შოუბიზნესი

კახა კუხიანიძე: დავკარგე, ვისთანაც ოჯახის შექმნას ვგეგმავდი და იმასაც დავშორდი, ვისთანაც პარალელურად რომანი გავაბი

№29

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 28.07

კახა კუხიანიძე
დაკოპირებულია

წლებია, მომღერალი კახა კუხიანიძე მარტო, დამოუკიდებლად ცხოვრობს და თავს საკმაოდ კომფორტულად და მშვიდად გრძნობს. თუმცა, ისეთ ასაკშია, უკვე იმაზე ფიქრობს, როდის შეაღებს საყვარელი ადამიანი მის კარს. მის ცხოვრებაში, არაერთი სასიყვარულო თავგადასავალი და რომანი იყო, ოჯახის შექმნასაც ფიქრობდა, თუმცა, ინტუიციისა და შეცდომების გამო, უშედეგოდ დასრულდა.

კახა კუხიანიძე: ბოლო ხუთი წელია, აბსოლუტურად დამოუკიდებლად ვცხოვრობ. რომ გითხრათ, მიჭირს-მეთქი, მოგატყუებთ, ზოგადად, მიყვარს თავისუფლება და ამიტომ, ჩემს სივრცეში და ჩემს გემოზე ვარ. ასე ბევრად თავისუფალი ვარ. თუ მარტო ვიგრძენი თავი, არც ესაა პრობლემა, დავურეკავ მეგობრებს და ამ მარტოობას შევივსებ.

– თქვი, თავისუფლება მიყვარსო და ის, რომ დაოჯახებული არ ხარ, ამის ბრალია ანუ, გეშინია დაოჯახებით, თავისუფლება არ შეგეზღუდოს?

– არა, დაოჯახებით თავისუფლება ნამდვილად არ შემეზღუდება. თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ იგულაო. უბრალოდ, პირადშიც თავისუფალი ურთიერთობები მხიბლავს. ის, რომ ვიგრიალო, ეს არ მიგულისხმია, როცა თავისუფალი ცხოვრება ვთქვი, ვიგულისხმე, რომ მარტო ცხოვრებაში გართობაც შედის, მაგრამ პირად ურთიერთობაში არ არის ეს ხელის შემშლელი. აღარ მაქვს ის ასაკი, რომ გართობამ გადაწონოს ჩემი პირადი ურთიერთობა. 17 ივლისს 38 წლის გავხდი და მეც არ მჯერა, ამხელა რომ ვარ (იცინის). თუმცა, არ მაქვს ის მომენტი, ვაიმე, უკვე რამხელა ვარ-მეთქი.

– არადა, ხალხი წლებს იკლებს.

- წესით, ასეა (იცინის). გამოკვლევები გავიკეთე და იქაც ასაკი რომ მკითხეს, მომატებული ჩავაწერინე და თვეების მერე გავარკვიე, რომ თურმე, უფრო პატარა ვყოფილვარ (იცინის). ბევრი მეუბნება, შენ არ აქცევ ყურადღებას, მაგრამ რეალურად ახლა იმ ასაკში ხარ, დაოჯახებული უნდა იყოო.

– ამის ბრალი წარუმატებელი სიყვარულები ხომ არ არის?

– სიყვარულში უიღბლობა, წარუმატებლობა, საყვარელი ადამიანის ჯერ ვერ მონახვა – ყველაფერი ერთად დამატყდა თავს (იცინის). რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ვარ, ცალმხრივადაც და ორმხრივადაც. ზოგადად, არ ვარ მარტივი ადამიანი. ინტუიციაც ისე მაქვს განვითარებული, ადამიანის ფიქრებს ადვილად ვხვდები. მირჩევნია, პირდაპირ მითხრა, რომ მატყუებ, რადგან ვერ გამომაშტერებ. თუ ვხვდები, რომ ადამიანი მატყუებს, ვიწყებ გამოძიებას და მინდა თუ არა, „შარიკი“ ტრიალდება თავში.

– სიყვარულში ბევრჯერ ჩაგიტარებია გამოძიებები?

– დიახ, სიყვარულში ბევრჯერ ჩამიტარებია გამოძიებები და ყველა ჩემი დასკვნა გამართლებულა.

– ღალატიც იყო? წარუმატებელი სიყვარულები ტკივილად დარჩა შენში?

– არა, ღალატი არ ყოფილა, თუმცა პრანჭაობები იყო. იყო შემთხვევა, ჩემთან დადიოდა და სხვას ეფლირტავებოდა. წარუმატებელი სიყვარულები ტკივილად არ დარჩა, უბრალოდ, შევეჩვიე. საბოლოოდ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ პირადში მარტივად ვჭრი საკითხს და აღარ განვიცდი. ზოგადად, არ მიყვარს პირადის აფიშირება, მეგობრებშიც კი. არ ვმალავ, უბრალოდ, ურთიერთობას ვუფრთხილდები, რომ მესამე პირი არ ჩაერიოს. ასეთიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და მეც ჩავრეულვარ. როცა მესამე ადამიანი ერევა, შესაძლოა, არ უნდა ცუდი, მაგრამ ასე გამოდის. არ არის საჭირო, სასიყვარულო ურთიერთობაში სხვა ჩარიო, რადგან ამის გამო მეც გამიფუჭდა ოჯახის შექმნამდე მისული ურთიერთობა და ჭკუა ვისწავლე. სხვათა შორის, წლების წინ, როცა ის ასაკი მქონდა, თავში რომ მიქროდა, ერთი გოგო მიყვარდა. სხვა გავიცანი და პარალელურად, მასთან დავიწყე ფლირტაობა. მითხრეს, ის გოგო, არც კი გამოგხედავს, არც იფიქროო. „მუღამში“ ჩავვარდი, ყველაფერი გავაკეთე, შევხვდი, რომანიც გავაჩაღეთ, ვნებებს ავყევი და გაორება დამემართა. ამ ურთიერთობის გამო საყვარელი გოგოც დავკარგე. ეს ამბავი რომ გაიგო გააქტიურდა და ამის გამო მასაც დავშორდი და დავიშალეთ. ანუ სიყვარულიც დავკარგე, ვისთანაც ოჯახის შექმნას ვგეგმავდი და იმ გოგოსაც დავშორდი, ვისთანაც პარალელურად რომანი გავაბი. ზოგადად, არ მიყვარს „ფოდნოსით“ მორთმეული სიყვარული, მირჩევნია, თავად ვიაქტიურო. რთულად მოსაპოვებელი გოგონები უფრო მხიბლავს. ვაღიარებ, ადვილად „გასაშიფრი“ გოგონები არ მიყვარს, თუმცა ამაში ჩემი განვითარებული ინტუიცია მიშლის ხელს.

– ნანობ შენს ასეთ საქციელებს?

– სხვათა შორის, ბოლო პერიოდია, მივხვდი, რომ ბუმერანგის პრინციპით დამიბრუნდა ის, რაც საყვარელ ადამიანებთან ცუდი ჩავიდინე. ისე ვშორდებოდი, არც კი ვუხსნიდი დაშორების მიზეზს. ცუდი ტიპი ვიყავი, უბრალოდ, ვაიგნორებდი, ვდგებოდი და მივდიოდი ადამიანისგან, ვისთანაც სიყვარული მაკავშირებდა. ამას მაშინ მივხვდი, როცა საყვარელმა გოგომ დამაიგნორა და ეს ყველაფერი უკან დამიბრუნდა. ძალიან მეტკინა და არც სიტუაციის გარკვევა დამიწყია. მიტოვებული მამაკაცის პოზიციაში ყოფნის გადალახვა ძალიან რთულია. ასე რომ, ბევრი უშედეგოდ დამთავრებული ურთიერთობა იყო ჩემს ცხოვრებაში და რაღაცებს მეც ვნანობ. უთქმელობით ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა გამიფუჭებია. ალბათ, ასე იყო საჭირო, იმ მიმენტში ასე მინდოდა და ეს უნდა გამეკეთებინა. სინანულის დონეზე არ გადამაქვს და არ ვიგროვებ. მირჩევნია, გავბრაზდე, ვიდრე ვინანო. ბევრი რომანი იყო, მაგრამ ბევრი არ მყვარებია, სულ სამჯერ ვიყავი შეყვარებული და ამ სამიდან ერთი იყო ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი. მაშინ „დაუღვინებელიც“ ვიყავი, დიდი ხანი კი გაგრძელდა ჩემი „დაღვინება“, მაგრამ ახლა, „დაღვინებულიც“ გავხდი და ოჯახური თანაცხოვრებისათვისაც მზად ვარ. იმასაც გეტყვით, რომ ჩემი საყვარელი ქალისგან ცოტა შეჯანჯღარებაც მინდა, ცოტა გამათრახებაც და ხანდახან, ბრჭყალების გამოჩენაც (იცინის). ქალმა უნდა გამაფსიხოს და გამაბრაზოს, აბა, მოდუნებული ურთიერთობა ვის რაში სჭირდება? „პაკა, დასვიდანია!“ (იცინის). ფერია და ბუმბულივით ზედმეტად ნაზი ქალი ვერასოდეს გახდება ჩემი ცოლი.

– შენს პირად ცხოვრებაში რამე ხდება? დაკვირვების ობიექტი არის?

– დაკვირვების ობიექტი ნამდვილად არის, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი (იცინის). გამოგიტყდებით და ძალიან მინდა, ერთ დღესაც კარი გაიღოს, შემოვიდეს გოგონა, რომელთანაც სიყვარულით ვიცხოვრებ, გვეყოლება შვილი და მასზე ვიზრუნებთ. ძალიან მინდა, შვილი მყავდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...