შოუბიზნესი

გიორგი ძოწენიძე: არაერთხელ ყოფილა დაშლის პირას ჩვენი ჯგუფი

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 09.09

გიორგი ძოწენიძე
დაკოპირებულია

ჯგუფი „ურსას“ შემოქმედებით ცხოვრებაში შესანიშნავი სიახლეებია. ბოლო პერიოდი ჯგუფისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი აღმოჩნდა, რაზეც მისი სოლისტი გიორგი ძოწენიძე გვესაუბრება.

გიორგი ძოწენიძე: 2024 წლის ზაფხული ჩვენს კარიერაში ყველაზე წარმატებული, აქტიური და ნაყოფიერია. ბევრი კონცერტი გვქონდა, კარგი სიმღერები გამოვუშვით, რომელიც ძალიან შეიყვარა ხალხმა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ჩვენს 15-წლიან ისტორიაში საუკეთესო წელი იყო. ჩვენი კონცერტები კვლავ გრძელდება. ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ ამ კონცერტებზე ძალიან ბევრი ხალხი მოდის, მნიშვნელობა არ აქვს რომელ რეგიონში ჩავატარებთ. ყველგან ძალიან უყვართ სიმღერები, რომელსაც ჩვენ ვმღერით. ყველა ერთად ვმღერით, ვცეკვავთ და საოცარ დროს ვატარებთ. ეს ადამიანები ჩვენ გვჩუქნიან ისეთ წუთებს, როგორიც ცხოვრებაში აქამდე არ გვქონია და რა თქმა უნდა, თითოეული მათგანის მადლობლები ვართ.

– კონცერტების სიუხვესთან ერთად, ლამის ყოველ თვეში თქვენი ახალ-ახალი სიმღერა ჰიტდება.

– ეს ჩვენი გეგმის ნაწილი იყო. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყოველ თვეში ახალი სიმღერა უნდა გამოგვეშვა. არ გვქონია მოლოდინი, რომ ყველა სიმღერა გაჰიტდებოდა, მაგრამ ჩვენი მსმენელის მხარდაჭერით, ყველა სიმღერა გაჰიტდა, მსმენელმა ყველა შეიყვარა და ძალიან ბედნიერები ვართ. დაახლოებით, კიდევ ათი სიმღერა გვაქვს გამოსაშვები და სერიოზული ჭიდილი მიდის, მათ შორის რომელი უნდა ჩავწეროთ პირველი. აქტიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს. კონცერტების პარალელურად, რთულია ახალ სიმღერებზე მუშაობა, მაგრამ გეგმა დავისახეთ, ორ-სამდღიან ტურნეში რომ მივდივართ, სარეპეტიციო ინსტრუმენტები მიგვაქვს და კონცერტამდე თუ კონცერტის შემდეგ ვახერხებთ რეპეტიციის გავლას. ალბათ, ეს ჩვენს ტრადიციად იქცევა.

– ვერ ვიტყვით, რომ აქამდე არ გიცნობდნენ და მსმენელი გაკლდათ, მაგრამ თითქოს, ახლა თქვენს შემოქმედებაში ფურორი მოხდა და საერთოდ სხვა ეტაპზე გადახვედით. რას უკავშირდება ეს ყველაფერი?

– ბევრი რომ არ ვიმარჩიელოთ, შეგვიძლია, მარტივად ვთქვათ, რომ ეს ღვთის წყალობაა. მიზეზების ძებნა თუ დავიწყეთ, შეიძლება, ბევრი აღმოვაჩინოთ. შეიძლება, ისიც, რომ საჭირო დროს ვიმღერეთ სიმღერა „მინდა, ფრთები გავშალო“. ეს ახალი წლის საღამოს მოხდა. ეს სიმღერა 7 წლით ადრე გვქონდა ჩაწერილი, ბოლოს კონცერტებზე უკვე აღარც ვასრულებდით. ერთმანეთს ვეუბნებოდით ხოლმე, რომ ძალიან გვჭირდებოდა ჰიტი, რომელსაც განსაკუთრებულად შეიყვარებდნენ, იმისთვის, რომ ნაბიჯი წინ გადაგვედგა. ასეთი იყო ჩვენი შიდა სამზარეულო. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს უფლის საჩუქარია – ახალი კი არ შევქმენით, რაც გვქონდა, იმისგან შეიქმნა ძალიან მაგარი ჰიტი, რომელმაც ძალიან დიდი სტიმული მოგვცა და ახალ სიმღერებზე დავიწყეთ მუშაობა, რამაც დიდი ტალღა ააგორა და წარმატებისკენ წავედით.

კიდევ ერთი მომენტს დავაკვირდით: ჩვენს კონცერტებში, რომელიც ხალხით არის სავსე და ყველა ჩვენთან ერთად მღერის, ახალ თაობას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი. კონცერტებს ყველა თაობა ესწრება, მაგრამ განსაკუთრებით ბევრია, დაახლოებით, 10-12 წლის ბავშვები. სწორედ მათ უკავიათ წინა რიგები და მთელი კონცერტის განწყობას ქმნიან. ჩვენთან ერთად მთელი გულითა და სულით მღერიან, მთელი სიყვარულით. საოცარი შეგრძნებაა, როცა ბავშვები ჩვენთან ერთად ქართულ სიმღერებს მღერიან ისე, როგორც არასდროს. მადლობას ვუხდი მათ და მათ მშობლებს, რომ ასე აყვარებენ შვილებს ქართულ სიმღერას. შეიძლება, ამაში ჩვენი წვლილიცაა, მაგრამ უფრო მეტად მათი დამსახურებაა.

– ისე არ გამოგვივიდეს, თითქოს, აქამდე ჰიტები და ცნობადობა არ გქონდათ, თუმცა ახლა სრულიად სხვა მასშტაბებზე გადახვედით, ზუსტად ის მოხდა, რაც გინდოდათ, რომ მომხდარიყო და ახლა რა ხდება შიდა სამზარეულოში?

– ბევრი გვეუბნება, როგორ გამოჩნდით ასე უცბად და ძალიან მალე გახდით პოპულარულებიო. მერე ჩვენთვის ვამბობთ ხოლმე, ეს თქვენ გგონიათ, რომ უცბად მოხდა ეს ყველაფერი. რეალურად, ამის უკან მთელი 15 წელია. ამ წლების განმავლობაში, ხან პოპულარულები გავხდით, ხან დავკარგეთ პოპულარობა, ხან აქტუალურები ვიყავით, ხან – არა. ბევრი რამ გამოვიარეთ, არაერთხელ ყოფილა დაშლის პირას ჩვენი ჯგუფი, ბევრჯერ აღზევება გვქონია. 15 წელი მართლა არ არის ცოტა. წარმატება ბევრი ყოფილა, მაგრამ ასეთი მასშტაბის – არა, თუმცა განვლილი ისტორიიდან გამომდინარე, ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით და ამიტომ ახლა ჩვენთან განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ მადლობლები ვართ ჩვენი გულშემატკივრებისა და ღმერთის. დანარჩენი ყველაფერი ბუნებრივად ხდება. დიდი ხანი რომ ელოდები რაღაც მომენტს, მიიღებ და ჩვეულებრივად აგრძელებ შრომას, ეს პერიოდი გვაქვს. ისევ ისეთი სიყვარულით ვატარებთ კონცერტებს, როგორც ადრე, თუმცა მასშტაბები ახლა ბევრად დიდია.

– ზაფხულია, დასვენების სეზონია, მაგრამ ამის დრო ვის აქვს, არა?

– ჰო, ნამდვილად ასეა, თუმცა ახლა ერთკვირიანი შვებულება გვქონდა აღებული და ეს რამდენიმე დღე კონცერტი არ გვქონია. ახლა უკვე ბათუმში გვაქვს კონცერტი, შემდეგ – სამეგრელოში, ყაზბეგში. მერე გერმანიაში მივდივართ და შემდეგ ისევ საქართველოში გავაგრძელებთ. ზამთარში კი, სავარაუდოდ, ისევ უცხოური ტურებით ვიქნებით დატვირთულები.

– კარგი ამბები რომ მიეწყობა ხოლმე, ისეთი პერიოდი გაქვთ. შემოქმედებაზე ვისაუბრეთ და ახლა ოჯახზე გადავერთოთ, უკვე მეორე პატარას ელოდებით.

– კი ასეა, უკვე დღე-დღეზე ველოდებით. 30-ში მაქვს ერთი თავისუფალი რიცხვი, კონცერტი არ გვაქვს და ვფიქრობ, ნეტა ამ დღეს ხომ არ დაიბადება-მეთქი (იცინის). საინტერესოა, თვითონ რას ფიქრობს (იცინის). პარალელურად, სახლში რემონტი გვაქვს და ეს კიდევ ცალკე ყურადღებას მოითხოვს. ღმერთის წყალობით, ყველაფერი ნორმალურად მიდის და იმედია, ასეც გაგრძელდება.

– როგორ ხვდებით ოჯახის ახალ წევრს?

– ვიცით, რომ ცხოვრება კიდევ უფრო მეტად ბედნიერი გახდება. ოჯახის ახალ წევრს დიდი სიხარულით ველოდებით, განსაკუთრებულად გახარებული მისი უფროსი დაიკოა. მაღაზიაში რომ ანიტასთვის რაიმეს ვყიდულობთ, არასდროს ავიწყდება, რომ მომავალ ძმას, ანდრიასაც უნდა უყიდოს რაღაც. ძალიან მზრუნველი აღმოჩნდა. ვნერვიულობდით, რომ ეგოისტურად არ ეეჭვიანა, მაგრამ ჯერჯერობით ჩანს, რომ ასე არ არის.

– იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრეთ, რამდენად ახერხებ ფეხმძიმე მეუღლის გვერდით ყოფნას?

– შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, მე და მია სულ ერთად ვიყოთ. თავისუფალ დროს მხოლოდ ოჯახში ვატარებ, მით უმეტეს, რომ ახლა მიას განსაკუთრებულად სჭირდება ჩემი ყურადღება და გვერდში დგომა. შეიძლება, ისე არ გამომდის, როგორც საჭიროა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ.

– პირველი შვილის დაბადებას დაესწარი, მეორეზე რას გეგმავ?

– 3 სექტემბერს თუ გადააშორა, არ ვიცი, რადგან 3-იდან 8-ამდე გერმანიაში ვარ, ამიტომ არ გამომივა, მაგრამ თუ აქ ვიქნები, მშობიარობას აუცილებლად დავესწრები.

– პატარას სახელი როგორ შეურჩიეთ?

– იყო ასეთი ადამიანი - ანდრია ძოწენიძე, ჩემი დიდი ბაბუა, ძალიან მაგარი ადამიანი, უსაყვარლესი კაცი. ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ თუ ბიჭი შვილი მეყოლებოდა, მისთვის ანდრია დამერქმია. როდესაც მიას ეს აზრი გავუზიარე, ძალიან მოეწონა. მითხრა, რომ თვითონაც უნდოდა შვილისთვის ამ სახელის დარქმევა და მარტივად შევთანხმდით.

– ნათქვამი გაქვს, რომ ხასიათიდან გამომდინარე, მშობლებს ეგონათ, რომ ცუდი მეოჯახე ვიქნებოდიო, რად ფიქრობ დღეს?

– გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება მქონია, ვიდრე დაოჯახებამდე მეგონა. რეალურად, სხვა გზა არც არის. როცა მეუღლე და შვილები გყავს, სხვანაირად ვერც იქნება – პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე საკუთარ მხრებზე უნდა აიღო, კარგი გაგებით და მორალურად იქნება, ფინანსურად თუ ფიზიკურად, ყველანაირად შენი ოჯახის სადარაჯოზე უნდა იდგე, თან მაქსიმალური ყურადღებით. სხვანაირად არ გამოვა. შეიძლება, სანამ ოჯახს შექმნი, თავისუფალი ცხოვრება გქონდეს და ბევრი რამ არ გადარდებდეს, მხოლოდ შენს თავზე იყო პასუხისმგებელი, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანების, მით უმეტეს ბავშვების წინაშე გეკისრება პასუხისმგებლობა, არ მგონია, რომ დედამიწის ზურგზე არსებობდეს ადამიანი, ვინც ამ პასუხისმგებლობას სიამოვნებით არ აიღებს. მგონია, რომ ჩვეულებრივი, თავიდან ბოლომდე ოჯახურ ცხოვრებაში ჩაფლული კაცი ვარ.

– მგონია, რომ მინაც საკმაოდ ძლიერი გოგოა, რომელსაც საკუთარ თავზე ბევრი პასუხისმგებლობის აღება შეუძლია.

– მია ჩემზე გაცილებით მაგარია ოჯახურ ცხოვრებაში. ბევრად უფრო გამბედავი და რისკიანი. მია რომ ასეთი მეოჯახე არ იყოს, ალბათ, მეც არ ვიქნებოდი ასეთი. ის მიქმნის მე საჭირო ემოციას და მაძლევს სტიმულს, ვიყო ასეთი მეოჯახე. საერთოდ, მეორე ნახევარზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ჩვენ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ და ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, რომ გავიგოთ, რომელს რა მოგვეწონება. რომ ვხედავ, მია როგორი მეოჯახეა, როგორ ფიქრობს, პირველ რიგში, ოჯახის განვითარებაზე, მეც იგივეს სურვილი მიჩნდება.

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია 26 აგვისტოს. 30 აგვისტოს გიორგი ძოწენიძესა და მია მაჩაბელს ანდრია ძოწენიძე შეეძინათ. ვულოცავთ მათ პატარა ანდრიას დაბადებას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა