ქეთი დოლიძე: მინახავს სიჩუმე, როდესაც მე ცუდს მიკეთებდნენ ეს ძალიან ძნელი ასატანია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 28.10
ქეთი დოლიძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის ქეთი დოლიძე?
ქეთი დოლიძე: ჩვეულებრივი ადამიანი. ვცდილობ, პატიოსნად ვიცხოვრო. ვცდილობ, რაც შეიძლება, ნაკლებ ადამიანს ვაწყენინო. ალბათ, ვიღაცებისთვის მიწყენინებია, სხვანაირად ცხოვრება არ გამოდის, მაგრამ მგონია, რომ არც ისე დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვისთვისაც გული მიტკენია. ყოველთვის მინდოდა, შვილები მყოლოდა და მყავს. ალბათ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. საერთოდ, ოჯახზე დიდი ბედნიერება არაფერია. ყოველთვის მიყვარდა ჩემი საქმე და ბედნიერი ვარ, რომ ვაკეთებდი და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში ის მაქვს, რაც მინდოდა, რომ მქონოდა.
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– ზუსტად ისეთი, როგორიც გავატარე. მე ასე ვფიქრობ. ადამიანმა ღმერთს უნდა შეხედო და დიდი მადლობა უთხრა იმისთვის, რაც გაქვს. რომ გითხრათ, რამეს ვნანობ-მეთქი, არ იქნება მართალი. რაღაცებზე გული დამწყვეტია, ვიღაცებს ავცდი ცხოვრებაში, ვისაც არ მინდოდა, რომ ავცდენილიყავი, მაგრამ რას იზამ. ალბათ, ასე იყო საჭირო.
– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხართ?
– გულჩვილი ნამდვილად ვარ. ძალიან ხშირად მიჩუყდება გული და ცრემლიც მაწვება.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ეგ მხოლოდ ჩემი საქმეა, მაგას არასდროს ვიტყვი.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– პირველ რიგში, იმ ადამიანების სიას ჩამოვწერდი, ვისაც დახმარება სჭირდება. მერე ვნახოთ, ალბათ, უფრო მეტს ვიმოგზაურებდი. განსაკუთრებული სიამოვნებით ზამთრის კურორტებს მოვინახულებდი. ზამთარი ძალიან მიყვარს და არის რამდენიმე ადგილი, რომლის მონახულებაზეც ვოცნებობ, მაგრამ ძალიან ძნელია იქ მოხვედრა, ზუსტად ფინანსების ნაკლებობის გამო, ამიტომ ამ ოცნებას ავისრულებდი.
– გინდათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?
– არა, არ მინდა. რაც მაქვს ისიც მეყოფა. რად მინდა მთელ მსოფლიოს მოვედო?! საერთოდ, რატომ უნდა მინდოდეს ასეთი რამ?! არასდროს მიფიქრია ამაზე. მე არ მაქვს ასეთი ამბიცია. ადამიანი აღწევს იმას, რისი უნარი და შესაძლებლობაც აქვს. იმის იქით ვერ გადახტება. უღირსი გზების არჩევა იმისთვის, რომ უფრო მეტს მიაღწიო, არასწორად მიმაჩნია და არც არასდროს მომივიდოდა თავში აზრად.
– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– კატასტროფულად ცუდი. ვერ ვიტან ტყუილს. ამაზე მდაბიო საქციელი არ არსებობს. ყოველთვის ვხვდები, როცა მატყუებენ. მე თვითონ არასდროს მითქვამს ტყუილი, არ დამჭირვებია.
– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?
– თუ ვხედავ, რომ ადამიანი სიბოროტეს ჩადის, ამ შემთხვევაში დაუნდობელი ვარ და არ ვპატიობ. სიცრუესა და ღალატს ვერ ვიტან. სისასტიკე რას ნიშნავს? მე, უბრალოდ, ვკარგავ იმ ადამიანს. ის ჩემთვის აღარ არსებობს. შეიძლება, შევხედო კიდეც, გამარჯობაც ვუთხრა, მაგრამ ჩემთვის ის ადამიანი დამთავრებულია.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– გამარჯვებად – შვილები და შვილიშვილები. მარცხად – რა ვიცი, წვრილ-წვრილი ამბები. დიდი მარცხი არ განმიცდია, უფრო უმნიშვნელო ამბები მახსენდება ყოველდღიურობიდან.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგი, რაც გამორჩეულად სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდი, რამაც შეიძლება, გული გატკინათ?
– სულ ახლახან მივიღე ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისგან ძალიან სასიამოვნო შეფასება, რასაც სრულიად ვეთანხმები და ამ მხრივ, ძალიან ვამაყობ. კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვიყავი პირველი ქართველი ხელოვანი, რომელმაც დავიწყე უცხოელი რეჟისორების მოწვევა საქართველოში. ეს იმისთვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო ჩაკეტილი ქვეყანა დანარჩენი თეატრალური სამყაროსთვის. ჩვენ ერთმანეთთან ვიხარშებოდით, რაც ძალიან სამწუხარო იყო. მე ჩამოვიყვანე მიხეილ მარმარინოსი, ანდრი ჟოლდაკი, ჰილარი ვუდი.
რაც მთავარია და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მე დავაარსე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი. მიმაჩნია, რომ საქართველოში ასეთი მასშტაბის მანამდე არაფერი ყოფილა და 1997 წელს ამით ჩვენ ნამდვილად გავარღვიეთ დიდი ჩაკეტილობა. ამ ფესტივალმა გზა გახსნა ევროპისკენ. ცნობილი გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ წერდა: „თუკი საქართველოში შეიძლება, ასეთი ფესტივალის ჩატარება, ესე იგი, საქართველო უბრუნდება ევროპულ ოჯახს“. ეს გავაკეთეთ ჩვენ ჩვენი ფესტივალით, ეს გააკეთა ხელოვნებამ და მე ამით ვამაყობ. ერთადერთი, რითაც შემიძლია ვიტრაბახო, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობის და უცხოელი მეგობრების შეძენის უნარი. პირველი, რასაც ვაკეთებდი, მე მათ ვაყვარებდი საქართველოს და აქ ჩამომყავდა. აქედან საქართველოზე კიდევ უფრო შეყვარებულები მიდიოდნენ. მგონია, რომ ამ გზით ბევრს მივაღწიე და შემიძლია, ამით ვიამაყო. მანამდე ძალიან ჩაკეტილი იყო ჩვენი სივრცე და მე მაქვს იმის ამბიცია, რომ მე გავარღვიე ეს ჯადოსნური წრე.
რაც შეეხება არასასიამოვნოს მოსმენას, რამაც გულისტკენა გამოიწვია, ასეთი ძალიან ბევრი ყოფილა. ახლობლებსა და კოლეგებს, დიდი უსამართლობა გამოუვლენიათ ჩემ მიმართ. ასევე, მინახავს სიჩუმე, როდესაც მე ცუდს მიკეთებდნენ და ვისაც ხმა უნდა ამოეღო, ისინი ჩუმად იყვნენ. ეს ძალიან ძნელი ასატანია. ადამიანურად გასაგებია, მაგრამ როცა საკუთარ თავზე გამოცდი უმადურობას, მძიმეა. უწმინდესმაც თქვა, რომ უმადურობა ყველაზე დიდი ცოდვაა. ვეთანხმები. მე რომ მკითხოთ, უმადურ ადამიანზე საცოდავი და ცუდი არაფერი არსებობს დედამიწაზე. როცა ადამიანი გიღალატებს და ზურგში დანას ჩაგარტყამს თავის კეთილდღეობის ან შურის გამო, ეს ყველაზე დიდი საშინელებაა. ხშირად, ყველაზე ახლო ადამიანებს გაუკეთებიათ ჩემთვის ბევრი ცუდი, სწორედ შურის გამო. ამან ცხოვრებაში ძალიან დამაზარალა. განსაკუთრებით მძიმეა, როცა ამას ძალიან ახლობელი ადამიანი გიკეთებს, ეს საშინელებაა. თუმცა, მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი. იმან იკითხოს, ვინც ბოროტება ჩაიდინა. ის არის საცოდავი, თორემ მე – ნამდვილად არა. ვისწავლე, რომ ადამიანებთან უფრო ფრთხილად უნდა ვიყო. თუმცა, ხომ არ შეიძლება, გაუთავებლად ასე იცხოვრო, ანუ ყველას ეჭვის თვალით უყურო?! ეს ძალიან ძნელია. ასეთ შემთხვევაში, ვკარგავ ამ ადამიანს და მორჩა, ყველაფერი ამით მთავრდება.
– ყველაზე მეტად ყოველდღიურ ცხოვრებაში რისი კეთება გიყვართ?
– ჩემს შვილიშვილებთან ერთად ყოფნა. მიყვარს კარგი ფილმისა და კარგი სპექტაკლის ყურება. მოგზაურობაც ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად არ მაქვს ამის საშუალება.
– როგორი ბებია ხართ?
– მგონი, ძალიან კარგი. ჩემი შვილიშვილი 19 წლამდე, მე გავზარდე, მეორე ბებიასთან ერთად. თავისუფლად შემიძლია, ეს ვთქვა. არაფერი დამიკლია. სადაც დავდიოდი იქ დამყავდა, მათ შორის, უცხოეთშიც, ჩემი პირადი ხარჯით. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ საჭირო თანხა მეშოვა და თან წამეყვანა. ამან შედეგი გამოიღო – ლუკა ძალიან განათლებული და განვითარებული ბიჭია. ვამაყობ, რადგან მე და მის მეორე ბებიას ამაში დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი.
– საკმაოდ მკაცრი ქალბატონის იმიჯი გაქვთ. შვილიშვილებთან როგორი ხართ?
– არანაირი მკაცრი მე არ ვარ. მიყვარს სიცილი, კისკისი. თქვენ ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხოთ. ცხოვრებაში სულ სხვა ადამიანი ვარ. ჩვენ გურულები ვართ და იუმორისა და სიცილის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. მკაცრი ვარ, იმიტომ, რომ უსამართლობას ვერ ვიტან და ვინც ასეთია, ყველა დაუნდობელი ჰგონიათ.
– სახლის საქმეებიდან რისი კეთება გიყვართ?
– ხანდახან მიყვარს კერძების მომზადება, ექსპერიმენტები. კარგი კულინარი ვარ და ვერთობი ამით.
– რომ გაიგოთ, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, ეტყოდით მას ასეთ სიმართლეს?
– არ ვეტყოდი. ვერ ვეტყოდი. ვინც ღალატობს, მე იმას მოვთხოვ პასუხს. არავითარ შემთხვევაში არ დავინდობ და, ყველაფერს გავაკეთებ, თუნდაც, ვაიძულებ, რომ სიმართლე თავად თქვას. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევა არ მქონია. გადასარევი მეგობრები მყავს, გადასარევი ქმრები და შვილები ჰყავთ.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– შვილები და შვილიშვილები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან