გაგა მარუ: საქართველოში რომ დავბრუნდი, საყვარელი მაისური რომ დაგიპატარავდება, დაახლოებით ასეთი შეგრძნება მქონდა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:01 05.10

წარმატებული ქართველი სპორტსმენი გაგა მარუ, იგივე თეიმურაზ ჯუღელი, მამა გახდა. ნინა ჯუღელი სამყაროს 10 სექტემბერს მოევლინა და მამის ცხოვრებას სულ სხვა ფერები შემატა.
გაგა მარუ: ცოტა დავაგვიანე, სიბერეში გავხდი მამა და სიმართლე გითხრათ, ჯერ ბოლომდე ვერ გავიზარე რა მოხდა ჩემს თავს, მაგრამ კარგად ვგრძნობ, რომ ეს დიდი ამბავია. შვილი ყველა მამისთვის განსაკუთრებულია, გოგო – მით უმეტესო, ამბობენ. ჯერ ისეთი პატარაა, გემრიელად ვერც ვაკოცე, მაგრამ საოცარი შეგრძნებაა. თუ გუშინდელ დღემდე საკუთარ თავზე ფიქრობდი, დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა, ისეთი ადამიანი გაჩნდა, რომელმაც საკუთარი თავი დამავიწყა (იცინის). ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, სხვა ეტაპზე გადავედი. რომ ვუყურებ, ჭამა და სმა უყვარს, ამაში დამემსგავსა (იცინის). პირველად რომ დავიკავე ხელში და ვიგრძენი, რომ მასში ჩემი სისხლი ჩქეფდა, ჩემი იდენტობის ნაწილი იყო, სასწაული შეგრძნება დამეუფლა. წნევამ ამიწია იმ მომენტში და უცებ შევშინდი, ხელიდან არ გამივარდეს-მეთქი (იცინის). ეს ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს და ვინც აგვიანებს, ჯობს, იჩქაროს, მშობლობა ყველამ უნდა გამოსცადოს. ყოველი დღე ერთმანეთზე სასიამოვნოა. შვილი ცხოვრებაზე სხვანაირად გაფიქრებს, შეიძლება, ისეთი საფიქრალი გაგიჩინოს, რაც მანამდე არ გაწუხებდა. ახლა ზუსტად ამ განცდებში ვარ.
– როგორი ხართ მამის ამპლუაში და სამომავლოდაც როგორი წარმოგიდგენიათ თავი?
– ბავშვები ძალიან მიყვარს. თუმცა, აქამდე პამპერსი არასდროს გამომიცვლია და ახლა მომიწია. ნელ-ნელა ვსწავლობ, პირველ ნაბიჯებს ვდგამ და დამიჯერეთ, ძალიან სასიამოვნოა, როცა საკუთარი შვილისთვის პამპერსი გაქვს გამოსაცვლელი. დაბანას რაც შეეხება, ჯერ ვერ ვრისკავ, თუმცა, ყველაფერს ვსწავლობ. ეს სრულიად სხვა და ძალიან ბედნიერი სამყაროა.
არ ვიცი მერე რა იქნება, მაგრამ ჩემი ოცნებაა, ჩემმა შვილმა ქართული იცოდეს. მე აქაური მეუღლე მყავს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ჩემი ძმისშვილები უკვე დიდები არიან, ჩვენთან ჩამოდიან ხოლმე და შესაბამისად, მათთან ექნება აქტიური ურთიერთობა. ასე რომ, იმედი მაქვს, ენას კარგად ისწავლის. თან, მინდა, რომ ყველა ზაფხული საქართველოში გაატაროს. ჩემმა მეუღლემ რაღაც დონეზე იცის ქართული, წერს, კითხულობს. სამშობიაროში ბავშვს ქართულად რომ ვეფერებოდი, მამიკო, რა საყვარელი ხარ-მეთქი, ექიმებმა გაიკვირვეს, მამას რატომ ეძახისო (იცინის). როგორც ენების უმეტესობაში, იაპონურადაც „მამა“ დედას ნიშნავს. უკვე ვცდილობ, ქართულად ველაპარაკო, რომ ყური შეაჩვიოს. იმედია, იაპონურად არ დავუწყებ საუბარს. ჩემთან ლაპარაკი რომ მოუნდება, ქართულად უნდა მესაუბროს. თუ არა და სულ ნუ დამელაპარაკება-მეთქი, ვიბღვირები (იცინის).
– სამომავლოდ საქართველოში აპირებთ ცხოვრებას?
– საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტე და სამი თვით ვიყავი კიდეც ჩამოსული, როდესაც სპორტიდან წამოვედი. ოცი წელი იცხოვრო ისეთ მეგაპოლისში, როგორიც ტოკიოა და მერე საქართველოში დაბრუნდე, რთულია. თითქოს, ცოტა მეპატარავა. საყვარელი მაისური რომ დაგიპატარავდება, დაახლოებით, ასეთი შეგრძნება მქონდა. ჩემი სამშობლო ყველაფერს მირჩევნია, თუმცა, საცხოვრებლად... არ ვიცი, მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. სპორტიდან წამოსვლის შემდეგ ცოტ-ცოტა ბიზნესს ვსწავლობ. როცა ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს გავცდები და თავს სტაბილურად ვიგრძნობ, ვფიქრობ, ნახევარ დროს საქართველოში გავატარებ, ნახევარს – იაპონიაში. მე ჩემი ცხოვრების ნახევარი იაპონიაში მაქვს გატარებული. 17 წელი ვიცხოვრე საქართველოში, 21-ე წელია, ტოკიოში ვცხოვრობ. ამიტომ მარტივი არ არის, ავდგე და ყველაფერი მივატოვო. თბილისი ხომ პატარაა, მაგრამ საქართველოში „გუგლ მაპით“ დავდივარ, ტოკიოში კი „გუგლის“ დახმარება საერთოდ არ მჭირდება. ეს ასეა, მაგრამ ჩემი ოცნებაა სამშობლოში ცხოვრება და ჩემი მეუღლეც ნებისმიერ დროს დამთანხმდება, თუ ამას გადავწყვეტ. იმედია, ამის დროც მოვა და ჩემს ლამაზ საქართველოში ვიცხოვრებთ.
– აქტიური სპორტიდან წამოსვლის შემდეგ რა ეტაპი დადგა თქვენს ცხოვრებაში?
– ბევრი შემოთავაზება მქონდა, რადგან ცნობილი სპორტსმენი ვიყავი, თუმცა, მე რაც არ ვიცი, ხელს არ ვკიდებ. რაც დამჭირდება იმას ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ. ჩემი „იუთუბ-არხი“ იაპონელებზე მაქვს გათვლილი, ტელევიზიებშიც მიწვევენ ხოლმე და პატარა ბიზნესი მაქვს. სპორტს ჩამოვშორდი. 33 წელი ვიყავი სპორტში, რაც ძალიან ბევრია. ახლა უფრო ბიზნესის კუთხით გამიჩნდა ინტერესი.
– სუმოს წესებით ცხოვრება რომ ძალიან რთულია, ალბათ, ყველამ იცის და გისაუბრიათ კიდეც, რამდენად რთული იყო თქვენთვისაც, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. მიუხედავად ამისა, დასრულების შემდეგ ნოსტალგია იქნებოდა. ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდათ?
– დასრულების შემდეგ, ინსტინქტურად მეღვიძებოდა ხოლმე და ვნერვიულობდი, ახლა შეჯიბრებაზე უნდა ვიყო-მეთქი. მერე, დიდი ხანი, სუმოს საერთოდ ვერ ვუყურებდი. ჩემი იქ არ ყოფნა ძალიან მიუღებელი იყო ჩემთვის. განვიცდიდი, რატომ არ ვარ იქ, რატომ მომიხდა თავის დანებება-მეთქი? ჩემი ხნის ბიჭები აგრძელებდნენ ჭიდაობას, მე ტრავმების გამო მომიწია თავის დანებება. კარგს რაც შეეხება, თავადაც აღნიშნეთ, სუმოს სამყარო ძალიან რთული წესებით ცხოვრებას ნიშნავს. როცა ყველაფერი დასრულდა, ძალიან დიდი თავისუფლება ვიგრძენი, შემეძლო, ყველაფერი მეკეთებინა, რაც მინდოდა. ჩამეცვა ის, რაც მომეწონებოდა, სპორტული ბოტასი მეტარებინა, საერთოდ, ის მცმოდა, რაც გამიხარდებოდა. სუმოისტებს გარეთ კიმანოს გარეშე გასვლის უფლება არ გვაქვს. როცა ამ სპორტს დავემშვიდობე და გარეთ პიჯაკითა და შარვლით გამოვედი, დანაშაულის შეგრძნება მქონდა. როცა სუმოში ხარ, გარეთ კიმანოს გარეშე რომ დაგინახონ, შეიძლება, სუმო დაგატოვებინონ. ამიტომ კარგა ხანს გამყვა დანაშაულის შეგრძნება და ჩემს თავს ვამშვიდებდი ხოლმე, ნუ ნერვიულობ, სუმოისტი აღარ ხარ და რაც გინდა, ის ჩაიცვი-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, მანამდე მეგონა, რომ იაპონიაში ყველა ასე, ანუ, ძალიან მკაცრი კანონებით ცხოვრობდა და მერე აღმოვაჩინე, რამხელა თავისუფლება ყოფილა ამ ქვეყანაში. ასე რომ, თავისუფლების შეგრძნება ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.
– რთულ პერიოდებში რა გეხმარება გზის წინ გაგრძელებაში?
– მეხმარება იმის გახსენება, რომ მთავარია, სასიცოცხლო ენერგია ტრიალებს ჩემს სხეულში. მთავარია, ვსუნთქავ, ვხედავ, მესმის და გემოს შეგრძნება მაქვს. სანამ ეს შეგრძნებები გვაქვს, სანამ შეგვიძლია, რომ ბუნება შევიგრძნოთ, მოვეფეროთ, მართლა რა გვაქვს სანერვიულო, ვერ ვხვდები. ადამიანები ჩვენ თვითონ ვიგონებთ პრობლემებს. მე, პირადად, ბუნებასთან კავშირი, ვარჯიშთან ერთად, ყველაზე უკეთ მაფხიზლებს. როცა ცუდად ვარ, თბილისიდან გასვლა ჩემთვის ძალიან დიდი შვებაა, მაგრამ ვერ ვშორდები თბილისს, რადგან ტელევიზია აქაა, ტელევიზიაში მუშაობა კი ძალიან მიყვარს.
– რამდენად იღბლიანი აღმოჩნდი პირად ცხოვრებაში?
– ვფიქრობ, რომ იღბლიანი ვარ. ჩემთვის პირადი ცხოვრება და შემდგარი ურთიერთობა არ არის მაინცდამაინც სოციალურად აღიარებული პარტნიორი, რომელთან ერთადაც ხელიხელჩაკიდებული ვივლი და ქმარი ერქმევა. შეიძლება, შემდგარი სიყვარული დავარქვა საზაფხულო რომანს, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და ჩემს ცხოვრებაში რაღაც პერიოდი გრძელებოდა. ჩემს ცხოვრებაში ყოფილან კარგი ადამიანები და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა.
– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინა საოცნებო მომავალი და ის, რაც საკუთარი თავისთვის შექმენი, რამდენად ჰგავს შენს წარმოდგენებს?
– ძალიან ახლოს არის. ყოველთვის ვხედავდი ჩემს თავს მომღერლის ან მოცეკვავის ამპლუაში. ყოველთვის მინდოდა, პრეზენტაბელური ვყოფილიყავი. 17 წელი მოცეკვავე ვიყავი და სცენაზე ვიდექი. ეთერი და ტელეეკრანიც გაძლევს აუდიტორიასთან კომუნიკაციის საშუალებას და ეს მოცემულობა ძალიან მომწონს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად პრეზენტაბელური იქნები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან