გია ჯაჯანიძე: ადამიანს უნდა ჰყავდეს ერთი-ორი ახლობელი, ვინც დაამდაბლებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 12.10, 2022 წელი

გულახდილი საუბარი გია ჯაჯანიძესთან 👇
– ვინ არის გია ჯაჯანიძე?
– გია ჯაჯანიძე არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დაიბადა ბრეჟნევის დროს და ცხოვრობდა მე-20 და 21–ე საუკუნეების გასაყარზე.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ბევრი ოცნება აღარ მაქვს. საერთოდ არ ვარ ცრუმეოცნებე. არ მიყვარს არარეალური ოცნებები. მე უფრო მიზანდასახული ვარ. მიზნებს ვისახავ და ვაღწევ. მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არ ვარ ბოლომდე ამოწურული. ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. არ მინდა, ადამიანები გავაღიზიანო ჩემი აზრებით, მაგრამ რაც ჩავიფიქრე, თითქმის ყველაფერი შემისრულდა. ოღონდ ჩემი ჩანაფიქრებიც კი შეზღუდულია. მე არასდროს მინდება თვითმფრინავი, მილიონები, გემი და ასე შემდეგ. ყოფითი სურვილები მაქვს და მისრულდება კიდეც.
– ესე იგი, სურვილებშიც სიფრთხილეს იჩენთ?
– მე დავიბადე ფრთხილი, მთვრალი და „კაიფში“ (იცინის).
– თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი მოულოდნელობა რა არის?
– ყველანაირი ლოგიკით, ახლა ან მკვდარი უნდა ვიყო, ან ჭიათურაში, მაღაროში ვმუშაობდე. იქ მოვკვდებოდი. მოულოდნელობაა, აბა, რა, ჩამოვდივარ ჭიათურიდან, ვეწყობი ყველაზე პრესტიჟულ ინსტიტუტში – თეატრალურში, ყველაზე პრესტიჟულ ფაკულტეტზე. ხუთ წელიწადში ოთხ ადამიანს იღებდნენ და მათ შორის მოვხვდი მეც, ეს არ იყო მოულოდნელობა?!
ახლა „ნასაში“ უნდა წავსულიყავი გადაღებისთვის და მარტისთვის გადაიდო. აბა, ჭიათურაში ვინ მოიფიქრებდა, რომ ერთ დღეს „ნასაში“ აღმოვჩნდებოდი.
– ბოლოს რა მოიტყუეთ?
– არ ვიცი. გინდა, გითხრათ ერთი რამ – როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვიტყუებოდი ძალიან ბევრს. ამ ბოლო დროს მინდა, მშვიდად ვიცხოვრო. ადამიანი ასაკში რომ შედის, მეხსიერება ღალატობს. უცებ ჩემი ტყუილი რომ არ გამახსენდეს, უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩავვარდე. ამიტომ, გადავწყვიტე, სულ სიმართლე ვილაპარაკო.
– როცა ბევრს იტყუებოდით, ხშირად ეხვეოდით შარში?
– არასოდეს, სულ სუფთა ნაპირზე ვიწექი. ჭკუა მქონდა.
– მოგიპარავთ რამე?
– ბავშვობაში, ძირითადად, იპარავენ ხილს, კანფეტს, შოკოლადებს... არასოდეს არაფერი მომიპარავს. ერთადერთხელ მოვიპარე პატარა სათამაშო ზარი, მეგობარს მოვპარე. ამასაც იმიტომ ვამბობ, რომ ახლა ეს მეგობარი წინ მიზის და ისმენს ჩემს საუბარს, ამიტომ, არ მინდოდა ტყუილი მეთქვა. მესამე დღეს ვუთხარი, ზარი მოგპარე-მეთქი. იცით, რატომ ვუთხარი? – მინდოდა, რომ მეჩხარუნებინა და დამინახავდა. რომ მეთქვა, განა არ მომცემდა, მაგრამ რომ დანანებოდა და ისე მოეცა? განსაცდელში არ ჩავაგდე და ამიტომ მოვპარე (იცინის).
– სიკეთე გაგიკეთებიათ, მადლიერიც იქნებოდა, თუ დაფიქრდებოდა.
– კი, მერე მეორე მაჩუქა (იცინის). ხედავთ, რა ჭკვიანი ვარ?! (იცინის).
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– არასოდეს, რას ამბობთ?! რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მსიამოვნებს.
– იქცევით ისე, როგორც იმ მომენტში გული გკარნახობთ?
– არა, როგორც გული მკარნახობს კი არა, იმდენად კარგად მაქვს განვითარებული ინსტინქტი, რომ უცნაურ რამეს გეტყვით, წამალი დამილევია და მერე აღმოჩენილა, რომ თურმე, ეს წამალი მჭირდებოდა. მეგობართან ვიყავი და ძალიან ლამაზი ფერის წამალი დავინახე. მომეცი, დავლიო–მეთქი და შეიცხადა, უიმე, რად გინდაო!? დავლიე ეს წამალი. მეორე დღეს, მუხლი ამტკივდა. ექიმთან მივედი და ზუსტად ის წამალი გამომიწერა, მე წინა დღეს რომ დავლიე. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ძლიერი ინტუიცია მაქვს, ძალიან ძლიერი.
– თუ დათმობდით ცხოვრების ათ წელს მსოფლიო აღიარებისა და გავლენისთვის?
– რატომ მიბიძგებთ ტყუილისკენ? არ ვიცი. ვნახოთ, ეს თუ იქნება, ამას ვიზამ, ეს პროფესია რომ არა, იმას გავაკეთებდი – ასეთი აზრები არ მაქვს, არ ვიცი.
– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი?
– უნდა მოვიფიქრო... ცოლები რომ მომყავდა და მერე ვცილდებოდი. არ იყო ჩემგან გამართლებული ეს საქციელი და ამას განვიცდი.
– რას იზამთ, თუ საუკეთესო მეგობარი გეუბნებათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი მოსწონს?
– უიმე, მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი, რას დავეძებ. რა ვქნა ახლა – თავი მოვიკლა, ერთი მოვკლა თუ მეორე? თუ კი კარგად გრძნობენ თავს ერთმანეთთან, აღარ დავეძებ. გაითვალისწინეთ, რომ 60 წლის ვარ. მიყვარს სიცოცხლე და ცხოვრება. ეს რომ წლების წინ მომხდარიყო, არ ვიცი, რას ვიზამდი.
– როდის იყავით ყველაზე სასტიკი?
– სასტიკი მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ვარ. ადამიანები მეცოდებიან. ჩემი თავის მიმართ ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვარ. ახლა ინტერვიუს რომ დავასრულებთ, დავჯდები და ვიფიქრებ, რამე ხომ არ გითხარით ისეთი... ასე ვსჯი ხოლმე საკუთარ თავს. ეს კარგია. ამ ბოლო დროს ერთ რამეს მივხვდი, ადამიანს უნდა ჰყავდეს ერთი-ორი ახლობელი, რომელიც დაამდაბლებს. ყველა ადამიანი ამპარტავანია და ვიღაც რომ გამდაბლებს, აზრზე მოჰყავხარ. როდესაც ადამიანს გული მისდის, უნდა ლეწო, აქეთ-იქით, წყალი უნდა მიასხა, ენა უნდა ამოუღო, რომ არ გადაყლაპოს – ანუ, უნდა ატკინო, რომ აზრზე მოვიდეს. როცა მე მამდაბლებენ, აზრზე მოვდივარ ხოლმე. იმიტომაც ვარ ისეთი, როგორიც ვარ. მიყვარს, როცა შენიშვნებს მაძლევენ. ვგიჟდები კრიტიკაზე, ძალიან მიყვარს, იმიტომაც ვარ ასეთი წარმატებული.
– თქვენი ცხოვრების მარცხი რა არის?
– ასაკი. ასაკი ამარცხებს ადამიანს.
– რამდენადაც მიდევნებია თვალი თქვენი ინტერვიუებისთვის, ამბობთ, რომ ძალიან კომფორტულად ხართ საკუთარ ასაკთან.
– დამარცხებული კომფორტულობა არ იცით? ნახეთ, გეტყვით: ადამიანი არის გაურკვევლობაში, არ იცის, რა ელოდება, რა იქნება და ბოლოს მივიღე და მივხვდი, რომ ვსო, დამთავრდა და მაშინ იწყება კომფორტი. ამიტომ ვარ მე კომფორტულად, ამიტომ მაქვს ჰარმონია. გავიდა წლები და მე ეს მივიღე. არასდროს მქონია სურვილი, ოცი წლით ახალგაზრდა ვყოფილიყავი. ოცი წელი რომ თავიდან გავიარო, ხომ გადავირიე? მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობ. ყველაზე დიდი ტანჯვა გაურკვევლობაა. თუმცა, მე მიყვარს ლოდინი, როცა არ იცი რა იქნება, სიურპრიზს ელოდები. ამ ლოდინში იბრძმედება სული.
– თუ გახსოვთ, რა გააკეთეთ გუშინ, გუშინწინ, ერთი კვირის წინ?
– რა ვჭამე, რა გავაკეთე, რა მოვიმოქმედე, ყველაფერი მახსოვს. მე მაქვს სამსახური, ვგეგმავ, რა და როგორ უნდა გავაკეთო. ვჭამ საათობრივად, იმიტომ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ავირჩიე, ამიტომ ყველაფერი მახსოვს. მე ყველაფერი თავის ადგილზე მიდევს.
– კარგი და ცუდი, რაც ბოლოს თქვენზე გაიგეთ, რამაც გაგახარათ ან გული დაგწყვიტათ...
– გული აღარაფერზე აღარ მწყდება, უკვე აღარც ქება მაგიჟებს და არც ლანძღვა. ვარ თვითკმარი და ბედნიერი. მზეა – მიხარია, გაწვიმდა – მიწას უხარია.
– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– არ მიფიქრია მაგაზე. სულერთია, როგორც ღმერთი ინებებს. თუ უნდა ლოგინად ჩავარდნილი დავიტანჯები, თუ უნდა, დავიძინებ და აღარ გავიღვიძებ. არ დავეძებ, თავიდან ბოლომდე ღვთის ხელში ვარ. მაგრამ თუ სურვილზეა, სიცოცხლე მინდა.
– ანუ ის, რაც გაქვთ – წარმატება, პოპულარობა, ხალხის სიყვარული, არ ყოფილა მიზანი?
– საზოგადოების უბედურება ისაა, რომ ადამიანებს რომ ვეუბნები, ბედნიერი ვარ-მეთქი, არ სჯერათ. ბევრს პირში უთქვამს, რა გაბედნიერებს, ნახე, რა მდგომარეობაში ვართო. დავიბადე და გავიზარდე ჭიათურაში და არ ვიცოდი, რა იყო ცნობილი ადამიანი. იქ ყველა ერთმანეთს იცნობდა, ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდით. ესეც არ სჯერათ, მაგრამ გეტყვით, რომ არ მქონია თვითმიზანი, ისეთი რამ გამეკეთებინა, ყველას გავეცანი. 50 წლის ვიყავი, ეს გადაცემა რომ დავიწყე. მანამდე პრესით მიცნობდნენ, სატელევიზიო გადაცემებით, „მზეზე“ ჩემი გადაცემა მქონდა. ასე, ნელ-ნელა თავისით მოხდა ეს ყველაფერი. ესეც არაფერი არ არის. ცნობილი რომ ხარ, იზღუდები – ვერ აკეთებ იმას, რაც გინდა. თავისუფლად ვერ გაივლი, ბაზარში ვერ ივაჭრებ, ვერ იტყვი, დამიკელიო. ხალხს ჰგონია, რომ ქვეყნის ფული გაქვს და მუდმივად დახმარებას გთხოვენ. ათს რომ დაეხმარო და მეთერთმეტეს – ვერა, გაგლანძღავს.
– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ვამაყობ, რომ ვარ ქართველი!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან