შოუბიზნესი

ირინა ბაირამაშვილი: ჩემი ქმარი მეუბნება, ზედმეტსახელად ირინა მრისხანე ხარო

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 22.07

ირინა ბაირამაშვილი
დაკოპირებულია

ვინ არის მომღერალი ირინა ბაირამაშვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რამდენად აქვს მას საკუთარი ნიშნის თვისებები, ამაზე თავად მოგვიყვება.

ირინა ბაირამაშვილი: 13 აპრილს დავიბადე, ზოდიაქოთი ვერძი ვარ. ადრე საერთოდ არ მჯეროდა ზოდიაქოს ნიშნების, მაგრამ იმდენი დამთხვევა აღმოვაჩინე, რომ ახლა უკვე ძალიან მჯერა. შეიძლება, 2–3 თვისება არ დაემთხვეს, მაგრამ დანარჩენი რომ ემთხვევა, ესე იგი, დასაჯერებელია.

– ვერძები ასხივებენ ოპტიმიზმს და არცერთი ვერძი არასდროს არ აღიარებს წაგებას. ასეა?

– ზუსტად ასეა, ერთი ერთში. უსაზღვროდ ოპტიმისტი ვარ და წაგებას არ ვაღიარებ. ძალიან ჯიუტი ვარ. შეიძლება, მართალი არ ვიყო, მაგრამ მაინც ჩემსას „ვაწვები“. ეს ზოგჯერ ცუდია და პრობლემას მიქმნის, მაგრამ ეს – უფრო პირად ურთიერთობებში. ჩემს ქმარს უთქვამს ხოლმე, რა ჯიუტი ხარ, რამეს თუ ამოიჩემებ, მორჩაო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან გვაწუხებს.

– ვერძი არის პოზიტიური და ყველაფერი ბავშვივით უხარია. შენს შემთხვევაშიც ასეა?

– კი, ბატონო. ჩემი თავის ქება რომ არ გამომივიდეს, იმას ვიტყვი, რომ ზუსტად იმავე სიტყვებით მამკობენ ჩემი მეგობრები ან სრულიად უცხო ადამიანებიც კი. მაგალითად, სიმღერას რომ გამოვაქვეყნებ, საერთოდ უცნობი ადამიანები მახასიათებენ საოცრად. ხანდახან მიკვირს, ყველა როგორ მიცნობს-მეთქი, მაგრამ ალბათ, საუბარში, სიმღერასა და ყველაფერში ჩანს, როგორია ადამიანი. საერთოდ, სიხარულისთვის ბევრი არ მჭირდება, ელემენტარულიც მაბედნიერებს. ჩემმა შვილმა ლამაზად რომ მითხრას რამე ან სასაცილოდ, უბედნიერესს მხდის.

– საშინლად ერთგულია, თუ მიგიღო და შეგიყვარა, შენ გამო მთელ სამყაროს დაუპირისპირდება.

– ეგრეაო, ჩემი ქმარიც ეთანხმება (იცინის). ერთხელ წავიკითხე, ვერძებს შუალედი არ გააჩნიათ, ან უყვართ, ან არა, ან იციანიან ან ტირიანო. შუალედი მეც არ მაქვს, ეს ცუდია, მაგრამ ასეა. თუ მიყვარს, მართლა შემიძლია, მის გამო თავი გავწირო, მაგრამ თუ არ მიყვარს, არ მიყვარს და მორჩა. შუალედური მდგომარეობა არ ვიცი. მოჩვენებითობა არ შემიძლია. თან მე კახელი ვერძი ვარ (იცინის).

– არ უყვარს მიკიბ-მოკიბვით საუბარი, არასდროს მოგეპირფერება ქულების ჩასაწერად.

– ზუსტად ასეთი ვარ. ხანდახან პრობლემებიც მექმნება იმის გამო, რომ ქულების ჩასაწერად არავის „ვეპათხალიმები“. თურმე, ცოტა ასეთი უნდა იყო. ჩემთვის ეს ძალიან რთულია. დიპლომატი ვარ, ვერ ვიტყვი, რომ ეს თვისება არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ, მაგრამ პირფერობა არ შემიძლია. მაგალითად, თუ ადამიანი კარგად არ გამოიყურება, გამორიცხულია, კომპლიმენტი ვუთხრა. არც შეურაცხყოფას მივაყენებ, არც კახურად და ცოტა უხეშად ვეტყვი რამეს, მაგრამ ის, რომ კარგი ვუთხრა, როცა ასე არ ვფიქრობ, გამორიცხულია, თუნდაც საქმე სიმღერას ეხებოდეს, თუ არ მომეწონა, ვერ შევაქებ. რამდენიმე დღის წინ, ერთი ადამიანი მეუბნებოდა, მიდი, რა, კომენტარში დამიწერე, როგორ მოგეწონა ჩემი სიმღერაო. სინამდვილეში არ მომეწონა, ამიტომ არაფერი დავწერე, მაგრამ მწერდა და მერე დამირეკა, მიდი, რამე კარგი დამიწერეო. ასეთ დროს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ნამუსზე ამაგდო, დამიწერეო და ვეღარ ვუთხარი უარი, დავუწერე, მაგრამ მაინც ნეიტრალური ვიყავი შეფასებაში, იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია. თუ რამე ძალიან მომეწონა, ვაქებ, ვადიდებ და არ დავიშურებ კომპლიმენტებს, მაგრამ არ არსებობს, ყალბად მივეპირფერო ადამიანს.

– პირში მოგახლის, თუ რამე სათქმელი აქვს...

– კი, ეგეთი ვარ, თან, გაორმაგებულად, ჩემი კახელობის გამო.

– არის ძალიან დამოუკიდებელი და არასდროს შეგაწუხებს საკუთარ პრობლემებზე წუწუნით.

– ჩემს დას ვეუბნებოდი, მოდი ჩვენც ვიწუწუნოთ, რაღაც კარგად დაცადა ხალხმა-მეთქი. არ არსებულია, ვინმეს ჩემი პრობლემა დაენახა, 38 წლამდე ასე მოვედი. დაქალები და ოჯახი სხვა თემაა, მათთან ვიტყვი, ადამიანი ვარ, მაგრამ წუწუნი გამორიცხულია. რაც შეეხება დამოუკიდებლობას, მეცხრე კლასიდან ჩემი შემოსავალი მაქვს. თან 90–იანი წლების თაობა ვარ და მაშინ მეცხრე კლასში შემოსავალი, ძალიან მაგარი ამბავი იყო.

– ძალიან გულუხვია, შეუძლია, უყოყმანოდ დახარჯოს თანხა მეგობრებისთვის.

– ვაიმე, ზუსტად! დეიდაჩემი მეუბნებოდა, მე არ ვიცი მეორე ადამიანი, ვისაც შენსავით არ უყვარს ფულიო. ოღონდ მახარჯინე, თუკი რამე მაქვს... სამი შვილი მყავს და შვილებმა იცის ფულის დაზოგვაზე ფიქრი, მაგრამ არა! თან, ქმარიც რომ ასეთი მყავს? არ ვიცი, რა გვეშველება (იცინის). ის თევზებია, მაგრამ არცერთს არ გვიყვარს წუწუნი, ძუნწები არ ვართ და ორივეს გვიყვარს ხარჯვა.

– ძალიან ამბიციური და ამაყია.

– არა, არც ამბიციური ვარ და არც ამაყი. კარგი იქნებოდა, ორივე თვისება მქონოდა, ჩემს პროფესიას უხდება. თუმცა, შეურაცხყოფის მოყენების უფლებას არავის მივცემ და თუ დამჭირდება იმის თქმა, რომ ვინმეზე კარგად ვმღერი, ხმას ამოვიღებ. სიდებილე კიდევ სხვა რამეა, მაგრამ ამბიციური მართლა არ ვარ. ერთ-ერთ კონკურსში დუტამ პირდაპირ ეთერში მითხრა, შენი თავის ფასი არ იციო. ახლაც მეუბნება ჩემი მეუღლე, რომ არ ვაფასებ ჩემს თავს და დროს. ჩემი კარიერის მენეჯმენტი მას აბარია, იმიტომ რომ მე დამკვეთს, ელემენტარულად, ფასს ვერ ვეუბნები. თანხაზე საუბარი მერიდება, საათებსა და წუთებს არ ვითვლი და მაგალითად, ვინმე თუ მთხოვს, 3-4 სიმღერის დამატებით შესრულებას, უარის თქმა მერიდება. არადა, ბევრი ჩემი კოლეგა იქცევა ასე და ეს ცუდი სულაც არ არის. თანხა თუ დროულად არ დამირიცხეს, მერიდება, მოვიკითხო და ასე შემდეგ. ვიტანჯები ამ თვისებების გამო, მაგრამ რა ვქნა.

– ჭკვიანური იქნება, თუ შეეცდებით, ვერძი არ გააბრაზოთ, რადგან შეიძლება, ამბავი შემთხვევითი ძალადობით ან მკვლელობით დასრულდეს. თუ გაგაბრაზეს, რა ხდება?

– მკვლელობამდე არ მივსულვარ (იცინის). ძალიან ფეთქებადი ვარ, უცებ ამომასხამს ხოლმე, ვკივი, ვწივი და მერე ვწყნარდები. არ შემიძლია, შიგნით ჩავიგროვო ეს ბრაზი და წლის ბოლოს ისე გავბრაზდე, რომ მართლა მოვკლა ადამიანი.

– ვერძების მომაკვდინებელი ცოდვა მრისხანება ყოფილა.

– კი, ვარ. ჩემი ქმარი მეუბნება, ზედმეტ სახელად ირინა მრისხანე ხარო (იცინის). კი, არის მომენტები, როცა მრისხანება მიპყრობს. მრიცხანეც ვარ და სულსწრაფიც. ვაიმე, თან შვიდთვიანი ვარ. ყველაფერი უსაზღვროდ მეჩქარება და ამის გამო სულ მეჩხუბება ჩემი ქმარი: რატომ ხარ ასეთი სულსწრაფი, მოიცადე, მოითმინეო.

– შეყვარებული ვერძი ზედმეტად ცეცხლოვანია.

– ხარო, ჩემმა ქმარმა, ცეცხლი და ნავთი ხარო (იცინის). ნავთს ვასხამ და მერე ცეცხლსაც ვუკიდებ (იცინის). სიყვარულით გაგიჟებული ვარ, მეუღლეც ასეთი მყავს, თუმცა, არცერთი არ ვართ რომანტიკული. ცაგარელმა კი გვითხრა, თევზები და ვერძი პარტნიორულ ურთიერთობაში ვერ ეწყობა ერთმანეთსო და ეს ცოტა არ მომეწონა, მაგრამ ათი წელია, ერთად ვართ და თან, ძალიან მაგრად. მიკუნა ძალიან მოწესრიგებულია, მე თუ გავცეცხლდი, ის მშვიდადაა, ის თუ გაცეცხლდა, მე ვარ მშვიდად. ორივე ერთად არ ვცეცხლდებით, თორემ დავჭამდით ერთმანეთს (იცინის). მართლა ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

ვერძი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყოველთვის პირველი იყოს...

– ბავშვობაში, დაახლოებით, მეათე კლასამდე, ეს თვისება არ მქონდა, მერე ძალიან წინ წამოიწია ამ სურვილმა. მიყვარს პირველობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, ამისთვის არ ვიბრძვი, თავისდა უნებურად ხდება. ცოტა ხნის წინ, მე და ჩემი დაქალები – 90-იან წლებში საგარეჯოში გაზრდილი გოგოები, ვლაპარაკობდით ამაზე. ჩვენ ექვსი გოგო ვიყავით სამეგობროში და რაიონში ძალიან ვჩანდით, ძალიან პროგრესულად მოაზროვნეები ვიყავით, ჩაცმულობითაც გამოვირჩეოდით. მერე სასწავლებლად ყველა თბილისში ჩამოვედით და მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მაშინ რაიონიდან ჩამოსულებს მაინც რაღაცნაირად უყურებდნენ, სადაც არ უნდა მივსულიყავით, ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცეოდით, ყველგან ჩვენზე საუბრობდნენ, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში. ჩემი „ჯეოსტარში“ გამოსვლაც რომ გავიხსენოთ, 2008 წელს, მაშინ 22 წლის ვიყავი, გადასარევი მონაწილეები იყვნენ თბილისიდანაც, მაგრამ გამოვირჩეოდი. ალბათ, იმიტომ, რომ ყალბი და გოიმი არ ვიყავი. თავისდა უნებურად, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვხვდებოდი და დღემდე ასეა. არ ვიცი, ვერძის ნიშნის დამსახურებაა თუ რის, მაგრამ სულ ასე იყო და არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა