შოუბიზნესი

გვანცა დარასელია: ზოგჯერ საკმარისი სითამამე არ მქონდა და ამას ვნანობ

№46

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00

გვანცა დარასელია
დაკოპირებულია

ყველასთვის საყვარელი გვანცა დარასელია ის ადამიანია, ვისაც არ უყვარს რისკი და ყოველთვის ცდილობს, დაფიქრდეს, გაიაზროს და ისე გადადგას ნაბიჯი. მას ტელე-რადიოგადაცემის წამყვანი ჟურნალისტის განათლება აქვს. წლების განმავლობაში „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა და დღეს სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. კერძოდ, „იუთუბ“ არხზე აქვს პოდკასტი, სადაც სტუმრებთან ერთად, საკმაოდ საინტერესო და აქტუალურ თემებზე საუბრობს.

– გვანცა, გიყვარს ცვლილებები, სიახლეები და გამოწვევები თუ, პირიქით, გაშინებს?

– გულწრფელად რომ ვთქვა, არ ვარ ხშირი ცვლილებების მოყვარული ადამიანი, რადგან სტაბილურობა მიყვარს, „ვეწებები“ ყოველდღიურ კომფორტს, რაც ჩემს საქმიანობასთანაა დაკავშირებული. თუმცა, საკუთარ თავს ვასწავლი, რომ განვითარება ცვლილებების გარეშე არ გამოდის. ასე რომ, არ მიყვარს ნაბიჯების გადადგმა სპონტანურად და მოუმზადებლად, ვცდილობ, ცვლილებებს მომზადებული შევხვდე და როცა გამოწვევების წინაშე ვდგები, რეალობა კარგად ავწონ-დავწონო. მე ვარ პიროვნება, რომელიც ასჯერ გაზომავს და მერე გადაჭრის. არ მიყვარს რისკზე დაუფიქრებლად წასვლა.

– თუ გახსოვს შენი პირველი სამსახური და რაში დახარჯე ხელფასის სახით აღებული პირველი თანხა?

– მიუხედავად იმისა, რომ აქტიური მოდელი არ ვყოფილვარ, ჩემი პირველი ხელფასი სამოდელო საქმიანობიდან იყო. მონაწილეობა მივიღე სამხატვრო აკადემიის ჩვენებაში და ორმოცდაათი დოლარი მომცეს. მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი და მართლა არ მახსოვს, რაში დავხარჯე (იცინის). ალბათ, საკუთარი თავისთვის რაღაცას ვიყიდდი. ეს არ იქნებოდა არც კოსმეტიკა და არც სუნამო, ალბათ – ტანსაცმელი. ზოგადად, ბევრგან არ მიმუშავია. ყველაზე ხანგრძლივად „რუსთავი 2-ში“ ვიყავი – 15 წელი, სხვა ამაზე სტაბილური და დიდხნიანი სამსახური არ მქონია. ძირითადი ჩემი კარიერის დრო ამ ტელევიზიაში გავატარე. პარალელურად კი, სხვადასხვა კომპანიებთან ვთანამშრომლობდი.

– ბოლო პერიოდში აქტიურად გამოჩნდი სოციალურ ქსელში, კერძოდ, „იუთუბ“ არხზე, სადაც შენი პოდკასტი მიგყავს. საიდან გაჩნდა იდეა?

– სულ მქონდა იდეა, რომ სოციალური ქსელის პლატფორმაზე პოდკასტი გამეკეთებინა. ჩემს პროფესიაში ბევრ რამეს ვუყურებ და ვაკვირდები, მედიაში საკმაოდ კრიზისული და არასტაბილური სიტუაციაა, არა მარტო ფინანსურად, არამედ იმ კუთხით, რომ შენ შენს თავს არ ეკუთვნი. ვიგრძენი, საკმაოდ დიდი გოგო ვარ იმისთვის, რომ ჩემს თავს ვეკუთვნოდე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, აღარ ვიმუშვო მედიაში ყოველდღიური ჩართვით. თან, ახლა რასაც ვაკეთებ ძალიან მაინტერესებდა და დღეს ძალიან აქტუალურია. ადამიანები ინაცვლებენ თავისთვის კომფორტული კონტენტის ასარჩევად ანუ შედიან „იუთუბზე“ და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, რას უყურონ და თან, მრავალფეროვანი კონტექტი ნახონ. ჩვენი პოდკასტი სულ რაღაც სამი თვის შექმნილია, ზაფხულში დავიწყეთ მუშაობა. სოციალურ მედიაში ძალიან აქტიურია და ბევრი გამომწერი გვყავს, „იუთუბზე“ – თითქმის ათი ათასამდე და ვფიქრობ, ასეთ მცირე დროში ძალიან დიდი წარმატებაა. ამ აუდიტორიის უდიდესი ნაწილი ის ადამიანები არიან, ვინც ჩემს პირად ბლოგზეც მიყურებდა და აინტერესებდათ ის საკითხები, რითიც მე ვინტერესდები. ჩემი ინტერესის სფეროები ზოგადად აქტუალურ თემებთან დავაკავშირე და ასე შევკარით ჩვენი პოდკასტის კონტენტი. „გვანცას პოდკასტი“ ჰქვია. ასეთი შემოთავაზება ჩემი მეგობრისგან, პროდიუსერ თამუნა კვერნაძისგან მივიღე, პირდაპირ მითხრა: შენი სახელი იმდენად ყველამ იცის, ბევრი ფიქრი არ გვჭირდება, რა დავარქვათო. „იუთუბი“ პრეტენზიული პლატფორმაა, სადაც რეალურად იმდენი საინტერესო და მაგარი კონტენტი იდება, ისეთი დახვეწილი და ხარისხიანი, რომ საკმაოდ თამამი განაცხადია ამ კონკურენციაში შესვლა. მიზნად მაქვს დასახული, ჩვენს არხზე მოხვდნენ მშობლები, ადამიანები, ვინც განვითარებაზე არიან ორიენტირებული და აინტერესებთ სხვადასხვა მიმართულების თემები, ახლის გაგება და გამოცდილების გაზიარება.

– რამდენი ეპიზოდი გავიდა და თავად თუ გყავდა გამორჩეული სტუმარი?

– მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ცხრა ეპიზოდია გასული, გამოვარჩევდი ერთ-ერთ ეპიზოდს, სადაც სტუმრად გვყავდა არაჩვეულებრივი რესპონდენტი, მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი. თუ მას მოუსმენთ, მიხვდებით როგორი უნდა იყოს მასწავლებელი და მშობელი. ყველაზე გამოხმაურებადი ეპიზოდი იყო.

– გაქვს ისეთი ოცნება, რომელიც ვერ აიხდინე?

– ისეთი ოცნება, რომელიც ვერ ავიხდინე არ გამაჩნია. ბავშვობიდან ძალიან დარწმუნებული ვიყავი ჩემს მომავალში და ძალიან კარგად ვიცოდი, რა უნდა გამოვსულიყავი. ამიტომ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და აუხდენელი ოცნებები არ მაქვს. ზოგადად, იღბლიანი ვარ, ამასთან, ჩემს თავში დარწმუნებულიც. ვიცი, მაქვს ის შესაძლებლობები, რითიც წარმატებებს უნდა მივაღწიო. არასოდეს ვიწყებ იმ საქმეს, რაც ვიცი, არ გამომივა. შეიძლება, ეს იმის ბრალია, რომ რისკზე წასვლა არ მიყვარს. თუმცა, მიყვარს იმის კეთება, რაც ვიცი და გამომდის და კომფორტის ზონას ვიქმნი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახური ცხოვრებაც ამდენი წელია, მომყვება, ჩემს საქმიანობასთან ერთად. ხშირად მეკითხებიან, ოჯახსა და კარიერას როგორ ათვსებო. ყოფილა შემთხვევები, როცა ალტერნატივის წინაშე დავმდგარვარ, შემოთავაზებაზე ოჯახის გამო მითქვამს უარი. ბალანსი ყოველთვის მქონდა. არ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერის გამო ჩემს ოჯახს რამე მოვაკელი. გამიმართლა – შემეძლო, ორივე სფეროში – ოჯახურშიც და პროფესიონალურშიც – დრო სწორად დამებალანსებინა. თუმცა, ვნანობ, რომ საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, იმ კონკრეტულ სიტუაციებში, როცა მეტად შემეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა, წინსვლა და მეტი წარმატების მიღწევა ვერ შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებული ვარ, ზოგჯერ საკმარისი სითამამე არ მქონდა. თუმცა, ეს დროსთან ერთად უნდა მოსულიყო.

– რადგან ხასიათი ახსენე, მითხარი თვისება, რომელიც შენს ხასიათში მოგწონს და რომელსაც გამოასწორებდი?

– ჩემს ხასიათში ძალიან მომწონს, რომ ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანი ვარ, ყველა ადამიანსა და სიტუაციაში მიყვარს კარგის დანახვა. შემიძლია, ყველაფერი სხვისი გადმოსახედიდანაც შევაფასო და ეგოისტურად არ ვიმოქმედო. არ მომწონს, რომ წლების განმავლობაში სითამამე არ მქონდა და ამის გამოსწორებაზე ვმუშაობ. არ მომწონს, რომ ზოგჯერ ზედმეტად ვაქცევ ყურადღებას დეტალებს და იმაზე მეტად ვშფოთავ, ვიდრე საჭიროა. თუმცა, ვცდილობ, ამან არ შემიშალოს ხელი განვითარებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი