შოუბიზნესი

გიორგი გასვიანი: ვეთანხმები აზრს, რომ 16-წლიანი სხვაობა სიყვარულის აპოთეოზია

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 11.01, 2021 წელი

გიორგი გასვიანი
დაკოპირებულია

  მიუხედავად საერთო მძიმე ფონისა, ტელეწამყვან გიორგი გასვიანისთვის ეს წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში გამოჩნდა გოგონა, რომელზეც ის უზომოდაა შეყვარებული და წყვილი მალე ოჯახის შექმნას აპირებს. სიყვარულის ისტორიაზე გიორგი და მისი რჩეული ,,თბილისელებს" უყვება 👇

გიორგი გასვიანი: ყოველ ახალ წელს, 12 საათზე იმ სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე, რომელიც ძალიან მინდა, იმ წელს ამიხდეს და ასეც ხდება. ჩვენ დევნილების საცხოვრებელში ვცხოვრობდით. ცოტა რომ გავიზარდე, მუშაობა დავიწყე და შესაძლებელი გახდა, საკუთარ მხრებზე სესხის პასუხისმგებლობა ამეღო, საკუთარი ბინის შეძენაზე დავიწყე ფიქრი. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ჩავიფიქრე ახალი წლის ღამეს, იქნებ წელს ბინის ყიდვა მოვახერხო-მეთქი, სადაც ოჯახთან ერთად გადავიდოდი საცხოვრებლად. იმ მომენტისთვის ეს მხოლოდ სურვილი იყო, მაგრამ იმდენად ელვისებურად განვითარდა მოვლენები, რომ 31 იანვარს მე უკვე ახალ ბინაში ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა არაერთხელ მომხდარა და არა მხოლოდ ახალ წელს. პერიოდულად ჩემს სურვილებს წერილობით ფორმას ვაძლევ, თუმცა მათ არავის ვაჩვენებ და შემდეგ აუცილებლად მიხდება. ჩემი აზრით, მთავარია, რომ სურვილის ჩაფიქრების მომენტში ძალიან გულწრფელები ვიყოთ და ალბათ, ისეთი რამ უნდა ჩავიფიქროთ, რაც რეალობასთან ახლოსაა.
ახალ წელთან დაკავშირებით, საკმაოდ სევდიანი ისტორია მაქვს. მე ბავშვობაში ნაძვის ხე არ მქონდა. ჩვენ სახლი, კარი, ნაძვის ხე და საერთოდ, ყველაფერი სოხუმში დავტოვეთ. დევნილები ვიყავით და ჩვენს ცხოვრებას მძიმე სოციალური ფონი გასდევდა. კარგად მახსოვს, რომ ნაძვის ხის სათამაშოები ნათესავებმა მაჩუქეს, მაგრამ გამომდინარე, იქიდან, რომ მაშინ ქვეყანაში არავის ულხინდა, ორი ნაძვის ხე ოჯახში ვის ექნებოდა, რომ ჩემთვის ეჩუქებინა?! ამიტომ, საახალწლოდ მე ჩემი რიტუალი მქონდა, რომელიც ახლა ფილმის სცენასავით მახსენდება: ავიღებდი ცულს და ჩვენ სახლთან ახლოს, ვჭრიდი ნაძვის ტოტს. თუმცა, არა იმხელას, რომ ხე დამეზიანებინა. მომქონდა სახლში, კედელზე ვამაგრებდი და ნაჩუქარი სათამაშოებით ვრთავდი. ძალიან მიყვარდა ჩემი არასტანდარტული, ულამაზესი ნაძვის ხე. მოკლედ, ასეა, იყო დრო, როცა ნაძვის ხეც არ გვქონდა, მაგრამ ის პერიოდიც ძალიან თბილად მახსენდება.
– როგორც ვიცი, დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს.
– ის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანია. მიყვარს მისი გახარება. საიდანმე სახლში რომ ვბრუნდები, ვცდილობ, დედას საჩუქრები მოვუტანო. მე და დედა ყოველთვის ერთად ვცხოვრობდით და დღემდე ასეა. შემოსავალი რომ გამიჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი არ ვიყავი, ჯერ სახლისთვის ვყიდულობდი, რაც გვჭირდებოდა და შეიძლება, მერე მეყიდა ჩემთვის ტანსაცმელი. ყოველთვიურად ვურიცხავ დედას თანხას, რომ ოჯახისთვის რაც საჭიროა, შეიძინოს. მეც ძალიან მსიამოვნებს სახლისთვის საჭირო ნივთების, აქსესუარების შეძენა – მსიამოვნებს სახლის გალამაზების პროცესი. თამამად ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ძვირფასი არა, მაგრამ ჩემი სახლი ძალიან ლამაზია. სხვათა შორის, სადარბაზოც კი მოვრთე.
– რადგან ახალ წელზე ვსაუბრობთ, სასმელზეც გკითხავ. ალკოჰოლთან როგორი ურთიერთობა გაქვს და როგორი ხარ სიმთვრალეში?
– მე თვითონ არ ვსვამ, მაგრამ სახლში ბევრნაირი სასმელი მაქვს. ჩემთან მოსულ მეგობრებს შემიძლია ჭაჭაც შევთავაზო, არაყიც, ვისკიც, შამპანურიც, ქალბატონებს – მარტინი, ღვინოები – განწყობის შესაბამისად. სიმთვრალე ძალიან კარგი მაქვს, ყველას მიმართ სითბოს გამოვხატავ. ქეიფიც ვიცი და თამადობაც გამომდის. ქორწილშიც ვყოფილვარ თამადა და ამ დროს საინტერესო ისტორიების მოყოლა მიყვარს. „ლექსები თქვა და ხალხი ბევრი აცინა“ – ასეთი თამადა არ ვარ. ახლა რომ ვიხსენებ, მომენტს, როცა დავლიე და ძალიან კარგი დრო გავატარე, შარშანდელი შობა მახსენდება. საგურამოში ვიყავით, ნინო ჩხეიძის სახლში და ხუაკინ კორტესი გვყავდა სტუმრად. დავლიეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ – ნამდვილი ქართული სუფრა გვქონდა, რომელიც ხუაკინსაც ძალიან მოეწონა.
– სასურველი სასიძოების სიაში საპატიო ადგილი გეკუთვნის.
– სხვათა შორის, ამასწინათ სოციალურ ქსელში მომნიშნეს ვიდეოზე, რომელშიც ბებო ჩემს გადაცემას უყურებს, პირჯვარს იწერს და ლოცულობს, ღმერთო, ამაზე ნაკლები სიძე არ მაღირსოო. დაინახა, რომ ვიდეოს უღებდნენ, გაეღიმა და დაამატა: რა ვქნა, ძალიან მომწონსო (იცინის).
– ყოველთვის დიდი ინტერესი იყო შენი პირადი ცხოვრების მიმართ, რაზეც არასდროს საუბრობდი. პანდემიის პერიოდმა პირადში სიახლეები ხომ არ მოიტანა?
– პირად ცხოვრებაზე აქამდე თითქმის არაფერს ვყვებოდი, მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა ყველაფერზე სიხარულით ვსაუბრობ. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება. ჩემი სიყვარული გახლავთ მარიტა მელიქიშვილი, რომელიც არის ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, საყვარელი, რომანტიკული, თბილი და ჩემთვის საუკეთესო ადამიანი.
მარიტა: გიორგი ყველას მოსწონს და მართლა სასურველი სასიძოა ყველასთვის და უკვე ჩემთვისაც. როგორც გარეგნულადაა იდეალური, ისეა ურთიერთობაშიც – სასწაული ადამიანია. იმ ასაკობრივ სხვაობას, რაც ჩვენ შორისაა, ხელი არაფერში შეუშლია, რადგან გიორგისთან ურთიერთობა პიროვნულად მზრდის. თან, სასწაულად მომხიბვლელი და შარმიანია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი სიყვარული ისაა.
– რამდენია თქვენს შორის ასაკობრივი სხვაობა?
მარიტა: მე 18 წლის ვარ.
გიორგი: მე 34-ის.
მარიტა: 16 წელია ჩვენს შორის სხვაობა, მაგრამ ამ სხვაობის გამო პრობლემა არასდროს შეგვქმნია.
გიორგი: ერთმანეთი პირველივე შეხვედრისთანვე მოგვეწონა. ობიექტურად რომ ვთქვათ, მარიტა საკმაოდ პატარაა, სხვა თაობაა. თუმცა არც მე მივიჩნევ თავს ძალიან დიდად. თუმცა, რადგან ასეთი სერიოზული ურთიერთობა ასეთი ასაკობრივი სხვაობით არასდროს მქონია, რაღაც მომენტში ვფიქრობდი, ძალიან დიდი ხომ არ ვარ-მეთქი. მაგრამ მარიტამ ისე შემაყვარა თავი და თან, ისეთი აღმოჩნდა, რომ ჩვენს ურთიერთობაში ვერანაირად ვერ ვგრძნობ ამ სხვაობას. ის სტუდენტია – თეატრალურში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, სკოლა ახლა დაამთავრა, მე უკვე გარკვეული გზა გავიარე და ცხოვრებისეული გამოცდილება დავაგროვე. ერთადერთი ეგ მომენტია, თორემ ისე კარგად ვართ ერთად, რომ არც გვახსენდება ხოლმე ეგ ფაქტი. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში დიდი ასაკობრივი სხვაობით წყვილების მხოლოდ ექვსი პროცენტია და ძალიანაც მოგვწონს, რომ ამ მცირერიცხოვან ხალხში მოვხვდით (იცინის).
– მარიტა, შენი მშობლები როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?
მარიტა: პირველად რომ ვუთხარი, ჩემი მშობლები შოკში ჩავარდნენ. იმიტომ არა, რომ გიორგი დიდია, უბრალოდ, მე სულ ვამბობდი, ჯერ სწავლასა და კარიერას უნდა მივხედო და ამ ტიპის ურთიერთობაზე შემდეგ ვიფიქრებ-მეთქი. ამიტომ ერთ დღეს ასე პირდაპირ რომ განვუცხადე ჩემს მშობლებს გიორგის შესახებ, ჩემი სითამამე მათთვის ცოტა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. თუმცა ეს არ იყო ნეგატიური შოკი, უბრალოდ, არ ელოდნენ. თუმცა, არ მინდოდა, მათთვის გიორგიზე მე შემექმნა შთაბეჭდილება, მერჩივნა, როცა გაიცნობდნენ, დასკვნები თავად გაეკეთებინათ. მართლაც, ასე მოხდა. ერთმანეთი რომ გაიცნეს, ჩემი მშობლები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, ჩემი არჩევნით იამაყეს.
გიორგი: მარიტას მშობლები ძალიან თბილად შემხვდნენ. თითქმის ჩემი თაობის არიან. დედა ოთხით, მამა კი ექვსი წლით უფროსია ჩემზე და ამიტომ საერთო ენის გამონახვა არ გაგვჭირვებია. დედაჩემს რაც შეეხება, მას ისე შეუყვარდა მარიტა, ერთი სული აქვს, როდის დავოჯახდებით.
– როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?
მარიტა: ურთიერთობა სოციალურ ქსელში დავიწყეთ. თეატრსა და პოეზიაზე ვგიჟდები და ზუსტად ამიტომ დავიმეგობრე გიორგი. მიმოწერის შემდეგ თავის სპექტაკლზე დამპატიჟა და წესით, იქ პირადად უნდა გამეცნო, მაგრამ, რადგან ბევრი ხალხი ელოდა, ცოტა მეუხერხულა მასთან მისვლა და ისე წამოვედი, არ მინახავს. ამის შემდეგ ამ ზაფხულს შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს ბათუმში, გიორგის მეგობრის კონცერტზე. ნახევარი საათი გაგრძელდა ეს შეხვედრა, მაგრამ იმდენად დადებითი ემოციები მოდიოდა მისგან და იმხელა ენერგია გადმომცა, რომ სერიოზულად დავიწყე მასზე ფიქრი.
გიორგი: სოციალურ ქსელში რომ გავიცანი, ჩვიდმეტი წლის ყოფილა, არ ვიცოდი. თუმცა, მაშინ თეატრზე ვსაუბრობდით, მარიტა მაშინ მართლა სკოლაში სწავლობდა და ვერ მოვიტყუები, უბრალოდ, ვმეგობრობდით სოციალურ ქსელში და ეს ურთიერთობა სასიყვარულო ჭრილში არ განიხილებოდა. ზაფხულში ზურა ჯავახიას კონცერტი იყო ბათუმში, ძალიან ბედნიერი არდადეგები მქონდა, ჯგუფელებთან ერთად ვისვენებდი. მაგრამ მარიტა რომ ვნახე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავი და კარგად ვერთობოდი, მისმა დანახვამ ყველა და ყველაფერი დამავიწყა. ჩვენი შეხვედრის რამდენიმე წუთი ყველაფრის მთქმელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ უკვე სხვანაირი მეგობრობა გაგრძელდა. ძალიან მალე მოგვინდა ერთმანეთის ნახვა და შეხვედრები დავიწყეთ.
– საკმაოდ სწრაფად აეწყო ყველაფერი და დაქორწინების გადაწყვეტილებაც, ალბათ, მალე მიიღეთ.
– ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თვითონაც ვერ ვეწეოდით მოვლენების განვითარებას.
მარიტა: ასეა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გვერდით იდეალური მამაკაცი მყავს.
– მზად ხარ იმ ყურადღებისთვის, რომელიც ახლა უკვე შენზეც გადმოვა და იმისთვისაც, რომ თქვენი ურთიერთობის განხილვას დაიწყებენ?
– მზად ვარ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება გიორგის გვერდით ვიყო. არც ნეგატიური ინფორმაციების მეშინია, რომელიც შესაძლოა, ჩემი მისამართით წამოვიდეს. ყველას თავისი აზრი აქვს და ვაცნობიერებ, რომ შეიძლება, ასეც მოხდეს, თუნდაც ამ სხვაობის გამო. ცალკე გამიჭირდებოდა, მაგრამ გიორგის გვერდით და გიორგისთან ერთად ყველაფერს გადავლახავ.
გიორგი: უკვე დაოჯახების პირას ვართ მისულები. არ შეგვიძლია ცალ-ცალკე დიდხანს ყოფნა. პანდემიის გავლას ვერ დაველოდებით, მარხვა რომ დამთავრდება, ჯვარს დავიწერთ, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ არ შეგვითანხმებია.
– აქამდე რას ფიქრობდით ოჯახის შექმნაზე?
მარიტა: ვამბობდი ხოლმე, 24 წლის რომ ვიქნები, სერიოზულ ურთიერთობაზე მერე დავფიქრდები, მომდევნო ხუთი წელი შეყვარებულები ვიქნებით და მერე გავყვები ცოლად-მეთქი (იცინის). მაგრამ გიორგი რომ გავიცანი, მალევე მივხვდი, რომ ეს იყო ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა.
გიორგი: 2020 წელი ჩვენთვის საუკეთესო აღმოჩნდა, რადგან ერთმანეთი ვიპოვეთ. ამ ასაკში, როცა ადამიანს უკვე გარკვეული გამოცდილება გაქვს, უფრო გაწონასწორებულ და სწორ გადაწყვეტილებას იღებ. შეიძლება, მარიტა არაა დიდი, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი მხრიდან აქვს ძალიან დიდი დასაყრდენი და ურთიერთობაში ძალიან კარგი ბალანსი გვაქვს. სადღაც წავიკითხე, 16-წლიანი სხვაობა სიყვარულის აპოთეოზიაო და ვეთანხმები ამ აზრს. მართლა ძალიან ბედნიერები ვართ და მჯერა, რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი