შოუბიზნესი

გიორგი შალვაშვილი: იმდენჯერ ვარ თავიდან დაბადებული, რომ ვეღარ ვითვლი

№7

ავტორი: ნონა დათეშიძე 15:00

გიორგი შალვაშვილი
დაკოპირებულია

გიორგი შალვაშვილი მშვიდი, გაწონასწორებული და თბილი ხასიათით გამოირჩევა და მიუხედავად წარმატებისა, ტკივილისა, განცდისა თუ ტრაგედიისა, მაინც იმ ადამიანად დარჩა, ვინც გულით განიცდის, ცდილობს, გაჭირვებულს დახმარების ხელი გაუწოდოს და გვერდით დაუდგეს. ცხოვრებამ ის ბევრჯერ დააყენა განსაცდელის წინაშე, სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში, მაგრამ უფლის იმედი არასდროს დაუკარგავს.

გიორგი შალვაშვილი: ასპროცენტიანი ინტუიცია მაქვს, ზუსტად ვიცი, სად, რა, როგორ. ჩემი სიზმრები კი ნამდვილი სასწაულია, ასე მგონია, ცხადში ვხედავ. ახლახან დამესიზმრა: სახლში ვიყავი და კაკუნი იყო. მესმის დედაჩემის ხმა: გიორგი, კარი დაკეტეო. ვეუბნები: დედა, დავკეტო თუ გავაღო-მეთქი? დაკეტეო... და გამეღვიძა. მეორე დილით წავედი სასაფლაოზე და მისი საფლავის კარი ღია იყო. არადა, სპეციალური საკეტი აქვს.

– სიზმრის გარდა, წინასწარი შეგრძნებები თუ გაქვს, რისი გათვალისწინებითაც ცუდ შედეგებს აცდი?

– როგორ არა. წინასწარი შეგრძნებების გათვალისწინებით საკმაოდ ბევრ უსიამოვნო შედეგს ავცდი. ისრაელში უნდა გავფრენილიყავი, რაღაცნაირად არ მიმიწევდა გული და უარი ვთქვი. იმ თვითმფრინავს, სადაც მე უნდა ვმჯდარიყავი, ტექნიკური პრობლემა შეემთხვა და აფრენიდან ნახევარი საათის მერე უკან მობრუნდა და დაჯდა. ასეთი შეგრძნებები ხშირად მაქვს და ვცდილობ, მის წინააღმდეგ არ წავიდე. დედა მეუბნებოდა: მამალი ვანგა ხარო (იცინის). არ არსებობდა, მე რამე მეფიქრა და ის ისე არ მომხდარიყო. შეხვედრაზე რომ მივდივარ, ზუსტად ვიცი, მივალ და არ დამხვდება ადამიანი. მაინც მივდივარ და არ მხვდება.

– წინასწარი შეგრძნებები, მხოლოდ საკუთარ თავზე გაქვს დაცდილი, თუ სხვებიც გაგიფრთხილებია და მათთვის აგირიდებია საფრთხე?

– ჩემი წინათგრძნობების დამსახურებით ბევრი ადამიანისთვის ამირიდებია საფრთხე. არ დამავიწყდება, მე და ჩემი ძმა სოფელში ვიყავით. ის წასვლას აპირებდა და ვთხოვე, ცოტა ხანს მოიცადე, არ წახვიდე-მეთქი. გაუკვრიდა, რატომო? ვუპასუხე: არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მინდა და ათი-თხუთმეტი წუთი მოიცადე და მერე გადი-მეთქი. დამეთანხმა და სოფლის გასასვლელთან ისეთი ავარია იყო, 5-6 მანქანა ერთმანეთში იყო აზელილი. მართლა ვანგა კი არ ვარ, ზუსტად მივხვდე წინასწარ რა მოხდება, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ მოსალოდნელ საფრთხეს. ბევრჯერ ყოფილა, დილით ადრე ავმდგარვარ საქმეზე უნდა წავსულიყავი, მიგრძნია, რომ წასვლა უნდა გადამედო და არ წავსულვარ. კონცერტიც კი მაქვს მოხსნილი. 5 იანვარს ამერიკაში მივფრინავდი, კონცერტი მქონდა, უბრალოდ, არ გავფრინდი და მერე გავიგე, ვინც იყო ამ კონცერტის მთავარი სპონსორი, თურმე მას სერიოზული პრობლემა შეემთხვა და ღონისძიება მაინც აუცილებლად ჩაიშლებოდა. ეს ჩემდაუნებურად ხდება და მისი გათვალისწინებით ბევრჯერ გადავურჩი პრობლემას და საფრთხეს, მაგრამ ადამიანი რომ მოვიდეს ჩემთან და მითხრას: რამე მიწინასწარმეტყველეო, ნამდვილად ვერაფერს ვეტყვი (იცინის). ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უცნაურად, მაგრამ მაინც ხდება, მაგალითად, არ მქონდა ფული და ავაშენე ტაძარი, მინდოდა და აშენდა უფულოდ დიადთა სავანე. ძალიან ბევრი ფული დასჭირდა მის აშენებას, მე ვხარჯავდი ამ ფულს, მაგრამ საიდან მოდიოდა, არ ვიცოდი. ვყოფილვარ უფულოდ და უცბად ისეთ ჰონორარიანი შეკვეთა მიმიღია, რომ ერთი თვე მეყო. ყოველთვის ვამბობ, ღმერთი მინახავს, უფალი არ მტოვებს. არასდროს ვარ უფულოდ და დაცდილი მაქვს – თუ გავეცი 50 ლარი, აუცილებლად შემომივა 150.

– ინტერესის გამო, მკითხავთან თუ ყოფილხარ?

– მკითხავთან ბევრჯერ ვყოფილვარ და მინდა გითხრათ, ძალიან ვნანობ და დღემდე ვინანიებ.

– რამე თუ აგიხდა?

– სულ მეუბნებოდნენ, რა გინდა შენ ჩვენთანო. ანუ, ვერ შემოდიოდნენ ჩემთან ენერგიით და შესაბამისად, ვერც ვერაფერს მეუბნებოდნენ, მე მათზე მეტი ვიცოდი (იცინის).

– შენს ცხოვრებაში არის ადამიანი, ვისთანაც ხშირი კონტაქტი გაქვს და ვისაც ენდობი. მედიუმს ვგულისხმობ...

– დიახ, არის ადამიანი, ვისაც ვენდობი და ეს არის მედიუმი, ქალბატონი მზია – უკვე ჩემი მეგობარი. ის ოფიციალურად მასაუბრებს იმქვეყნად წასულ დედაჩემთან და მამაჩემთან. ამის შემდეგ ვიცი, რომ არსებობს მეორე, მთავარი სამყარო, რომელსაც მარადიულობა ჰქვია. ამის მერე, აღარ მეშინია სიკვდილის, ერთადერთი, რასაც უფალს ვთხოვ, არ მინდა უცბად სიკვდილი, მომივლინოს, თუნდაც, ერთთვიანი სატანჯველი, რომ მე იმ დროში მოვასწრო მონანიება და ბოდიშის მოხდა ადამიანებთან, ვისაც რამე ვაწყენინე. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ვახსენე მედიუმი მზია და ასობით მესიჯი შემომდის, მთხოვენ მასთან დაკონტაქტებას. უამრავ ადამიანს გავუგზავნე მისი კონტაქტები, ძალიან მადლიერები არიან და მიხარია. მზია ძალიან ნიჭიერი ადამიანია.

– ბევრი ადამიანი შენს ამ უნარს სკეპტიკურად უყურებს, ამაზე რას გვეტყვი?

– იცით, როდის გამიადვილდა ცხოვრება? როცა რამეს ვყვები, ადამიანებს „შერეკილი“ ვგონივარ და მე საერთოდ არ მაინტერესებს, ვის რა ვეგონები, ვის ვინ ვეგონები, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გარდაცვალების მერე ადამიანი არსად ქრება, უბრალოდ, მას ვერ ვხედავთ. მზიას რომ ვეუბნები: მე არ შემიძლია და შენ რა ბედნიერი ხარ, რომ ხედავ და გესმის ჩემების-მეთქი, მპასუხობს: შენც ძალიან მალე დაინახავ ისე, როგორც მე ვხედავ დედაშენს და მამაშენსო. ერთი სული მაქვს, სულმოუთქმელად ველოდები, ეს მოხდეს.

– მაგიური რიტუალები თუ ჩაგიტარებია, მაგალითად, თეფში დაგიტრიალებია და სული გამოგიძახებია?

– (იცინის) ყოველთვის ფანტაზიორი ბავშვი ვიყავი, თან ჰოროსკოპით თევზები ვარ და ეს გრძნობა გაძლიერებული მაქვს. როგორ მახსოვს: მეგობრებმა გადავწყვიტეთ თეფშის დატრიალება, ვიღაცის სული გამოვიძახეთ. თეფშზე მედო ხელი, ვაწვებოდი და ვაჯერებდი ჩემს თავს და მეგობრებს, ნახეთ გამოვიდა კონტაქტი-მეთქი (იცინის). ჩემს მეგობრებს კი სჯეროდათ. მითქვამს: აბა, თუ ნამდვილად ხარ ჩვენ გვერდით, გვანიშნე-მეთქი და თავად დამიკაკუნებია (იცინის).

– გიორგი, სიკვდილისთვის თუ ჩაგიხედავს თვალებში?

– სიკვდილს ბევრჯერ ჩავხედე თვალებში. პირველად – როცა გული გამიჩერდა ოპერაციის შემდეგ. ყველაფერი გააკეთეს, წიხლებით შემდგნენ, რომ გული აემუშავებინათ. მთელი ორი თვე გულ-მკერდი მტკიოდა. გვირაბში არ გავსულვარ და არც მის ბოლოს დამინახავს სინათლე, მაგრამ ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი აჩრდილი ტრიალებდა, ნაცრისფერიც, იასამნისფერიც, თეთრიც... ოღონდ რა იყო, არ ვიცი, გადიოდნენ და გამოდიოდნენ. პრაქტიკულად, ხელმეორედ დავიბადე. განმეორებით კიდევ დავიბადე 9 წლის წინ, როცა კუჭის ოპერაცია გავიკეთე და 101 კილო დავიკელი. რომ არ გამეკეთებინა, დღეს აღარავის ვეხსომებოდი და საფლავზეც არავინ მომაკითხავდა.

– ასე რატომ ამბობ?

– იმიტომ, რომ სიმსუქნისგან ინსულტი მაქვს გადატანილი, სამი მიკრო ინფარქტი, სცენაზე ყბა მეღრიცებოდა, გონებას ვკარგავდი, საშინელი დიაბეტიკი ვიყავი. დღეს კი დიაბეტი აღარ მაქვს. მეორედ დაბადება იყო, აბა რა იყო... რომ დავფიქრდი, რამდენჯერ ვარ დაბადებული, ვეღარ ვითვლი (იცინის). ვიღაც იტყოდა ჩემს ადგილას, იღბლიანი არ ვარო, რადგან დედა და მამა ერთდროულად გარდამეცვალა, ამხელა უბედურება გავიარე, მაგრამ ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ის დედა და მამა, რომელიც გარდამეცვალა, ჩემი დედა და მამა არიან. უკან რომ დამაბრუნოთ, არაფერს შევცვლიდი. მშობლების გარდაცვალების მერე ძალიან დავუახლოვდი უფალს და ის ყველაფერი, რაც ხდება, უფლის ნებაა და მის ნებას მე ვერ შევეწინააღმდეგებოდი. დავტოვებდი ყველაფერს ისე, როგორც არის. ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი, რთული პერიოდი გამოვიარე და კიდევ გავდივარ. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ტრიალებდა, ბევრი მეგობარი მყავდა, ძალიან ბევრი, რომლებიც ჩემთან აღამებდნენ და ათენებდნენ, ჩემთან ერთად მოძრაობდნენ, დაფრინავდნენ, დადიოდნენ ყველგან... და თავს ყოველთვის მარტოდ ვგრძნობდი. მაგრამ, როცა ჩემების გარდაცვალების შემდეგ ყველაზე მარტო დავრჩი, ყველა დაიკარგა, რადგან ვერ აიტანეს ჩემი გლოვა, ჩემი დანაღვლიანებული სახე. მაგრამ, დღეს რომ ვფიქრობ, საერთოდ არ ვარ მარტო, ჩემი მარტოობა სავსეა, კარგად ვხედავ რეალობას. ცხონებული დედაჩემი სულ მეუბნებოდა: ეს შენი მეგობარი არ არის, ჩამოიშორეო და ვეუბნებოდი: დედა, რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში, 40 წლის ვარ-მეთქი. ჩაიჩურჩულებდა: დადგება დრო, შენ მე ვერ დამინახავ, მაგრამ ყველას ჩამოგაშორებო. დედა გარდაიცვალა და ყველა ჩამომშორდა. ერთი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მეგობარი რომ ჩამომშორდა, ავხედე ზეცას და ვუთხარი: ეჰ, დედი, როგორ არ ისვენებ-მეთქი. იმქვეყნიდან ჩემმა გარდაცლილმა მშობლებმა ადამიანები რეალურად დამანახვეს, ყველამ თავისი სახე გამოაჩინა. ახლა, 47 წლის ასაკში, პირველად ვარ იმ ეტაპზე, როდესაც ვზრუნავ საკუთარ თავზე, ვცდილობ, სახლიდან მოუწესრიგებელი არ გავიდე. ვზრუნავ, ის გადამიხადონ, რაც ვღირვარ. საკუთარი თავის ფასი ვისწავლე. ვიღაცას არ გავაბითურებინებ თავს და მინიმალურ ჰონორარს არ დავთანხმდები. მირჩევნია, ვიყო მშიერი, ვიჯდე ჩემს უსაყვარლეს და ულამაზეს ბაღში, ჩემს სალოცავთან, დიადთა სავანესთან, სადაც ყველაზე მაძღარი და ბედნიერი ვარ. სხვათა შორის, რაც საკუთარი თავის ფასი ვისწავლე, ძალიან ბევრი გამოხმაურება მაქვს, მეძახიან კონცერტებზე და კორპორატიულებზე, გასტროლები გასტროლებზე იგეგმება. სადაც ადრე გარკვეულ ჰონორარზე ვთანხმდებოდი, ახლა იმ ადგილებში სამჯერ მეტი ჰონორარის სანაცვლოდ დავდივარ. იმ მცირეს რომ ვერ მიხდიდნენ, ახლა იმ გასამმაგებულს უფრო მიხდიან, იმიტომ რომ საკუთარი თავის ფასი ვისწავლე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი