შოუბიზნესი

გიორგი ცხადაძე: მთლიანად ვფიქრობდი ჩემს პარტნიორზე, რას იღუღუნებდა და როგორ მიმიკებს მიიღებდა

№1

ავტორი: ეთო ხურციძე 11:00 12.01

გიორგი ცხადაძე
დაკოპირებულია

მომღერალი და ტელეწამყვანი გიორგი ცხადაძე მსმენელის წინაშე ახალი სიმღერით წარდგა – „გიორგობის თვე“. მან ცნობილი კომპოზიცია ახალი ვერსიით შემოგვთავაზა ბენდთან და თავის შვილთან, ოთხი თვის ნენესთან ერთად. მამა-შვილის დუეტს საზოგადოების მხრიდან ბევრი მოწონება და უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. გიორგიმ და მისმა მეუღლემ სალომე ლემონჯავამ ნენეს დებიუტზე „თბილისელებთან“ ისაუბრეს. 

გიორგი ცხადაძე: მართლაც საოცარი სიმღერაა, რისთვისაც დიდი მადლობა ავტორს – ავთო შარვაძეს. სახლში შემთხვევით ვმღეროდი გიტარაზე და ნენე თავისთვის ღუღუნებდა. პირველ ეტაპზე ვცდილობდი, რომ ბავშვი გამერთო, ყურადღება გადაეტანა და გაჩუმებულიყო, მაგრამ უცებ დავფიქრდი, ნენეს ღუღუნი უხდება გიტარას და იქნებ ეს ყველაფერი მუსიკალურ ფონად ვაქციო-მეთქი. თან მაშინ სამი თვის იყო. იქვე, ჩემივე მიკროფონზე ჩავწერეთ ღუღუნი და პირველი მონახაზი სახლში გავაკეთე. მერე ჩემს ბიჭებს ვუთხარი. მოეწონათ იდეა და მაშინვე აიტაცეს. ამ პანდემიის დროს ყველა მოწყურებულია სითბოსა და სიყვარულს და ამ ყველაფერს ეს იდეა გამოხატავდა. ვიდეორგოლიც ერთ დღეში გადავიღეთ.
– რამდენად რთული იყო გადაღების პროცესი?
სალომე ლემონჯავა: ვნერვიულობდით, რადგან ნენე ძალიან პატარაა – ოთხთვე-ნახევრის, მაშინ კი ოთხი თვის იყო. თან, პანდემიის პირობებში მაქსიმალურად ვცდილობთ, ბევრ ადამიანთან არ გვქონდეს ურთიერთობა და ბავშვმა ბენდის ბიჭები რომ დაინახა, დაიბნა. თუმცა, თამაშ-თამაშში მაინც აღუღუნდა და საბოლოოდ ის გამოვიდა, რაც მაყურებელმა უკვე ნახა.
გიორგი: ალბათ, ძალიან მოწყურებულია ქართველი მსმენელი სითბოსა და პოზიტივს, მით უმეტეს, დღეს, პანდემიის პირობებში. უამრავი დადებითი შეფასება მოდის. ყოველდღე მირეკავენ, გზაში მხვდებიან და მეუბნებიან: „უი, იქ ქუდი გეხურა, ახლა ვერ გიცანი“, „ეს რა საოცარია, ეს რა კარგია...“ მარტო ჩვენი გულშემატკივარი კი არ მოხიბლა ამ ვიდეომ, არამედ ყველა, დიდიც და პატარაც.
სალომე: მერე რომ დავფიქრდით, მსგავსი ფორმატის სიმღერა არც გვინახავს. არ ვიცი, რომ გაიზრდება, რა რეაქცია ექნება, იმედია, არ გაგვიბრაზდება. კარგი, სამახსოვრო რამ ექნება ჩვენგან.
– გიორგი, ადრე თქვი, რომ ძალიან გინდოდა, შენს შვილს მუსიკალური ნიჭი ჰქონოდა და მგონი, სურვილიც აგისრულდა.
გიორგი: მგონი, კი, ჯერჯერობით კარგი სტარტი აქვს. მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ აქეთ წავიყვანო და ამ მიმართულებით განვავითარო, იმედია, თვითონაც გამახარებს და კიდევ შევძლებთ დუეტების გაგრძელებას. სხვათა შორის პირველი ინსტრუმენტი ვუყიდე უკვე – უკულელე. ყოველ საღამოს ვუკრავთ ხოლმე და ნენესაც ძალიან მოსწონს.
– თქვენს ვიდეოს ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, როგორ ფიქრობ, დუეტი შედგა?
– ზოგადად, დუეტში სიმღერის დიდი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან, ამ დროს მნიშვნელოვანია არა საკუთარ თავზე ფიქრი, არამედ პარტნიორზე. როცა პარტნიორები ერთმანეთის სიცარიელეებს ავსებენ, მაშინ დგება ყველაზე კარგი და ჰარმონიული დუეტი. რამდენიმე ადამიანთან მქონდა წარმატებული დუეტი, მაგრამ მაინც იყო მომენტები, როცა საკუთარ თავზე უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე პარტნიორზე. ახლა კი, მთლიანად ჩემს პარტნიორზე ვფიქრობდი, რას იღუღუნებდა და როგორ მიმიკებს მიიღებდა. ამან, მგონი, შედეგი გამოიღო. ალბათ, თვითონაც ჩემზე ფიქრობდა (იცინის).
– როგორი გოგოა ნენე?
სალომე: ცოტა ჭირვეული და პრეტენზიულია. დაბადებიდან თავისი ხასიათი აქვს და დამოუკიდებელი ადამიანია. ვიდრე დაიბადებოდა, სულ სხვა მოლოდინი გვქონდა, ვფიქრობდით, რომ ცალკე დავაწვენდით, ძილის რეჟიმი ექნებოდა, სეირნობის პროცესი ძალიან ჩუმი წარმოგვედგინა და ასე შემდეგ. ნენემ ყველაფერი ამოატრიალა, საერთოდ არ არის ისეთი, როგორიც ჩვენს წარმოდგენაში იყო. მას აქვს თავისი მოთხოვნები: არ უნდა ცალკე დაიძინოს, მაშინ იძინებს, როცა თავად მოისურვებს... აქამდე ჩვენ ნენეს ვეჩვეოდით და ნენე – ჩვენ, ახლა, მგონი, ავეწყვეთ.
გიორგი: ყოველთვის მიკვირდა ხოლმე, სამეგობროში, ვისაც შვილები ჰყავდა, რატომ არასდროს ეცალათ და როგორ შეიძლებოდა, ვერ მოეგვარებინათ ბავშვის საკითხი ისე, რომ სადღაც დაეტოვებინათ, თავად კი ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. ეს ყველაფერი, თურმე, მართლა შეუძლებელი ყოფილა. სალომეს დედა ძალიან გვეხმარება. ჩვენ დილით გავდივართ სამსახურებში და საღამოს ვბრუნდებით. და ის ისეთი დაღლილი გვხვდება ხოლმე, ენერგია აქვს ბოლომდე ამოწურული (იცინის). ნენე მერე ჩვენ გვაცლის ენერგიას, სანამ დაიძინებს.
– რა შეცვალა ნენეს დაბადებამ თქვენს ცხოვრებაში?
სალომე: მე და გიორგი ძალიან დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ – ბავშვობიდან. ერთი წლის წინ არ მეგონა, თუ შეიძლებოდა, უფრო მეტად მყვარებოდა, მაგრამ ახლა მართლა უფრო მიყვარს, ვიდრე ადრე.
გიორგი: ჩვენ ერთმანეთს პარტნიორებს ვეძახით, რადგან ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ბევრ რამეში ვეხმარებით, კარიერაშიც კი ვაძლევთ რჩევებსა და შენიშვნებს. ნენეს გამოჩენამ კიდევ მეტად დაგვაახლოვა, თითქოს კიდევ უფრო გაგვაერთიანა. ორივეს დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ერთმანეთს მხოლოდ საღამოობით ვხვდებოდით ხოლმე. ახლა ასე აღარაა, ნენე აუცილებლად მოითხოვს თავის დროს, შესაბამისად, გაცილებით ხშირად ვხვდებით. ერთმანეთი ხომ გვიყვარს, მაგრამ ნენეს მიმართ ჩვენი სიყვარული კიდევ უფრო აძლიერებს ამ გრძნობას.
ნენესთვის პირველი ახალი წელია და რამე განსაკუთრებული სამზადისი ხომ არ გაქვთ?
– კი, გავალამაზეთ სახლი. ნენეს აქვს ხოლმე ამოჩემებული სათამაშოები, მუსიკაზეც ასეა, რაც მოსწონს, მოსწონს და მორჩა! ჩვენც მოვუტანეთ ძალიან ბევრი სათამაშო, დიდი ნაძვისხე გვქონდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ვიყიდეთ, რომელიც სახლში არ გვეტევა (იცინის). ეს ნაძვისხე ღამე მოვრთეთ, მთლიანი სახლიც – გვინდოდა, დილით სიურპრიზი გაგვეკეთებინა ბავშვისთვის. გაიღვიძა ნენემ და მოხდა ისე, რომ სიურპრიზი მაგრად არ მოეწონა (იცინის).
სალომე: გაეფანტა ყურადღება, დაიბნა და რისთვის შეეხედა არ იცოდა (იცინის). ჩვენ კიდევ გაგიჟებულები ვიყავით, პირველი ახალი წელი რომ იყო და მაქსიმალურად მოვემზადეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...