შოუბიზნესი

ქეთი ხატიაშვილი: პრობლემები მაძლიერებს, ახალი იდეები მაგ დროს მომდის

№20

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.05, 2023 წელი

ქეთი ხატიაშვილი
დაკოპირებულია

ქეთი ხატიაშვილის ,,უცნობი მხარე" 👇

- ვინ არის ქეთი ხატიაშვილი?

ქეთი ხატიაშვილი: დედა.

- როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

- მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება. დანარჩენს ჩვენ თვითონაც შევძლებთ. სულ იმას ვამბობ, რომ თუ ადამიანი მშრომელია, აუცილებლად გამოუვა ყველაფერი. მთავარია, მშვიდობა იყოს.

- გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

- კი, რა თქმა უნდა, მიკეთებია. ყოველთვის არ არის იმის ფუფუნება, რომ საყვარელი საქმე აკეთო. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასე იყო. თავიდან, როდესაც ფეხზე ვდგებოდი, სტუდენტობის შემდეგ, არ იყო ისე, რომ ყველაფერი ჩემი სიამოვნების მიხედვით გამეკეთებინა. შეიძლება, დღესაც არ ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც გულით მსიამოვნებს, მაგრამ საქმეს სჭირდება იმის კეთებაც, რაც არ გსიამოვნებს. ეს განვითარებისთვის და უკეთესად ყოფნისთვისაც აუცილებელია. ფინანსურადაც საჭიროა და თუნდაც იმისთვის, რომ მომავალში აკეთო მხოლოდ ის, რაც გიყვარს.

- ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

- არ მახსოვს. ყოველთვის მეტირება, მაგალითად, ფილმებზე. დღესაც, რაღაც სერიალს ვუყურებდი, სადაც ადამიანების ჯგუფი მარსზე გაფრინდა და ამაზეც ამეტირა. ადამიანის წარმატება ძალიან მიხარია და ასეთ დროს მეტირება ხოლმე. საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ.

- რას გააკეთებდით ახლა, ლატარიაში რომ მილიონი მოიგოთ?

- მილიონი რომ მოვიგო (იცინის)? უი, არც ვიცი, რას გავაკეთებდი. ჩემი ოცნების ასახდენად თუ მეყოფოდა, ალბათ, ავიხდენდი. მინდა, მქონდეს საკუთარი დარბაზი, სადაც ჩემი აკადემია მექნება, რომელიც 24 საათი იმუშავებს. იქ ბავშვები იცხოვრებენ, ისწავლიან და ივარჯიშებენ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ეს არის და ამ თანხას ამისთვის გამოვიყენებდი.

- რა არის თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი, რაზედაც ფიქრობთ, რომ არ უნდა გაგეკეთებინათ?

- რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რასაც ვნანობ და დარწმუნებული ვარ, ეს მომენტი ყველას აქვს, მაგრამ ამაზე ახლა ვერ მოვყვები. იმის თქმა შემიძლია, რომ, როდესაც პატარა ვიყავი, ძალიან ბევრი შესაძლებლობა მქონდა, რაც არ გამოვიყენე და ამას ვნანობ. სამწუხაროდ, დროის მანქანა არ არსებობს, რომ ამის გამოსწორება შევძლო. რომ არსებობდეს, ჩემს ბავშვობაში რაღაცებს შევცვლიდი, რომ უკეთესი შედეგებისთვის მიმეღწია.

- ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

- თუნდაც „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ გავიხსენებ. არასდროს დამავიწყდება და იმ ცეკვის ნახვაც არასდროს მომინდება, პირდაპირ ეთერში რომ წავიქეცით მე და ჩემი მეწყვილე, თან ფინალს ვუახლოვდებოდით და ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. იმ წამს ვფიქრობდი, ჯობდა, საერთოდ არ ვყოფილიყავი აქ და ოღონდ დროზე დამთავრდეს ყველაფერი - როგორ დამთავრება, ეს აღარ მაინტერესებს-მეთქი. რას ვიზამთ, ცხოვრებაა და ხდება ხოლმე. თუმცა, მე ასეთი შემთხვევები უფრო მაძლიერებს. ალბათ, ყოველდღიურობაშიც ხშირია უხერხული სიტუაციები, მაგრამ ჩემი ტვინი ისეა მოწყობილი, რაც არასასიამოვნოა, ვივიწყებ და სადღაც ვბლოკავ. რაღა აზრი აქვს იდარდო იმაზე, რასაც ვეღარ შეცვლი?! რასაც შეცვლი, ის შეგიძლია განვითარების საშუალებად აქციო და ეს სპორტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც მე კარგად ვისწავლე. ზოგადად, როდესაც სამსახურში ძალიან ბევრი პრობლემაა, ჩემი და, რომელიც ყველაზე ახლობელია ჩემთვის, ასეთ დროს მეუბნება: უკვე აღარ ვნერვიულობ, რადგან პრობლემები შენ უფრო გაძლიერებს, ახალი იდეებიც ამ დროს მოგდის და საგანგაშო არაფერიაო.

- ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?

- ტყუილების თქმა ხშირად მიწევს, თუნდაც ბავშვებთან. აი, მაგალითად, ჯანსაღ კვებაზე საუბრისას: საღამოს სახლში რომ მივალ, არც მე შევჭამ, ან მხოლოდ უცხიმო ხაჭოს შევჭამ-მეთქი, ვიტყუები ზოგჯერ. თუმცა, ზოგადად, ტყუილი არ მიყვარს. რაც არ უნდა იყოს, მაინც მოკლე ფეხები აქვს, ყოველთვის სიმართლის თქმა სჯობია.

- როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

- როდესაც უსამართლობა მხვდება, მაშინ ვხდები ყველაზე სასტიკი. ხან ბრძოლაც მიწევს, ზოგჯერ კი საუბარია საკმარისი მდგომარეობის დასასტაბილურებლად, გააჩნია სიტუაციას, მაგრამ, როცა უსამართლობას ვეჯახები, იქ შეურაცხადი ვხდები - არ აქვს მნიშვნელობა, მე მეხება თუ სხვას.

- ყოველდღიური ყოფითი საქმეებიდან, რის კეთება გიყვართ და რისი - არა?

- არ მიყვარს დაუთოება, მეზიზღება ეს პროცესი. დალაგებაც არ მიყვარს დიდად. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. თუ თავისუფალი დრო მაქვს, აუცილებლად ვეძახი ჩემს მეგობრებს და სამზარეულოში მე ვტრიალებ. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ძალიან გემრიელი კერძები გამომდის.

- ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ?

- მაკრიტიკებენ ალბათ, იმიტომ, რომ სამსახურში მკაცრი ვარ, თუმცა ქებასაც ამავე მიზეზით ვიმსახურებ. ჩემი პრინციპი ეს არის, ჩემთან აკადემიაში ყველაფერი პატივისცემით და დისციპლინით იწყება, ამიტომ მკაცრი ვარ. თუმცა, ყველა მეუბნება, რომ ცხოვრებაში მკაცრი არ ვარ.

- როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?

- როდესაც ანასტასია გამიჩნდა, ძალიან შევიცვალე. მოზღვავებულ ენერგიასა და სიხარულთან ერთად, შიშებიც გამიჩნდა, რადგან პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემი თავის მიმართ აღარ მქონდა. სხვათა შორის, მშობიარობის შემდეგ გამიჩნდა სიმაღლის შიშიც, რაც არასდროს მქონია. იმ მომენტში ჩემში დიდი გადატრიალებები მოხდა, თუმცა ნელ-ნელა ვისწავლე ამ შიშებთან ადაპტირება.

- ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, არის?

- ანასტასია, ჩემი შვილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი