შოუბიზნესი

კახა კუხიანიძე: შეიძლება, სახლში ვიყო და ვიგრძნო, რა მოხდება სრულიად სხვა ლოკაციაზე

№27

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 19.07

კახა კუხიანიძე
დაკოპირებულია

კახა კუხიანიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის კახა კუხიანიძე?

კახა კუხიანიძე: საკუთარ თავზე საუბარი რთულია. პირველ რიგში, დადებითი მხარეები გახსენდება, თუმცა მათთან ერთად, უარყოფითი თვისებებიც ყველას გვაქვს. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რომ მართალი ვიყო, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. ვცდილობ, ნაკლები შეცდომა დავუშვა. ვეძებ ნამდვილ ადამიანებს, ვისთანაც შემიძლია, მე თვითონაც ნამდვილი ვიყო. ვარ ერთგული და ვცდილობ, ერთგულ ადამიანებთან ვიურთიერთო. ეს ყველაფერი ძალიან რთულია, ამ გზაზე იმედგაცრუებაც მხვდება, მაგრამ მე ვცდილობ.

– გიკეთებიათ საქმე, რაც ძალიან არ გიყვარდათ?

– არასდროს გავაკეთებ საქმეს, რისი გაკეთებაც არ მინდა, თუმცა ჩემს პროფესიაში მომხდარა ასეთი რამ, ანუ მიმღერია ისეთი სიმღერები, რომლის შესრულებაც არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებდა. შეიძლება, კომერციული დატვირთვით, სხვისი აზრის გათვალისწინებით ან სხვა მიზეზის გამო. მე ძალიან არ მიყვარს „არას“ თქმა. შეიძლება, საკუთარი თავი და ინტერესები დავაზიანო, მაგრამ სხვისი თხოვნა და სურვილი დავაკმაყოფილო. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ასეა.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ხართ?

– როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მიყვარს ერთგულ და ნამდვილ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ძალიან ემოციური ვარ, ემოციის გარეშე არ მოგინდება ძალიან წრფელ ადამიანებთან ურთიერთობა. ხელოვანი ადამიანი ვარ და ბუნებრივიცაა, რომ ასეთი ვარ. ჩემში გულჩვილობაც საკმაოდ დიდი დოზით არის და ამის გამო ბევრჯერ წავაგე. რადგან მე თვითონ ძალიან მიხარია სხვისი კარგი, მგონია, რომ სხვასაც ანალოგიურად ახარებს ჩემი წარმატება, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ არის. ამ კუთხითაც ვერ ვისწავლე ჭკუა და ამის გამო იმედგაცრუებაც განმიცდია.

– თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ნამდვილად არ ვტირი ხოლმე. ბავშვობაშიც არ ვტიროდი (იცინის). ჩემს განცდებს, მაგალითად, წყენას, ემოციურად გამოვხატავ და არა ტირილით.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ ბევრი მილიონი მოიგოთ?

– საკუთარ თავს ძალიან დიდ სიურპრიზებს მოვუწყობდი. ისეთ ცხოვრებას მოვიწყობდი, როგორიც მინდა, მქონდეს, ანუ, ვიცხოვრო, როგორც პრინცმა. კარიერას ავიწყობდი ისე, როგორც მე მინდა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ბევრი საბავშვო სტუდიის ქსელი მაქვს და უამრავ ბავშვს ვასწავლიდი უფასოდ. ასევე, ჩემ ირგვლივ მყოფ უსაყვარლეს ადამიანებს დავაყენებდი ფეხზე ისე, რომ მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილები ყოფილიყვნენ და თავიანთი საოცნებო საქმე ეკეთებინათ.

– წარსულიდან რას უთვლით საკუთარ თავს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– ზოგადად, სინანული არ მიყვარს. როცა რაღაცას აკეთებ, ესე იგი, იმ მომენტში ასე გინდა. დღევანდელი გადმოსახედიდან წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გამო სინანული არასწორი მგონია. ვფიქრობ, რომ არავინ არაფერი არ უნდა ვინანოთ, უბრალოდ, თუ რაღაც ქმედებას შეცდომად მივიჩნევთ, მომავალში იგივე აღარ უნდა გავიმეოროთ. სინანული არაფერს მოგვიტანს, ამიტომ წარსულის არასწორი ნაბიჯების შეცვლაზე ნაკლებად ვფიქრობ, რადგან დროს უკან ვერ გადავახვევ, თუმცა, იმავეს ნამდვილად აღარ გავიმეორებ.

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?

– თუ ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელიც ოჯახის წევრივით მივიღე, ძალიან არასწორი ნაბიჯები გადადგა ჩემ მიმართ, სასტიკად ვბრაზდები. შეიძლება, 1, 2, 3, 4, 5... შემთხვევა „გავატარო“, მაგრამ თუ კიდევ ისე გააგრძელებს, ძალიან ჩვეულებრივად შემიძლია, ჩემი ცხოვრებიდან გადავხაზო და გადამიხაზავს კიდეც ძალიან ახლო მეგობარი. მასთან მეგობრობის ყველანაირი სურვილი გამიქრა. მას შემდეგ წლები გავიდა. ეს ადამიანი ჩემთვის იმდენად ახლობელი იყო, რომ მასზე ძალიან ვნერვიულობდი. მინდოდა, კარგად ეცხოვრა, ბევრს ვფიქრობდი, როგორ წასულიყო მისი ცხოვრება კარგად. საკუთარ თავზე არ ვფიქრობდი იმდენს, რამდენსაც მასზე, მაგრამ ისე გადავხაზე ჩემი ცხოვრებიდან, რომ მის მიმართ არანაირი ემოცია არ შემომრჩა. ძალიან ცუდი გაბრაზება ვიცი, თუმცა, სამაგიეროს გადახდა არ მახასიათებს. ამას არასდროს გავაკეთებ, რადგან ვიცი, რომ სამყარო ავტომატურად სცემს ყველას საკადრის პასუხს და მე თვითონ ამაზე ხელს არ ვისვრი. უბრალოდ, ღმერთს ვთხოვ, ძალიან არ დაისაჯოს, რადგან ვიცი, როცა მე სრულყოფილად მართალი ვარ და მისგან ძალიან არასწორ ნაბიჯებს არ ვამსახურებ, სასჯელი დიდი იქნება. ადამიანმა ასეთი რამ არ უნდა ჩაიდინო ან, თუ შეგეშლება, უნდა დაჯდე და მითხრა, რომ გააცნობიერე რამდენად არასწორი ხარ. თუ ვერ ხვდები ან არ ხვდები და ცდილობ, ეს ყველაფერი „მაჭამო“, როგორც კარგი კერძი, მე, რა თქმა უნდა, არ შევჭამ.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდი მარცხად და გამარჯვებად?

– ის, რომ ჯერჯერობით, ჩემს მსმენელს ჩემი თავი კარგად ვერ გავაცანი, ბოლომდე ვერ ვაჩვენე, რა შემიძლია. ეს მიმაჩნია ჩემს მარცხად, თუმცა, ვიტყვი, რომ ამის დრო აუცილებლად დადგება.

რაც შეეხება გამარჯვებას, ძალიან ბევრი მაქვს; პირველ რიგში, საკუთარ თავში. ძალიან რთულ სიტუაციებში ჩემში ძალიან დიდი ძალა ვიპოვე, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა. არ მეშინია ცხოვრების, არ მეშინია გაჭირვების, სირთულეების, რადგან ჩემი თავის იმედი მაქვს.

– თქვენთვის ყველაზე დიდ შიშთან რა ასოცირდება?

– იმდენად განვითარებული ინტუიცია მაქვს, მეშინია რამე ცუდი არ ვიგრძნო წინასწარ. რასაც ვგრძნობ, ის უტყუარია. შეიძლება, სახლში ვიყო და ვიგრძნო რა მოხდება სრულიად სხვა ლოკაციაზე. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგრამ ძალიან მაღალ ხარისხში მაქვს განვითარებული. ამიტომაც მეშინია, ძალიან ცუდი ინფორმაცია არ მივიღო წინასწარ. როცა იცი, რაღაც ცუდი მოხდება და შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, ეს ძალიან მძიმე განცდაა. იმავდროულად, ეს თვისება კარგიცააა. პირდაპირ ვიტყვი, მგონია ხოლმე, რომ თვალებში სკანერი მაქვს. ნაკლებად ვტყუვდები, ძალიან კარგი წინასწარი განჭვრეტის უნარი მაქვს და ეს მეხმარება, რომ ნაკლები შეცდომა დავუშვა. რა თქმა უნდა, უშეცდომო არ ვარ, მაგრამ ძალიან მეხმარება, რომ სწორი მიმართულებით წავიყვანო ჩემი ცხოვრება. მაგალითად, რთული პერიოდი რომ მიახლოვდება, ვგრძნობ, კონკრეტულად რა სირთულესთან მომიწევს ბრძოლა და წინასწარ ვიწყებ საპრევენციო ნაბიჯების გადადგმას. ასე რომ, ეს უნარი, ერთი შეხედვით, რადენადაც მაშინებს, იმდენად მეხმარება კიდეც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა