შოუბიზნესი

გიორგი გაგლოევი: მომწონს მაღალი გოგოები, ყველა ჩემი შეყვარებული ჩემზე მაღალი იყო

№48

ავტორი: ნონა დათეშიძე 18:00 30.11

მსახიობი გიორგი გაგლოევი
დაკოპირებულია

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მსახიობი გიორგი გაგლოევი, მიუხედავად იმისა, რომ ტანდაბალია, მამაკაცის სამოსის სახე გახდა. მართალია, სიმაღლის გამო არასოდეს ყოფილა ბულინგის მსხვერპლი, თუმცა საკუთარ თავზე ხშირად ხუმრობს. 
გიორგი გაგლოევი: საკუთარი გარეგნობის მიმართ პრეტენზიული არ ვარ. როგორიც მშობლებმა გამაჩინეს და რაც ღმერთმა მიბოძა, ისეთი ვარ. თუმცა, ცოტა კრიტიკული ვარ და არ მივეკუთვნები ხალხის იმ კატეგორიას, თავის გარეგნობაში ყველაფერი რომ მოსწონთ და საკუთარი თავით აღფრთოვანებულები არიან. ვგიჟდები მიდგომაზე, სოციალურ ქსელში რომ არის, დადებენ ფოტოს და რომ წავა კომენტარები: ჩემი ლამაზი, ჩემი დახატული, ჩემი ანგელოზი... არადა, შეხედავ და ქვაზე დახატული ეშმაკია (იცინის). ასეთი მიდგომა მაცოფებს და მაგიჟებს. ეს იგივეა, მე რომ მითხრან და დამიწერონ: ჩემო ტანადოო. ისე კი მწერენ ხოლმე: ჩემო სიმპათიუროო (იცინის).
– სიმაღლის გამო თუ ყოფილხარ ბულინგის მსხვერპლი და პრობლემა ხომ არ შეუქმნია ტანდაბლობას?
– სიმაღლეში 1 მეტრი 66 სანტიმეტრი ვარ – ბიჭისთვის დაბალია, თუმცა, ჩემს სიმაღლეს პრობლემა არსად შეუქმნია, არც ბაღში, არც სკოლაში, არც თეატრალურ უნივერსიტეტში, არც თეატრში და არც ტელევიზიაში. ბულინგის მსხვერპლი – ნაკლებად, მაგრამ მეგობრების მხრიდან „ღადაობის“ მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ხშირად ვარ (იცინის). სხვათა შორის, კალათბურთზეც დავდიოდი და ყოფილი კალათბურთელი ვარ. ახლა კი მეცინება, რომ მახსენდება – იმიტომ დავდიოდი, რომ იმედი მქონდა, მაგარი კალათბურთელი ვიქნებოდი. ესაა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგიკომედია. ამაზე ნახევარი საქართველო ღადაობს. ისე, მე რომ ჩემს თავზე „ვღადაობ“, მგონი, დედამიწის ზურგზე – ასე არავინ. მიყვარს ჯანსაღი იუმორი და ჩემს თავს იუმორით ვუყურებ. სამი მეგობარი მყავს ორმეტრიანი. მათთან „ხორუმის’ ცეკვა გადავწყვიტე, და მათ რომ მივყვები, მაგარი „ღადაობაა“, ახლა „სამაიაც“ უნდა ვიცეკვო და ის ვიდეოც სოციალურ ქსელში დავდო.

– მიუხედავად ამისა და ჩემდა გასაკვირად, გავიგე რომ, ერთ-ერთი ბრენდის, მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის სახე გახდი.
– ტანსაცმლის ყიდვის დროს სულ პრობლემა მქონდა. დაუწერელი კანონია – როცა შარვალს ვყიდულობ, აუცილებლად ტოტები უნდა წავაჭრა, გადავაკეთ-გადმოვაკეთო. ჩემი ზომა ტანსაცმლის შოვნა ძნელია. ჩემს მეგობარს გავყევი დიზაინერთან ხათუნა კობახიძესთან. რომ შევედი, იმდენად მომეწონა, რასაც შევხედე, სანამ ჩემი მეგობარი თავისი საქმით იყო დაკავებული, მე ტანსაცმელებში დავიკარგე. მოკლედ, ისე მომეწონა სამოსი, რომ ზომები ავიღე და შევაკერინე. ძალიან მომიხდა, გადავიღე ფოტოები და დავდე სოციალურ ქსელში. ატყდა ერთი ამბავი: უი, როგორ გიხდება, შენი სტილია, უმაგრესია... მეორედაც მივედი შესაკერად და დიზაინერმა შემომთავაზა, იმდენად გიხდება და სტილისტურად შენია ჩემი სამოსი, მოდი ვითანამშრომლოთო და ასე გავხდი „ხათკოს“ ბრენდის სახე. მგონი, საქართველოში ერთადერთი მამაკაცი ვარ, ჩემი პარამეტრებით, ვინც მოდელი გახდა (იცინის). სიმაღლეს რა მნიშვნელობა აქვს, დაბალ ადამიანებსაც ხომ უნდათ ჩაცმა? დაბალსაც უნდა, მაღალსაც, გამხდარსაც და მსუქანსაც. შეიძლება, ბულინგის მსხვერპლი გავხდე: შენ რა სამოდელო ბიჭი ხარო, მაგრამ მოდი, მარტივად შევხედოთ ცხოვრებას – ვიყოთ ისინი, ვინც ვართ და ყველამ ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს, ჩვენს თავს მივხედოთ და სხვის ცხოვრებაში არ ჩავერიოთ. ოცდამეერთე საუკუნეა, ხალხი მარსზე მიფრინავს და მე რომ მოდელი გავხდი, ეს არის გასაკვირი? (იცინის).
– რომ ვაკვირდები, დაბალ მამაკაცებს მაღალი ქალები ხიბლავთ. ამ მხრივ, როგორ არის შენსკენ საქმე?
– მომწონს მაღალი გოგოები და ყველა შეყვარებული, ვინც კი მყავდა, ჩემზე მაღალი იყო. სიმაღლე ქალებთან ურთიერთობაში ნამდვილად არ მიქმნის პრობლემას. ბევრი ახლობელიც მყავს, ვისაც თავისი მეორე ნახევარი, თავისზე მაღალი ჰყავს. სიყვარული ხომ არ არის მხოლოდ სიმაღლე, წონა და თვალის ფერი? სიმაღლის გამო არავის დაუწუნებივარ (იცინის). თან, ზოდიაქოთი მორიელი ვარ და რასაც ჩავიდებ გულში, ის უნდა შევასრულო. ჩემთვის მიუღწეველი არაფერია. ედით პიაფი საკმაოდ დაბალი იყო, მაგრამ სცენაზე რომ გამოდიოდა, მაღალიც იყო, ტანადიც და ლამაზიც. არ დამავიწყდება, ტელევიზიით გადიოდა სერიალი – „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც მეც ვთამაშობდი. იმ პერიოდში ქუჩაში ასაკიანი ქალი დამაკვირდა, ჩემზე ორი თავით დაბალი, მიყურა, მიყურა და ჩაილაპარაკა: შენ მოგიკვდა ჩემი თავი, როგორი მოკლე ყოფილხარო. ზოგადად, მეტსახელი არ მაქვს, „კლიჩკა“ მაქვს „გაგლო“. რაც შეეხება გაბედვას, მე კი „ვღადაობ“ ჩემს სიმაღლეზე, „ვიღადავებ“, რამდენიც მინდა და სადაც მინდა, თუმცა, სხვას არ გავაბედინებ. ჩემს სიმაღლეს არ შეუშლია ხელი ვყოფილიყავი მსახიობი, ტელეწამყვანი, ცნობადი, წარმატებული ადამიანი და ჩემი ნიჭი გამომეყენებინა. ბევრს საკუთარი გარეგნობის კომპლექსი აქვს, „უტყდება“ თავისი გარეგნობა, სიმაღელე თუ წონა. მათ ვეტყვი: „დაიკიდე“ და მოგეშვება! თავად არ უნდა მისცე საშუალება, დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლი გაგხადონ. მე ჩემს მეგობრებთან ბულინგის მსვერპლი კი არა, იუმორის მსხვერპლი ვარ და ეს სულ სხვადასხვა თემაა. „ღადაობა“ შეურაცხყოფაში და შეურაცხყობა დამცირებაში არ უნდა გადაიზარდოს, მთავარი ესაა. საქართველოში ამის გაგება ცოტა უჭირთ. პატარა ხაზია, თუ იმას გადასცდი, მერე მორჩა. ამიტომ, ზღვარი უნდა დავიცვათ ყველაფერში, მით უმეტეს, ადამიანების ურთიერთობაში. ერთხელ მაღალი ტიპი მიდიოდა და მის გამოხედვაში ამოვიკითხე: აუ, რა დაბალია. გავიქეცი, გვერდით ამოვუდექი და ჩემს მეგობარს მივაძახე: აბა, შემოგვხედე, ეს ჩემზე მაღალია-მეთქი (იცინის).
– თქვი, მორიელი ვარ ზოდიაქოთიო. ესე იგი, კბენაც გეხერხება?
– თუ შემეხები, გიკბენ კი არა, ორჯერ მეტად გიკბენ და მოგყვები ბოლომდე. არ მავიწყდება არცერთი გულისტკენა და წყენა. ხშირად არ მიწევს კბენები, მაგრამ ყოფილა მომენტები და უკან არ დამიხევია.
– ახლა რომ გითხრა, ერთ ოცნებას აგიხდენ-მეთქი, რას მთხოვდი?
– ალბათ ფიქრობ, რომ გთხოვ სიმაღლეში მომატებას, მაგრამ ნურას უკაცრავად! (იცინის). მინდა, დიდხანს ვიცოცხლო და გთხოვდი, რომ ვიყო უკვდავი. ამაზე ვოცნებობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...