გიორგი გილიგაშვილი: მე მწამს, გილიგა იმიტომ კი არ არის საშიში, რომ ვინმეს მოერევა, არა, მშვენიერო, მე სიყვარული შემიძლია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 10.08, 2021 წელი

გიორგი გილიგაშვილმა და ნინი ბადურაშვილმა კიდევ ერთი საერთო პროექტი გააკეთეს. გარდა ამისა, გიორგის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა – ეს არის პროექტი, რომელიც ემიგრანტებს უკავშირდება და რომელიც მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა.
გიორგი გილიგაშვილი: ევროტურში რეჟისორსა და ჩემს მეგობარ ნიკოლოზ ხომასურიძესთან ერთად გახლდით კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. ის საოცრად ეროვნულად მოაზროვნე ძმა არის და ეს პროექტიც, როგორც სხვა ყველა, ქართული სულისკვეთებით არის სავსე. ქართველმა ბავშვებმა, რომლებიც დაიბადნენ და იზრდებიან საზღვარგარეთ, მოსალოდნელია, კარგად არ უნდა იცოდნენ ქართული, მაგრამ ემიგრანტების უფროსმა თაობებმა, რომლებიც ასევე ძალიან ეროვნულად აზროვნებენ, შექმნეს პატარა სკოლები, სადაც ქართული სათვისტომოები ერთმანეთს იცნობენ და ქართულ ენასა და ლიტერატურას, ცეკვასა და სიმღერას სწავლობენ. ჩვენი ევროტურის მიზანი იყო პროექტის – „მგზავრი წერილებით“ – განხორციელება. როდესაც იქ დაბადებულ პატარებს საყვარელი სიმღერის შესახებ ვკითხე, ერთი ციდა ქართველებმა მიპასუხეს „საქართველოო, ლამაზო“. საოცრად ემოციური და სითბოთი სავსე მოგზაურობა გამოვიდა. ამ პროექტის ფარგლებში, მე ვარ მგზავრი წერილებით, რომელიც საქართველოდან დიდი სიყვარულით გაჟღენთილ წერილებს წაუღებს მონატრებულ შვილებს და მათ გამოვართმევ წერილებს, რომელსაც აქ ჩამოვიტან და გულისყურით წავუკითხავ ჩემს სამშობლოს. ეს იქნება სიყვარულის გაცვლა და ამ ყველაფერს მაყურებელი დოკუმენტური ფილმის სახით იხილავს. ამ მიზნით ამერიკაშიც გვიწევს წასვლა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, სადაც ჩვენი ერის საყვარელი წარმომადგენლები ცხოვრობენ. ეს მოგზაურობა არ ჰგავდა არცერთ მანამდელს. მადრიდსა და პარიზში ჩვენი სამშობლოს იქ მცხოვრებ შვილებთან შეხვედრის გამო სიყვარულის ოკეანე გვქონდა.
„გააზიარე სიყვარული“ – ასეთი ახალი ფილმი აქვს ნიკოლოზ ხომასურიძეს, სადაც მე მთავარ როლს ვასრულებ. პატარა ნაწილი საფრანგეთშიც გვქონდა გადასაღები და საოცრად დატვირთული გრაფიკის ფონზე, ამ ფილმისთვისაც მოვახერხეთ რამდენიმე ფრაგმენტის გადაღება. ეს ფილმი პანდემიაზე, დროში მოგზაურობასა და სიყვარულზეა. ეს მოგზაურობა მთლიანად სიყვარულით გაჟღენთილი გამოვიდა.
– პანდემიამდე ამერიკაშიც იყავით და „ჰოლივუდთან“ დაკავშირებულ პროექტზე მუშაობდით. ის, რაზედაც ახლა ვისაუბრეთ, ამ პროექტთან არის კავშირში?
– თუ პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა, რამდენიმე თვეში საინტერესო ვიზიტით წავალთ „ჰოლივუდში“. ყველა ეს ვიზიტი ერთმანეთთანაა კავშირში. თუ ეს ჩვენი გზა არის, ეს პატარ-პატარა პროექტები მიგვიყვანს იმ დიდ მიზნამდე, რასაც „ჰოლივუდი“ ჰქვია. არაფერი – საოცრება, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო და დიდი გამოწვევა არის ჩემთვის, როგორც კინომოყვარულისთვისა და კინოინდუსტრიაში სიხარულით მცხოვრები ადამიანისთვის. როცა „ჰოლივუდზე“ ვსაუბრობ, ქართული კინოს ამ დონემდე აღზევებას ვგულისხმობ, არ იფიქროთ, რომ სხვაგან მინდა – „ჰოლივუდისკენაც“ საქართველოსთვის მივისწრაფი.
– თუ ადამიანს რაიმეს გამო შეიძლება, ჩემი ეშინოდეს, ეს სიყვარულის უნარიაო, თქვით. რა იგულისხმება ამ სიტყვებში?
– თუ ღმერთთან ერთად ხარ, ერთადერთი, რისიც უნდა გეშინოდეს, ეს მისი დაკარგვაა, სხვა არავის და არაფრის. ღმერთი ამბობს, მე თუ ადამიანს ხელს წავავლებ, განა არსებობს რამე ძალა, რომელიც გამაშვებინებს?! არ არსებობს. ასე რომ, ადამიანი თუ უფალს თესავ, თავისუფალი ნებით ამბობ – „მე შენ მიყვარხარ“. მხოლოდ თავისუფალი არ ნიშნავს, რომ მე ყველაფრის უფლება მაქვს, ეს ნიშნავს, რომ თავი ვამსგავსო უფალს. ანუ, მე ჩემი ნებით ვირჩევ საღვთო გზას და სადაც საღვთო გზაა, იქ ყველანაირი წინააღმდეგობა გადალახვადია. „არასოდეს გვტოვებს ღმერთი უნახავი, არ არსებობს ჩემთვის გადაულახავი“ – ადრე ვთქვი ასეთი სიტყვები. მე მწამს, რომ გილიგა იმიტომ კი არ არის საშიში, რომ ათლეტურად გამოიყურება, რომ ადრე ჩხუბობდა, ვინმეს მოერევა, თუ ვერ მოერევა, მაღალია თუ დაბალი – არა, მშვენიერო, მე სიყვარული შემიძლია. დიდება უფალს, ეს უფლის წყალობაა. თუ კაცს სიყვარული შეუძლია, ეს ნიშნავს, რომ ღმერთის დატევა შეუძლია და ვინც ღმერთი დაიტია, თავად უფლისვე ნებით, ეს ნიშნავს, რომ მისთვის გადაულახავი არაფერი არსებობს. არ არსებობს განსაცდელი, რომელსაც ქორ-შევარდენივით ვერ გადაუფრენს. ახლა ჩემი და ნინის ახალი კლიპი გამოდის. ამ სიმღერისთვის უფალმა დამაწერინა ასეთი სიტყვები „მე შენ მი“ – ასე თუ ხშირად ვეტყოდით ერთმანეთს, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. დღეს ეს სიტყვები ყველაზე მეტად გვაკლია.
– სამაგიეროდ, დიდი დოზით არის აგრესია და ზიზღი. რწმენისა და რელიგიის მიმართ დადებითი დამოკიდებულება თითქოს „მოდაში“ არ არის. ამ ფონზე გილიგას არ უჭირს?
– „ყველა განსაცდელს ღიმილით განვიცდი, მწამს, რომ ყოველი არს უფლის ნება, მე შეგიყვარებთ, აღარ დავიცდი, ლაღი იქნება ხვალ გათენება“. ერთი წამითაც არ ვფიქრობ, რომ მე ვინმე ია-ვარდით მოფენილ გზას მიმზადებს. თუ ჯვარი შევიბნიე გულზე და მსურს, რომ ქრისტეს ჯარისკაცი მერქვას, ესე იგი, ეკლიანი გზა, გოლგოთას გზა მაქვს წინ გასავლელად. მე და ჩემს აზრს, ქრისტიანი კაცის აზრს, დევნიან, შეურაცხყოფენ, გვცემენ, ეკლის გვირგვინს დაადგამენ, ჯვარზე აცვამენ, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით და მოკლავენ, მაგრამ აღდგება. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, მე ყურს არავის ვუგდებ, ტელევიზორსაც არ ვრთავ, ინტერნეტშიც არ ვეცნობი სიახლეებს. მე თუ კითხვა მსურს, ვცდილობ, წიგნიდან მივიღო ინფორმაცია და არ ვარ დაკავებული სოციალურ ქსელებში „სქროლვით“, რომ უცბად არ წავაწყდე, ჩემს ძმას ან დას, რომელსაც შეიძლება, სულ არ ვიცნობდე, მაგრამ ამბობდეს აუგს საკუთარი თავისთვის იმიტომ, რომ გინება მაგინებლისაა, ლოცვა – მლოცველის. ადამიანი თუ ცუდად იქცევა, მხოლოდ საკუთარ თავს შეურაცხყოფს. ეკლესიის განსაცდელის, ერისა და ბერის განსაცდელის შესახებ დაწერილა, ამაში ახალი არაფერია და მე ამისთვის ვემზადებოდი. კიდევ ვემზადები. არ ვიცი, დღეს ვინ იღიმება ჩემი ღიმილიანი სახის დანახვაზე, მაგრამ ხვალ, რომ გილიგას ღიმილიანი სახის დანახვაზე ავი სიტყვის თქმა მოუნდეთ, ამისთვისაც მზად ვარ. დიდება უფალს, თუ გულზე ჯვარი მაქვს, ჩემი საქადაგებელი სიყვარულია, დათმენა, არაგანკითხვა.
– ალბათ, ზუსტად ამ გაჟღერებული შეგრძნებების გამო აქვს ბევრს ეს კითხვა – ხომ არ აპირებს გიორგი საეკლესიო ცხოვრებისთვის მომავლის დაკავშირებას?
– ჩემი სხეული ტაძარია, რომელსაც უფალმა ცოცხალი სული შთაბერა, თავისივე ნაწილი. მე უკვე ეკლესია ვარ. რა თქმა უნდა, ცოდვილი, სულით და ხორცით ათასი ცოდვის მატარებელი, მაგრამ მე მწადია ეს გზა. თქვენ თუ ბერულ გზას გულისხმობთ – „კაცი ბჭობდა და უფალი მეოხებდა“. უფალმა იცის ყოველი გათენება დღისა და ღამისა. მე რომ რამე დავგეგმო, ეგება არც მითენდება დღევანდელი ღამე? ვერ გეტყვით ვერაფერს, უფალმა იცოდეს. შენ შეიძლება, ერშიც იყო ბერი და აკეთო ქრისტეს ჯარისკაცის საქმე. მე მსურს, რომ ვინმე მშვენიერი, ჩემს ვარსკვლავზე გაჩენილი შემეყაროს სადმე, სულმა სული იცნოს, თვალმა – თვალი და გულმა – გული. დავქორწინდეთ და გავმრავლდეთ. ეს მწადია. 14 ივლისს 33 წლის გავხდი. ქრისტეს ასაკში შესვლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. მინდოდა, ეს დღე მონასტერში გამეტარებინა, მაგრამ მე და ნინი კლიპს ვიღებდით და ნინიმ მითხრა: გილიგ, ვიცი, რომ დაბადების დღის გადახდას არ აპირებ და მონასტერში მიდიხარ. 15-ში წადი და 14-ში კლიპი გადავიღოთო. ვემსახურები საქართველოს, როგორ გაკადრო უარი-მეთქი!? 14-ში გადავიღეთ კლიპი, რომელშიც ჩემი და-ძმაც მონაწილეობს. გავერთიანდით ულამაზეს ადგილას და ექსპრომტად შუაგულ მზეზე, ლამაზ ფერებში აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე. ჩემმა დამ – ნუცამ სიურპრიზი გამიკეთა, ძალიან ღრმა ნახატი დამიხატა და როგორც მითხრა, ინსპირაცია ჩემი ლექსი გამხდარა. ეს ლექსი ცოტა ხნის წინ ვთქვი „მარტოობაში გავატარე 33...“ მარტოობაში – არა, „მათხოვრობაში გავატარე 33,“ ასე დავწერე, მაგრამ არასწორად გაიგებენო, ჩემმა დამ მითხრა. მე კი მაინც მინდა ვთქვა, მათხოვარი არ ნიშნავს ფულის მათხოვარს. უფალო, შემიწყალე – წყალობის მათხოვარი არ ვართ? უფალო, გევედრები ჯანმრთელობა მომეცი – მათხოვრობაა ეს და მათხოვრობა არ არის სამარცხვინო სიტყვა. „მათხოვრობაში გავატარე 33, ვატარე ცოდვა უფრო მეტი, ვიდრე რო მადლი/და მაინც ვიტყვი, მიწა ცოტა, იყო ცა მეტი/ და რომ მოწყალემ მომიტევა ყოველი ადლი“. მე ვფიქრობ, უფალმა მოგვიტევა ყველას, განა შეიძლება, მამამ შვილს არ მიუტევოს? უბრალოდ, შვილმა უნდა შეინანოს.
33 წელი... მგონია, რომ ახლიდან დავიბადე და ცხოვრება თავიდან დავიწყე. 33 წელი არაფერი გამიკეთებია ღვთის წინაშე. არაფერი მიღვაწია ისეთი, რომ 33 წელი მეცხოვრა ამქვეყნად თქვენ შორის, ამხელა სიხარულები ვიგემე, სიყვარულის საოცარი წამები და წუთები ცრემლთან ერთად, მაგრამ ცოცხლად შენაგრძნობი, მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე მართლა არაფერი გამიკეთებია. ხე მე არ დამირგავს, სახლი არ ამიშენებია და ბალღი მე არ მყავს, აქედან გამომდინარე, 33 წლიდან უნდა დავიწყო ყველაფრის კეთება. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიკეთისკენ ცვლილებების წლები იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან