შოუბიზნესი

ქეთი ჩხაიძე: რთულ პერიოდებში ვიხსენებ, რამდენი მტერი მყავს, რომლებიც სუნთქვაშეკრული ელოდებიან ჩემს მარცხს და მომენტალურად მეძლევა უდიდესი ძალა

№16

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 29.04

ქეთი ჩხაიძე
დაკოპირებულია

მომღერალ ქეთი ჩხაიძის ცხოვრებაში ჯადოსნური ამბები ხდება. რა არის ამის მიზეზი – იღბალი თუ შრომისმოყვარეობა, ამაზე ის თავად მოგვიყვება.

ქეთი ჩხაიძე: საოცრად იღბლიანი ადამიანი ვარ. მარტივი ცხოვრება არ მაქვს გამოვლილი, ძალიან ძნელად მიმართლებს ფინანსური კუთხით, მაგრამ დანარჩენ საკითხებში მართლა საოცრად იღბლიანი ვარ. შემიძლია, ვთქვა, რომ ძალიან უცებ მოვხვდი საზოგადოებას თვალში და მოკლე დროში შემიყვარეს. ხომ იცით, ადამიანს გზას რომ გაუკვალავენ და მარტივად მიაღწევს წარმატებას, თითქოს, ასე გამოვიდა, მაგრამ მე სრულიად მარტომ გავიკვალე ეს გზა, კედლად არავინ მყოლია. თუკი სხვას წლები სჭირდება იმისთვის, რომ ცნობადი გახდეს, მსმენელს თავი შეაყვაროს და დიდმა აუდიტორიამ მიიღოს, მე ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის დიდი დრო და შრომა დამჭირდა. უშრომველად ნამდვილად არა, მაგრამ ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მოკლე დროში მოხდა. ჩემი კოლეგებიც გაკვირვებით აღნიშნავენ ხოლმე, როგორ მოახერხეო.

ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან დადებითი ენერგეტიკა მაქვს და ჩემგან ყოველთვის პოზიტივი მოდის. ემიგრანტები თუ საქართველოში მცხოვრები ადამიანები, ძალიან ხშირად უსვამენ ხაზს, იმდენად შინაურული აურა გაქვს, მგონია, ძალიან ჩემიანი ხარ და დიდი ხანია, გიცნობო. ჩემი აზრით, როცა მსმენელი პიროვნულად გიყვარებს, შენი სიმღერებიც უყვარს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იღბალია, წყალობაა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. ამან გამოიწვია ის, რომ მოკლე დროში გამიცნეს.

ვფიქრობ, რომ რაღაცით განსხვავებული ვარ. თავს არავის არაფრით ვამეტებ, უბრალოდ, დღეს არ არის ბევრი მრავალშვილიანი დედა, რომელიც ისევ ბავშვურ ხასიათსა და სილაღეს ატარებს. ვიტყვი, რომ განათლება შესაბამისი მაქვს და არც ცხოვრებისეული სირთულეები მაკლია, გამოცდილებაც დიდი დავაგროვე, ბევრი რამ მაქვს გადატანილი, მაგრამ ჩემში პატარა ბავშვი ვერაფერმა მოკლა. ხალხი გრძნობს, რომ ისევ ბავშვური და მეოცნებე ქეთი ვარ და ამიტომაც შემიყვარეს. სიმართლე გითხრათ, მე შეიძლება, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვიდგე, მაგრამ მაინც ვიღიმი, რომ სხვას პოზიტივი გავუგზავნო და სხვა ადამიანების განწყობაზე დადებითად ვიმოქმედო.

– იღბლიანთან ერთად, ვფიქრობ, შრომისმოყვარეც რომ არ იყო, მრავალშვილიან დედობასთან ერთად, ამდენ საქმეს ვერ გაუმკლავდებოდი.

– სხვანაირად ვერ გამოვა... (იცინის) იქიდან გამომდინარე, რომ ოთხი შვილის დედა ვარ და დამხმარე საერთოდ არ მყავს, არც ფინანსური, არც მორალური კუთხით, ყველაფერს მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვაკეთებთ. ოთხ შვილზე ზრუნვის პარალელურად, რომ დრო მრჩება კარიერისთვის, ჩემი ვოკალური სტუდიისთვის, სადაც 80-მდე ბავშვი მყავს და მხოლოდ მე ვარ პედაგოგი, რა თქმა უნდა, ეს შრომისმოყვარეობას მოითხოვს. რადგან ბავშვური და ფერადი ვარ, ყველაფერს სიცილ-კისკისში ვაკეთებ და შეიძლება, შორიდან ბევრს ჰგონია, რომ ძალიან ადვილია ის ყველაფერი, რასაც მე ვაკეთებ, იქნება ეს: ოთხ შვილზე და მეუღლეზე ზრუნვა, კარიერის აწყობა, მოსწავლეები თუ სხვა უამრავი საქმე. ეს ყველაფერი რეალურად ძალიან რთულია, თუმცა მე ჩემი ვარდისფერი სათვალე მაქვს მორგებული და ვცდილობ, ჩემი ძლიერი ფსიქოლოგიური განწყობით, გავიუმჯობესო თითოეული დღე. თან, როცა იმას აკეთებ, რაც გსიამოვნებს, ორმაგად ძლიერდები.

– რთულ პერიოდებში რა გეხმარება?

– რთულ პერიოდებში ორი წამალი მშველის: ჩემი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონებების გახსენება – განსაკუთრებით, გურიაში ბებია-ბაბუასთან გატარებული არდადეგებიდან. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი – ვიხსენებ, რამდენი მტერი მყავს, რომლებიც სუნთქვაშეკრული ელოდებიან ჩემს მარცხს და მომენტალურად მეძლევა უდიდესი ძალა, რომ ფეხზე წამოვდგე და მთები გადავდგა (იცინის). ნიშნის მოგების ტონით არ ვამბობ, რომ მტრები მაძლიერებენ, ეს მართლა ასეა, დამეფიცება. რომ არა ისინი, ალბათ, მოვდუნდებოდი, ამდენს არ მოვინდომებდი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩემი და ჩემი ოჯახის ბედნიერებისთვის ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ მტრები მართლა ძალიან დიდ ძალას მაძლევენ.

– როგორი ინტუიცია გაქვს, თუ გეხმარება ის წარმატების გზაზე?

– ჰოროსკოპით მორიელი ვარ და სასწაული ინტუიცია და წინათგრძნობა მაქვს. რაღაცას რომ ჩავიფიქრებ, არაფრის გაკეთება არ მიწევს იმისთვის, რომ ის რეალობად იქცეს. თუკი რამე ჩავიფიქრე, თავისით მოდის ჩემთან (იცინის). ოღონდ ეს გაფიქრება, გულიდან მოდის და რწმენით არის სავსე, მე ვფიქრობ, რომ ამიტომაც მისრულდება. ამიტომ ვამბობ, რომ იღბალი უფრო მეტად დამეხმარა წარმატებაში. ადამიანმა შეიძლება ძალიან ბევრი იშრომო, მაგრამ არ გამოგივიდეს ის, რაც გინდა. შრომის გარეშე რამის მიღწევა გამორიცხულია, მაგრამ შრომასთან ერთად, იღბალი და გამართლება ძალიან დიდ როლს თამაშობს. მე აღმოვაჩინე, რომ წარმატებას ვიზიდავ. მწამს, რომ ფიქრი მატერიალიზდება, ამიტომ ყოველთვის პოზიტივით ვარ სავსე. ალბათ, ამიტომ შემიყვარა ხალხმა, გრძნობენ ჩემს შინაგან სამყაროს. ბევრჯერ წავქცეულვარ, მაგრამ მომავლის იმედი არასდროს დამიკარგავს.

– არის რამე ისეთი, რაც არაერთხელ სცადე, მაგრამ ბოლოს ხელი ჩაიქნიე?

– წლების წინ კონკრეტულ საქმეში კონკრეტულ ადგილზე რაღაც ვცადე და არ გამიმართლა. ზუსტად ათი წლის შემდეგ, იმ ადგილიდან თვითონ დამიძახეს და შემომთავაზეს საქმე, რომელიც ათი წლის წინ მე მათ შევთავაზე და არ გამოვიდა.

– საოცრებები ხდება შენს ცხოვრებაში. ესე იგი, შესაძლოა, მალე არა, მაგრამ ოდესმე მაინც ხდება ის, რაც ჩაიფიქრე.

– ჩემში ძალიან დიდი რწმენაა. მე მწამს სასწაულების, ოცნებების ახდენის, მისტიკისაც. მგონია, რომ იმდენად ძლიერი ენერგეტიკა მაქვს და სასწაული ძალა მიცავს, თუკი რამე ჩავიფიქრე, შემიძლია, ოცი წელი მშვიდად ველოდო, როდის დადგება დღე, როცა ის რეალობად იქცევა. ზუსტად ვიცი, რომ ეს მოხდება და ამ რწმენით ვცხოვრობ. ყველაზე ნაკლებად რაშიც მიმართლებს, ეს არის ფინანსური მხარე, თუმცა მჯერა, რომ ამის დროც მოვა (იცინის).

– ადამიანებში რამდენად გიმართლებს, ამ მხრივ, რამდენად იღბლიანი ხარ?

– ძალიან არ მიმართლებს ახლობლებში, ნათესავებში, მაგრამ საოცრად მიმართლებს ახლადგაცნობილ ადამიანებში. უფალი ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს მახვედრებს, რომელთა დანახვის მერე უფრო მეტად იწამებ, რომ ღმერთი და მადლი არსებობს. ძალიან ბევრი ადამიანი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში კონკრეტული მისიით. იმავეს ვერ ვიტყვი ჩემს ნათესავებზე. ზრდასრულ ასაკში გაცნობილი სრულიად უცხო ადამიანები უფრო ძვირფასები გახდნენ ჩემთვის, ვიდრე რომელიმე ნათესავი. ყველაზე რთულ დროს და სიტუაციებში უცხო ადამიანები უფრო დამხმარებიან, ვიდრე საკუთარი სისხლი და ხორცი.

– როგორ წარმოგედგინა ბავშვობაში საოცნებო მომავალი და დღევანდელი რეალობა რამდენად ჰგავს პატარა ქეთის ოცნებებს?

– დღეს ყველაზე ახლოს ვარ ჩემს ბავშვობისდროინდელ ოცნებებთან. დღეს ვინც ვარ, ამაზე მთელი ბავშვობა ვოცნებობდი. როცა დავოჯახდი, არ მქონდა იმდენად მარტივი ცხოვრება, რომ კარიერა გამეგრძელებინა. მიყოლებით ოთხი ბავშვი გავაჩინე და სადღაც იმედიც დაკარგული მქონდა, რომ ისევ სცენაზე დავდგებოდი და ხალხი გამიცნობდა. საბედნიეროდ, ეს მოხდა. მე წარსულს არასდროს ვივიწყებ და ყოველდღე ღმერთს მადლობას ვუხდი. სულ იმას ვამბობ, ღმერთო, ისეთი რა სიკეთე გავაკეთე, რომ ასეთი კარგი მეუღლე შემხვდა-მეთქი. საოცარი შვილები გვყავს, მაგრამ ეს კიდევ ცალკე ამბავია. ჩემი მეუღლე საოცარი ადამიანია და მადლობელი ვარ მის გამო. მადლობალი ვარ იმისთვის, რომ დღეს ის ვარ, ვისზეც პატარა ქეთი ოცნებობდა და მჯერა, რომ წინ საოცარი ამბები მელოდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა