შოუბიზნესი

გია ჯაჯანიძე: სოციალურ ქსელში დადებული ჩემი 20 სტატუსი ამერიკაში დაბეჭდილ მსოფლიო სტატუსების წიგნში შევიდა

№43

ავტორი: ნონა დათეშიძე 12:55

გია ჯაჯანიძე
დაკოპირებულია

გია ჯაჯანიძე ის ადამიანია, ვისაც არც სიბერე აშინებს, არც სხვის ცხოვრებას განიხილავს და არც ფუჭად კარგავს დროს. ყოველთვის ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, მხიარული განწყობითა და ოპტიმიზმით სავსე გარშემო მყოფებში ხალისს იწვევს. მის ცხოვრებაში იყო სამი ქორწინება და შესაბამისად, სამი სიდედრი, რომლებთანაც არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა. არაფერს განიცდის, თუმცა ნანობს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა.

გია ჯაჯანიძე: საერთოდ, გარკვეული ეტაპის შემდეგ აღარ ვიყურები რა იყო განვლილი ცხოვრება. უფრო შეფასებები მაქვს და ვაფასებ იმას, რომ სწორად ვიარე. იმდენად სწორად ვიარე, რომ ადამიანებთან ბრძოლაში დრო არ დამიკარგავს. თუ რაღაც ისე არ გამოდიოდა, არ განვიცდიდი. ანუ, ამ გადასახედიდან, მივდიოდი სულ წინ და წინ, მიზანი დასახული არ მქონია, უბრალოდ, ჩემს ცხოვრებაში იყო თემები, რომლებსაც არ ვღალატობდი.

– მაგალითად?

– შთაგონებულად, ბებიაჩემის ფილოსოფიით გავიზარდე. მან მასწავლა სხვის შეცდომებზე სწავლა. რა თქმა უნდა, შეცდომა დამიშვია, მაგრამ ძირითადი, რითიც შეიძლება ადამიანმა ცხოვრება წააგოს ან ცუდი რაღაცები შეემთხვეს, ნაკლებად მქონდა, სულ სხვის შეცდომებზე ვსწავლობდი.

– ზოგადად, ცხოვრების რა ეტაპები გაიარე და ახლა რა ეტაპზე ხარ?

– ეტაპები ცხოვრების აქსიომაა. არის დაბალი ეტაპი, მერე იზრდები, გამოცდილება გემატება, იყინები, „დატორმუზებული“ ხარ, ვერაფერს აკეთებ... ცხოვრებაში ყველანაირი ეტაპი გავიარე, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სამსახურში მიმუშვია და ყველგან წარმატებით, მაინც ვფიქრობ, რომ შემეძლო, უფრო მეტად რეალიზებული ვყოფილიყავი, კიდევ ბევრი გამეკეთებინა.

– და, რატომ ვერ გააკეთე?

– ვერ გავაკეთე – არა. ადამიანები არ მაძლევდნენ ამის საშუალებას. ადამიანებს ჩემთან კომპლექსი უჩნდებათ, ჰგონიათ, მე გადავასწრებ რაღაცაში ან ისეთ რამეს გავაკეთებ მე წინ წავალ და მას არ გავუშვებ. ამ დროს, საერთოდ არ ვარ ასეთი. და კითხვაზე, თუ რა ეტაპზე ვარ ახლა, გეტყვით რომ, ახლა მაქვს ოქროს ხანა. ვარ ძალიან დიდ ჰარმონიაში. თამამად ვამბობ ხოლმე, რომ მეკითხებიან როგორ ხარო, ზღაპრულად, ჰარმონიულად და არნახულად-მეთქი. მართლა დიდი ჰარმონია მაქვს და მივაგენი იმას, რომ ღრმა ადამიანი არასოდეს სხვას არ ერჩის და არ უპირისპირდება. მე ჩემს თავში ვარ კითხვა-პასუხის რეჟიმში. არ მაინტერესებს სხვისი ცხოვრება, არ გავქექავ, ამან რა ქნა, ის რატომ უყვარს, ის სად წავიდა... ასეთი ამბები არ არის ჩემი. მე მაქვს უზარმაზარი ინფორმაცია, რითიც ვერთობი. ზოგადად, ადამიანები ჭორაობით ერთობიან, მე კი ამით აღარ და ვეღარ ვინტერესდები. საინტერესო ამბებში ვარ, ვწერ, ვკითხულობ, გადაცემის თემებსა და სტუმრებზე ვფიქრობ. ადვილად მოდის თემები და უცბად ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ დაკავებული არ არის ჩემი ტვინი სხვაზე ფიქრით, ვინ წავიდა წინ და ვინ გაიმარჯვა. არ დავეძებ, წავიდეს, მილიონერი გახდეს, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემი საფიქრალი მაქვს.

– გულახდილი ადამიანი ხარ, არასოდეს, არაფერს მალავ. ვიცით, გყავდა სამი მეუღლე, გყავს არაჩვეულებრივი შვილები და შვილიშვილები. სამჯერ დაქორწინდი და დღეს მარტო ხარ. ფიქრობ, რომ პირად ცხოვრებაში არ გაგიმართლა?

– პირად ცხოვრებაში, ზუსტადაც რომ გამიმართლა. დავქორწინდი 17 წლის ასაკში, ორი წელი არაჩვეულებრივი ოჯახი მქონდა. მერე მივხვდი, რომ ეს იყო ცეცხლის აალება და ჩაქრობა, უფრო ვნება და მიუხედავად იმისა, რომ დავშორდით, დავრჩით მეგობრებად. მალევე, 20 წლის ასაკში, გააზრებულად ვიქორწინე. იდეალური ცოლი იყო. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად. მესამედ კი 25 წლის ასაკში დავქორწინდი. მესამე ქორწინებაში ათი წელი ვიყავი. დღემდე, სამივესთან იდეალური ურთიერთობა მაქვს, წარმოუდგენლად კარგი.

– თქვი, პირველი ვნება იყო, მეორე ქორწინება გააზრებულიო და მესამე?

– მესამე ქორწინება ყველაფერი ერთად იყო. ბევრი საერთო გვქონდა, ნაკლებად – კამათი. სხვათა შორის, არცერთ ცოლთან დაშორება არ მინანია.

– დაოჯახებაზე აღარ გიფიქრია?

– დაოჯახებაზე უკვე აღარ ვფიქრობ, მომწონს, ასე რომ ვარ.

– ყოფილ ცოლებთან დამოკიდებულება გასაგებია და სამ სიდედრთან?

– სამივე ყოფილ სიდედრთან იდეალური დამოკიდებულება მქონდა. მათგან მურაბა, ტყემალი, მჟავე არ მომკლებია, სულ მიგზავნიდა და უზრუნველყოფილი ვიყავი. გიჟდებოდნენ ჩემზე და მეც მიყვარდა. სამწუხაროდ, სამივე გარდაიცვალა და გასვენებებშიც გახლდით.

– წლოვანებას თუ მალავ?

– არასოდეს ვმალავ წლოვანებას. ვმალავ კი არა, 55 წლის რომ გავხდი, ვამბობდი 60 წლის ვარ-მეთქი. არ ვიცი, რატომ, ასე მომწონდა. დამალე წლები, მოიტყუე რაღაც, იტრაბახე... – ჩემთვის ესენი ყველაფერი განულებულია. არ დავეძებ, შენ რას ფიქრობ ჩემზე, მთავარია, მე ვარ ბედნიერი. ახლა ვარ 63 წლის, 1962 წელში ვარ დაბადებული.

– ასაკს არ მალავ, მაგრამ წლების მატების არ გეშინია?

– რომ ვამბობ, ჰარმონიაში ვარ-მეთქი, სიბერე, სიკვდილი და დაუძლურება ჩემთვის არ განიხილება. ბევრი ფილოსოფიური სტატუსი მაქვს დადებული სოციალურ ქსელში და ჩემი 20 სტატუსი შევიდა მსოფლიო სტატუსების წიგნში, რომელიც ამერიკაში დაიბეჭდა.

სხვათა შორის, ახლა ვმუშაობ წიგნზე – „თანამედროვე ფსიქოლოგია“. მე მაქვს გააზრებული ცხოვრება, სიცოცხლე, სიკვდილი, წარმატება... მე რომ ტელევიზორში ვჩანვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაცას წარმოვადგენ. ჩემზე მაგარია ექიმი, რომელიც დღეში სამ-ოთხ ოპერაციას აკეთებს, უბრალოდ, ის არ ჩანს. მე რომ ვჩანვარ ტელევიზიით, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მე ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მუშაობს ტელევიზიაში, უყვარს თავის მაყურებელს და დამთავრდა... გავიდა დრო და დავბერდი, გავა დრო და მოვკვდები. ზოგი ადამიანი წვალობს, ზოგი იტანჯება, ზოგი ბედნიერია და ეს არის დროის გაყვანა, სანამ მოკვდები. ეს მაქვს გააზრებული და არც იმაზე ვდარდობ, რომ დავბერდი, არც იმაზე პერიოდი რომ გავა და უძლურება მოდის. შევეგუე და მიღებული მაქვს ეს ყველაფერი. არასოდეს მინდება, რომ ამბობენ, ერთი ამ ასაკში ვიყო ახლაო. არა, შენი ჭირიმე, რა ნერვიულობაც ახალგაზრდამ უნდა გადაიტანო, სულაც არ მინდა, ის ისევ განვიცადო. მე მივიღე, ბოლომდე სისხლამდე შეგნებული მაქვს ის, რომ არავის უკითხავს ჩემთვის როდის დავიბადებოდი, არავინ მეკითხება, როდის მოვკვდები, ამიტომ, მე მივეცი ნება საკუთარ თავს და სულს, ვიყო იქამდე, სანამ წავალ. ასე გავიადვილე ცხოვრება.

– ბევრჯერ გითქვამს, არ მიყვარს მოგზაურობაო. არადა, თუ შენს სოციალურ ქსელს გადავავლებთ თვალს, სულ უცხოეთში ხარ. ამაზე რას იტყვი?

– მართალია, არ მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ სულ ვმოგზაურობ და ახლახან ლას-ვეგასში გახლდით. საქმეს სჭირდება ჩემი მოგზაურობა. მივდივარ უცხოეთში გადაღებაზე და რა ვნახე და სად ვიყავი, მერე ტელევიზორში ვუყურებ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა