შოუბიზნესი

ხატია შამუგია: სიბერის არ მეშინია, პირიქით, მინდა, დავბერდე

№37

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 22.09, 2021 წელი

ხატია შამუგია
დაკოპირებულია

ვინც ხატია შამუგიას იცნობს, დამეთანხმება, რომ მისთვის ყველაზე საყვარელი სასაუბრო თემა თავის მოვლაა. როგორც ამბობს, წლების მატებასთან ერთად, ამ მხრივ, ბევრი რამ გადაახალისა და არც მომავალი სიბერის ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ხუთ სამსახურში უწევს სიარული, მუდმივად ფორმაშია, არც შვილს აკლებს ყურადღებას და მეგობრებისთვისაც ყოველთვის იცლის.

ხატია შამუგია: ზაფხული ყველაზე მეტად მიყვარს. მზეს რომ ვერ ვხედავ, ვერ ვცხოვრობ. მთელი ცხრა თვე ველოდები იმ სამ თვეს, რომელსაც ზაფხული ჰქვია. ზამთარში ტანსაცმელსაც კი საჭიროებისამებრ ვყიდულობ, რომ თბილად ვიყო, თორემ ისე, ძირითადად, საზაფხულო ტანსაცმლისკენ, სიჭრელისკენ და სიფერადისკენ გამირბის თვალი. თან, ზაფხულში ვარ დაბადებული. ზოგადად, სამეგობრო-სადაქალოს გვაქვს ტრადიცია – ერთად დავდივართ დასასვენებლად და წელსაც მოვახერხე დასვენება ქობულეთში. დაბადების დღეც იქ, მართალია მოკრძალებულად, მაგრამ მაინც გადავიხადე. ასე რომ, არც ტრადიცია დაგვირღვევია და ერთი კვირა მაინც მოვახერხეთ ერთმანეთის მოსიყვარულება, თუმცა ამინდებმა არ გვცა პატივი და სასტუმროს ზღურბლს იქით ფეხი არ გამიდგამს. ვხუმრობდი: აქაც კარანტინში მომიწია ყოფნა-მეთქი (იცინის). პირველი წელი იყო ჩემი დაბადების დღე, 10 აგვისტო, მასშტაბურად, შოუბიზნესურად რომ ვერ აღვნიშნე. ამიტომ, წელს მომატებული ერთი წელი არ მეთვლება, არ მომემატა (იცინის).

– მიუხედავად ამისა, გავიგე, რომ მაინც გაგიკეთეს სიურპრიზები.

– დიახ, სასტუმროს სტაფმა გამიკეთა სიურპრიზი და ჩემმა მეუღლემ, რომელმაც პანდემიის გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა, თუმცა გამახარა. არ მკითხოთ რა სიურპრიზი გამიკეთა, მაინც საიდუმლოდ დავტოვებ (იცინის).

– ვიცი, წელს მეუღლესთან გეგმავდი უცხოეთში გამგზავრებას და დასვენებას. რის გამო გადაიფიქრე?

– პანდემიამ მთელი ჩემი გეგმები შეცვალა და სადღა წავიდოდი? მეუღლე თავად იყო ჩამოსული, საქართველოს პასპორტიც აქვს და არ არის ეს მისთვის პრობლემა. ოღონდ, ისეთ დროს უწევს ჩამოსვლა, ჩემს დაბადების დღეს ვერ ამთხვევს (იცინის).

– სხვათა შორის, როცა საყვარელი სამსახურიდან წამოხვედი, რომლის ერთგვარი სახეც იყავი, ყველა ფიქრობდა, ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგი, რომ ქმართან უცხოეთში აპირებდი წასვლას და იქ ცხოვრებას.

– სამომავლოდ არ არის გამორიცხული, უცხოეთში გადავიდე საცხოვრებლად, თუმცა ახლა – არა. 18 წლიდან ვმუშაობ და გამიჭირდება, ასე ადვილად დავთმო ყველაფერი და საცხოვრებლად უცხო მხარეში გადავბარგდე, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი გვერდით მეყოლება. თან, მიყვარს ჩემი ქვეყანა და არც მეტოვება, ისიც ვერ ჩამოდის აქეთ საცხოვრებლად. კაცი რომ 20 წელი ირლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორ უნდა ვუთხრა და ვაკადრო, მიატოვე ყველაფერი და ჩემთან ჩამოდი-მეთქი.

– არ არის რთული საყვარელი მამაკაცისგან ასე შორს ყოფნა?

– ისე დაპატარავდა დედამიწა, სულაც არ მეშორება (იცინის). კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს, თან, ორივე ძალიან დაკავებული ვართ და ამიტომ, ერთმანეთისგან შორს ყოფნას ისე მძაფრად ვერ აღვიქვამთ.

– მოდი, ზაფხულს დავუბრუნდეთ. ვიცი, დასასვენებლად რომ მიდიხარ, „ნახევარი ჩემოდანი“ პარფიუმერია და თავის მოვლის საშუალებები მიგაქვს. წლების მატებასთან ერთად, თავის მოვლის პროცედურები შეიცვალა, შემცირდა და გადახარისხდა?

– პირიქით, ადრე თუ ნახევარი ჩანთა თავის მოვლის საშუალებებს ეჭირა, ახლა მთლიანად დაიკავა (იცინის). რაც ასაკი გემატება, მეტად გჭირდება თავის მოვლა, მეტი ინფორმაცია გაქვს და თავის მოვლის საშუალებებიც მეტია საჭირო. ჩემი ხელფასის უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, ოთხმოცი პროცენტი, თავის მოვლის საშუალებებში მეხარჯება. ეს არ არის ფუფუნება და არც იმას ვამბობ, აუცილებლად ძვირიანი უნდა იყოს-მეთქი. უბრალოდ, ეს აუცილებელი პირობაა, რომ გვიან დაბერდე და შენი კანი ღრმა სიბერემდე ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. სხვათა შორის, ვიცი, რომ არ არის კარგი ზედმეტი გარუჯვა და უკვე ვნანობ, რომ ამდენი რუჯი მივიღე, თუმცა სიბერის არ მეშინია, პირიქით, მინდა, დავბერდე. დაბერება ნიშნავს დიდხანს სიცოცხლეს, ხოლო როგორი დაბერდები, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. თავის მოვლა სულ მიყვარდა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, თავის მოვლის საშუალებებიცა და დამოკიდებულებებიც შეიცვალა. ვცდილობ, ზომიერად მივიღო რუჯი და არა ისე, როგორც ადრე ვირუჯებოდი. წლების მატებასთან ერთად, ჩემი კანის გაფრთხილებაც ვისწავლე.

– ანუ, გარუჯვა ვერ მოახერხე?

– მე მთელი წლის განმავლობაში გარუჯული სხეულით დავდივარ. სოლარიუმსაც ვსტუმრობ, მზიან დღეებში ქალქგარეთ ორდღიან გასვლებსაც ვასწრებ და ზომიერებასაც ვიცავ. სხეულს გარუჯვამდეც სჭირდება მომზადება და უკვე გარუჯული სხეული კი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მზისგან დამცავ საშუალებებს რეგულარულად ვხმარობ, რომ კანი არ დაზიანდეს, დიდხანს გამყვეს რუჯი, მეც კმაყოფილი ვიყო და ჩემი კანიც. ასე რომ, დამცავი საცხით კანს ვიცავ და თან სიჯანსაღესაც ვუნარჩუნებ.

– შენი საყვარელი სეზონი დასრულდა და ეს თუ მოქმედებს შენს განწყობაზე?

– ზოგადად, ცივი ამინდი ჩემს განწყობაზე ძალიან მოქმედებს. არ მიყვარს და ვერ ვიტან სიცივეს. ცივი სეზონი ჩემს ხასიათს არ უხდება, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. აუზზე დავდივარ, აკვააერობიკაზე და ეს მინარჩუნებს კარგ და საზაფხულო განწყობას.

– გავიგე, ტელევიზიებიდან გქონდა მიწვევები, ახალ სეზონზე წამყვანად მოგიაზრებდნენ, თუმცა უარი თქვი. რატომ? და, ამიხსენი, როგორ ასწრებ ხუთი სამსახურისთვის, შვილისთვის და მეგობრებისთვის გადაანაწილო დრო და თან, ყოველთვის ფორმაში იყო?

– არ დავმალავ, იყო შემოთავაზებები ტელევიზიებიდან წამყვანობაზე, თუმცა, მე მირჩევნია, პიარსაქმიანობით ვიყო დაკავებული. ამიტომ, წამყვანობაზე უარი ვთქვი. რატომღაც ამ როლში უფრო მომწონს ჩემი თავი – ისედაც ინტენსიური ურთიერთობა მაქვს ტელევიზიებთან, ყველა არხზე სასურველი სტუმარი ვარ. რაც შეეხება მოსწრებას, ახლა ხუთი სამსახური მაქვს, მოტივირებული ვარ და მუშაობასაც გადასარევად ვამენეჯმენტებ და შვილისა და მეგობრებისთვისაც დროის გამონახვასაც ვასწრებ. სხვათა შორის, ჩემი შვილი 18 წლისაა, დამოუკიდებელია, კარგად უძღვება თავის ცხოვრებას, თუმცა მისთვისაც მრჩება დრო, საჭმელსაც ვუმზადებ და არცერთი წამით არ მრჩება უყურადღებოდ. ხომ იცით, რაც მეტად დაკავებული ხარ, მით მეტად ანაწილებ დროს და ასწრებ ყველაფერს. ახლა, ახალი შემართებით შევუდექი მუშაობას და ძალიან დაკავებული ვარ, თუმცა, ყველაფრისთვის და ყველასთვის მცალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი