შოუბიზნესი

გიორგი გილიგაშვილი: მინდა, დავმარხო მასში ყველა ქალის მშვენიერება და მან დამარხოს ჩემში ყველა ვაჟის ვაჟკაცობა

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.01, 2021 წელი

გიორგი გილიგაშვილი
დაკოპირებულია

გიორგი გილიგაშვილმა და ნინი ბადურაშვილმა დუეტი ჩაწერეს. რომლიდანაც მსმენელმა გილიგა ცოტა სხვა კუთხით დაინახა. სიმღერის შექმნის ისტორია გიორგიმ თბილისელებს“ გაუზიარა.

გიორგი გილიგაშვილი: საოცარ საღამოს ვატარებდით მე და ნინი მეგობრებთან ერთად. ექსპრომტად გავრითმე ლექსი, რომელიც ნინის მოეწონა და მთხოვა, გამეგრძელებინა. ასე ჩაეყარა საფუძველი ჩვენს დუეტს. მას რომ არ „დაეჭირა“ ეს რითმები, როგორც ძალიან ბევრი ლექსი, ესეც უმისამართოდ გაფრინდებოდა ჰაერში. მერე დაიბადა მუსიკა და ნინის სიტყვებიც. ვუთხარი, მე რომ არ გიცნობდე, არ მიყვარდე და შენი ჩემდამი დამოკიდებულების შესახებ არ ვიცოდე, გამიჭირდებოდა შენი ჩემდამი სათქმელი სიტყვების დაწერა-მეთქი. მომიწია, ნინის გულსა და გონებაში შევმძვრალიყავი, რომ ნინის დანახულ გილიგაზე დამეწერა. ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე, როგორი აღვიქმებოდი გოგოს მხრიდან.
გილიგასგან აქამდე არ მოგისმენიათ ხისტი პოეზია. ბეწვის ხიდს გავდივარ ამ სიახლით. „ფიქრისფერი ფიფქები/მგონი, შენი ვიქნები“ – სიმღერას ორაზროვანი მისამღერი აქვს და რა თქმა უნდა, სიყვარულზეა. ამ გრძნობის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. მაგრამ ასეთი ხისტი და არშიყით ასე გათამამებული გილიგა მსმენელისთვის უცხო იქნება. თუმცა არანაირი სიყალბე, ამჯერადაც ძალიან გულწრფელი ვარ.
– ყველა მიჩვეულია ძალიან თავაზიან გიორგის. სიხისტე არ ნიშნავს მაინცდამაინც უარყოფითს, მაგრამ თუ ცვლილებაა, რატომ მაინც სიხისტისკენ? – იკითხავს ბევრი.
– სიხისტე არ ნიშნავს უზრდელს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას იტყვის ღმერთი, როდესაც მე მის წინაშე წარვსდგები. ადამიანებმა, ვისაც რა სურს, ის თქვან, თუ განკითხვით არ იტყვიან. განკითხვის ცოდვა მძიმეა და ჯობს, ჩამოვიცილოთ. თუ ვიღაც სიყვარულით იტყვის რამეს, მოვისმენ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გავითვალისწინებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას გრძნობს პოეზიისკენ მიდრეკილი ჩემი წრფელი გული მუზის მოსვლის მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ადამიანს, რომელიც მხოლოდ ჩემს სიმღერებსა და ლექსებს იცნობს, გაუჭირდება ჩემზე საუბარი. არა იმიტომ, რომ დიდებული ვარ, ღმერთმა დამიფაროს, სიმართლე მხოლოდ ერთ ლექსში არ ჩანს. ამის გასაგებად ადამიანს უნდა იცნობდე, მასთან დიდმარხვის ჟამი გატარებული უნდა გქონდეს, როგორც ომში უნდა იყოთ ერთად ნამყოფი, ისე ქორწილში, ისე ტაძარში. ამის შემდეგ გვაქვს უფლება, ერთმანეთზე ორი სიტყვა ვთქვათ. მანამდე მეც მაინტერესებს, როგორ მიიღებენ გილიგას, რომელიც გოგოს მიმართავს „გამარჯობა, ლამაზო, მინდა შემოგთავაზო“ – ჩემთვის „გამარჯობა, ლამაზო“ უკვე უცხოა, მშვენიერისთვის ასე არასდროს მიმიმართავს.
– გილიგაზე და ნინიზე აქამდეც საუბრობდნენ – ხომ არაფერი ხდება მათ შორის მეგობრობაზე მეტიო და ახლა – მით უმეტეს. როგორია რეალობა?
– ქრისტეს ჯარისკაცი ვარ-მეთქი, სულ ამას გავიძახი და როგორ შეიძლება, ყოველ ნაბიჯს სიყვარულით არ ვდგამდე? რა თქმა უნდა, მიყვარს ნინი და ყოველი ჩემ გარშემო, მაგრამ ეს იმაზე მეტი არაა, ვიდრე მეგობრობა. მერწმუნეთ, გილიგა რომ შეყვარებული იქნება, რადგან მზე დაწვავს, მთვარეზე ავფრინდები და დიდ ბილბორდს გამოვაკრავ, რომელზეც ეწერება, რომ მე შეყვარებული ვარ, რომ ჩემს ვარსკვლავზე გაჩენილი მშვენიერი ვიპოვე.
სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ფიქრის დროსაც კი ვთრთი ამხელა მუტრუკი. არ ვიცი, რას ვიზამ, როცა ის შემიყვარდება – ისევ ორი ფეხით ვივლი თუ ვიფრენ?! შეიძლება, გიჟის ხალათი არ მეყოს. ეს ჩემთვის ზეციური გრძნობაა და როცა ის ჩემს გულში დაივანებს, შეუძლებელია, მე ნორმალურად ვითვლებოდე. ბევრი ახლაც არ მთვლის ნორმალურად, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, მერე ნამდვილად აღარ ვიქნები ნორმალური (იცინის). ველოდები ისე, როგორც არასდროს – ერთხელ და უკანასკნელად, მარადისამდე.
– რამდენად მნიშვნელოვანია გოგონას გარეგნული სილამაზე?
– ვერ გეტყვით, რომ თვალდახუჭულს შემიძლია ვიცნო ჩემი მშვენიერი. ადამის მოდგმის ვარ და ცოდვილი თვალი მეც მაბრმავებს. მაგრამ როგორ შემიძლია, წინასწარ განვსაზღვრო ან ვაკადრო ამ უდიდეს გრძნობას ან საკუთარ თავს, რა სიმაღლის, რა ფერის თმის და როგორი მონაცემების უნდა იყოს სიყვარული. ეს იქნება ჩემი გენეტიკური, სულიერი და ინტელექტუალური არჩევანი. ყოველი ლოცვის ჟამს ვთხოვ უფალს, არ შემაცდინოს და ეს არჩევანი იყოს მარადიული. ის მშვენიერი ერთადერთი იქნება ჩემთვის და მინდა, დავმარხო მასში ყველა ქალის მშვენიერება და მინდა, მან დამარხოს ჩემში ყველა ვაჟის ვაჟკაცობა, იმისთვის, რომ ერთად განვვლოთ წუთისოფელი.
– ბევრს უყვარხართ, ზოგი გაკრიტიკებთ. შეიცვალა გიორგი მას შემდეგ, რაც ბევრმა ადამიანმა გაიცნო?
– მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავი სულ დაკვირვებაში მყავს, ამის შესახებ, ალბათ, მაინც სხვამ უნდა მითხრას. თუ ვინმეს რამის თქმა უნდა ჩემზე, შეუძლია, დამირეკოს და გამესაუბროს. თორემ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამს“ მე არ ვმართავ და იქ გამოხატული ჩემდამი სიყვარულის ან ნეგატიური განწყობის შესახებ არ ვიცი. ჩემს სოციალურ ქსელს ჩემი დები მართავენ. მეუბნებიან, რომ საჭიროა სოციალური აქტივობა, თორემ, სიმართლე რომ გითხრათ, მე დროის კარგვა მგონია. ასე რომ, არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ „მე იგივე ვარ მარად და მარად“ – მომწონს ასე ცხოვრება: ისევ ის მობილური მაქვს, იგივე სტილზე ვიმოსები და კვლავ იმ ენაზე ვსაუბრობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი