შოუბიზნესი

გიორგი გაბუნია: ჩემი საქმე თუ არ მაქვს, სხვისას გამოვძებნი და იმის გასაკეთებლად წავალ

№4

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00

გიორგი გაბუნია
დაკოპირებულია

უკვე მეჩვიდმეტე სეზონი დაიწყო, რაც ტელეკომპანია „იმედზე“ გადის „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“. რთულია, ამდენი ხანი იარსებოს გადაცემამ და იყოს რეიტინგული, ჰყავდეს ერთგული მაყურებელი და გადაცემაში მიმსვლელი სტუმრისთვისაც სასიამოვნო გარემო შექმნას.

გიორგი გაბუნია: ბავშვობაში ცელქი ვიყავი, მოუსვენარი, მიყვარდა აქტივობები, თამაშობები, ბავშვების თავმოყრა. ასე რომ, ჩემს ტოლებში ლიდერი თუ არა, ორგანიზატორი ვიყავი (იცინის). მუხლები სულ გადაქლექილი მქონდა, დასისხლიანებული. ფეხბურთის თამაშის დროს ხელი მაქვს მოტეხილი. კარში ვიდექი, ბურთი უნდა დამეჭირა, მორაგბე მყავდა ძმაკაცი, ისეთი სიმძლავრით დაარტყა, ხელი დავახვედრე და ძვალი ორგან გადამიტყდა. სამი კვირა თაბაშირში მქონდა ჩასმული. თავიც ბევრჯერ გამიტეხავს. ვფიქრობ, ბიჭი ასე უნდა გაიზარდოს, ყველაფერი ბავშვობიდან გამოსცადოს – ხელის მოტეხვაც, თავის გატეხვაც და მუხლების გადაგლეჯვაც. ბოლომდე ჩემნაირი არ უნდა იყოს, მაგრამ აქტიური – აუცილებლად.

– როგორც მივხვდი, ბავშვური აქტიურობისგან სხეულზე ნაიარევიც უნდა გქონდეს შემორჩენილი.

– უამრავი „შრამი“ მაქვს სხეულზე და რომ დავხედავ, ის ბავშვური მომენტები მახსენდება. ურეკში ვიყავი, „სეტკიანი“ რკინის საწოლებშუა ჩავძვერი, ფეხი გამეჭედა, ოთხი კაცი ცდილობდა ჩემს ამოყვანას და საბოლოოდ, დიდი „შრამი“ დამრჩა ფეხზე. ბავშვები მდინარეში რომ ვბანაობდით, სიმაღლიდან ხტომა მიყვარდა. ერთხელ ყურით ჩავვარდი წყალში და ორი თვე ყურის ანთება მქონდა, ყურში არ მესმოდა. ჩემი თაობა გაცილებით ბევრ დროს ატარებდა გარეთ – ვთამაშობდით, ვერთობოდით, ერთად ყოფნით ვიჯერებდით გულს, ახლა სხვა დროა. სიმინდის მოსაპარადაც დავდიოდით შორეულ სოფლებში.

– სიმინდის გარდა, სხვა რამე თუ მოგიპარავს?

– მოპარვით არა, მაგრამ ქათმის მოპარვის ორგანიზატორი ვიყავი. ალბათ, ათი წლის ვიქნებოდით, ქეიფი გვინდოდა, ფული არ გვქონდა, მოვიპარეთ ქათამი, ჩვენი ჭკუით, არადა, შევცდით – აღმოჩნდა, მამალი მოგვიპარავს და რომ შევწვით, ქვასავით იყო, ვერ შევჭამეთ (იცინის). თურმე, ჯერ უნდა მოგვეხარშა და მერე შეგვეწვა. ძაღლმაც არ შეჭამა, რომ მივეცით.

– ქუთაისიდან თბილისში როდის გადმოხვედი საცხოვრებლად?

– სკოლა რომ დავამთავრე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და თბილისში მაშინ გადმოვედი საცხოვრებლად. პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული.

– პროფესიით გიმუშავია?

– როგორ არა. სამი წელი ვიმუშავე ინკასატორად, ჯერ რუსთავში და მერე – თბილისის რამდენიმე გარეუბანში. მამაჩემი გარდაცვლილი იყო, სტუდენტობის დროს ნათესავთან ვცხოვრობდი. დედა ყველაფერს აკეთებდა, რომ ის საარსებო მინიმუმი მქონოდა, რაც სტუდენტს სჭირდებოდა. მინდოდა, დედას შევხიდებოდი, მეორე კურსიდან დავიწყე ერთ-ერთ ენერგოკომპანიაში მუშაობა და 600 ლარი მქონდა ხელფასი. ცოტა რთული პროფესიაა – ვიღაცისთვის, თუ მოხმარებული ელექტროენერგიის ფული არ აქვს გადახდილი, დენის გათიშვა გიწევს, ან იმის აღმოჩენა, ვინც დენს იპარავს. კი უნდა აღმოაჩინო და შემდგომ მოგვარება უზრუნველყო, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით, მაინც ძალიან რთულია, როცა დენს ისეთ ადამიანს უთიშავ, ვისაც ფული არ აქვს, რომ გადაიხადოს.

– იყო მომენტები, როცა პატიობდი და თვალს ხუჭავდი?

– ჩემი პროფესია იყო გადაუხდელობის გამო დენის გათიშვა, მაგრამ წარმოიდგინეთ, სამი წლის განამავლობაში, როცა ვმუშაობდი, პრემია არ მაქვს აღებული. ბევრჯერ ვერ ვუთიშავდი, მეცოდებოდნენ და ამისთვის მე მსჯიდნენ – პრემიის გარეშე ვრჩებოდი. შვიდჯერ თუ რვაჯერ დარიგდა იმ სამი წლის განმავლობაში სამსახურში პრემია და მე არც ერთხელ არ ამიღია. სხვათა შორის, ჩემი პირველი ხელფასიც მახსოვს – 18 წლის ვიყავი, სტუდენტური დასაქმებები იყო, ქუთაისი ავირჩიე, მეხუთე საჯარო სკოლაში, საფიჩხიაზე ვეხმარებოდი მუშებს რემონტის გაკეთებაში. ასე რომ, მუშების დამხმარე ვიყავი და გიორგობა დღეს ჩემერიცხა ხელფასი 580 ლარი. მეგობრები შევიკრიბეთ და ჩემი პირველი ხელფასი რესტორანში დავხარჯე.

– რა თვისებები გამოგიმუშავა ადრეულ ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებამ?

– პირველ რიგში, ადრეული ასაკიდან დამოუკიდებელმა ცხოვრებამ შრომის ფასი მასწავლა, გამიჩინა იმის შეგრძნება, რომ კარგია, როცა გაქვს საკუთარი ხელფასი, რომ არასდროს არ უნდა ითაკილო მუშობა და არ არსებობს პროფესია ან ადგილი, სადაც მუშაობა სირცხვილია. სამარცხვინო ისაა, როცა მუშაობა შეგიძლია, არ მუშაობ და სხვაზე ხარ დამოკიდებული. დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც სტუდენტობის პერიოდიდან მუშობს და საკუთარი ხელფასით უზრუნველყოფს საკუთარ თავს. ადრეული ასაკიდან მუშაობამ ასევე გამომიმუშავა რეჟიმი. ისე ვარ მიჩვეული მუშაობას, დასვენების დღეები რომ არის, ვერ ვისვენებ. სახლში უსაქმოდ ვერ ვჩერდები, ჩემი საქმე თუ არ მაქვს, სხვისას გამოვძებნი და იმის გასაკეთებლად წავალ. გარდა იმისა, რომ შემცვალა სტუდენტური წლებიდან დამოუკიდებლად ცხოვრებამ, მეტი პასუხისმგებლობაც გამიჩინა.

– ტელევიზიაში როგორ მოხვდი?

– „მანსანკანს“ ვთამაშობდი, აქედან მოვხვდი ტელევიზიაში. ზვიად ბლიაძესა და შალვა რამიშვილს ჰქონდათ გახსნილი რადიო, სადაც სამუშაოდ წამიყვანეს, სცენარისტი ვიყავი და ანეკდოტებს ვკითხულობდი. მერე ინტერნეტტელევიზია „პოსტ-ტივი“ გაიხსნა და იქ ვმუშაობდი. შემდეგ, გარისკეს და, სატელევიზიო მიმართულებით გამოუცდელ ტიპს მომცეს საშუალება, „ღამის შოუ წამეყვანა“. ამისთვის, მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ „მაესტროზე“ გადიოდა, მერე, – „იმედზე“ და იყო „პოსტ-ტივის“ პროდუქტი და მერე ისე მოხდა, რომ „იმედზე“ გადმოვედით სამუშაოდ და ახლა აქ მიმყავს იგივე ღამის შოუ. სხვათა შორის, მეჩვიდმეტე სატელევიზიო სეზონი დავიწყეთ, საიუბილეო და მგონი, ამდენ ხანს, ამდენი წელი, კონკრეტულ არხზე არცერთი შოუ არ ყოფილა.

– როდის იყო შენთვის ყველაზე რთული მომენტი, ყველაზე მძიმე დარტყმა?

– ბევრი რთული მომენტი იყო, მაგრამ პირველი და ყველაზე მძიმე იყო, როცა მამა გულით გარდაიცვალა. თბილისში ვიყავი, დამირეკეს ბაბუაა ცუდადო, წავედი და სულ სხვა სურათი დამხვდა. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი ამბავი, თან პირველი, რაც ცხოვრებამ მომაყენა. ისეთ ასაკში ვიყავი, როცა ბევრი რამ არ იცი, შეიძლება, შეცდომა დაუშვა, ბევრ რამეზე გინდა პასუხი, მამაზე კარგი მრჩეველი კი ვინ არის ამ დროს? 19 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა, მაშინ ხომ ძალიან მჭირდებოდა მისი გვერდში დგომა და ახლა, უფრო მეტად მჭირდება. რომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ასე არ არის. დროსთან ერთად ვეჩვევით რაიმე კონკრეტულთან, მათ შორის დარდთან და ტკივილთან ცხოვრებას, თორემ დრო ვერ გავიწყებს ვერაფერს და ვერც მკურნალობს ბოლომდე. ყოველღამე და დილით ღმერთს შევთხოვ, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ჯანმრთელად და კარგად და მერე – მეც, თუ ღირსი ვიქნები. ბევრი მედგა გვერდში, როცა რთული პერიოდი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად დედა, ბებიები და ბაბუები. თუმცა, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბაბუა – მამის მამაც, მალე გარდაიცვალა. ოჯახი ისეთი ადგილია, სადაც მოგისმენენ და ყოველგვარი ანგარების გარეშე გაგიკეთებენ მაქსიმუმს, რაც შეუძლიათ. სულ ვგრძნობ ღმერთის თანადგომას, რადგან ისეთ მომენტებში, რომ გგონია, არ იცი, სად წახვიდე, ვის რა უთხრა და რა ქნა, ამ დროს ვხვდები, გამოსავალი გამოჩნდა, რომელიც მიწიერი გადაწყვეტილება არ იყო. ზოგადად, რაც ცხოვრებაში ხდება, მათ შორის ცუდიც, გწყდება გული, თუმცა რაღაცის მომასწავებელია, ამიტომ უნდა მომხდარიყო ის ცუდი, რომ ამას კარგი მოჰყოლია. ბევრი დამიდგა გვერდით ცხოვრების გზაზე, ვცდილობ, ახლა მეც გადავუხადო სამაგიერო მათ და რაც შემიძლია, გავუკეთო. ასე რომ, კეთილი ადამიანების გარდა, სულ ვგრძნობ უფლის გვერდით ყოფნას. ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ, გამიმართლა ოჯახში, სიყვარულში, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ერთად გაგვაქვს ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება. არაჩვეულებრივი შვილი მყავს, ძალიან მაგარი და მეგობრები და ყველა – ჯანმრთელად... და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. დღემდე ბევრი იმედგაცრუებაა – გარედან, შიგნიდან, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერს ვუმკლავდები. იღბალი უნდა დაგყვებოდეს ადამიანს, თორემ ისე გამორიცხულია.

– რომ ამბობენ, ტელევიზიამ შეჩვევა იცისო, კამერების გარეშე თუ წარმოგიდგენია თავი?

– ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ ცხოვრება კამერების გარეშე წარმოუდგენელია-მეთქი, ვერ ვიტყვი. შეგრძნება, რომ ოდესღაც დადგება მომენტი, კამერის წინ არ ვიჯდები, არ ვიქნები წამყვანი და იმედია, ეს ბევრი წლის მერე იქნება, გათავისებული მაქვს, მაგრამ არ მინდა, ეს ისეთი ტრავმა იყოს, რასაც ვერ გადავიტან. არაფერი მუდმივი არ არის, ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ კამერების გარეშე დავიღუპები.

– როგორი იყო გასული წელი და როგორ დაიწყო ახალი?

– გასული წლის ბოლო რთული იყო ჩემთვის. უმძიმესი ფაქტი იყო ლაშა ბასლანძის დაღუპვა, რომელიც ჩემი ახლო მეგობარი და ჩემი გოგონას, კირას ნათლია იყო. საშინლად, კატასტროფულად მძიმე იყო მისი გარდაცვალება, გამიჭირდა მდგომარეობიდან გამოსვლა. ამას დაემთხვა ახლობლების ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ მადლობა ღმერთს, აქ ყველაფერი გამოსწორდა. ახალი წელი კი ახალი ემოციებით, სურვილებით და იმედებით დაიწყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი