შოუბიზნესი

ირინა ბაირამაშვილი: გინდა, ცოლად გამოგყვე? რა პრობლემაა - ასე, პირდაპირ მირჩევნია, რად მინდა ყვავილები და ლექსები

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 11.03

ირინა ბაირამაშვილი
დაკოპირებულია

ირინა ბაირამაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ირინა ბაირამაშვილი?

ირინა ბაირამაშვილი: მოწოდებით დედა, შემდეგ მომღერალი, რომელიც უზომოდაა შეყვარებული საკუთარ საქმეზე და ძალიან კარგი მეგობარი.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– ვოცნებობ, რომ ჩემს შვილებში ჩავდო სწორი ინვესტიცია და მივცე საშუალება, აკეთონ ის, რაც გულით უყვართ და კარგად გამოსდით. მინდა, წარმატებულები იყვნენ, ბედნიერები და პირველ რიგში, ჯანმრთელები და თავისუფლები. მინდა, მათმა შემყურემ ვიბედნიერო. გარდა ამისა, ჩემი ოცნებაა, სადაც ვცხოვრობ, საგარეჯოში, ჩემს სახლთან, ტყეში, ძალიან დიდი კერძო საბავშვო ბაგა-ბაღი გავაკეთო და 45 წელს რომ გადავცდები, ეს ოცნება უკვე ჩემი რეალობა იყოს.

– რამდენად ემოციური და გულჩვილი ადამიანი ხარ?

– ძალიან ემოციური ვარ, ზედმეტად. მართალი ყოფილა, წლების მატებასთან ერთად, უფრო ემოციური ხდები. ახლა 38 წლის ვარ, 29 წლის შემდეგ ძალიან სენსიტიური და გულჩვილი გავხდი. მანამდე ფილმებზეც კი არ მეტირებოდა, მაგრამ ახლა შვილებმა უფრო ემოციური გამხადეს. მაგალითად, ჩემი შვილი რომ მღერის, მე მეტირება. მინდა, ჩემმა შვილმა სუხიშვილებში იცეკვოს. მონაცემები აქვს და თითქოს, რა არის ამაში წარმოუდგენელი და საოცნებო, მაგრამ რომ წარმოვიდგენ ხოლმე, სანი სუხიშვილების სერიოზული მოცეკვავეა და სცენაზე დგას, მე კი დარბაზიდან მის ცეკვას ვუყურებ, გული მიჩქარდება. ჩემს ქმარს ვეუბნები ხოლმე, ალბათ, დარბაზიდან სასწრაფოთი გამიყვანთ, მოსასულიერებელი გავხდები-მეთქი (იცინის). ჩემს შვილს ზეიმი აქვს დედის დღესთან დაკავშირებით, ლექსს კითხულობს დედაზე და რომ წავიკითხე ეს ლექსი, ტირილით გავსკდი (იცინის).

– მტკივნეულ მომენტებზე როგორ რეაგირებ?

– ერთი რამ დავაფიქსირე – დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან გახშირდა მტკივნეული მომენტები, სიკვდილიანობამ იმატა. ჩემს ბავშვობაში ადამიანების გარდაცვალებას რომ ვიგებდით, ემოციებისგან შოკში ვვარდებოდით. ახლა უკვე ძალიან ხშირად გვესმის, ის გარდაიცვალა, ეს გარდაიცვალა. ახლახან ჩემი მეგობარი გარდაიცვალა და რომ მეგონა, ემოციები გამანადგურებდა, თითქოს, გავშეშდი. თითქოს, შევეჩვიეთ ცუდს?! მახსოვს, ბავშვობაში მეზობელი გარდაგვეცვალა, ბებიამ, არ იმღეროთ, არ დაუკრათ, ტელევიზორი არ ჩართოთო და ასე შემდეგ, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. განა არ განვიცდი, რა თქმა უნდა, გული მტკივა, მაგრამ ეს მტკივნეული განცდები, თითქოს, ისეთი მწვავე აღარ არის. მიზეზსაც ვხვდები, ადამიანები ცუდ ამბებს მივეჩვიეთ, თითქოს, ზომბირებულები ვართ.

– გიოცნებია, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი ყოფილიყავი?

– მე დიდად არ ვიყავი ჩახედული ამ საკითხებში და ახლა თიკა ჯამბურია მიხსნის ხოლმე, თუ რამხელა ძალა აქვს გეგმებისა და სურვილების ვიზუალიზაციას. იმ დღეს ვკითხე, ამიხსენი, ეგ რას ნიშნავს-მეთქი და სასურველზე რომ ბევრს ფიქრობ და მის ვიზუალიზაციას ახდენო. ესე იგი, მე ყველაფრის ვიზუალიზაცია მქონია გაკეთებული (იცინის). ღამე რომ ვიძინებ, იმდენი რამის ვიზუალიზაციას ვახდენ, უბრალოდ, არ ვიცოდი, თუ ამას ასე ერქვა (იცინის). ერთ-ერთი მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაა (იცინის). ძილის წინ მილიონჯერ წარმომიდგენია, როგორ ვმღერი ჩემს უსაყვარლეს მომღერალ უიტნი ჰიუსტონთან ერთად. მისაუბრია კიდეც მასთან ჩემს წარმოდგენებში. არ არსებობს მომღერალი ამაზე არ ეოცნებოს. თურმე, ვიზუალიზაციას რომ აკეთებ, მერე დიდი შანსია, აგიხდეს. მე რომ უიტნისთან საუბარი და სიმღერა აღარ გამომივა, ეს გასაგებია, მაგრამ შეიძლება, რაზეც მიოცნებია, ბევრი რამ ამხდენია კიდეც. სამწუხაროდ, აქამდე ასე არ დავკვირვებულვარ.

– რა არის ის, რაზეც ფიქრობ, რომ არ უნდა გაგეკეთებინა?

– ძალიან ბევრი რამ არასწორად გამიკეთებია. პროფესიულადაც ბევრი არასწორი ნაბიჯი მაქვს გადადგმული. სასიყვარულო ურთიერთობაში ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგი და დრო რომ დავაბრუნოთ, იმავეს გავაკეთებდი. კარიერაში ძალიან ბევრჯერ ვიჩქარე. არაერთ გამოწვევაზე ვთქვი უარი. კარგ შემოთავაზებებზეც მითქვამს უარი. არ ვიყავი ხასიათზე ან არ მინდოდა. არადა, რომ დავთანხმებულიყავი, შესაძლოა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წასულიყო. მერე ვფიქრობ და ვხვდები, რომ ღმერთი ისე ალაგებს ადამიანის ცხოვრებას, როგორც მისთვის ჯობს და ესე იგი, ჩემთვისაც ასე ჯობდა.

– როგორი დამოკიდებულება გაქვს ტყუილთან?

– ბოროტული ტყუილები არ მიყვარს, თორემ, ბავშვობაშიც ხშირად ვიტყუებოდი და ახლაც (იცინის). ადამიანს რომ ავნებს, ასეთ ტყუილს არასდროს ვიტყვი და ჩემს შვილებსაც იმავეს ვასწავლი. ყოველთვის ვხვდები, ადამიანი თუ მატყუებს ან ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობს. პირდაპირ ვეუბნები ხოლმე, არ გინდა ტყუილები. ჯობს, სიმართლე პირდაპირ მითხრა-მეთქი.

– პაემანზე სახალისო ამბავი თუ გადაგხდენია თავს?

– მე და ჩემს მეუღლეს ძალიან ცოტა პაემანი გვქონდა, მალე შევქმენით ოჯახი. სახალისო არ ვიცი, მაგრამ მე არ მიყვარს ყვავილები, ლექსები და ზედმეტი რომანტიკულობა. არ მიყვარს, კაცი რომ ლექსებს კითხულობს და ძალიან რომანტიზმში არის გადავარდნილი. არც მე ვარ რომანტიკული და ძალიან ქალური ხასიათის. ჰოდა, პირველივე შეხვედრაზე ხომ ლექსი წამიკითხა ამ ჩემმა მომავალმა ქმარმა. ჩემს დაქალს ვეუბნები: ვაიმე, დედაა, წავედით-მეთქი (იცინის). მესამე თუ მეოთხე პაემანი იყო, ყავის ჭიქა მომაწოდა, მემსუბუქა, გახსენიო, მითხრა, გავხსენი და შიგნით ვარდის კოკორი იდო. ვაიმე! საერთოდ არ მომეწონა და მერომანტიკულა, მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი (იცინის). ვერ ვიტან ასეთ „ორიგინალურობებს“, მაგრამ გავინაზე და დავიწყე მადლობების გადახდა (იცინის). მერე კი ვუთხარი, რომ არ მიყვარს ყვავილები და მსგავსი რამეები-მეთქი. გინდა, ცოლად გამოგყვე? რა პრობლემაა, ასე პირდაპირ მირჩევნია, რად მინდა ყვავილები და ლექსები (იცინის).

თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, იმას მივხვდი, რომ წინასწარ არ უნდა თქვა, მე ასეთს არ გავყვები, მე ქერა მომწონს და შავგვრემანს არ გავყვებიო და მსგავსი რამეები. წინასწარ პროტოტიპები არ უნდა შექმნა, თორემ მერე ყველაფერი პირიქით ხდება (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა