შოუბიზნესი

გურამ შეროზია: მარადიული სიყვარულისა და ერთობის არ მჯერა. შეიძლება, კიდევ ვიქორწინო, მაგრამ თავიდანვე მეცოდინება, რომ ეს არ იქნება სამუდამო

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 29.04

გურამ შეროზია
დაკოპირებულია

ვნახოთ, ვინ არის ზოადიაქოს ნიშნით გურამ შეროზია და რა თვისებებია მასში დომინანტური.

გურამ შეროზია: 29 ნოემბერს ვარ დაბადებული, ზოდიაქოთი – მშვილდოსანი. ასტროლოგიის გარკვეულწილად მჯერა, ანუ, თუ სიღრმეებში წავალთ და დეტალებს ვნახავთ, თანხვედრა არის, მაგრამ ის, რომ მშვილდოსანი ვარ და ამით დასკვნა დაიდოს, ცოტა მეზღაპრება.

– „მშვილდოსანი დაიბადა იმისთვის, რომ მართოს და არა იმისთვის, რომ მართონ“.

– კი, ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ასეა. მირჩევნია, პროცესებს მე ვაკონტროლებდე, მე ვიმუშავო ლიდერ პოზიციაზე, ვიდრე სხვის დაქვემდებარებაში ვიყო. მირჩევნია, ჩემი შევქმნა. არ მიყვარს, როცა ჩარჩოებში მაქცევენ, თავისუფლებას მიზღუდავენ და მმართავენ. გარკვეულ ასაკამდე მართვის ქვეშ ყოფნა მიწევდა, თუმცა ეს არ იყო ჩემი კომფორტის ზონა.

– მშვილდოსანი ზედმეტად პირდაპირი და ენამკვახეა. ეთანხმები?

– არც ისე. იყო დრო, ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე ჩემს თავთან სრული კომფორტისა და ჰარმონიის ეტაპზე ვარ, შესაბამისად, თუ რამე არ მომწონს, აზრის მკვახედ დაფიქსირებას, მირჩევნია, საერთოდ გავერიდო.

– რა შეიცვალა?

– ის, რომ კარგად ვარ, რეალიზებული ვარ საკუთარ თავთან. მაქვს ყველაფერი, რაც მინდა და ყველაფერი ისეა, როგორც მინდა. შესაბამისად, ჩემში ნულოვან დონეზეა ნეგატივი, აგრესია, ბრაზი და ასე შემდეგ. წყობიდან არ გამოვდივარ. ათასში ერთხელ, თუ ვინმე ტვინს მიღუნავს და არ მეშვება, შეიძლება, ენამკვახეობაც გამოვიყენო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დიპლომატი ვარ.

– ძალიან გონებაგახსნილი, საზრიანი და ნიჭიერია. საკუთარი თავის ქება ცოტა უხერხულია, მაგრამ...

– არ არის უხერხული, ნამდვილად ასეა (იცინის). ვფიქრობ, რომ პროცესებს სწორად ვმართავ, სწორად ვაზროვნებ და კარგად ვგეგმავ, შესაბამისად, მიზნების მარტივად მიღწევა შემიძლია. უაზროდ და საზიანოდ არაფერს ვაკეთებ. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემს ნებისმიერ ქმედებას ვატან ტვინს (იცინის).

– ძალიან ოპტიმისტია, მოსიარულე ანტიდეპრესანტია.

– ეგ მართალია. ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, სანამ გამოსწორების ოდნავი იმედიც კია, მჯერა, რომ გამოსწორდება. ოპტიმისტი ვარ, მაგრამ მეზღაპრე – არა. მოვლენებს ძალიან რეალურად, თუმცა, თან ძალიან დადებითად ვუყურებ, ცუდ მოვლენასაც კი. იმდენად, რომ ხანდახან სიგიჟეში გადამდის და მეღადავებიან ხოლმე. მაგალითად, წასული ვარ ზღვაზე, ნახევარი დღე წვიმს და მე მაინც ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ სამაგიეროდ, დარბაზში ვარჯიშისთვის მექნება დრო, ან სულაც ძალიან რომანტიკულად აღვიქვამ წვიმას და ასე შემდეგ, რაც შეიძლება, ცოტა არაადეკვატურიც გამოდის (იცინის).

– ისეთი ენა აქვს, მკვდარსაც კი აალაპარაკებს.

– კი, ასეა, მაგრამ ეს სურვილზეა დამოკიდებული. ხანდახან არ მაქვს მუღამი და არ ვაქტიურობ. როცა დაინტერესებული ვარ, მაშინ ნამდვილად გამოვავლენ ამ თვისებას.

– ძალიან ჯიუტია, შეუვალი ხასიათი აქვს.

– ჩემს შემთხვევაში ეს არ არის სწორი. ძალიან დამყოლი ვარ თუ ნორმალურად ამიხსნი და გამაგებინებ შენს სიმართლეს. მე თვითონ ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებსაც თავი ყოველთვის მართალი ჰგონიათ. პირიქით, ძალიან ლოიალური და ცივილიზებული ვარ, სრულიად ვექვემდებარები ახსნას და გაგებას (იცინის). ნებისმიერ ზოდიაქოს და პიროვნებას აქვს თავისი მახასიათებლები, იმის მიხედვით, განვითარებულია თუ განუვითარებელი. განუვითარებლის შემთხვევაში, ალბათ, ზედმეტად რქიანია, განვითარებულ შემთხვევაში – ადეკვატური. თუ რამეს სწორად მივიჩნევ, ბოლომდე რქებით გავიტან ჩემს სიმართლეს, მაგრამ თუ დამანახვებ, რომ ვცდები, დავთმობ.

– ადვილად გპატიობს, მაგრამ არ ივიწყებს.

– არა, არც ადვილად ვპატიობ და თან ვივიწყებ, ანუ, არ ვპატიობ და წყენას იმ ადამიანთან ერთად ვივიწყებ, ვინც მაწყენინა (იცინის). დედამიწაზე რვა მილიარდი ადამიანია და ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვტკეპნოთ ერთი და იგივე ადგილი, ხუთასჯერ რატომ უნდა მივცეთ შანსი ერთი და იგივე იდიოტს, რომელმაც არ დააფასა შენი კარგი დამოკიდებულება. ამიტომ, თუ ადამიანს რაღაც გარდამტეხი შეეშალა, უბრალოდ, უნდა ჩაეხსნა. დედა ტერეზას როლის მორგება ნამდვილად არ მსიამოვნებს.

– მაშინაც კი სიმართლეს ამბობს, როცა ტყუის...

– არ ვტყუი. იმიტომ კი არა, რომ სირცხვილია ან „ტეხავს“, უბრალოდ, ეს ჩემთვის ძალიან სტრესულია. ანუ, თუ რამეს მოიტყუები, მერე სულ უნდა აკონტროლო თავი, არ უნდა დაგავიწყდეს, აგერიოს და ასე შემდეგ. ეს იმხელა დისკომფორტია, რატომ უნდა მოვიტყუო, ვისთან რა მაქვს დასამალი?! მორალი არაფერ შუაშია, უბრალოდ, ტყუილით თავს არ ავიტკიებ.

– ზოდიაქოს მიხედვით, ძალიან მეგობრული და ყურადღებიანი უნდა იყო.

– მეგობრული ძალიან ვარ, ყურადღებიანი – არა. სულ მავიწყდება თარიღები, მათ შორის დაბადების დღეები თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. მავიწყდება რა, არ ვიმახსოვრებ. თუ ადამიანი ძვირფასია ჩემთვის, ძვირფასია და ეს წვრილმანი არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად.

– მის გვერდით არასდროს მოიწყენ – რას ამბობენ შენ გვერდით მყოფები ამასთან დაკავშირებით?

– ეს მართალია. ლიდერშიფი ამაშიც გამოიხატება. მაგალითად, გუშინ დაბადების დღეზე ვიყავი და ჩემს პასუხისმგებლობად აღვიქვი, პროცესი წარმემართა, გუნდის გამოცოცხლებაში ყოველთვის ვიღებ აქტიურ მონაწილეობას, ყოველთვის მე ვარ ორგანიზატორი, დამგეგმავი და ასე შემდეგ. თან, ძალიან მრავალფეროვანი გართობა მიყვარს, ამიტომ ჩემთან ერთად დრო საინტერესოდ გადის (იცინის).

– მშვილდოსანი გაურბის დრამებს. ასეა?

– ვერ ვიტან დრამებს, მასაც გავურბი და დრამაქვინებსაც. არ მიყვარს ტოქსიკური ხალხი, სულ რომ წუწუნებენ და ცუდ ამბებზე აპელირებენ, თორემ, უბრალოდ, ემოციური და გაბუტული ხალხი შემომირიგებია. ბუნებრივია, მე თვითონაც არ ვარ დრამების მოყვარული.

– მშვილდოსანი მამაკაცი ძალიან რომანტიკული და მოსიყვარულეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქორწინების უღლის კისერზე დასადგმელად მზად არის.

– კი, თავგადასავლები მიყვარს. პირად ურთიერთობაში სენსიტიურიც ვარ. დრამები და გართულებული ურთიერთობები არ მიყვარს. ყოველთვის მაქვს ხანმოკლე, ბობოქარი და მრავალფეროვანი ემოციით დატვირთული ურთიერთობები. იმიტომ კი არა, რომ ხანგრძლივ ურთიერთობას ვერ ვაწყობ, იმიტომ, რომ ასე მომწონს. ქორწინების უღელს რაც შეეხება, მეგონა, რომ ვიყავი მზად, მაგრამ მერე აღარ აღმოვჩნდი. არ ვიცი, შეიძლება, ხანმოკლე უღლებისთვის ვიყო მზად და მარადიულისთვის – არა. მარადიული სიყვარულისა და ერთობის არ მჯერა. შეიძლება, კიდევ ვიქორწინო, მაგრამ თავიდანვე მეცოდინება, რომ ეს არ იქნება მუდმივი. იმიტომ, რომ მალე მეცვლება გემოვნება, პირად ურთიერთობებში არასტაბილურები ვართ. თუმცა, ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

– რა თვისებები მოგწონს საკუთარი ზოდიაქოდან და რას შეცვლიდი სიამოვნებით?

– მომწონს, რომ ვარ მიზანსწრაფული, არასდროს ვნებდები და ცუდშიც კარგს ვხედავ. ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ თვალი გადავავლო, სულ ფერადი ფოტოები წარმომიდგება თვალწინ. ცუდიც ყოფილა, მაგრამ ცუდი ჩაკეტილი მაქვს და თითქოს, არც ყოფილა. მომწონს ის, რომ მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება მაქვს, მოგზაურობა, თავგადასავლები, რომ 24 საათში ბევრ რამეს ვასწრებ.

ცუდია, რომ ვარ არასტაბილური და დიდხანს არ მიჩერდება გული ერთი და იმავე სამსახურის, პროფესიების, ადგილებისა და პარტნიორების მიმართ. ალბათ, ეს უარყოფითი თვისებაა, თუმცა, არ შევცვლიდი, იმიტომ, რომ კომფორტულად ვგრძნობ თავს და ჩემს თვისებებს ვიღებ ისეთს, როგორიც არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა