შოუბიზნესი

გიორგი ძოწენიძე: შეიძლება, გამარჯვებამ უფრო მეტი ზიანი მოუტანოს ადამიანს, ვიდრე მარცხმა

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 16.09

გიორგი ძოწენიძე
დაკოპირებულია

გიორგი ძოწენიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის გიორგი ძოწენიძე?

გიორგი ძოწენიძე: ქართველი კაცი, ქართული, ღირსეული, მართლმადიდებლური ღირებულებებით, ორი შვილის მამა, ულამაზესი და ღირსეული ქალბატონის მეუღლე.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორზეც ვოცნებობდი. ჩემი საყვარელი ადამიანები ჯანმრთელები არიან, საყვარელ პროფესიაში ვარ და ღირსეული და მოსიყვარულე ოჯახი მაქვს.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ, მაგრამ საჭირო იყო?

– ძალიან ბევრჯერ, თითქმის მუდმივად. სანამ იმდენს მივაღწევდი, რომ მხოლოდ სიმღერა ყოფილიყო ჩემი ძირითადი საქმიანობა, მანამდე, თითქმის, სულ ისეთ საქმეს ვაკეთებდი, რაც არ მიყვარდა. მაგალითად, ორი წლის წინ, სანამ ჩვენი სიმღერით ძალიან წარმატებულები გავხდებოდით, ფაქტობრივად, რობოტად ვმუშაობდი. ძალიან ბევრ ვიდეოს ვუყურებდი, დღის განმავლობაში რამდენიმე ათასს და მათში სხვადასხვა დარღვევებს ვაკონტროლებდი, რასაც ახლა ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, იმავეს მე ვაკეთებდი, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. კიდევ ბევრ ისეთ ადგილას მიმუშავია, სადაც არ მსიამოვნებდა, მაგრამ საჭიროებას წარმოადგენდა. სამაგიეროდ, გამომუშავებული თანხით ოჯახს ვინახავდი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

– ემოციური და გულჩვილი ხართ?

– ჩემს მეუღლეს რომ ჰკითხოთ, ნაკლებად ემოციური ვარ და მის ფონზე, შეიძლება, მართლა ასეა, რადგან შეიძლება, მას ყველაფერზე ცრემლი წამოუვიდეს, ძალიან სენსიტიურია. მე ასეთი არ ვარ, მაგრამ წარმოიდგინეთ, მაგალითად, სცენიდან ჩამოვდივარ ან ქუჩაში მივდივარ და პატარა ბიჭუნა ან გოგონა გამორბის და მთელი გულითა და სულით მეხუტება. საერთოდ რომ არ იყო ემოციური, ასეთ მომენტში, მაინც ვერ შეიკავებ ცრემლს. ჩემს ცხოვრებაში ხშირად არის მომენტი, როცა ემოციები მაწვება, რაც ძირითადად, ჩემს კარიერას უკავშირდება.

– მინდა, ბედნიერებითა და ტკივილით გამოწვეული ცრემლის გახსენება გთხოვოთ...

– ბედნიერების ცრემლია ყოველთვის, როდესაც სცენაზე ვდგავართ და ძალიან ბევრი ადამიანი მღერის ჩვენს სიმღერას. ეს იმდენად ხშირია, შეიძლება, ითქვას, რომ ყველა კონცერტზე ვტირი (იცინის).

ტკივილით გამოწვეული ცრემლი – ბოლოს მამიდა გარდამეცვალა, მამიდაშვილი გარდამეცვალა, ახალგაზრდა ბიჭი. ჩემი ახალგაცნობილი მეგობარი – ბარბარე (ბეჭვაია), რომელიც ახლახან გარდაიცვალა მოულოდნელად, ალბათ, ბევრმა გაიგო ამის შესახებ. სიცოცხლით სავსე გოგო იყო და მისი გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, მართლა სიმწრის ცრემლები მქონდა.

სამწუხაროდ, ასეთი ამბები ბევრია, მაგრამ ღმერთის წყალობით, სიხარული მეტია.

– რას გააკეთებდით ახლა, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– რეგიონებში ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი ცხოვრობს, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდებათ. ყველა რეგიონში გავაკეთებდი სასწავლებელს, სადაც, თან, ადგილობრივ მასწავლებლებს დავასაქმებდი, თუმცა, არა მხოლოდ და ძალიან მინიმალურ ფასად ან, საერთოდ, უფასოდ თუ მოხერხდებოდა, ვასწავლიდი ბავშვებს მუსიკას, ქართულ სიმღერას და ასე შემდეგ.

რომ არ მოგატყუოთ, ამის გაკეთება ისედაც მინდა, მაგრამ მილიონების მოგება ამ ამბავს დააჩქარებდა. ჩემი საქმე ეს არის და ჩემი აზრით, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს.

– გიოცნებიათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყავით ძალიან ცნობილი ადამიანი?

– ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ვოცნებობ და იმედი მაქვს, მივაღწევ კიდეც, ისევ და ისევ ჩემი საქმიანობით. სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე მოხვედრას საკმაოდ ჭკვიანური გეგმები სჭირდება. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იმედია, ვიპოვით გზებს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?

– ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის უნდობლობაა, რომელიც ჩემი ძირითადი პროფესიისადმი – მუსიკისადმი გამოვიჩინე. პარალელურად მუდმივად სხვა საქმეს ვაკეთებდი, რადგან მეგონა, რომ მხოლოდ მუსიკით ვერაფერს მივაღწევდი და ეს მხოლოდ ჰობად დარჩებოდა. ქართული სტერეოტიპული შეხედულების მსხვერპლი ვიყავი. ყველა ამბობს, საქართველოში მხოლოდ სიმღერით წარმატებული ვერ იქნები, ამით ვერ იცხოვრებო. ჩემ გარშემო არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც მეტყოდა – არა, მიდი, მიაწექი და როგორ არა, ნახავ, როგორ წარმატებას მიაღწევ. რომ არა ჩემი ეს უნდობლობა, უფრო ადრე მივუძღვნიდი მთელ ჩემს ცხოვრებას სიმღერას. მადლობა ღმერთს, საბოლოოდ მაინც ასე გამოვიდა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

– ოდესმე რამე თუ მოგიპარავთ, თუნდაც ბავშვობაში?

– მაგ მიმართულებით ბავშვობაშიც კი ძალიან ფრთხილი, მორცხვი და მშიშარა ვიყავი. ყოფილა შემთხვევა, ჩემი მეზობლები წასულან სიმინდის ან ხილის მოსაპარად, მაგრამ მე ყოველთვის ძალიან მეშინოდა და ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს. კომფორტის მოყვარული ადამიანი ვარ და მგონია, რომ საშინელი შეგრძნებაა, როცა რამეს იპარავ და გარბიხარ. სამაგიეროდ, მოპარული სიმინდი ბევრჯერ დამიგემოვნებია (იცინის).

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი და რამ შეიძლება, გააღვიძოს თქვენში ეს თვისება?

– რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვცდილობ, ადამიანს არ ვაწყენინო. ცუდსაც სითბოთი ვამბობ, რომ სხვას გული არ გავუტეხო. ერთადერთი, როდესაც არაფერს ვერიდები, ეს საქმეა. თუ საქმეში ვიღაც ცუდად იჭრება ან ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რამაც შეიძლება, ჩემი საქმე დააზიანოს, ასეთ დროს ძალიან მკაცრი ვარ. ამ ადამიანის წყენაზე აღარ ვფიქრობ, თუ ის საკუთარი არასწორი ნაბიჯებით მე მაზიანებს. ბავშვები არ ვართ, სერიოზულ საქმეს ვაკეთებთ. მაგალითად, კონცერტი ავიღოთ, რომელსაც შეიძლება, 10 000 ადამიანი ესწრებოდეს. აქ თითოეულ დეტალს და ყველაფრის ხარისხს მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მსმენელი ბედნიერი იყოს. წლებია, ვშრომობთ იმისთვის, რომ ასეთი კონცერტები ჩავატაროთ და ამ დროს შეიძლება, ვიღაცამ ტექნიკური თუ საორგანიზაციო საკითხები სათანადოდ ვერ გამართოს და ძალიან დაგვაზარალოს.

– რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– ძალიან ბევრი გამარჯვებაა. ვფიქრობ, რომ დღეს გამარჯვებებით ვცხოვრობთ. ჩემი გამარჯვებაა ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლის პოვნა. დღესაც რომ ვუყურებ გარემოცვას, ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც ყველაფერში ისე გაგიგებს, როგორც მე ჩემი მეუღლე მიგებს. ის ყველა მიმართულებით ძალიან კარგია. ჩვენი გამარჯვებაა ჩვენი შვილები, რომლებიც იმედია, ღირსეული ადამიანები გაიზრდებიან. ჩემი გამარჯვებაა ჩვენი ჯგუფი. ჩვენ 16 წლის წინ ვიპოვეთ ერთმანეთი და ეს წლები სულ გამარჯვებებისა და დამარცხებების ფონზე მოვდივართ. ერთიც და მეორეც იმდენი ყოფილა, რომ ჩვენთვის ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო სწორედ ეს მგონია, იმდენი მარცხი და წარმატება გვაქვს ნანახი, არა მგონია, რომ რომელიმე მარცხმა ან წარმატებამ დამანგრიოს. თუ ადამიანს საჭირო გამოცდილება არ აქვს, შეიძლება, გამარჯვებამ უფრო მეტი ზიანი მოუტანოს, ვიდრე მარცხმა. ნურავის დასწყდება გული იმის გამო, თუ ფეხი დაუცდა და წაიქცა, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ეს მხოლოდ ცხოვრებისთვის საჭირო გამოცდილებაა, რაც ბევრს გასწავლის. ასეთი ბევრი უნდა გადაიტანოს ადამიანმა, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ასევე, წარმატებაც ბევრჯერ უნდა იყოს, რომ ესეც ჩვეულებრივი გახდეს.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

– კომენტარებს თუ გადავიკითხავ ხოლმე, ძალიან მიხარია, როცა წერე:ნ „ნამდვილი ქართველი“, „ნამდვილი ვაჟკაცი“, „კარგი, სამაგალითო ადამიანი“... ეს სიტყვები ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ჩვენი მსმენელების დიდი ნაწილი ბავშვები არიან. თითოეული ჩემი ქცევა, სცენაზე იქნება თუ ქუჩაში, ძალიან დიდი დაკვირვების შედეგია, რადგან ჩვენი მომავალი თაობა გვიყურებს – ბავშვები, რომლებსაც ჩვენ ვუყვარვართ. ჩვენ გარკვეულწილად მათ ღირებულებებს ვქმნით, მათთვის მაგალითი ვართ და ამიტომ სწორად უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ სწორი მაგალითები აიღონ.

რაც შეეხება ცუდს, შეიძლება, ვიღაცამ პოლიტიკური ნიშნით გამლანძღოს ან ოჯახი გამილანძღოს, იმიტომ რომ სხვადასხვა აზრზე ვართ. მე დიდ პატივს ვცემ ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს, თუ ის მე მლანძღავს იმიტომ, რომ მასავით არ ვფიქრობ, ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია. მით უმეტეს, თუ ოჯახს მილანძღავს. ამაზე იმუნიტეტი არ მაქვს და ალბათ, ვერასდროს გამოვიმუშავებ.

– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– მეუღლით, ოჯახითა და „ურსათი“, რომელიც ჩემი მეორე ოჯახია. ვამაყობ იმითაც, რომ მოვახერხე, შემექმნა მუსიკალური სკოლა, სადაც ბავშვები ქართულ სიმღერას სწავლობენ და ქართულ ღირებულებებს ეზიარებიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა