გიორგი ნაზღაიძე: უფალმა მიმანიშნა, შენ არ ხარ ღმერთი, რომ ადამიანებს პრობლემები გადაუჭრაო, ამიტომაც დამსაჯა
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 02.06

გიორგი ნაზღაიძის ცხოვრების განვლილი ეტაპები ნამდვილად არ ყოფილა ადვილი გასავლელი. მას ადრეული ასაკიდან უწევდა შრომა, რომ ოცნებები აეხდინა, ყოფილიყო ფინანსურად დამოუკიდებელი და წარმატებისთვის თავისი შრომითა და მიზანდასახულობით მიეღწია.
გიორგი ნაზღაიძე: ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ყველას უნდოდა, ჩემთან ემეგობრა, თუმცა, ეს ჩემი მიზანი არ იყო. არ დავმალავ, მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ყველას ჩემთან ემეგობრა, ეს მომენტი არ მქონია, ეს კატეგორია არ ვარ.
– სიცელქე რაში გამოიხატებოდა?
– სახლი არაერთხელ გადავწვი, 16-ჯერ მქონდა ტვინის შერყევა, სიმაღლეზე ავედი და გადმოვვარდი, თუმცა, არასოდეს მქონია მოტეხილობა. ცელქი ვიყავი, მაგრამ იღბლიანი და ახლაც, როცა გავიზარდე, ღმერთს რომ ვუყვარვარ, ამას ვგრძნობ. მოკლედ, ბევრ რაღაცას ვაშავებდი. არ დამავიწყდება, დედა ყოველდღიურად მიტოვებდა კუპონებს პურის საყიდლად, მე კი 15-სართულიან კორპუსს დავურბენდი, მეზობლებს ვეუბნებოდი: ციცო დეიდამ გთხოვათ, პურის ფული მასესხეო და ვართმევდი. დედაჩემის მოცემულ ფულს კი კანფეტებში ვხარჯავდი. თვის ბოლოს მთელი სამეზობლო ერთიანად დაადგა დედაჩემს, ვალი გაქვს და იქნებ დაგვიბრუნოო (იცინის). ახლა რომ ვფიქრობ, ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში და არა მარტო ბავშვობაში. მაგალითად, ახლახან საჭესთან ვიჯექი, მანქანა გაჩერებული მყავდა, აღმართიდან მანქანა დაგორდა, მუხრუჭებმა არ დაუჭირა და რომ არ გამეხედა და წამებში ჩემი მანქანა ადგილიდან არ დამეძრა, რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის, ალბათ, დამეჯახებოდა და ეს ინტერვიუც ვერ შედგებოდა.
– გიორგი, რა ასაკიდან დაიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება?
– დამოუკიდებელი ცხოვრება 16 წლის ასაკიდან დავიწყე. მაღაზიაში თამბაქოს გამყიდველი ვიყავი და ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. დღეში 2 ლარსა და თეთრებს მიხდიდნენ. გვერდით ქსეროქსის მომსახურება იყო და პარალელურად, იმათ ვამარაგებდი ფურცლებით. ორი შეკვრა მომქონდა და ამაში ორ ლარს მიხდიდნენ. ფულიანი ვიყავი რა! (იცინის) მიმტანადაც მიმუშავია, ანიმატორიც ვიყავი, უძრავი ქონების გაყიდვაშიც ვიმუშვე და საკმაოდ დიდ ფულს ვაკეთებდი... იმდენ ადგილას ვარ ნამუშევარი, ხანდახან მავიწყდება. სხვათა შორის, არცერთი სამუშაო არ იყო ჩემთვის რთული. როცა შენ პატიოსნად შრომობ და აკეთებ შენს საქმეს, არ გერთულება. არასოდეს მითაკილია არანაირი სამსახური. ისეთი ოჯახიდან ვარ, შესაძლოა, მიმტანად რომ დავიწყე, მათთვის ეს სირთულე ყოფილიყო, მაგრამ იმ პერიოდში ცხოვრებამ მოიტანა ასე – უნდა მემუშავა.
– ზოგადად, შეძლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ და ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელი იქნება იმის წაკითხვა, რაზეც ახლა საუბრობ.
– გეთანხმებით. ხალხს ჰგონია, შეძლებული ბიძა და პატრონი მყავს, შეძლებული ოჯახი მაქვს და ამაზე მეცინება. უამრავი სამსახური გამოვიცვალე და დღემდე მართლა ჩემი შრომით მოვდივარ. იყო ბევრი პერიოდი, როცა მინდოდა და არ მქონდა, მაკლდა და ამას ვერავინ გრძნობდა და ხედავდა. მერე ცხოვრებაში ბევრი რამ იცვლება, შრომითა და წვალებით ყველაფერს აღწევ და მეც მომიწია იმ დაღმავალი და წარუმატებელი პერიოდების გავლა. როცა მქონდა, ჩემს მეგობრებს ვეხმარებოდი და შემდეგ მათ მიმტყუნეს როგორც ფინანსურად, ისე მორალურად. ამან გამოიწვია ჩემი ზარალი და ეს ჩემი შეცდომა იყო. წლები რომ შრომობ და ყველაფერი შენი შრომით გაქვს მოპოვებული – ბინა, ავტომობილი, ნივთები და ერთ დღეში ყველაფერს კარგავ, ძალიან რთულია. მეგობრებს გავუწოდე ხელი, ფინანსურად დავეხმარე და მერე ჩემი ქონების გაყიდვა მომიწია. საბოლოო ჯამში, სხვასთან არ დავრჩი ვალში და სახელი არ გავიტეხე, თუმცა, ჩათვალეთ, ამ ყველაფრით – ერთგულებითა და სხვაზე დახმარების ხელის გაწვდით, თავი გავიტეხე. ხომ გაგიგიათ: სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო. ჰოდა, ასე მომივიდა – თავი გავიტეხე, მაგრამ სახელი არ გამიტეხავს.
– მახსოვს, მთელი სამი წელი ებრძოდი დეპრესიას და ეს სამწლიანი უიმედობის პერიოდი ამით იყო გამოწვეული?
– სამწლიანი დეპრესია გამოიწვია იმან, რომ არ გიმართლებს, ვერ პოულობ სამსახურს, შემოსავალი არ გაქვს და შესაბამისად, არც ის ცხოვრება, რაც გქონდა. ეს ყველაფერი კი თავისთავად იწვევს ემოციურ კრიზისსა და შფოთვებს, რაც მერე შენში ვლინდება, თუმცა, არც ამით შემიწუხებია არავინ. სამოსი და აქსესუარები მქონდა, სულ მოწესრიგებული დავდიოდი და ამ უიმედო პერიოდშიც ვერ ხვდებოდნენ ადამიანები, რაც ჩემში იყო. ის სამი წელი არ ვიმჩნევდი იმ ემოციურ პერიოდს და ვფიქრობ, როცა ცხოვრებაში ცუდი არ გაგიკეთებია, გამორიცხულია, ღმერთმა არ გამოგიწოდოს დახმარების ხელი. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო და ასე მოხდა – უფალმა დახმარების ხელი ისევ გამომიწოდა. რა მდგომარეობაშიც იმ პერიოდში მე ვიყავი, ჩემი შეფასებით, იყო ჭკუის სასწავლებელი. უფალმა მიმანიშნა: შენ არ ხარ ღმერთი, რომ ის პრობლემა, რაც სხვას გავუგზავნე და რომელიც თავად უნდა გადალახოს, შენ, ვიღაც გიორგი ნაზღაიძემ, გადაუჭრა. ამიტომაც, დამსაჯა ღმერთმა.
– ამ, როგორც ამბობ, დასჯის შემდეგ ისწავლე ჭკუა?
– როგორ არა! ამიტომაც ვარ ფეხზე წამომდგარი (იცინის). ახლა, უფლის წყალობით, ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი პერიოდი დგას. მაქვს ჩემი ბინა, აივნიდან ვტკბები მთაწმინდოს ხედით, მაქვს შემოსავალი და თილისმად დედისგან ნაჩუქარი ჯუჯა ბროწეულის ხე. სხვათა შორის, დედაჩემის სახელი ციცო დავარქვი და მოფერებით ციცას ვეძახი. რაც დედამ ეს ბროწეულის ხე მომიტანა და აივანზე მიდგას, თითქოს უფრო მშვიდად ვარ. სულ ვამბობ: გამორიცხულია, ადამიანი მარტო ვერ იქნები კარგი, თუ გვერდით კარგი მეგობრები არ გყავს. მე მყავს ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც საკმაოდ კარგ რჩევებს მაძლევენ, გვერდში მიდგანან. როცა რაღაცაში მართალი არ ვარ, შეუძლიათ, შენიშვნა მომცენ და მითხრან: გიორგი, შენ არასწორად იქცევი, არ ხარ მართალი. ხშირად ნამდვილად არ მიწევს ბოდიშის მოხდა, თუმცა, თუ მივხვდი, არასწორი ვარ, აუცილებლად მოვიხდი.
– მოსალოდნელი მოვლენების მიმართ წინასწარი შეგრძნება თუ გაქვს?
– მოსალოდნელი მოვლენების მიმართ წინასწარი შეგრძნებები სულ მაქვს. მეგობარებს ყოველთვის წინასწარ ვეუბნები: დამიჯრე, ასე მოხდება... დამიჯერე, ასე გააკეთე და გაგიმართლებს... იმ მომენტში, რა თქმა უნდა, არ მიჯერებენ, მაგრამ მერე ზუსტად ისე ხდება, მე როგორც ვუთხარი. მგონია, ეს ჩემი გამძაფრებული წინათგრძნობა რეალობასთან ახლო ინტუიციის ბრალია. პირადად მე არასოდეს ვეწინააღმდეგები ჩემს ინტუიციას, შინაგანად რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, ისე ვაკეთებ და ვიქცევი და ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს. იმ ცხოვრებისთვის, რომელიც ახლა მაქვს, უფლის უდიდესი მადლობელი ვარ. თუმცა, იყო ცხოვრებაში შანსები, რომელთაც თუ გამოვიყენებდი, უკეთესად ვიქნებოდი – ვიქნებოდი ძალიან მდიდარი, ვიცხოვრებდი უცხოეთში და წარმატებას მივაღწევდი სხვა ქვეყანაში. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, იმ ცხოვრებით რაც ახლა მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა უფალს.
– აპირებდი, ამერიკაში ჩასვლას, „დეენემის“ გაკეთებას და შვილის დაბრუნებას. ახლა რა ხდება ამასთან დაკავშირებით?
– ახლა, ჩემი შვილი 12 წლისაა და მისი დაბრუნებისთვის ბრძოლა არ არის დასრულებული. ამერიკაში ჩემი ბავშვის დედას, არ ეგონოს, რომ ეს ამბავი მივიწყებულია. ყველაფერს აქვს თავისი დრო და თავისი ადგილი. ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ მინდა, თუმცა, კიდევ ვამბობ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადრე თუ ბევრს ვსაუბრობდი, რას და როგორ ვაპირებდი ჩემს შვილთან მიმართებაში, მივხვდი, ხმამაღლა აღარ უნდა ვილაპარაკო, რომ ვიღაცამ ორი ნაბიჯით არ გამასწროს. თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოსაც არ დებენ, არადა სასწაულად მგავს. ასე რომ, ბრძოლას ჩემი 12 წლის ბიჭისთვის ვაგრძელებ.
– სულ მალე დაბადების დღე გაქვს. თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ხდები?
– არასოდეს ვმალავ ასაკს, ერთ თევში 40 წლის ვხდები და მგონი, ჩემს ასაკთან შედარებით, საკმაოდ კარგად გამოვიყურები. თან, რომც მოვინდომო, ჩემს ასაკს ვერ დავმალავ და აზრიც არ ექნებოდა, რადგან კისერზე მაქვს ტატუ, სადაც ჩემი დაბადების წელი, თვე და რიცხვი მიწერია. ასე რომ, თუ ადამიანმა ელემენტარული მათემატიკა იცის, გადათვლის ჩემს ტატუზე გამოსახულ რიცხვებს და მარტივად დაადგენს ჩემს ასაკს (იცინის). თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ჩემს ასაკს არ ვმალავ, იმიტომ რომ ჩემი ასაკისთვის, 40 წლისთვის, ძალიან კარგად კი არა, იდეალურად გამოვიყურები. ამაში კი მეხმარება გენეტიკა და ელემენტარული თავის მოვლის რუტინა, რაც ყველა ადამიანისთვის აუცილებელი და საჭიროა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან