზაზე დადგომა.

– ერთი პერიოდი „ფეისბუკზე“ აქტიურობდი, შემდეგ გააუქმე, რატომ?

– „ფეისბუკი“ წლები არ მქონდა, მერე გავხსენი და მივხვდი, ეს სივრცე ჩემთვის ნეგატიური იყო, რომელსაც იმახსოვრებდა ტვინი და ბინძურდებოდა – ტელეფონი სულ ხელში გიჭირავს და ნებისმიერ დროს შეგიძლია, „ჩამოსქროლო“, ამ დროს კი უამრავი არასაჭირო ინფორმაცია გროვდება თავში. სწორედ, ამიტომ გავაუქმე. დიდად არ ვწყალობ სოციალურ ქსელებს, ერთადერთი, „ინსტაგრამზე“ ყოფნა მომწონს, რადგან იქ ნაკლები ნეგატივია.

– ადამიანები სოციალურ ქსელებზე გახდნენ დამოკიდებულები, განსაკუთრებით, „ფეისბუკზე“. შენს შემთხვევაში, როგორ იყო?

– საერთოდ არ ვარ დამოკიდებული რამეზე, ასეთი ხასიათი მაქვს – ნებისმიერი რამის გარეშე შემიძლია ცხოვრება. კომფორტის ზონაზე რომ იყო საუბარი, თუ „მწვანე პასპორტი“ არ გექნება, რესტორანში ვერ შეხვალ, ვერსად დაჯდები და ასე შემდეგო, ესეც შემიძლია, მარტივად გადავაგორო. ყავის დალევაზე, „ფეისბუკზე“ და მსგავს რამეებზე ვერ ვიქნები დამოკიდებული, ჩემს ხასიათში არ ზის, რადგან თავადაც ადვილად შემიძლია საკუთარი კომფორტის ზონის მოწყობა. ჩემთვის „ფეისბუკი“ არ აღმოჩნდა ის სივრცე, რომელზეც ჩამოკიდებული ვიქნებოდი და მის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი.

– „მწვანე პასპორტი“ ახსენე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით რას ფიქრობ?

– ბევრი მეგობარი მყავს უცხოეთში და მეუბნებიან, ის, რაც ვაქცინირებულ და არავაქცინირებულებს შორის ხდება საქართველოში, მსგავსი რამ არსად ხდება. ალბათ, ესეც ჩვენი მენტალიტეტის ბრალია. არავის საქმე არ არის, ავიცრები თუ არა, შესაბამისად, არც ჩემი საქმეა სხვა რას აპირებს. არ მეშინია, არც აცრილის და არც აუცრელის. ზოგადად, ამ ვირუსს ჩვეულებრივად ვუყურებ: დამემართება გადავიტან, თუმცა, დღემდე ვერ აღმიქვა კორონამ, ეტყობა ორმხრივად გვაქვს ეს ამბავი – ერთმანეთის „ნივიჟუებით“ ვცხოვრობთ ეს ორი წელია (იცინის). არ ვიცრები, თუმცა არასოდეს მომიწოდებია ვინმესთვის ეს, ჩემს ოჯახის წევრსაც ვერ ვეტყვი ამას. არ მიმაჩნია, რომ აცრა ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. ისედაც ბევრი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვაქვს, რომელიც არ გვაინტერესებს.

– სკოლებში სწავლების არჩევით ფორმატთან დაკავშირებით ბევრი იბრძოლე და გამოგივიდა კიდეც.

– ჩემნაირი ბევრი მშობელი აღმოჩნდა, ბევრიც მოვიდა აზრზე, რომ სახლში ჩაკეტვით ბავშვებს დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებენ და ჯობს, ერთი ვირუსი გადაიტანონ, ვიდრე მერე მთელი ცხოვრება მათი ფსიქოლოგიის გამოსწორებას დაუთმონ. ჩემს შვილებს სკოლა არც ერთი დღე გაუცდენიათ, როცა დასწრებითი სწავლებაა, ყოველდღიურად დადიან. ჩვენ ვართ ერთადერთი ოჯახი, რომელსაც ამ ორი წლის განმავლობაში არც ერთი ტესტი არ გაუკეთებია. ჩემმა შვილებმა იციან, არაფერი სასწაული არ ხდება, თუ ავად გახდებიან, მოვუვლი და მოვარჩენ. სახლში ტელევიზორს არც ვრთავთ და ვირუსთან დაკავშირებით ის ინფორმაცია აქვთ, რასაც თანატოლებისგან ისმენენ, შესაბამისად, ჩვენთან ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი მდგომარეობაა.

– გაზაფხულზე კიკეთში სასოფლო-სამეურნეო საქმეებში იყავი ჩართული. აიღე უკვე მოსავალი?

– ჩვენ 2 წელი ვიცხოვრეთ კიკეთში და ახლახან ჩამოვედით თბილისში, ესეც იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც კარგი სიახლეებია, თუმცა, ამ საკითხზე ჯერ არ მსურს საუბარი. როცა კიკეთში ვცხოვრობდი, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო მოვიყვანე, თითქმის ყველა ბოსტნეული ჩემი ეზოსი მქონდა. ბავშვებს შეუწამლავ, ჯანსაღ პროდუქტს ვაჭმევდი, თვითონაც ძალიან უხაროდათ, რადგან ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. ყველაფერს ვაკეთებდი თავად, რადგან როცა რაღაცას ვიწყებ, მიყვარს, როცა თითოეულ დეტალში თავად ვარ ჩართული. შესაბამისად, ვბარავდი, ვთესავდი და ვუვლიდი. როცა შენი ნაშრომი ნაყოფს გამოიღებს, ამაზე დიდი ბედნიერება, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. გეგმაში მაქვს, ჩვენი ბოსტანი უფრო გავადიდო და პატარა მეურნეობა გვქონდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი