გიორგი თორაძე: ახალი წლის ღამეს, ჩემი და დედაჩემის თვალწინ, მამა ინფარქტით გარდაიცვალა. მაინც შევძელი, ავდექი, წავედი, დავდექი სცენაზე და ახალი წელი სიმღერით მივულოცე ხალხს
ავტორი: ნონა დათეშიძე 21:00 02.10

28 წლის გიორგი თორაძის, იგივე თორჩოს, საზოგადოებაში, სცენაზე თუ სოციალურ ქსელში გამოჩენა, პოზიტივს იწვევს. თავისი გულწრფელობით, დადებითი ემოციებითა და სილაღით, რომელიც დაბადებიდან დაჰყვა, აუცილებლად გაყვარებთ თავს. ფაქტია, მის გვერდით ადამიანი არ მოიწყენს და გამორიცხულია, რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე იყოს, ხასიათი არ გამოუკეთდეს.
თორჩო: ბავშვობიდან სცენაზე დგომა მინდოდა, გაუაზრებელი ასაკიდან წარმოვიდგენდი, როგორ გამოვდიოდი ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე. უცნაურად ვიცვამდი, გავდიოდი ჩემი ბინის აივანზე, წარმოვიდგენდი გარშემო კორპუსებიდან როგორ მიყურებდნენ და ვაკეთებდი პერფორმანსებს. მეგონა, ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებდა (იცინის). მაშინ, 4 წლის ვიყავი და ჩემი გასართობი ჩემი აივანი იყო. ბავშვები სადარბაზოში ვატარებდით ხოლმე კონცერტებს და ჩემი პირველი აუდიტორია და მსმენელი ჩემი სამეზობლო და ოჯახის წევრები იყვნენ. 10 წლის ასაკში კი ვოკალის პედაგოგთან დავიწყე სიარული და სიმღერას სერიოზულად მოვეკიდე. ძალიან მოვეწონე პედაგოგს, სტუდია ერთი წელი ემზადებოდა გამოსაშვები კონცერტისთვის, მე ერთი თვის მისული ვიყავი და პროგრამაში მაშინვე ჩამსვეს. იმ ერთ თვეში ბევრი რამ მასწავლეს. ასე რომ, ჩემი პირველი სცენაზე დადგომა აკაკი ხორავას თეატრის სცენაზე შედგა. მოკლედ, ხუთი წლის ასაკში აპლოდისმენტები წარმოვიდგინე, შვიდი წლის ასაკში სადარბაზოში მივიღე, ათი წლის ასაკში ხორავას თეატრში და მერე, სცენის მასშტაბებიც გაიზარდა, ქვეყნებიც და აპლოდისმენტებიც (იცინის).
– ვფიქრობ, შენი, როგორც მომღერლის, წარმატებული კარიერა, „ანა ბანადან“ დაიწყო, როცა პროექტი მოიგე. ხომ ასეა?
– 12 წლის ვიყავი, გარდატეხის ასაკი მეწყებოდა, რაღაცნაირად, არაფრის არ მჯეროდა და არც კონკურსზე მინდოდა გასვლა. ჩემი გარემოცვიდან გამომდინარე, ბევრი კომპლექსი მქონდა. მოკლედ, სულ მესმოდა, რომ ყველგან ჩაწყობაა და კონკურსებში წასვლას აზრი არ აქვს. პედაგოგმა, რომელთანაც დავდიოდი, მაშინ მითხრა ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი რამ: მოდი, მე მოგამზადებ ისე, რომ საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული იყო და უბრალოდ, ვცადოთ, თუ არ აგიყვანეს, მაშინ გაგიმყარდება შენი მოსაზრება, რომ მართლა ჩაწყობააო. ამით „შემახვია“ და ასე, მომზადებული მივედი ამ კონკურსზე. დავტესტე ჩემი თავი – მე მზად ვარ, თუ ამიყვანთ პროექტში ხომ კარგი, თუ არა და, მაშინ გამართლდება ჩემი მოსაზრება, რომ ყველგან ჩაწყობაა-მეთქი. ამიყვანეს კი არა, მეტიც, გავიმარჯვე და პირველ ადგილზე გავედი. როგორც კი „ანა ბანა“ დამთავრდა, ვასო აბაშიძის სახელობის „მუსკომედიაში“ დამიძახეს, მიუზიკლ „მუსიკის ჰანგებში“, სადაც დამამტკიცეს ერთ-ერთ როლზე. ასე რომ, ჩემმა, ასე ვთქვათ, მუსიკალურმა „მოღვაწეობამ“ „ანა ბანადან“ თეატრში გადაინაცვლა. სამი თვე ვთამაშობდი სპექტაკლში და რომ დამთავრდა, მერე ისევ მქონდა გაურკვევლობა, ახლა რა ვქნა-მეთქი. მაშინ, 15 წლის ვიყავი, მუტაცია დამეწყო, არ შეიძლებოდა იმის მღერა, რასაც მანამდე ვმღეროდი და ამ დროს გამოჩნდა „ქვინტესენსი“, რომლის წყალობითც მსოფლიო მოვიარე და ეს ბედნიერი დღეები მთელი 10 წელი გაგრძელდა.
– პროფესიით ვინ ხარ?
– დამთავრებული მაქვს კულტურის მენეჯმენტი. ძალიან მინდოდა, სამსახიობოზე ჩაბარება, მინდოდა, პროფესიით მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ 17 წლის ასაკში, როცა თეატრალურში ვაბარებდი გამოცდებს, მითხრეს: არა, შვილო, შენ არაფერი გამოგივაო და პირველივე ტურში ჩამჭრეს და გამომისტუმრეს (იცინის). კულტურის მენეჯმენტიც მაინტერესებდა, ისიც მქონდა ჩაწერილი და სამსახიობო ტურებზე რომ მითხრეს, არაო, მერე კულტურის მენეჯმენტზე ჩავაბარე და ვისწავლე ოთხი წელი. დღეს ძალიან მადგება და ერთი წამითაც არ ვნანობ, სამსახიობოზე რომ არ მიმიღეს. სამსახიობო ოცნებაც ახდენილი მაქვს, სერიალ „ვინ იცის მერიში“, მიმიწვიეს, დათო ღლონტის როლი ვითამაშე, საოცარი გამოცდილება მივიღე და ჩემი ცხოვრების ის რამდენიმე დღე საინტერესო პერიოდი განვვლე. ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო და თუ კიდევ იქნება შემოთავაზება, აუცილებლად სიამოვნებით დავთანხმდები სერიალში მონაწილეობაზე. თეატრშიც ვთამაშობდი, მაგრამ ახლა აღარ გვაქვს თეატრი, ლელა წურწუმიას ბენდიდანაც წამოვედი და ახლა, ვარ ჩემი თავის ბოსი, ვაკეთებ ჩემს პროექტს –„თორჩოს“ და ვმუშაობ ალბომზე. ძალიან ბევრი ახალი სიმღერის ჩაწერაა დაგეგმილი და ვაგრძლებ ჩემს სოლო კარიერას. ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ ახალ ალბომზე. შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ უარს ვამბობ, რადგან ლამის ოცდაოთხი საათი სტუდიაში ვარ. მეორე ალბომზე ვმუშაობთ. დაახლოებით, ერთ თვეში გამოვუშვებთ ახალ სინგლს და სამომავლოდ გპირდებით დაუვიწყარ შოუებს ჩემგან და ჩემი გუნდისგან. შეიძლება, ითქვას, ახლა ინკუბაციის პერიოდი მაქვს, ვცდილობ, მოწყვეტილი ვიყო გარე სამყაროს და ჩემი იდეები, რომლითაც მინდა, შოუები გავაკეთო, ტვინში ვაგენერირებ. მაქვს ბევრი იდეა, რომლის ფილტრაციაც მიდის ჩემს ტვინში და მეგობრებთან ერთად. გაზაფხულიდან კი ვაპირებთ, გავაკეთოთ დიდი შოუები. ასე რომ, ექვსი თვე მოწყვეტილი უნდა ვიყო სამყაროს, მანამდე კი, ცოტა ხნით, მილანში ვაპირებ დასასვენებლად... არა, უფრო ინსპირაციის მოსაგროვებლად წასვლას. სხვათა შორის, როცა გადავწყვიტე, სოლო კარიერა გამეკეთებინა, ალბომი ჩამეწერა და „თორჩოს“ პროექტი შემექმნა, რაზეც ახლა მე და ჩემი გუნდი მუშობთ, ლელას ბენდიდან წამოვედი, დავიტოვე მხოლოდ თეატრი და ბოლო დროს, პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ისე მოხდა, რომ თეატრი, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს. მე დასის წევრი არ გახლდით, მოწვეული მსახიობი ვიყავი. ასე რომ, შესაბამისად, სპექტაკლები შეჩერებულია და აღარსად არ ვარ, გარდა ჩემი საქმისა, რომელსაც ახლა ვაკეთებთ. აქვე ვიტყვი, რომ ლელას ბენდში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ, ვფიქრობ, არ შეიძლება, ხელოვანმა ადამიანმა ერთსა და იმავე სამსახურში გაატაროს თავისი ცხოვრების ბევრი წელი. ჩემი აზრით, 6 წელი საკმარისი დრო იყო. ლელას და მამულიჩას ძალიან დიდ პატივს ვცემ, საუკეთესო ადამიანები არიან, უდიდესი კომფორტის ზონა იყო მათთან მუშაობა. მაგრამ, მე ვარჩიე ყველა კარის დაკეტვა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რომ მარტო დავრჩენილიყავი და ჩემს თავზე მემუშავა.
ყველა კარი კი დავხურე ჩემ გარშემო, მაგრამ ფანჯარა ღია დავტოვე, საიდანაც ჩემი მომავალი განვითარების პერსპექტივა ჩანდა.
– თორჩო, წარმოშობით საიდან ხარ?
– ეს ყველაზე მტკივნეული კითხვაა ჩემთვის. სოფელი არ გვაქვს და აღდგომას რომ ვიკრიბებით, ისეთი ამბავი ხდება სასაფლაოზე, ერთი თვალით რომ შეგახედათ, ბევრს იცინებდით. ყველა ჩემი ნათესავი ჩხუბობს, ყველა სხვადასხვა რამეს ამტკიცებს – ზოგი ამბობს, რომ რაჭიდან ვართ, ზოგი – კოლხები ვართო და მართლა მრცხვენია, რომ დღემდე ვერ გავარკვიე, საიდან მოდის ჩემი გვარის წარმოშობა. მოკლედ და კონკრეტულად, არ ვიცი ჩემი გვარის, თორაძის განშტოება, რომელი კუთხიდან მოდის და ბაბუაჩემმაც კი არ იცოდა. უცნაური და სამარცხვინოა, რასაც ვამბობ, მაგრამ ასეა (იცინის). მამის მხრიდან ქართველი ვარ, მაგრამ დედის მხრიდან სერიოზული მიქსია, რადგან არ არის ქართველი, ნახევრად ლიტველია, ნახევრად – რუსი და აქაც კარგად მაქვს გასარკვევი, მესამე რომელი ეროვნების სისხლი ურევია (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, გენეტიკურად ჰიბრიდი ვარ, გამოყვანილი ჯიში-მეთქი (იცინის). ახლა დავფიქრდი, ჩემი ახალი ალბომის სახელწოდება ხომ არ იყოს „გენეტიკური მიქსი“ (იცინის).
– შენს ცხოვებაში იყო ისეთი სიტუაცია, როცა არ გემღერებოდა ან წამით გაიფიქრე, სცენას ჩამოშორებოდი?
– როგორ არა, იყო და ძალიან ცუდად ვიყავი. 2020 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს. ჩემი და დედაჩემის თვალწინ მამა ინფარქტით გარდაიცვალა. ძალიან რთული პერიოდი იდგა მაშინ – დაიწყო კორონა, გამიჩერდა კონცერტები, ამას დაემატა ჩემი დეპრესიული ფონი, რადგან ვერ ვხვდებოდი, რა მეკეთებინა, პლუს ამას, მამაჩემის გარდაცვალება. მამის გარდაცვალების დღეს კონცერტისთვის ვემზადებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემ თვალწინ გარდაიცვალა, მაინც შევძელი, ავდექი, წავედი, დავდექი სცენაზე და ახალი წელი სიმღერით მივულოცე ხალხს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და მტკივნეული იყო, მაგრამ ეს, ალბათ, ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო – მიუხედავად დიდი ტკივილისა, სცენაზე ვმდგარიყავი და მემღერა. ვცდილობდი, გავქცეოდი რეალობას და კარგი განწყობით შემენიღბა ჩემი თავი და ჩემი ტკივილები. მამის გარდაცვალების მერე ყველაფერი, ყველა ვალდებულება ჩემზე გადმოვიდა, მე გავხდი ოჯახის მარჩენალი. ჩემი სიძლიერე უნდა დამენახვებინა დედაჩემისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრების სიყვარული დაკარგა. სიყვარულის თუ მჯერა და ოდესმე თუ რამე მსმენია, დამინახავს და გამიგია, დედაჩემისა და მამაჩემის ურთიერთობიდან იყო განპირობებული.
– რამდენად ძლიერი აღმოჩნდი ამ სიტუაციაში, რამდენი ხანი გაგრძელდა დეპრესიული მდგომარეობა და რა კვალი დატოვა შენს შინაგან სამყაროზე იმ ტკივილმა, განცდამ და დეპრესიამ?
– დიდი ხანი არ ვაღიარებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იმ რთულ სიტუაციაში საკმაოდ ძლიერი აღმოვჩნდი. ცუდად ვიყავი, მაგრამ ვნიღბავდი საკუთარ თავს, რომ დედაჩემსა და ჩემს დას უფრო მეტად არ განეცადათ. მათ გამო სიძლიერის ყველა რეფლექსი მქონდა ჩართული. ფაქტს არ ვიღებდი, რომ ეს მოხდა და დროის გასვლის რაღაც ეტაპზე რომ გავიაზრე, მერე მოვდუნდი, მოვეშვი და დამარტყა. რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს დეპრესიული მდგომარეობა. ამ დროს ადამიანები ცდილობენ, არ შეეგუონ და გაექცნენ რეალობას, რაც ძალიან რთულია, „გადასახარშად“ და აღსაქმელად. მეც პირველი, რაც დედას ვუთხარი, ახლაც მახსოვს: არა უშავს, დე, ცხოვრება გრძელდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება მამის გარეშე. თითქოს დაცვითი მექანიზმი ჩამერთო და მგონია, უმეტესობას ასე ემართება. იმ დროს ვეძებდი ჩემთვის ყველაზე მშვიდ სივრცეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან