გოდერძი შარაშია: ახალ ურთიერთობებს არ ვეძებ, ვინც აქამდე მომყვა, მათ ვუფრთხილდები
ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00
გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმი „ნაზარის წერილები“ ნიუ-იორკის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალისა და კონკურს ONIROS FILM AWARDS 2025-ის მეოთხედფინალში გადავიდა. ფილმი ეძღვნება ხუთი სასულიერო პირის, მათ შორის ქუთათელი მიტროპოლიტის, ნაზარ ლეჟავას, დახვრეტის ფაქტს. ეს ფილმი ტელეკომპანია „იმედისა“ და ნაზარ ლეჟავას ფონდის ერთობლივი პროექტია და მისი რეჟისორი და სცენარის ავტორი, სწორედ, გოდერძი შარაშიაა. ეს გოდერძისთვის პირველი საერთაშორისო კონკურსია და როგორც კინოკრიტიკოსები ამბობენ, ფილმს გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსი აქვს.
გოდერძი შარაშია: ფილმი „ნაზარის წერილები“ ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავაზეა, რომელიც 1924 წელს დახვრიტეს. მასთან ერთად დახვრიტეს ოთხი სასულიერო პირი, ანუ სულ ხუთი საეკლესიო მოღვაწე. ისინი დახვრიტეს მათი მოღვაწეობის გამო, რადგან საბჭოთა პროპაგანდას ეკლესიასთან დაკავშირებით უპირისპირდებოდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ რელიგიის, ასე ვთქვათ, გარდაქმნას და ახალი რელიგიის ჩამოყალიბებას, რომ მთავარი ღმერთი კომუნიზმი იყო და ასე შემდეგ. გარდა ამისა, წლებით ადრე, 1905 წელს, როცა საეკლესიო კრება გაიმართა, მიტროპოლიტი იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი ინიციატორი. მოკლედ, გასაბჭოების შემდეგ მოსულ ბოლშევიკებს ახსოვდათ მისი ეს ინიციატივები და რა თქმა უნდა, მას ავიწროებდნენ. 1924 წლის აგვისტოში ნაზარ ლეჟავამ და იმ ოთხმა სასულიერო პირმა ზესტაფონის რაიონში, დღევანდელ მუნიციპალიტეტში, სოფელ როდინაულში, მრევლის თხოვნით, აკურთხეს ეკლესია. სწორედ ეს გახდა მათი საბოლოოდ დაპატიმრებისა და შემდეგ დახვრეტის მიზეზი. ხუთივე დააპატიმრეს, თოკებით ურემზე მიაბეს, წამოიყვანეს, განაჩენი გამოუტანეს და იმავე დღეს დახვრიტეს.
– როგორ გახდა ეს ფაქტი დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეის ინსპირაცია?
– არსებობს ნაზარ ლეჟავას საქველმოქმედო ფონდი, რომელიც გაჭირვებულ ბავშვებს, უბინაოებს ეხმარება. ამ ფონდის წარმომადგენელი, მამა ნაზარი ბასილაია ამ იდეით მოვიდა ტელეკომპანია „იმედში“. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მთხოვა, მე გადამეღო. დახვრეტილ სასულიერო პირზე სულ არსებობდა ხუთი ფოტო და ოპერატორთან გიორგი ძოწენიძესთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ და 45-წუთიანი ფილმი გამოვიდა.
– რა განცდა გქონდა, როდესაც ფილმზე მუშაობდი?
– ფილმზე მუშაობისას, თითქოს, ერთი საუკუნით უკან დავბრუნდი. თითქოს, იმ პერიოდში ვცხოვრობდი და უსამართლობის ტკივილი მახრჩობდა.
– რამდენი ხანი მოგიწია იმ პერიოდში საუკუნით უკან ცხოვრება?
– ფილმს სამი თვე ვიღებდით, ერთი თვე კი დამონტაჟებას დასჭირდა. ანუ, ოთხი თვე მომიწია გასული საუკუნის დასაწყისში ცხოვრება. ფილმი ერთი თვის წინ გაიგზავნა ნიუ-იორკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე, სადაც ეძებენ ახალ სცენარისტს, ახალ რეჟისორს, ახალ ოპერატორს, ახალ ფილმებს და იქ მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფილმები. მოკლედ, მოვიდა წერილი, რომ ჩვენი ფილმი გავიდა ოთხეულში, ფინალში და ეს ნამდვილი მოულოდნელობა იყო ჩემთვის. თან, წერილში ეწერა: ფილმს აქვს შანსი, გავიდეს როგორც საუკეთესო ფილმი და მიიღოს პრიზი. ჩემი მეგობარი ლაშა ნებიერიძე, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ამ ფილმის ერთ-ერთი პროსიუდერია და მან მითხრა, ვერ წარმოიდგენ მსოფლიოდან რამდენი ასეული ფილმი მონაწილეობს ამ ფესტივალზეო. მანამდე ორ ფესტივალზე გავაგზავნეთ, მათ შორის ლოს-ანჯელესში, საიდანაც პირდაპირ „ოსკარებზე“ ხვდებიან (იცინის) და იქიდან მოვიდა წერილი: სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმი მოვიდა და წელს, რელიგიურ და ისტორიულ თემატიკაზე გადაღებულ ფილმებზე ნაკლები ინტერესი იყოო. ამიტომ, აღარ გავაგზავნეთ იქ, საიდანაც პირდაპირ „ჰოლივუდში“ და „ოსკარებზე“ ხვდებიან და არჩევანი გავაკეთეთ საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც მთელი მსოფლიო მონაწილეობს, მაგრამ არ არის დიდად პრეტენზიული. ფინალი 2 დეკემბერსაა (ინტერვიუ ჩაწერილია 24 ნოემბერს) და ვნახოთ რა მოხდება.
– გადაღებები სად მიმდინარეობდა?
– უამრავ ადგილას მომიწია ჩასვლა, მთელი ქვეყანა შემოვიარე, ძირითადი გადაღებები კი იყო ქუთაისში, სამტრედიაში, სოფელ როდინაულში, სადაც ეკლესია აკურთხეს და საიდანაც ეს სასულიერო პირები აიყვანეს, ვიყავით ბათუმში და ასე შემდეგ. ამ ფილმში მთელი ეპოქაა მიმოხილული, მთავარი ხაზი აქვს გასმული მათ ბრძოლას რელიგიის დასაცავად და სასტიკ განაჩენს. დაკითხივის ოქმი რომ წავიკითხე, ცრემლი მომადგა თვალზე. ეწერა: მეუფე, ტაძრის საკურთხევლად რომ წავიდა, მისთვის ხუთი მანეთი გადაუხდია მრევლს – გზის ფული. ამხელა მიტროპოლიტი ადგა, წავიდა იმ ხუთი მანეთით, აკურთხა ტაძარი და დახვრიტეს. ეს ის მეტროპოლიტი იყო, რომელმაც გელათისა და სვეტიცხოვლის განძი გადამალა და ნოე ჟორდანიას მთავრობას არ გაატანა.
– მიხარია, რომ ფილმში ჩადებულმა ენერგიამ, უძილო ღამეებმა, განცდებმა და შრომამ გაამართლა. ზოგადად, თუ გახსოვს შენი პირველი პროფესიული წარმატება?
– ჩემი წარმატებული პროექტი „იმედის გმირები“ იყო, იქაც ბევრს ვშრომობდი. ძალიან საინტერესოა სხვისი გმირული ისტორიების მოყოლა. არასოდეს დამავიწყდება ნავიანი მასწავლებელი, რომელსაც ბავშვები მიჰყავდა სკოლაში, დუშეთის რაიონის ორ სოფელს შორის და უწევდა ნავით გადაცურვა. ზოგადად, ტელევიზიაში მუშაობა 22 წლის ასაკში დავიწყე. „პირველი არხი“ ჩემი პირველი სამსახური იყო, ღამის გამოშვება „ქვიშის საათი“, რომელიც ზაზა ალექსიძეს და ნინო აბესაძეს მიჰყავდათ, იქ ვიყავი ჟურნალისტი, სადაც დამოუკიდებელ რეპორტაჟებს ვაკეთებდი. ჩემი პირველი რეპორტაჟიც მახსოვს: შევარდნაძე რომელიღაც ქვეყნის სტუმრებს აცილებდა და სიუჟეტი მქონდა იმაზე, რომ იმ დროს ვარკეთილში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შუქი მოვიდა. ანუ დაანახვეს უცხოელ სტუმრებს, რომ განათებული ქვეყანაა (იცინის). ხელფასი, დაახლოებით, 200-250 ლარი მქონდა და პირველი ხელფასი რომ ავიღე, ნახევარი დედას ვაჩუქე და ნახევარი ქაშუეთის ეკლესიას შევწირე.
„პირველი არხის“ შემდეგ ტელეკომპანია „მზეზე“ ვმუშაობდი და მერე „იმედში“ გადმოვედი, სადაც 2008 წლიდან ვმუშაობ, ზოგადად კი, ტელევიზიაში უკვე 30 წელია, ვმუშაობ. სხვა არაფერი ვიცი და ჩემი ცხოვრება ტელევიზიისა და კამერის გარეშე ვერ წარმომიდგენია.
– ამ 30 წლის განმავლობაში, პროფესიული კუთხით, ყველაზე დიდი სირთულე რა იყო?
– ჟურნალისტობა ისეთი პროფესიაა, სულ თან ახლავს სიძნელეები და სირთულეები. სირთულის გარეშე, მგონია, ნებისმიერი საქმე უინტერესოა. თუმცა, სირთულესაც გააჩნია და ამ სირთულეში მე არაკეთილისმსურველებსაც ვგულისხმობ და ბოროტ ადამიანებსაც. ყველანაირი ადამიანი გამოვიარე – ბოროტიც, კეთილიც, მოშურნეც, ორპირიც, ასეთიც, ისეთიც და აქამდე მოვედი. მე ჩემი განვლილი გზით კმაყოფილი ვარ. რაღაცებში გამიმართლა და შემდეგი დღე ნეგატივზე არასოდეს ამიგია. რამდენჯერმე ჩამითრია დარდმა, სევდამ, კითხვებმა, ეს ადამიანი რატომ მომექცა ასე-მეთქი. მერე მივხვდი, ეს დროს მართმევდა და ასეთ ადამიანებს აღარ დავუთმე დრო. 54 წლის ვარ და ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, ამიტომ, ნეგატიურ, შურიან და ბოროტ ადამიანებს ჩემს დროს ნამდვილად ვერ დავუთმობ. ჩემს ცხოვრებაში, ახლა სტაბილური ეტაპი დგას, ახალ ურთიერთობებს არ ვეძებ, ვინც აქამდე მომყვა, მათ ვუფრთხილდები, ვცდილობ, არ დავკარგო და არ დავეკარგო. მინდა, მშვიდად და წყნარად ვიცხოვრო, დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით. არ მინდა ახალი ადამიანები, მერე იმათი გადამოწმება – კეთილია თუ ბოროტი, ხვალ რას იზამს და ზეგ, ამის ნერვი და დრო არ მაქვს. განვლილი გზიდან გამომდინარე, ბევრი რამ შევაფასე და გადავაფასე, მათ შორის ურთიერთობები და ვინც ახლა მყავს, ამათ გავუფრთხილდები და სულ ესაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





