შოუბიზნესი

კესარია აბრამიძე: სახლი მაჩუქა, რემონტითა და ავეჯით და მე სამი წყვილი წინდა ვაჩუქე

№6

ავტორი: ქეთი მოდებაძე 23:00 12.02

კესარია
დაკოპირებულია

მოაქვს თუ არა ფულს ბედნიერება – ამ საკითხზე საკუთარ გამოცდილებას კესარია აბრამიძე გაგვიზიარებს.

კესარია აბრამიძე: ფულის მიმართ ცუდად განწყობილი ვინ არის, მაგრამ ადრე უფრო გიჟურ სიყვარულს ვგრძნობდი მისადმი. როცა გავიზარდე და ბევრი რამ გავიარე, მივხვდი, რომ მხოლოდ ფული არ არის მნიშვნელოვანი და მხოლოდ ფულში არ არის ბედნიერება. ყოფილა პერიოდები, როცა ძალიან ბევრი ფული მქონია, ძალიან მდიდარი ტიპი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ყველა სურვილს მისრულებდა, მაგრამ მხოლოდ ამას არ მოუტანია ბედნიერება. ამიტომ მგონია, რომ მხოლოდ ფულზე ორიენტირებულ ადამიანებს ცხოვრებაში რაღაცები ჯერ კიდევ არ უნახავთ. შეიძლება, ნაკლები ფული გქონდეს, მაგრამ ბედნიერი იყო. შეიძლება, ტიპი მილიარდერი არ იყოს, მაგრამ შემდგარი, ჭკვიანი, გაწონასწორებული და მშრომელი იყოს და ფული ერთადაც შეგიძლიათ იშოვოთ. საერთოდ, ფულის შოვნა არც ისე რთულია.

– ძალიან რომ გიყვარდეს ადამიანი, კარგი ურთიერთობაც გამოგდიოდეთ, მაგრამ მატერიალურად ძალიან ხელმოკლე იყოს, იქნებოდი მასთან?

– თუ ადამიანი უსაქმურია და საერთოდ არაფერი გააჩნია, ურთიერთობას ფიზიკურად ვერ ააწყობ მასთან. თუ საშუალო შეძლების ადამიანს განვიხილავთ, კი ბატონო. თუ სხვა, ყველანაირი კომფორტი მექნება და მისგან სიყვარულს მივიღებ, იმის გამო, რომ დიდი ფული არ აქვს, მასზე უარს არ ვიტყვი. მე თვითონაც ისე მაქვს დალაგებული ცხოვრება, რომ ჩემი თავის უზრუნველყოფა შემიძლია. შეგვიძლია, ერთადაც ბევრი რამ შევქმნათ და მატერიალური მდგომარეობა გავიუმჯობესოთ. მე არ ვარ ის ქალი, რომელსაც მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობის გამო შეუძლია კაცთან ერთად ცხოვრება. ჩემს ბედნიერებას მხოლოდ ფულზე ვერ დავაყრდნობ. ეს უკვე გავლილი მაქვს, მაგრამ ვიღაც უსაქმურ ტიპთანაც ვერ ვიქნები, რომელიც მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერს აკეთებს. საერთოდ, მე იმდენად ამაყი ტიპი ვარ, მხოლოდ ფულის გამო ვერავის გავუღიმებ და მით უმეტეს, მის გვერდით ვერ დავიძინებ და გავიღვიძებ. თუმცა, ადრე ეს ყველაფერი ხიბლში მაგდებდა. ახლა ისეთ ტიპთან ვერ ვიქნები, ვისთანაც ვნება არ მაკავშირებს. ვთვლი, რომ მე სრული პაკეტი ვარ და შესაბამისად, ისიც სრული პაკეტი უნდა იყოს. შეიძლება, მილიონერი არა, მაგრამ მატერიალურად თუ სხვა თვალსაზრისით, შემდგარი უნდა იყოს.

– თქვი, მარტივია ფულის შოვნაო. არადა, ყველა პირიქით ამბობს.

– როცა ადამიანს კონკრეტული მიზანი გაქვს, რთული არაფერია. მე რაც კი დამისახავს მიზნად, ყველაფრისთვის მიმიღწევია. თუ ვიღაც პრიორიტეტად მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას თვლის და ჭკვიანი ტიპია, აუცილებლად შეძლებს ამის გაკეთებას, მე ასე ვფიქრობ. ეს უფრო სურვილსა და შენს ჭკუაზეა დამოკიდებული.

– ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი რა მიგიღია?

– დღეს და გუშინ არა, მაგრამ ორჯერ მაჩუქეს მანქანა, მაჩუქეს სამი სახლი, მაგრამ ერთად არა. პირველად 2018-ში მაჩუქეს, მერე სამი წლის წინ, ბოლოს – შარშან. ძვირად ღირებული ქურქები, სამკაულები, ყვავილებს არც ჩავთვლით, გამარჯობასავით არის მათი რაოდენობა. თუმცა, მხოლოდ ამაში არ არის ბედნიერება. ტიპი, რომელმაც სახლი მაჩუქა, არ არის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი იმის გამო, რომ სახლი მაჩუქა.

– ასეთი საჩუქრების შემდეგ მათ წინაშე ვალდებულების გრძნობა გიჩნდება?

– არანაირი ვალდებულება. სახლი რომ უჩუქებიათ, მითქვამს, რომ მე სასახლეს ვიმსახურებდი. მე ასეთი შეხედულება მაქვს. მადლობას, რა თქმა უნდა, ვიხდი. პირველად რომ მაჩუქეს, მაშინ მე საკუთარი სახლი საერთოდ არ მქონდა, ნაქირავებში ვცხოვრობდი, მაგრამ ის უფრო ბედნიერი იყო იმით, რომ სახლი მაჩუქა. მითხრა, გთხოვ, ამ სახლში იცხოვრე, მინდა, სულ მე გახსენდებოდეო. ეს იყო სახლი თავისი რემონტითა და ავეჯით. მე სამი წყვილი წინდა ვაჩუქე. შემდეგ სახლში ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე, თუმცა, ეს სახლები სხვადასხვა ადამიანმა მაჩუქა.

– შენი საჩუქრები ბიზნესდაბანდებაა.

– გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს ამას, რიგითი თაყვანისმცემლისგან არ მიმიღია ეს საჩუქარი. ვინც პირველი სახლი მაჩუქა, პირველი ადამიანი იყო, რომელთანაც რამდენიმეწლიანი თანაცხოვრება მაკავშირებდა.

– რიგითი თაყვანისმცემლისგანაც მიგიღია განსაკუთრებული საჩუქარი?

– კი, კი. არც კი მახსოვდა ის ტიპი, ათი წლის წინ ვუყვარდი. ძალიან ძვირად ღირებული საჩუქარი გამიკეთა, მაგრამ ფაქტობრივად, ვერც კი გავიხსენე. მერე სხვანაირად აღარ გამოდიოდა და ვუთხარი, კი მახსოვხარ-მეთქი. საჩუქარს ვერ დავასახელებ, მაგრამ საკმაოდ სოლიდურ თანხაზე იყო საუბარი. უბრალოდ, ჩემი გახარება უნდოდა. ამის შემდეგ რამდენიმე წელი, არ არსებობდა ახალი წელი, დაბადების დღე თუ სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული საჩუქრები არ ეჩუქებინა. ჩემი ერთ-ერთი ყოფილიც დაშორების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში მიკეთებდა ძვირად ღირებულ საჩუქრებს.

– ყველაზე კარგად რაში დაგიბანდებია დიდი ფული?

– ჩემი ჯიბიდან დიდი თანხა არ გადამიხდია. შეიძლება, დიდი ფული კოსმეტიკურ საშუალებებში გადავიხადო ან მილანში შოპინგში. მილანში ერთხელ ჩემმა თაყვანისმცემელმა უამრავი ტანსაცმელი მიყიდა, საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა, მაგრამ ნივთები, რომელიც შევიძინე, თითქმის სრულად გავაჩუქე, არაფერი არ ჩამიცვამს, არაფერში გამომიყენებია.

– თვითონ რაში ხარჯავ თანხას სიამოვნებით?

– თავის მოვლის საშუალებებში, თუმცა „ბიუთი“ სფეროს წარმომადგენლები ხშირად მეპატიჟებიან უფასოდ სხვადასხვა პროცედურაზე.

– გაქვს გათვლილი თვიდან თვემდე რა თანხა გჭირდება თავის მოსავლელად?

– ძირითადი პროცედურები და საშუალებები უფასოდ მაქვს, მაგრამ მაინც, მთლიანობაში რომ ვთქვა, დაანგარიშებული მაქვს და თვიდან თვემდე, დაახლოებით, 7-8 ათასამდე მიჯდება. თუმცა ის, რაც აუცილებლობას წარმოადგენს ცოტა ნაკლებია. ამ თემას ჩემს შეყვარებულთან განვიხილავდი. მკითხა, თვეში, ყველაზე მინიმალური, რა თანხა გჭირდებაო. დავიანგარიშეთ ელემენტარული რაღაცები და 6 000-ზე ავედით. შეჭირვებული ცხოვრების შემთხვევაში, შეიძლება, მინიმალური თანხებიც ვიკმარო, მაგრამ ეს იქნება არსებობა და არა ცხოვრება.

– გახსოვს შენი პირველი შემოსავალი?

– კი, მაშინ პატარა ვიყავი, ალბათ, მეშვიდე-მერვე კლასში და მაკიაჟის კეთება დავიწყე. 15 წლისას უკვე მთლიანად ჩემი ფული მქონდა. ვაგროვებდი ფულს და ძირითადად, ჩემს თავს ვახმარდი. 16 წლის უკვე სახლს ვქირაობდი და მარტო ვცხოვრობდი. მარტოს გამქონდა თავი და საკმაოდ დიდი თანხები მჭირდებოდა. საკმაოდ რთული იყო. ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება ნამდვილად არ მქონია. არც ჩემი მშობლები ყოფილან მილიონერები, ჩვეულებრივი მცხოვრებლები იყვნენ. რადგან დამოუკიდებლად ცხოვრება თვითონ გადავწყვიტე, პასუხისმგებლობებიც ჩემს თავზე ავიღე. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით დიდი არ ვიყავი, გზიდან არასდროს გადამიხვევია და ფული არასწორი გზებით არ მიშოვია. ამ საკითხს რომ ვუკვირდები, ვხვდები, რომ ფულს ვიზიდავ. მახსოვს, ჯერ კიდევ წლების წინ მეკითხებოდნენ ხოლმე მეგობრები, ფული სულ გაქვს, ერთად დიდ დროს ვატარებთ და ამ პერიოდში არაფერს აკეთებ, საიდან იზიდავ ამ ფულსო?! (იცინის). სადმე რომ მივდიოდით ერთად, თანხას ყოველთვის მე ვიხდიდი. საბედნიეროდ, მაქვს ეს მიზიდულობა. ამ საკითხში იღბლიანი ვარ. არც პატარა და არც ზრდასრულ ასაკში არ მითხოვია სხვისთვის ფულის სესხება. შეიძლება, ერთი-ორჯერ დამჭირდა დახმარება, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი.

– მეოჯახე ხარ? გიყვარს სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენა და ასე შემდეგ?

– ბავშვობიდანვე ძალიან მოწესრიგებული და მეოჯახე ვიყავი. ჩემს ბინაში რომ გადმოვედი, მით უმეტეს. ძალიან მიყვარს ლამაზი ნივთები, ყვავილები, სუვენირები და ასე შემდეგ. მდიდრული სილამაზეები ძალიან მიყვარს. თუმცა მეოჯახეს იმ გაგებით თუ ვიგულისხმებთ, რომ კარგი კულინარი ვარ, ვიტყვი, რომ არა, იმიტომ, რომ არ ვიცი გემრიელი კერძების მომზადება და არც სამზარეულოში ვფუსფუსებ. სულ მშია და სულ რაღაცას ვიძახებ ან დაქალებს მივმართავ კითხვით – აბა, ვინ რას მომიმზადებთ?! (იცინის). სახლში მომზადების პროცესი და მოტიტყნილი სამზარეულოც არ მომწონს, ეს არ არის ჩემი, თუმცა ლამაზი სამზარეულო ძალიან მიყვარს. რაც ძალიან კარგად გამომდის, ეს არის ჰიგიენის ნორმების დაცვა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მე გამომდის კი არა, ყველა ადამიანია ვალდებული, რომ სახლში ჰიგიენის ნორმები უმაღლეს დონეზე დაიცვას. არ არსებობს ჩემთან მოხვიდე და სახლი არეული დაგხვდეს. ასეთი რამ გამორიცხულია. ჩემი სახლი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებულია, ყველაფერი თავის ადგილას დევს. როგორც არ უნდა მეჩქარებოდეს, არეულ საწოლსა და არეულ ოთახს ვერ დავტოვებ.

– იმან, რომ ბევრი შეძლებული თაყვანისმცემელი გყავს, გაგაზარმაცა?

– ალბათ, კი. ბევრჯერ ვცადე მუშაობა, მათ შორის ტელევიზიაშიც. მყავდა შეყვარებული, რომელიც ყველანაირად უზრუნველყოფდა, მაგრამ, თან, კარგი თვისება ჰქონდა, მეუბნებოდა, მინდა, შენც იმუშაოო, მაგრამ უფროსის დაქვემდებარებაში ყოფნა ჩემი სტილი არ არის. ზოდიაქოთი ლომი ვარ და მე თავად უნდა ვმართავდე. სხვები რომ გეუბნებიან, როგორ უნდა მოიქცე, ეს არ არის საჩემო. მივხვდი, რომ ტელევიზიაც ზუსტად ამ მიზეზით არ მომწონდა. სხვები რომ მკარნახობენ, რა უნდა ვთქვა, ეს არ შემიძლია. საერთოდ, მე არ შემიძლია სხვას დავემორჩილო. მორჩილი მხოლოდ სიყვარულში ვხდები. ისე დაუმორჩილებელი ვარ და ჩემი აზრი ყოველთვის კარგი ტიპია, თუმცა, საყვარელი ადამიანების აზრსაც ვითვალისწინებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

19-25 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი