შოუბიზნესი

გიორგი სუხიტაშვილი: მინდა, როცა აღარ ვიქნები, „სუხიტას ბაღი“ დარჩეს და იცოდნენ მის შესახებ

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 08.04

გიორგი სუხიტაშვილი
დაკოპირებულია

მშობლიური სოფლის სიყვარულმა გიორგი სუხიტაშვილს კარგი ამბები წამოაწყებინა – გადაწყვიტა, თავის მიწაზე „სუხიტას ბაღი“ გააშენოს, მალე „ზღაპრის სახლიც“ დასრულდება და პროცესი, რომელიც მომღერლისთვის ძალიან სასიამოვნოა, ბევრ კარგ შედეგს მოიტანს.

გიორგი სუხიტაშვილი: „სუხიტას ბაღის“ შექმნის იდეა ოთხი წლის წინ გამიჩნდა, მაშინ, როცა ჩემს ნაკვეთში პირველად დავრგე სამი მუხის და სამი ნეკერჩხლის ნერგი. ყოველთვის მინდოდა, ამ ადგილას პატარა სახლი მქონოდა თუმცა, ეს ძალიან შორეული პერსპექტივა მეგონა. მართლა არ მეგონა, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ დღეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ვფიქრობდი, უკვე სახლი დგას. ვიღაცის საზომით, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია და მართლაც ასეა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ საკუთარი სურვილი სისრულეში მოვიყვანე. პაპაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ამ ტერიტორიის განახლება გადავწყვიტე, მინდოდა, აქაურობასთან მომავალშიც ყოველდღიური შეხება მქონოდა. ასეც მოხდა, პრაქტიკულად, ყოველ მეორე დღეს იქ ვარ.

– რა ბედი ეწია ძველ სახლს, სადაც პაპა ცხოვრობდა?

– ის სახლი თავის ადგილას დგას, ახალი სახლი გვერდით ნაკვეთში ავაშენე. ის სახლი მთელი ოჯახისაა – მშობლების, ჩემი და-ძმის. ჩვენს მშობლებს არასდროს უფიქრიათ, რომ სხვა შვილები წავიდოდნენ და ეს სახლი მხოლოდ ერთს დარჩებოდა. ეს არის ჩვენი ბავშვობისა და მოგონებების სახლი. ამიტომ მას მნიშვნელობა თუ არ შეემატება, ნამდვილად არ მოაკლდება. მე გადავწყვიტე, ცალკე სახლი გამეკეთებინა, ჩემთვის. ზოგადად, მე ბავშვობიდან ასეთი ტიპი ვარ. მიყვარს სიმყუდროვე, მარტო ყოფნა და ფიქრი. როცა წერ, მუშაობ თუ ფიქრობ, საკუთარი სივრცე გჭირდება და ისედაც, მგონია, რომ ადამიანმა ცხოვრებაში საკუთარი უნდა შექმნას. ისევე, როგორც თავის დროზე ჩემმა მშობლებმა გააკეთეს, როგორც პაპაჩემმა გააკეთა და ასე შემდეგ – ეს ბუნებრივი ამბავია.

ადამიანებს ცოტა უცნაური რეაქცია აქვთ, რატომღაც თვლიან, რომ თუ ახალს აკეთებ, ძველს აღარ აქცევ ყურადღებას. ასე არ არის. ის სახლი ყველასთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მე აქ კიდევ ჩემი იდეები მაქვს. ჩემს ბაღში კიდევ მინდა პატარა სახლუკების აშენება. მინდა, სამომავლოდ საფესტივალო სივრცე გავაკეთო, შესაბამისი ადგილი მცირე კულტურული ღონისძიებებისთვის და ასე შემდეგ. ასე, რომ ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, პირიქით მგონია.

– თქვი, რომ ეს შორეულ პერსპექტივად გესახებოდა და როგორ გადაწყვიტე დაწყება?

– მე ძალიან მიყვარს სპონტანურობა. ეს გადაწყვეტილებაც ასე მივიღე. დრო ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე, ალბათ, კიდევ უფრო მგრძნობიარე ვარ მის მიმართ. ამიტომ გადავწყვიტე, დრო აღარ დამეკარგა, სესხი ავიღე და საქმეს შევუდექი. სიტუაცია რომ შევაფასე, მივხვდი, რომ ამისთვის ერთიანი ფული ვერ მექნებოდა. ამიტომ ლოდინს აზრი არ ჰქონდა. „ფული რომ ჩამივარდება, მერე გავაკეთებ“ – ჩემს პროფესიაში ამგვარ გეგმებს ვერ დააწყობ, რადგან ასე არ ხდება, ერთიანად საჭირო თანხას ვერ აიღებ, ამიტომ სესხის დახმარებით შევეჭიდე ამ ამბავს.

– დედამ მას „ზღაპრის სახლი“ დაარქვა, არა?

– კი. სანამ საძირკველს ჩავყრიდი, დედამ მონახაზი ნახა და შესაბამისად, სახლის შესახებ დაახლოებითი წარმოდგენა ჰქონდა. საძირკველს რომ შეხედა, მაშინვე თქვა: რომ აშენდება, ზღაპრის სახლი იქნებაო და მართლა ეგეთი პატარა და საყვარელი სახლი გამოვიდა.

– როგორია ზღაპრის სახლზე მუშაობის პროცესი?

– ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. მოპირკეთების ეტაპზე ვართ. ახლა მანქანაში ვზივარ და მარადმწვანე მცენარეებით დატვირთული მივდივარ. ეს მცენარეები ჩემი ბაღისთვის სანერგედან წამოვიღე და ამინდები რომ გამოვა, მაშინვე დავრგავ.

– როგორ უმკლავდები ამ ამბავს პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, თან თბილისიდან?

– ბებოს გარდაცვალების შემდეგ, სანამ პაპა ცოცხალი იყო, თითქმის ყოველ მეორე დღეს დავდიოდი მასთან და ეს დამეხმარა. იმდენად მივეჩვიე ამ გზას, რომ ჩემთვის შორი აღარ არის. უხეშად რომ დავთვალოთ, ჯამში, 200 კილომეტრის გავლა მიწევს ორივე გზაზე. მთავარი მოტივაცია და იმ ადგილის სიყვარულია, საიდანაც ხარ. მე ჩემი ბავშვობის, წინაპრებისა და მიწის სიყვარული მეხმარება. შეიძლება, ეს ბევრისთვის სადღეგრძელოსავით ჟღერს და რომ მეთქვა და არაფერი გამეკეთებინა, მართლა სადღეგრძელოდ დარჩებოდა, მაგრამ ვინც ბოლო წლებში ოდნავ მაინც ადევნებდა თვალს ჩემს ცხოვრებას, დარწმუნებული იქნება, რომ ჩემთვის ეს მხოლოდ სადღეგრძელო ნამდვილად არ არის. ყოველ მეორე დღეს ამ გზას გავდიოდი და გავდივარ იმიტომ, რომ ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს. სირთულე და სიზარმაცე მაშინ მოდის წინა პლანზე, როცა კონკრეტულ ადგილთან ემოციური ბმა არ გაქვს. თუ ადგილი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეგ ვერ შეგაჩერებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კარგ ადამიანებთან უნდა იურთიერთო. ვგულისხმობ ჯგუფს, ვინც ამ სახლზე იმუშავა და მუშაობს. ვიდრე კონკრეტულ ადამიანებს დავუკავშირდებოდი, იყო ბევრი ტყუილი, ბევრი შემოთავაზებაც მქონდა, არაერთი კომპანია დაინტერესდა „სუხიტას ბაღით“, უნდოდათ, რეკლამა გაეკეთებინათ, მაგრამ არ გამოვიდა. როგორც ხდება ხოლმე, ყველა მაქსიმალურად ცდილობს, თავისი ინტერესები გაატაროს და ამ პროცესში შენი ინტერესი იკარგება. მომიწია სრული ტვირთი საკუთარ თავზე ამეღო და შესაბამისი ადამიანები მეპოვა. მომავალში ბევრ ადამიანს და კომპანიას გადავუხდი მადლობას ამ საქმეში მცირე წვლილის შეტანისთვის. ყველა ამბობს, რომ ძალიან სასიამოვნოა, ასეთ ამბავში მონაწილეობის მიღება და ეს მახარებს. შეიძლება, დღეს მე სხვისთვის მოტივატორი აღმოვჩნდე, მაგრამ მე თვითონ ასეთი არავინ მყოლია. ჩვენთან, რეგიონში არც ხის სახლი აუშენებია ვინმეს და არც ასეთი ინტენსიური კავშირი აქვს ქალაქიდან სოფელთან. ამით იმის თქმას არ ვცდილობ, რომ მე განსაკუთრებული ვარ, მართლა არავინ ვიცი, ვინც ქალაქიდან სოფელში ყოველ მეორე დღე დადის. შეიძლება, არსებობს კიდეც ასეთი ადამიანი, მაგრამ მე არ შემხვედრია. ამიტომ, ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი ეს ქმედება, თუნდაც ერთი ადამიანისთვის გახდება მოტივაცია.

– სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავს და ალბათ, ეს ფაქტი მათთვისაც მოტივაციაა.

– მარტო ბაღის გვერდს უკვე 10 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ყველას ვეუბნები, თამასას ნუ ასწევთ იქამდე, რომ აუცილებლად სახლი ააშენოთ. როგორც ვთქვი, მე ბაღში სამი ხე დავრგე და ამით მე ამ ადგილას ჩემი ისტორიის წერა დავიწყე.

დასაწყისშივე სახლის აშენება საკმაოდ მძიმეა. შეიძლება, ვიღაც ამ სიმძიმეს მარტივად გაუმკლავდეს, მაგრამ ყველას არ აქვს ამდენი საშუალება. ვინც ჩემსავითაა, დიდი შემოსავალი არ აქვს, მაგრამ სურვილი აქვს, ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივად, ბუჩქით შეუძლია დაიწყოს და მერე მასზე ზრუნვა და მისდამი პასუხისმგებლობა ბევრს შეაძლებინებს. თუ ესეც პრობლემაა, დამიკავშირდნენ, მეც სიამოვნებით მივცემ ნერგებს.

– ბევრისგან ისიც გვესმის, რომ არ სცალიათ, სამსახურისა და სხვა პასუხისმგებლობების გამო.

– ახლა მე მკითხონ – დღეს დილით, მიუხედავად იმისა, რომ მაგრად წვიმდა, ავდექი და რვა საათზე წავედი აფრიკის დასახლებაში, სანერგეში. ნერგები წამოვიღე და საათ-ნახევარი საცობში ვიდექი. მერე ვაკეში მივედი რეპეტიციაზე, ორ საათზე მეტი იქ ვიყავი, იქიდან წამოვედი და ახლა სოფელში მივდივარ. ჩავალ, მცენარეებს დავაბინავებ, კიდევ რაღაც საქმეებს გავაკეთებ და ისევ თბილისში დავბრუნდები, რადგან აქ ხვალ დილით ეთერი მაქვს. სურვილია მთავარი, თორემ საქმის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი.

– შემოქმედებით პროცესს არ მოწყვეტილხარ და არაფერი დაგიპაუზებია...

– არავითარ შემთხვევაში. ეგ კიდევ ცალკე მცდარი შეხედულებებია. მწერენ ხოლმე, დარჩი სოფელში, თბილისში რაღატომ მოდიხარო. ეს მარაზმია, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ვიღაცებმა გადაწყვიტეს, სხვა ადამიანს დაუგეგმონ, სად წავიდეს და სად არა და მეორე, რატომ უნდა დავრჩე სულ სოფელში?! მე პროფესია მაქვს, მე არ ვარ ფერმერი, მე არ ვიცი ეს საქმე და რატომ უნდა დავანებო თავი ჩემს საქმეს?! მინდა, სოფელში მქონდეს მყუდრო ადგილი, სადაც ჩავალ, წყნარად დავჯდები, ვიმუშავებ, დავისვენებ და ასე შემდეგ, მაგრამ კონცერტი, ორკესტრი, ჩაწერა, რეპეტიცია და ის ყველაფერი, რაც ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია, რატომ უნდა მივატოვო?!

– რამდენად ხელმარჯვე აღმოჩნდი?

– რაც შეეხება სახლის შენების პროცესს, დიდად არ ჩავრეულვარ, იმიტომ რომ ხეზე მუშაობა საკმაოდ სპეციფიკურია და მირჩევნია, ეს პროფესიონალებმა გააკეთონ. თუმცა, ბაღის მოვლა ბავშვობიდანვე მაინტერესებს. პაპა ჰექტრობით ნაკვეთებს უვლიდა, ყველაფერს თვითონ აკეთებდა და მისი დამსახურებით, ელემენტარული უნარები მეც მაქვს. შესაბამისად, ასე თუ ისე, ვიცი, როგორ უნდა მოვუარო მცენარეებს. ბაღში ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული.

– სასიამოვნოდ დაღლილი რომ უყურებ საკუთარ ნამუშევარს, რას ფიქრობ, სამომავლოდ, როგორი წარმოგიდგენია ეს ადგილი?

– თავიდანვე მქონდა სურვილი, რომ ბევრი წლის შემდეგ, ეს ყოფილიყო განსხვავებულად გამწვანებული ბაღი და დღემდე ეს სურვილი მამოძრავებს. ხეები არალოგიკურად მაქვს დარგული, თან ძალიან ბევრნაირი, მინდა, მრავალფეროვნება იგრძნობოდეს. მინდა, წლების შემდეგ, აქ ბევრი ჩიტი იყოს, ბევრი სიმწვანე, ჩრდილი და ჟრიამული. მინდა, როცა მე აღარ ვიქნები, „სუხიტას ბაღი“ დარჩეს და იცოდნენ მის შესახებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა