შოუბიზნესი

გია ბაღაშვილი: ახლა უკვე, ნაწილობრივ, ქუთაისელიც გავხდი

№31

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 11.08

გია ბაღაშვილი
დაკოპირებულია

ტელეკომპანია „იმედის“ მეგაშოუში – „ვინ ვინ არის“, კენგურუს ფორმაში სცენაზე გამოჩენილმა ინკოგნიტო მონაწილემ მაყურებელი და ჟიური დააბნია. ზოგს ეგონა, ამ ფორმაში ახალგაზრდა ასაკის სპორტსმენი იმალებოდა, მისი ვოკალური მონაცემები კი აშკარად ამხელდა, რომ ის პროფესიონალი მომღერალი უნდა ყოფილიყო. მთელი სეზონის განმავლობაში, ყოველ ტურზე ბჭობდა მაყურებელი თუ ჟიური და საბოლოო ჯამში, ვერ გამოიცნეს და გამარჯვებულიც სწორედ კენგურუ გახდა, რომლის მიღმაც, არც მეტი, არც ნაკლები, გია ბაღაშვილი იმალებოდა. ჟურნალი „თბილისელები“ გიას ულოცავს გამარჯვებას და კიდევ ბევრ ბედნიერ წამსა და წარატებას უსურვებს.

– გია, წინა სეზონზე თუ უყურებდი მეგაპროექტ „ვინ ვინ არის“, შემოთავაზება რომ მიიღე, ბევრი იფიქრე? და, თუ საიდუმლო არ არის, ფიქრობდი, რომ მოიგებდი?

– ამ პროექტს პირველივე სეზონიდან ვუყურებდი. „ვინ ვინ არის“ თავიდანვე გამორჩეულად საინტერესო და შთამბეჭდავ სანახაობად აღიქმებოდა. თავად ეს პროექტი, მოგეხსენებათ, ინგლისურია და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პოპულარული სატელევიზიო შოუა, მათ შორის საფრანგეთში, იტალიაში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ამ პროექტს წლების განმავლობაში რეგულარულად ვაშუქებდი ჩემს გადაცემაში – „ჩვენი შოუ“. ასე რომ, „ვინ ვინ არის” დიდი ხნის გულშემატკივარი და ერთგული მაყურებელი ვიყავი. ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია. ისე მოხდა, რომ პირველივე ტურებიდან ჩემი პერსონაჟი – კენგურუ, ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა როგორც დეტექტივების, ისე მაყურებლის შეფასებით. რვა საკონკურსო ტურიდან ოთხში ფავორიტად სწორედ კენგურუ დასახელდა. თანაც, ისე აღმოჩნდა, რომ ჩემ გარდა, ფინალში გასული ყველა კონკურსანტის ვინაობა სხვადასხვა დროს გაჟღერდა. მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი არ დაუსახელებია არც ერთ დეტექტივს არც ერთ ტურში. ამდენად, გამარჯვება ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, იმდენად ძლიერი და თანაბრად საინტერესო იყო ფინალში გასული ყველა მონაწილე, რომ ბოლომდე შენარჩუნებული იყო ინტრიგა, რამაც პროექტი, ვფიქრობ, კიდევ უფრო ყურებადი გახადა. ამაზე მეტყველებს ძალიან მაღალი სატელევიზიო რეიტინგი და ტელემაყურებლის აქტიური ჩართულობა.

რა რეაქცია გქონდა, როცა გაიმარჯვე და პრიზი გადამოგეცა?

– რა თქმა უნდა, გამიხარდა, გამარჯვებულად რომ დამასახელეს, მაგრამ იმ მომენტში ყველაზე სასიამოვნო და სახალისო ჩემთვის ჟიურის წევრების, იგივე დეტექტივების, რეაქცია იყო. კენგურუს თავის მოხსნის შემდეგ მე რომ დამინახა, ჩემი მეგობარი ოთარ ტატიშვილი ლამის დამუნჯდა, მანიკამ, ანრიმ და ბასამ მოულოდნელობისგან ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეს და კარგა ხანს გაშეშებული იდგნენ. მათი სახტად დარჩენილი სახეების დანახვა ერთ რამედ ღირდა. არადა, მთელი პროექტის განმავლობაში შესანიშნავად ახერხებდნენ სხვა კონკურსანტების ამოცნობას: ზოგის – ვოკალით, ზოგის – სალაპარაკო ხმით, ზოგისაც კი – პლასტიკითა თუ მინიშნებებით. მოკლედ, საუცხოო ალღოს ავლენდნენ, განსაკუთრებით, ანრი ჯოხაძე, რომელსაც მუსიკალურად და ვიზუალურად საგულდაგულოდ შენიღბული არტისტის ამოცნობის მართლაც ფენომენალური ნიჭი აქვს. ამიტომაც, ორმაგად სასიხარულო იყო, მე რომ ვერ ამომიცნეს. ჩემთვის ყველა კონკურსისა თუ პროექტის მთავარი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობით, უღრმესი მადლობა ვუთხრა იმ ათასობით ტელემაყურებელს, რომელიც მილოცავს, მწერს და დიდ სითბოსა და ყურადღებას გამოხატავს ჩემ მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის სწორედ ეს არის და მართლაც, სავსე ვარ მადლიერების გრძნობით მათ მიმართ. თანაც, ამ ყველაფერს პროექტის სპონსორის პრიზიც დაემატა – ბინა ქუთაისში და ახლა უკვე, ნაწილობრივ, ქუთაისელიც გავხდი. ქუთაისში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებმაც კარგად იციან ჩემი განსაკუთრებული სიყვარული ამ საოცარი.

– ოჯახში იცოდნენ, რომ ამ პროექტში მონაწილეობდი?

– ოჯახში არავინ იცოდა. ამ პროექტის მთელი ხიბლი სწორედ ის არის, ბოლოში რომ მჟღავნდება, თუ ვინ ვინ არის. ყველას ძალიან გაუხარდა და გაუკვირდა. განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდათ ჩემს გოგონებს, ჯერ – როცა დამინახეს და მერე – როცა მათ მივმართე „ვინ ვინ არის“ სცენიდან და მივულოცე. თვალებს არ უჯერებდნენ. ყველაზე მეტად სწორედ ის მიხარია, მათი გაოცება და გახარება რომ შევძელი.

– ზოგადად, რამდენად გიყვარს კონკურსები და ბავშვობაში თუ მიგიღია მონაწილეობა?

– მინდა, გითხრათ, რომ აქამდე არცერთ კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, უამრავი შემოთავაზება მქონდა. არც ჟიურის წევრისა და არც კონკურსანტის პოზიციაზე არასოდეს დავთანხმებულვარ. „ვინ ვინ არის“ აღმოჩნდა გამონაკლისი და გეტყვით, რატომ. როდესაც „ჩვენს შოუში“ ვიწვევდი ხოლმე „ვინ ვინ არის” მონაწილეებს, მათთან საუბარში იგრძნობოდა, რომ ისინი ამ პროექტზე სულ სხვა გატაცებითა და აღმაფრენით საუბრობდნენ. ეს ეხება არა მარტო გამარჯვებულებს, არამედ მათაც, ვინც, თუნდაც, რამდენიმე ტურში მონაწილეობდა. ერთხმად აღნიშნავდნენ, თუ როგორი ჯადოსნური სამყაროა, რამდენად საინტერესოა შემოქმედებითად და წარმოუდგენლად აზარტული. აი, სწორედ მათთან ურთიერთობისას ჩამოყალიბებული შეხედულების გამო იყო, მაშინვე რომ დავთანხმდი, როცა კონკურსის მესვეურებმა მომმართეს. თანაც, საინტერესოდ მეჩვენა პროექტის შემოქმედებითი გუნდის მიერ შემოთავაზებული ვერსია, თუ როგორი ტიპაჟი უნდა შემექმნა ჩემი პერსონაჟისგან. ეს უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა კაცი, სპორტსმენი, მოქმედი ან ახალდამთავრებული სპორტული კარიერით. მეც გავიხსენე ჩემი კარატისტული წარსული და შევუდექი ამ ვერსიის ხორცშესხმას „ვინ ვინ არის“ სცენაზე.

– არაჩვეულებრივი გოგონები გყავს. როგორი მამა ხარ და რამდენად აქტიურად ხარ ჩართული მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში?

– დიდი მადლობა ჩემი გოგონების შექებისთვის. მართლაც საოცრებაა ოთხი ქალიშვილის მამობა. ნამდვილად ღვთის წყალობაა. ნინიც, ლიზაც, მარიამიცა და ანასტასიაც ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ისინიც ასე თვლიან და შესაბამის დამოკიდებულებასაც ამჟღავნებენ მამიკოს მიმართ. საერთოდ, სითბო გამოარჩევს ოთხივეს… მოსიყვარულე ბუნება აქვთ და მრავალმხრივი ინტერესები, რომლის გაღვივებასა და ხელშეწყობას მაქსიმალურად ვცდილობ. თითქმის მთელ თავისუფალ დროს პატარებთან ერთად ვატარებ.

არ გამიცდენია მათი, პრაქტიკულად, არც ერთი მშობელთა კრება, ექსკურსია, გამოფენა, კონცერტი თუ სხვა, აღარაფერს ვამბობ დაბადების დღეებსა თუ საოჯახო დღესასაწაულებზე. თან, ჩემი ოთხივე შვილი დადის სკოლაში, რომელიც ჩემს სამსახურთან ძალზე ახლოსაა. ასე რომ, დღის განმავლობაშიც ვახერხებ ხოლმე სკოლაში შევლას. მოკლედ, ჩემს ბავშვობაში ასეთი ტერმინი ჰქონდათ მასწავლებლებს – „აქტიური მშობელი“, ასეთად ჩამოვყალიბდი და მინდა, გითხრათ, ამაზე დიდი სიამოვნება ამქვეყნად არ მეგულება. თან, მე და ჩემს გოგონებს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, ყველას თავისი პრიორიტეტი აქვს და მშობელმა ეს ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს.

– თუ მოასწარით შვილებთან ერთად დასვენება?

– ზაფხულობით ჩვენ საგურამოში ვართ ხოლმე, სადაც მამაჩემი, მე და ჩემი ოთხი გოგონა მართლაც დიდებულ დროს ვატარებთ. მამაჩემისთვის ერთი სიამოვნებაა შვილიშვილებთან ყოფნა, მათთან თამაში, საუბარი. პატარებსაც გამორჩეულად უყვართ და აქვთ ერთი სიამტკბილობა. აგვისტოში, როგორც წესი, ზღვაზე მივდივართ ხოლმე, შეკვეთილში და წელსაც იგივეს ვგეგმავთ.

– გოგონებს გენეტიკური მუსიკალური ნიჭი თუ აქვთ და სამომავლოდ დიდ სცენაზე ხომ არ ვიხილავთ?

– მუსიკალური ნიჭი ოთხივეს აქვს. ძალიან მიხარია, რომ ოთხივე მათგანი ჩემი მშობლიური სკოლის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედის მოსწავლეები არიან. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, აირჩევს თუ არა რომელიმე მათგანი მუსიკას პროფესიად. ინტერესები, როგორც მოგახსენეთ, მრავალმხრივი აქვთ.

– სულ ახლახან ერთი წელი გახდა, რაც დედა თქვენ გვერდით აღარ არის. ვინც გიცნობდათ, იცის, რომ შენთვის დედა მართლაც განსაკუთრებული იყო და განსაკუთრებული დამოკიდებულებაც გქონდათ. მის გვერდით ყოფნას და მფარველობას თუ გრძნობ?

– დიახ, სამწუხაროდ, დედა ერთი წელია, რაც აღარ გვყავს. უდიდესი დარტყმა იყო ეს მთელი ჩვენი ოჯახისთვის. დედის წასვლა სამყაროს დასასრულის ტოლფასია. დედასთან ერთად ვიწყებთ სიცოცხლეს და მის წასვლასთან ერთად, შენი სიცოცხლის ნაწილიც მიდის, თანაც ისეთი ტკივილი გრჩება, არაფერი რომ აყუჩებს. ერთი წამით არ დამიკარგავს დედასთან სულიერი კავშირი. ის სულ ჩემთანაა და ასე იქნება მუდამ, სანამ ამქვეყნად ვიქნები. და მერე, როცა იმქვეყნად წასვლის დრო დამიდგება, ბესიკ ხარანაულს რომ დავესესხო – „... დედი, როგორ გავიხარებთ, როგორ გადავეხვევით!..”

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა