შოუბიზნესი

გია ჯაჯანიძე: შეიძლება, გამარჯობა, როგორ ხარ გითხრა და ვერც მიხვდე, ისე დაგკარგო

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 12.08

ჯაჯანიძე
დაკოპირებულია

არის თუ არა გია ჯაჯანიძე საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის კლასიკური წარმომადგენელი, რა დაეხმარა მას საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და სწორი მიმართულების პოვნაში, როგორ აქცევს ზოდიაქოს უარყოფით თვისებებს წარმატებად და რა მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად, ამაზე თავად მოგვიყვება.

– ვერძი ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური და ენერგიული ნიშანია...

– არ ვეთანხმები. ცეცხლოვანში რა იგულისხმება, არ ვიცი, მეუბნებიან და ვხედავ, რომ ვარ ძალიან თბილი, რბილი, მოკრძალებული, თავმდაბალი. ამბიცია მაქვს მხოლოდ ჯანსაღი, ოღონდ მარტო რომ ვარ, სახლში, ტახტზე წამოწოლილი, მაშინ. სხვა დროს არ ვარ ამბიციური. ამბიცია ძალიან მრავალმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ზოგს ამპარტავნებაში გადასდის. მე ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ადამიანი, რომელიც მაღაროში მუშაობს, უფრო მამაცი, საჭირო და მაგარია, ვიდრე მე. ის, რომ მე ტელევიზორში ვჩანვარ, მხოლოდ ჩემი სამსახურის დამსახურებაა, თორემ სხვებისგან არაფრით გამოვირჩევი.

პოპულარობასა და ცნობადობაზე მახსენდება ხოლმე, რომ ჭიათურაში ყველა ერთმანეთს იცნობდა და ცნობილი ადამიანის ფენომენი 16 წლამდე სულაც არ ვიცოდი, რა იყო. ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში თავისთავად მოხდა და როცა ვხედავ, როგორ ამთავრებენ ცხოვრებას ამაყი, პატივმოყვარე და ამბიციური ადამიანები, სულაც არ მინდა, მათ რიგებში მოვხვდე. ამიტომ ძალიან ჩვეულებრივი და მოკრძალებული ვარ.

– მამაცი არ ხართ?

– მე არასდროს მომინდება გასართობად პარაპლანით გადაფრენა, არასდროს მომინდება პარაშუტით ხტომა, თოკზე ველოსიპედით გავლა და ასე შემდეგ. არ მხიბლავს ასეთი რამეები, მაგრამ გადაღებისთვის ყველაფერი მაქვს გაკეთებული, რადგან მინდა, ხალხს სანახაობა ვაჩვენო. როცა საქმე სამსახურს ეხება, მაშინ მამაცი ვარ, მაგრამ ეს ნაბიჯები ჩემთვის სიამოვნების წყარო არ არის. შიშები საერთოდ არ მაქვს და მათ შორის არც ამის, მაგრამ სიამოვნება კიდევ სხვა არის. ასე რომ, როცა საჭიროა, სიმამაცე მაშინ მაქვს.

– ვერძების პრინციპია – „მიზანი ამართლებს საშუალებას“. ასეა?

– მე ყველაფერს ფილოსოფიურად ვუყურებ. პრინციპული ადამიანი არ ვარ, არც უპრინციპო ვარ. პრინციპზე დგომამ შეიძლება, დაგღუპოს. მე ვლავირებ – თუ დასათმობია, ვთმობ, თუ ბოდიშის მოხდაა საჭირო, ვიხდი, არ ვარ ძალიან პრინციპული. მდგომარეობისდა მიხედვით ვმოქმედებ. მიზნის მისაღწევად ყველანაირი საშუალების გამოყენება? – არავითარ შემთხვევაში. ყველა გზა რომ გამომეყენებინა ახლა, სხვა ქვეყანაში სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი. მე ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ. ყოველდღე საფრთხის ფასად მოპოვებულ ასდოლარს მირჩევნია, ხუთი თეთრი და სიმშვიდე მქონდეს. ზედმიწევნით კანონმორჩილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მცნობს და თბილად მხვდებიან, ძალიან ვნერვიულობ, როდესაც პატრული მაჩერებს.

ჰოროსკოპთან დაკავშირებით, ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გავიხსენებ. არ დაგავიწყდეთ, რომ მე 62 წლის ვარ და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. მე ჰოროსკოპებს და ეზოთერულ საკითხებს, ამ ტიპის წიგნები რომ მარტივად ხელმისაწვდომი არ იყო, ხელით ვიწერდი და ისე ვეცნობოდი. ჰოროსკოპი პირველად რომ წავიკითხე, ამოვიწერე ვერძის უარყოფითი თვისებები და ჩემს სამაგიდო ჩანაწერად ვაქციე. ვუყურებდი ვერძის უარყოფით თვისებებს და მუდმივად ვებრძოდი მათ. ვერძს უყვარს პირველობა, ვერძი არის ლიდერი, ეგოისტი და ასე შემდეგ. თუ შენ პირველობა გინდა და მგლებში მოხვდი, გადაგყლაპავენ, ამიტომ მე ყოველთვის ვაკვირდებოდი გარემოს. თუ ჯგუფში სხვა ლიდერი გამოიკვეთებოდა, მეც ხომ მაქვს ლიდერის თვისებები და ლიდერობისკენ მიდრეკილება, იმ ლიდერს ვეხმარებოდი უფრო ძლიერი ყოფილიყო, დაწინაურებულიყო, მაგრად ეგრძნო თავი და ის რომ დაწინურდებოდა და სხვაგან წავიდოდა, მე თავისთავად ვრჩებოდი ლიდერი.

– ასე მშვიდობიანად იშორებდით კონკურენტებს?

– ძალიან მშვიდობიანად. მერე, თუ სხვა ლიდერი წამოვიდოდა წინა პლანზე, მასაც იმავენაირად ვეხმარებოდი, ბრძოლას არაფრით არ დავიწყებდი პირველობისთვის და ამ მეთოდის საშუალებით, სულ პირველ ადგილზე და სულ ბედნიერი ვიყავი. ადამიანები, რომლებიც წინ წავიდნენ, რომლებსაც მე დავეხმარე, მერე ცხოვრების გზაზე ხან სად, ხან სად მხვდებოდნენ და თავადაც მეხმარებოდნენ. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი სქემა ავაწყვე. მთელი ჩემი ადამიანური ურთიერთობები სიკეთეზე დავამყარე და ეს სიკეთე ყოველთვის და ყველგან წინ მხვდება. რას ან ვის ვებრძოლო? მაინც მოვკვდები და აზრი? სიმშვიდეს ვერაფრით ვერ დავირღვევ.

– ვერძებს ბატონობისკენ სწრაფვის საოცარი უნარი აქვთ, უცებ შეიძლება, დიქტატორებად მოგვევლინონ...

– აქაც იგივე მიდგომა დამეხმარა, ანუ, ჩემი უარყოფითი თვისებების ცოდნა. მე მყავს ათი თანამშრომელი, ვარ გადაცემის მთავარი პროდიუსერი, ავტორი და წამყვანი. სამსახურში ყავას რომ ვიდუღებ, შეიძლება სტაჟიორსაც მოვუდუღო. მე მძულს ბატონობა, მძულს დიქტატორი ადამიანი. როგორც კი გავიგე, რომ ჩემს ჰოროსკოპს დიქტატორობისკენ აქვს მიდრეკილება, მივხვდი, რომ რამე უნდა მომემოქმედებინა. ჰოროსკოპში ამას გასართობად კი არ წერენ, იმიტომ გეუბნებიან, რისკენ გაქვს მიდრეკილება, რომ თუ არ გინდა, ასეთი იყო, მიმართულება უნდა შეცვალო. მე დიქტატორობას სიკეთე ვარჩიე, რადგან დიქტატორს ბოლოს ძალადობით სიკვდილი ელოდება. როცა ვიცი, რა არის მოსალოდნელი, რა, ჩემი თავის მტერი ვარ?! ამიტომ არ მაქვს ეს მიდრეკილება, თუ მქონდა, უკვე ჩაკლულია. თავიდანვე ვიცოდი, რომ დიქტატურა კარგს არაფერს მისცემს ადამიანს და არც სხვა უარყოფითი თვისებები, რაც ჩემს ჰოროსკოპს აქვს, ამიტომ ვიზრუნე თავიდანვე მათ ჩაკვლაზე.

– მამაკაცი ვერძი ძალიან ქარიზმატული და თავდაჯერებულია. მუდმივად აქვს სათადარიგო იდეები, ასეთი მამაკაცის გვერდით ქალი არასდროს მოიწყენს...

– ქალები როცა ყოფილან, არ იწყენდნენ. მერე, თუ აღარ მინდოდა, მოწყენა კი არა, გარბოდნენ (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ ვიყავი ქორწინებაში და კიდევ რამდენიმე გახმაურებული რომანი მქონდა, ახლა ვხვდები, რომ მე ძალიან მეოჯახე ვარ. ჩემი ცოლები მიღებდნენ, როგორც ქარიზმატულს, იდეებით გამრთობს, თანამედროვეს, წიგნის, ფილოსოფიის, ხელოვნების მოყვარულს, ამ დროს მე მართლა მეოჯახე ვიყავი. ვაკეთებ ძალიან კარგ საჭმელებს, შემიძლია ხეზე ვიმუშაო, დავბარო, დავთოხნო, ვხატო და ასე შემდეგ, მაგრამ ისეთი იმიჯი მაქვს, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, თორემ ჩაქუჩსაც კარგად ვხმარობ, ხერხსაც, და „დრუჟბასაც“. ქალებთანაც ასეა, თავიდან სულ სხვანაირად მიღებენ. ეს ჩემი მიზეზით ხდება, იმიტომ, რომ მიყვარს პოეზია, ლექსს მოგიძღვნი, მზის ამოსვლის საყურებლად დაგპატიჟებ, ულამაზეს სანახაობებს შევქმნი, ასეთიც ვარ და ისეთიც. ზოგადად, ქალს უნდა მეოჯახე მამაკაცი, მაგრამ ჩემი მეოჯახეობა არ უნდოდათ, ჩემი მეორე მხარე ერჩივნათ. არადა, მე უფრო მეტად მეოჯახე ვარ, ვიდრე ისეთი.

– როდესაც ცხოვრების მეგზურს ირჩევს, უპირატესობას ნაზ და პასიურ ქალებს ანიჭებს, რომელიც მართვის სადავეებს მთლიანად მას გადასცემს...

– თუ ქალი ლიდერი მხვდებოდა, თუ ვხვდებოდი, რომ ის ჩემზე ძლიერი იყო, სადავეებს მთლიანად ვაძლევდი. მე ვარ ჭკვიანი ვერძი. თუ მას უფრო გამჭრიახი გონება აქვს, რატომ მოვიკლა თავი, სულელი ხომ არ ვარ?! მე თუ შეგატყვე, რომ ჩემზე ძლიერი და მაგარი ხარ, მოგცემ სადავეებს, არ არის პრობლემა.

– ჭკვიანური იქნება, თუ შეეცდებით ვერძი არ გააბრაზოთ, რადგან ამბის დასასრული შემთხვევითი ძალადობა ან მკვლელობა იქნება. ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ როგორი გაბრაზება გაქვთ?

– მეგობრები მეუბნებიან, რომ საშიში ვარ, მაგრამ მე ვერ ვხვდები რატომ. თუ გავბრაზდი, არ გეკონტაქტები. გაბუტვა ვიცი. ვიცი ისიც, რომ არ უნდა ვინერვიულო და დავისტრესო. მე ჩემს გულს ვუფრთხილდები და მას შენ გამო რატომ უნდა ვატკინო?! მერე გაბუტვა პატიებაში გადადის. შეცდი? რა ვქნა, გპატიობ და გკარგავ. გკარგავ ისე, თითქოს მკვდარი ხარ, ან შეიძლება, გამარჯობა, როგორ ხარ გითხრა და ვერც მიხვდე, ისე დაგკარგო. ეს თუ საშიშია, მაშინ კარგი. რა ვქნა, არ მინდა, დავაზიანო ჩემი მშვიდი ცხოვრება.

როგორც უკვე ვთქვი, მე კარგად მაქვს გააზრებული ჩემი თვისებები. დღეს რომ ყველგან განათლების მნიშვნელობაზე საუბარი გვესმის, ეს კი კარგია, მაგრამ იცით, რამდენი განათლებულია, ვისაც განათლების გააზრება არ შეუძლია?! მე ის, რასაც ზოდიაქო გვასწავლის, კარგად გავიაზრე და მივხვდი, რა მიმართულება უნდა მიმეცა ჩემი თვისებებისთვის, რაც ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ამქვეყნად ყველაფერი ჩვენი გააზრების უნარზეა დამოკიდებული, ჩვენზე და რა თქმა უნდა ღმერთზე!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა