შოუბიზნესი

გვანცა ციხელაშვილი: აკას ქორეოგრაფიამ მოუგო „გრემის“ მფლობელის ქორეოგრაფიულ ნამუშევარს

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 03.06, 2024 წელი

აკა და გვანცა
დაკოპირებულია

აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ საქართველოში, თბილისში 19 მაისს „ლათინურამერიკული პროგრამის 2024 შოუ დენს“ ფარგლებში გამართულ სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში.

გვანცა ციხელაშვილი: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობამდე იმხელა გზა გავიარეთ და იმდენად გავიწვრთენით, რომ საკუთარი თავისგან ნებისმიერ მომენტში უმაღლეს დონეს ვითხოვთ. ჩვენი ცხოვრება ძალიან დისციპლინებულია, ყოველ დღეს სავარჯიშო დარბაზში ვატარებთ და ვცდილობთ, ფიზიკურად თუ მენტალურ დონეზე ძალიან ძლიერები ვიყოთ. იმდენი წელია, ამას ვაკეთებთ, ჩვენთვის მართლა არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით, ევროპის თუ სხვა გრანდიოზულ შოუში ვიცეკვებთ, ყველგან უმაღლესი კლასი უნდა ვაჩვენოთ და ამისთვის ყოველთვის სათანადოდ უნდა ვიყოთ მზად.

აკა მოდებაძე: ეს ყველაფერი საკუთარ თავთან კონკურენციის ძლიერი განცდითაა განპირობებული. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვეჯიბრებით. ნოემბერში მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი, იანვარში კი სხეული უკვე ისე გვქონდა დამუშავებული ახალი ტექნიკით, რომ გერმანიაში, დახურულ ჩვენებაზე დამსწრე მსაჯები ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს ჩვენს ახალ პროგრამას. როცა ვამბობ, რომ საკუთარ თავს ვეჯიბრებით, ეს მართლა ასეა. მსოფლიო ჩემპიონატიც მაღალი ქულით მოვიგეთ და ევროპაც, კონკურენტები, უბრალოდ, ვერ დაგვეწეოდნენ, მაგრამ არ ვამბობ, რომ ჩვენ მათ ვეჯიბრებოდით, ჩვენთვის ეს მხოლოდ ჩვენივე შედეგის გაუმჯობესება იყო, სუფთა სპორტული თვალსაზრისით და ეს შევძელით – უფრო მეტი ქულა ავიღეთ, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატზე.

გვანცა: მსოფლიო ჩემპიონატი მაინც სხვა მასშტაბის მიღწევაა და შესაბამისად, სხვა ემოციებიც იყო. მას ვერ შევადარებ ახლანდელ ემოციას, თუმცა, ევროპისთვის მომზადება ჩვენთვის ძალიან სენსიტიური იყო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წელია, მე და აკა საქართველოში არ გამოვსულვართ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჯერ მარტო ის ფაქტი ნიშნავს ძალიან ბევრს, რომ ამ დონის ტურნირი საქართველოში ჩავატარებინეთ.

აკა: საქმე ისაა, რომ როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი ხდები, ძალიან დიდი შესაძლებლობა გეძლევა, რომ შემდეგ ჩემპიონატს შენმა ქვეყანამ უმასპინძლოს.

გვანცა: ჩვენ ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. როდესაც გავაჟღერეთ, რომ საქართველოს შეეძლო, ეს გაეკეთებინა, ფედერაციამაც მაქსიმუმი გააკეთა და ჩვენც ბევრი ვიზრუნეთ ლიცენზიაზე. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, როგორც საორგანიზაციო საკითხებზე, ისე საკუთარ სპორტულ ფორმაზე და საბედნიეროდ, ასეთი შედეგი გვაქვს.

აკა: საქართველოში პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი და ძალიან ბევრი დეტალი იყო მოსაგვარებელი. ჩვენ ამ საკითხებში ძალიან კარგად ვართ გაცნობიერებული და ფედერაციას ყველანაირად დავუდექით გვერდით.

გვანცა: მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გამარჯვებაც ისტორიული მოვლენა იყო და ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდა, რითაც ძალიან ვამაყობთ. ამიტომაც ვთქვი, ვიცოდით, რომ ჩვენთვის ეს გამოსვლა ძალიან მგრძნობიარე და ემოციური იქნებოდა-მეთქი. როდესაც საკუთარ ქვეყანაში საკუთარი სამშობლოს სახელს იცავ, ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. აქამდე ასეთი შემთხვევა არ გვქონია. თუმცა, ძალიან კონცენტრირებულები ვიყავით. დადგმის დროს ემოციებს გასაქანს არასდროს ვაძლევთ, პროცესში ტექნიკურად მაქსიმალურად ძლიერი უნდა ვიყოთ და მერე, როცა ცეკვას დავასრულებთ, შეგვიძლია, ემოციებიც გამოვხატოთ. ამჯერადაც ასე მოხდა.

– მსოფლიოს შემდეგ არც დაგისვენიათ, ისე გააგრძელეთ სამზადისი?

აკა: ასეა. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით. საკმაოდ რთული იყო მუსიკალური მხარის მოძიება. ჩვენ ყოველთვის განსხვავებულ მუსიკას ვიყენებთ და ამჯერად ძალიან გამიჭირდა სწორი არჩევანის გაკეთება.

გვანცა: ჩვენი ყველა დადგმა, რომლითაც ასეთ გამარჯვებებს მივაღწიეთ, თავიდან ბოლომდე აკას დამსახურებაა. მე, უბრალოდ, კარგი შემსრულებელი ვარ. რეჟისურა, მუსიკალური მხარე, ქორეოგრაფიის წარმართვა, შეიძლება, მე გავალამაზო, გავატექნიკურო, მაგრამ იდეა ყოველთვის აკასგან მოდის. აკას ქორეოგრაფიამ მოუგო „გრემის“ მფლობელის ქორეოგრაფისას. ფაქტობრივად, ჩვენ მოვიგეთ არა როგორც მხოლოდ შემსრულებლებმა, არამედ ქორეოგრაფიამ მოუგო ქორეოგრაფიას. ფაქტობირვად, ორი ერთშია.

აკა: არსებული წყვილებიდან, ყველას არ შეუძლია თვითონ დადგას ქორეოგრაფია. ამიტომ ისინი ცნობილ ქორეოგრაფებს ან თავისი ქვეყნის წარმომადგენელ მწვრთნელებს მიმართავენ ხოლმე.

გვანცა: მე არ ვნერვიულობ ამაზე. ვიცნობ აკას და ვიცი მისი შესაძლებლობები. ნამდვილი ფოიერვერკივითაა, ვეთაყვანები მის ნიჭს. მწვრთნელები ყოველთვის გაოცებულები არიან. ყოველ ჯერზე ეუბნებიან: აკა, ამაზე კარგი რაღა უნდა გააკეთოო. მუდმივად თავის წინა ქორეოგრაფიას აჯიბრებენ, სხვას ვერავის. ყოველთვის აქვთ განცდა, რომ ის იყო საუკეთესო და ამაზე მეტი შეუძლებელი იქნება. სულ ნერვიულობენ, შემდეგი ჩემპიონატისთვის უკეთესი რაღა უნდა შექმნას. აკამ ევროპის ჩემპიონატის დადგმა რომ დაიწყო, დიდი სტრესი ჰქონდა, რადგან მსოფლიოს შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ იმ საოცარი ფენიქსის ეფექტის გაუმჯობესება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ აკამ უკვე იანვარში გერმანიაში, დახურულ წინასპორტულ ბანაკში, სადაც ლეგენდარული სპორტსმენები და მწვრთნელები იყრიან თავს, ახალი დადგმა წარადგინა სახელით – „ჩემი გზა“, სახელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და თავად ნამუშევარმაც.

– მსოფლიოსა და ევროპის მოგების შემდეგაც არ იმსახურებთ დასვენებას?

– ტურნირის შემდეგ, რამდენიმე საათი, პირდაპირი გაგებით, დაბლა ვეგდეთ და ვისვენებდით (იცინის). შემდეგ წავედით და ძალიან ბევრი ხინკალი და ხაჭაპური ვჭამეთ. ქართული გამარჯვება გემრიელი ქართული კერძებით აღვნიშნეთ. ასე მორჩა ჩვენი დასვენება (იცინის).

აკა: ახლა უკვე ვზივარ ჩემი რვეულით და სამომავლო ტექნიკას და ახალ ნაწარმოებებს განვიხილავთ.

– აკა, როგორი გოგოა გვანცა?

– საოცარი ადამიანია. თბილი, უსაყვარლესი და ულამაზესი შინაგანი სამყარო აქვს. უზომოდ ერთგულია საქმის თუ ადამიანების. არ არსებობს, ვინმეს უბოროტოს ან ცუდი უსურვოს. თავად თუ გაუკეთეს ცუდი, მოვა, ჩამეხუტება. მეუბნება, ოღონდ მას არაფერი ვუთხრათო. ძალიან ფერადი სულის ადამიანია. ქუჩაში მწერს რომ დაინახავს, თვითონ ხელს არ მოჰკიდებს, მაგრამ აუცილებლად მეტყვის, აკა, გეხვეწები გადავარჩინოთ, სიმწვანეში გადასვი ან სხვა რამე მოვიფიქროთო. მარტო ჩემზე კი არა, მთელ სამყაროზე ზრუნავს, როგორც შეუძლია.

– გვანცა, აკა როგორი ადამიანია?

გვანცა: უნიჭიერესია, გალაქტიკის მიღმაა. იმდენად ზემოთ არის, როდესაც რაიმეს ქმნის, „გადის“ ამ სამყაროდან. ძალიან ძლიერი ხასიათის ადამიანია. თან, ძალიან სათუთი სული აქვს, რომელსაც მუდმივად მოფრთხილება და მოფერება სჭირდება. ნამდვილი ადამიანია და არასწორი სიტუაციების მიღება ძალიან უჭირს. ყოველთვის ვცდილობ, მოვუფრთხილდე. როდესაც წარმატებას აღწევ და ძალიან მაღალ საფეხურებზე ადიხარ, ცხოვრების გზა რთულდება, არასწორი ადამიანები და სიტუაციები გვხვდებიან. ამას უნდა გაუძლო. ამიტომ სულ ვცდილობ, ისე მივაწოდო სიტუაციები, რომ აკას სული არ ეტკინოს. ძალიან უყვარს ადამიანები და მათთვის ბოლომდე იხარჯება, რასაც ხშირად არასწორად იყენებენ. მეც ასეთი ვარ და სულ ვთხოვთ ერთმანეთს, რომ ამ მხრივ შევიცვალოთ, მაგრამ არ გამოგვდის. ჩემთვის ძალიან სიმპათიური და ზედგადაყოლილი მეუღლეა.

აკა: სხვათა შორის, გვანცას ზედ რომ ვყვები, ამაზე ბრაზდება (იცინის).

გვანცა: იმიტომ, რომ ხანდახან ზედმეტი მოსდის. ძალიან მოწებებულია ჩემზე. ხანდახან ორწამიან თავისუფლებას ვთხოვ ხოლმე, წამი არ შეუძლია უჩემოდ (იცინის). სხვათა შორის, საჭმელებს აკეთებს ისეთს, რომ თითებს ჩაიკვნეტთ (იცინის). საოცარი შეფია.

ბევრი გვეუბნება, რომ ძალიან ერთნაირები ვართ. სინამდვილეში ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ ჩვენი დიდი სიყვარული გვაერთიანებს და ყველაფრის ძალას გვაძლევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა