შოუბიზნესი

ია თინიკაშვილი: იმდენჯერ მიღალატეს, თავი სამშობლო მგონია

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 04.03

ია თინიკაშვილი
დაკოპირებულია

ია თინიკაშვილის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ია თინიკაშვილი?

ია თინიკაშვილი: ო, აქ, ალბათ, სუბიექტური არ უნდა ვიყო, მაგრამ, ვფიქრობ, რთული იქნება.

ია თინიკაშვილი არის უკიდეგანოდ რომანტიკოსი, ექსტრემზე გადარეული, სიცოცხლეზე, მოგზაურობაზე, მთასა და ზამთარზე უსაშველოდ შეყვარებული ადამიანი, რომელთან ერთად ყოფნაც მუდმივი მოულოდნელობებით არის სავსე და მუდმივი დღესასწაულია. ამ უკანანასკნელს ჩემი მეგობრები ამბობენ და როდესაც ამ ინტერვიუზე ვუთხარი, მთხოვეს, რომ ეს აუცილებლად მეთქვა (იცინის).

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ვფიქრობ, გაგიკვირდებათ, მაგრამ გამოვლილი მძიმე დღეებიდან გამომდინარე (ჯანმრთელობის პრობლემას ვგულისხმობ), სრულად მაქვს გაცნობიერებული, რომ შესაძლოა, ყოველი დღე, აი, მაგალითად, დღევანდელი დღეც ბოლო იყოს და ამიტომ, არაფერზე არ ვოცნებობ, ვხარობ იმით, რაც მაქვს.

– როდის იტირეთ ბედნიერების და მტკივნეული ცრემლით – რაც ყველაზე გამორჩეულად გახსოვთ?

– ძალიან დამწყდა გული, რადგან ახლა აღმოვაჩინე, რომ ბედნიერების ცრემლით ბოლოს 2018 წელს ვიტირე – ჩემი პირველი შვილიშვილი რომ დაიბადა. მტკივნეულ ცრემლს კი რა დამავიწყებს – 2 წლის წინ, მაშინ, როდესაც ინგოროყვას კლინიკაში 3T მაგნიტურ რეზონანსული კვლევის შემდეგ მითხრეს, რომ თავის ტვინში, საძილე არტერიაზე ანევრიზმა მქონდა და დაუყოვნებლივ მესაჭიროებოდა ქირურგიული ჩარევა. რამდენიმე საათის განმავლობაში ვტიროდი. პასუხზე რომ მივდიოდი, საერთოდ არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ,,რამე ისე არ იქნებოდა“ და ოჯახის წევრიც კი არ მახლდა თან, ჩემი ახლო მეგობარი, გიორგი მელოდებოდა მანქანაში და კლინიკიდან გასვლა რომ დავაგვიანე, ზემოთ ამოვიდა. ისეთი გულამოსკვნილი ვტიროდი, მგონი, ისიც ტიროდა ჩემთან ერთად.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– იქიდან გამომდინარე, რომ ,,მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი“ უშველებელ ტვირთსა და პასუხისმგებლობას ნიშნავს, ამასთან, მუდმივად საფრთხის ქვეშ ყოფნასაც, ბუნებრივია, დაფიქრებაა საჭირო მინდა თუ არ მინდა, მაგრამ თუ გარანტირებულად მექნებოდა იმის ბერკეტი, რომ შემეჩერებინა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული ცეცხლის – ომის ყველა კერა, ბირთვული იარაღის გაუვნებელყოფა შემძლებოდა, შემძლებოდა, რომ მომესპო ყველა ატომური თუ წყალბადის ბომბი, ნარკოტიკების მწარმოებელ–გამავრცელებელი კერები და არხები, ბუნებრივია, აღარ ვიყოყმანებდი თანხმობაზე. ამ ყველაფრის გარდა, ძალიან მაინტერესებს, რამდენად საინტერესო იქნებოდა უზრუნველი ცხოვრება.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…

– სამსახურის უფროსზე ვიყავი ძალიან გაბრაზებული, ვთვლიდი, რომ კონკრეტულ მომენტში უსამართლოდ მოიქცა, მაგრამ თქმას ვერ ვბედავდი, ამ ყველაფერზე გული ვიჯერე მეგობართან და მივწერე უშველებელი წერილი, სადაც ყველა იმ ეპითეტს ვიყენებდი, რომლის ხმამაღლა თქმაც ძალიან მინდოდა და... მესიჯი შეცდომით გავუგზავნე თავად ამ უფროსს... ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ ცუდი არაფერი მოჰყოლია, საშუალება მომეცა და რასაც ვწერდი, ბარემ გავიმეორე ხმამაღლაც (იცინის).

– სახალისო შემთხვევა პაემანზე…

– ვიდრე რამდენჯერმე მოტაცების შემდეგ გავთხოვდებოდი, იმ პერიოდამდე გადამხდა თავს და გიამბობთ: მოგეხსენებათ, მობილური ტელეფონების შემოსვლამდე, ხაზის, ეგრეთ წოდებული, სახლის ტელეფონებით გვიწევდა სარგებლობა, შესაბამისად, შეყვარებულის თუ თაყვანისმცემლისთვისაც სწორედ ეს ტელეფონი წარმოადგენდა ერთ–ერთ მთავარ საკომუნიკაციო საშუალებას. მოკლედ, ერთი ბიჭი მეტისმეტად აქტიურობდა, ჰოდა, დედაჩემი გამალებით ცდილობდა დადგენას, ვინ იყო. ერთხელაც, სახლში ჩემი არყოფნისას, დარეკა და დედამ უპასუხა, როგორღაც მიამსგავსა ჩემს ხმას (რაც ადვილი არ იქნებოდა, დედა ძალზე მშვიდად საუბრობს, მე კი, მოგეხსენებათ, როგორი მყვირალა ხმა მაქვს), მოკლედ, არც მეტი, არც ნაკლები, პაემანზე შეუთანხმდა და გაეშურა, თურმე, შესახვედრად (იცინის). წვიმიანი დღე იყო, მე მეგობარ გოგოსთან ერთად მივდიოდი შინისკენ და სწორედ იმ ადგილს შევეფარეთ, სადაც დედაჩემი ის ის იყო, ჩემ ნაცვლად ,,პაემანზე“ მისულიყო... (იცინის).

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– თუ სიტყვების ძებნა-შელამაზებას არ დავიწყებ და გულწრფელად გეტყვით, ყველაზე სასტიკი, ალბათ, მაშინ ვიყავი, როდესაც ქმრის მხრიდან ღალატზე დადასტურებულად გავიგე...

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– მარცხი? არაერთი შეცდომა დამიშვია, არაერთხელ წავქცეულვარ, მაგრამ მარცხს ვერცერთ შემთხვევას ვერ ვარქმევ – ღვთის შეწევნით, ბევრი წვალების შემდეგ მაინც გამიმარჯვია და ლოგიკურად გადავდივართ შეკითხვის მეორე ნაწილზეც: მთავარი გამარჯვება, ალბათ, ისაა, რომ გამოვლილი ძალზე მძიმე დღეების მიუხედავად (პირადი ტრაგედია, ჯანმრთელობის პრობლემები), ღმერთს მადლობა ვუთხარი ყველაფრისთვის და სიცოცხლე ხელახლა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ტკივილებით გონებაც კი დამიკარგავს (ჯერ, კორონავირუსით ინფიცირებულს 6 დღეში 3 ქირურგიული ოპერაცია დამჭირდა, მერე კი, ორ წელში – თავის ტვინის ოპერაცია), მიუხედავად იმისა, რომ იმდენჯერ მიღალატეს, თავი სამშობლო მგონია, არც დეპრესიული ვარ, არც ნევროზზე მკურნალობა მჭირდება, ძალიან ბევრს ვმუშაობ და როცა თავისუფალი დრო მაქვს, თითოეულ წუთს ნაყოფიერად და ძალზე ფერადად ვიყენებ.

– პროფესიული საქმიანობის მიღმა, რის კეთება გიყვართ ან არ გიყვართ ყველაზე მეტად?

– ბოლო რამდენიმე წელია, ჟურნალისტობის გარდა, სხვა საქმიანობასაც ვეწევი სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერიც გავხდი (ორი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ერთი – ჟურნალისტის კვალიფიკაციით, მეორე კი – სამართალმცოდნეობის და მუდმივად ვცდილობ ახალი უნარების განვითარებას ორივე მიმართულებით) და ეს მიმართულებებიც არანაკლებ საინტერესოა და ძალიან დიდ დროს ვუთმობ, თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ სულით ხორცამდე რეპორტიორი ვარ. მოკლედ, პროფესიული საქმიანობის მიღმა, ყველაზე მეტად მიყვარს მოგზაურობა და მოგზაურობის დაგეგმვა, ვგიჟდები ამ პროცესზე და ჩემი მეგობრებიც მშვენივრად სარგებლობენ ჩემი ამ ჰობით (იცინის).

არ მიყვარს სახლის საქმეების კეთება, მაგრამ სხვა რა გზაა, მიწევს.

– რა გამოსცადეთ ბოლო პერიოდში ცხოვრებაში პირველად?

– კარგი კითხვაა და პირდაპირ გიპასუხებთ – ასე ხელშესახებად, ასე ნათლად, ცხოვრებაში პირველად გამოვცადე სიცოცხლის სიხარული! სიკვდილის შიშს არ ვამბობ, ეს სხვა დროსაც გამომიცდია და ამაზე უფრო მძაფრი ყოფილა იმის შეგრძნება, რა მშვენიერია სიცოცხლე!

თურქეთის კლინიკაში, ,,მედიქალპარკის“ სამედიცინო ქსელის სტამბოლის ცენტრალურ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, როდესაც რამდენიმესაათიანი რთული ოპერაციის შემდეგ ნარკოზიდან გამოვედი და ძლიერმა ტკივილმა ლამის გონება დამაკარგვინა, გამიხარდა, გამიხარდა, რომ მტკიოდა, ანუ ცოცხალი ვიყავი! ცოტა ხანში კი, როცა მრავალი საინიექციო კათეტერით დახუნძლული ხელის გამოძრავება შევძელი, დაძაბულმა მივიტანე ხელის მტევანი საფეთქლამდე და თმა შევიგრძენი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოპერაციის ჩატარება ტრეპანაციის გარეშე შეძლო პროფესორმა ალი ეფენდიმ, ანუ თავის ქალა არ მქონდა ახდილი, აი, სწორედ ეს იყო ძალზე უცხო შეგრძნება – რა ბედნიერებაა სიცოცხლე! მართალია, ამ სიცოცხლეს ახლა თავის ტვინში არსებული რამდენიმე სტენტ–ქოილით ვაგრძელებ, მაგრამ მშვენივრად შევეწყეთ ერთმანეთს...

აქვე გეტყვით, რომ ამ ფაქტის შემდეგ აღარასდროს ვიყენებ მუქ, ეგრეთ წოდებულ, მზის ფარდებს, ახალი დღე რომ თენდება, სინათლის არცერთი სხივი არ მინდა, დამეკარგოს, სიცოცხლე ხომ ისედაც ძალზე ხანმოკლეა!

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– ძალზე ბევრჯერ ვყოფილვარ ექსტრემალურ ვითარებაში და შიშიც ბევრჯერ გამომივლია (სათქმელად, თუნდაც, მარტო ის ღირს, რომ ერთხელ გველმა მიკბინა, ერთხელ დათვმა დამგლიჯა, ერთხელ CO-თი მოვიწამლე და ძლივს გადავრჩი სიკვდილს, ერთხელ მანქანაში ხანძარი გამიჩნდა და ლამის შიგ გამოვიწვი... მაგრამ ყველაზე დიდი შიში... 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების დროს (რატომღაც, ომი არ დაერქვა სახელად იმ მოვლენებს, არადა, ფაქტობრივად, საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა) ,,იმედში“ ვმუშაობდი და ფაქტობრივად, ბრძოლის წინა ხაზიდან მიწევდა რეპორტაჟების მომზადება, სწორედ მაშინ, ერთ–ერთ მძიმედ დაჭრილს ხმაგაბზარული ვანუგეშებდი, – აუცილებლად გადარჩები, აუცილებლად, მერე შენებთან დავრეკავ და ტელეფონით დაგალაპარაკებ-მეთქი... თვალებში რომ შევხედე, სიკვდილი მიყურებდა, ასე პირისპირ პირველად ვუყურებდი თვალებში სიკვდილს, შემზარა, ვერც დაპირება შევუსრულე, ვერ მოვასწარი, მალევე გარდაიცვალა ის ბიჭი...

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ვამაყობ? სიმართლე გითხრათ, არაფრითაც არ ვამაყობ, მაგრამ სტანდარტულად რომ გიპასუხოთ – ძალიან კარგი შვილი მყავს – ბექა, რომელსაც ორი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს – პეტრე და კირა. ხეც დამირგავს, ბევრი ხე, სახლიც ამიშენებია, არასდროს მიმიტოვებია ადამიანი განსაცდელში. თუ ოდესმე შემძლებია რაიმე სიკეთის გაკეთება, არასდროს დამზარებია... მგონი, თავს ვიქებ და არ მინდა. მოკლედ ვიტყვი, უკან მიხედვის არ მეშინია, არც მრცხვენია და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, ყოველდღიურად ისე ვიცხოვრო, თითქოს, ეს ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, ვერ დავიკვეხნი, რომ ყოველთვის გამომდის.

მოკლედ, ასეთია იას ცხოვრება – ფერფლიდან რამდენჯერმე ხელახლა დაწყებული და თურმე, რაც უფრო რთული გზა გაქვს გავლილი, მით უფრო მეტად გეძვირფასება სიცოცხლე!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი