შოუბიზნესი

ემა ტუხიაშვილი: ახლა რომ ვფიქრობ, რა გამოვიარე და გადავიტანე, მიკვირს, როგორ ვახერხებდი, თუნდაც, სახლიდან სამსახურში მისვლას

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 25.08

ემა ტუხიაშვილი
დაკოპირებულია

ტელეწამყვან ემა ტუხიაშვილის ცხოვრება მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა, თან ძალიან საინტერესოა და ემოციებით დატვირთული. რაც მთავარია, ეს არის ცხოვრება, რომელიც ძლიერმა ქალმა თავად შექმნა.

მასთან ინტერვიუ შვილიშვილზე საუბრით დავიწყეთ.

ემა ტუხიაშვილი: ტრადიციული ბებიობა არ გამომდის. შვილიშვილი ჩემგან შორს ცხოვრობს. ჩემი შვილი, ოჯახთან ერთად, სლოვაკეთში გადავიდა და წელიწადში ორჯერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას. საბედნიეროდ, ახლა აქ არიან და შვილიშვილმა პირველად სულ რამდენიმე დღის წინ დამიძახა „ბებო“. დაჩი 2 წლის არის და ძალიან თბილი ბავშვია. დისტანციურად ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და შორიდან მიცნობს. მიხარია, რომ ზაფხულის შვებულებას, მთელ ორ თვეს, ერთად გავატარებთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი დრო დავუთმოთ, ჩვენი სახლი გაახალისა და წინასწარ განვიცდი, რა მეშველება, როცა წავლენ.

– შვილთან განშორებაც რთული იქნებოდა და მით უმეტეს, როცა შვილიშვილი გაჩნდა და შორს იზრდება...

– ბევრი რამის გამოა რთული. ჩემსა და ჩემს შვილს შორის სხვაობა 19 წელია, ჩვენ ერთმანეთისთვის ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მართლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. როცა ოჯახი შექმნა, მაშინაც ძალიან გამიჭირდა. მეგონა, ჩემი ნაწილი წაიღეს. ნერვიულობის მომენტიცაა, რადგან სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, პატარა ბავშვი ჰყავთ, დიდი პასუხისმგებლობები აქვთ, მაგრამ ამაყი ვარ ჩემი შვილისა და სიძის გამო, ყველაფერს ძალიან კარგად ართმევენ თავს.

– რა შეცვალა თქვენში ბებიობამ?

– ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მესამე განსაკუთრებულად ძვირფასი ადამიანი. შვილები ჩემთვის სამყაროს ცენტრია და ახლა კიდევ ერთი ასეთი ადამიანი მყავს. მეტი ხალისი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს, უფრო მიზანდასახულიც გავხდი. მიკვირდა ხოლმე, რომ ამბობდნენ, ოჯახში პატარას დაბადება წლებს გაკლებსო და თურმე, მართლა ასე ყოფილა. ისეთი კონცერტები გვაქვს ყოველდღე, ჩემს თავს შორიდან რომ ვუყურებ, მეცინება. ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამასთან ერთად, ადამიანს ყოფითი პრობლემები საერთოდ არ გახსოვს.

– სხვა თემებზეც ვისაუბროთ. დღემდე თქვენს ცხოვრებაში არაერთი რთული პერიოდი გამოიარეთ, მაგრამ მგონია, რომ დრამატული ადამიანი არ ხართ.

– მგონია, რომ ყველაფერი გადავფურცლე. გვერდით მყავს რამდენიმე ახლობელი ადამიანი და მათთან მიყვარს სირთულეებზე მსჯელობა, არამცდაარამც – წუწუნი. განხილვა ერთგვარი თერაპიაა და აუცილებელიცაა, რომ გადარჩე. კიდევ ერთი რთული ეტაპი გავიარე მეგობრებთან საუბრით, აზრების გაცვლით და მგონია, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვე. ალბათ, ცხოვრებაში კიდევ ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება შევიძინე. დღეს ვცდილობ, ჩემს ცხოვრებაში აღარ შემოვუშვა ადამიანები, ვისგანაც შეიძლება, დიდი იმედგაცრუება მივიღო. დანარჩენს, ყველაფერს გაუმკლავდება ადამიანი, თუკი, მომავლის რწმენასთან ერთად, მონდომება, გამძლეობა და შრომის უნარი ექნება.

– თქვით, ძალიან ახლობელმა ადამიანებმა გამწირეს უსახლკარობისთვის და ფიზიკურად განადგურებისთვისო. იმ მომენტში რამ მოგცათ ძალა, რომ არ მომხდარიყო ის, რისთვისაც გაგიმეტეს?

– არ ვიცი რამ გადამარჩინა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ასეთი მომენტები, მიზეზი შეიძლება, სხვადასხვა იყოს, მაგრამ მდგომარეობა – მსგავსი. გარშემო მყავდნენ ახლობელი ადამიანები, ვინც ჩემს რთულ ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას ხედავდა. ძალიან ვიწრო წრე, რადგან არ მიყვარს ასეთი თემების აფიშირება და დეტალებზე საუბარი. რამ გადამარჩინა? პირველ რიგში, პასუხისმგებლობამ საკუთარი შვილების, შვილიშვილის, მეგობრებისა და საქმის მიმართ. შეიძლება, ცოტა დაუჯერებლადაც ჟღერდეს, ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ მთელი ეს წელიწად-ნახევარი, ანუ, ჩემთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში, ვგრძნობდი, რომ ჩემი გარდაცვლილი მშობლები ჩემთან იყვნენ. ეს ვიღაცისთვის მისტიკაა, სხვისთვის – რელიგიური საკითხი, მაგრამ მე მთელი ძალით ვგრძნობდი, რომ ისინი არ მაძლევდნენ უფლებას ფარ-ხმალი საბოლოოდ დამეყარა. ახლა რომ ვფიქრობ, რა გამოვიარე და გადავიტანე, მიკვირს, როგორ ვახერხებდი, თუნდაც, სახლიდან სამსახურში მისვლას. ყველაფერს კართან ვტოვებდი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობები მობილიზებაში ეხმარება. ჩემმა პროდიუსერებმაც იციან, რაც არ უნდა რთულად მქონდეს საქმე, როგორც კი სტუდიაში შევალ, აბსოლუტურად ვიცვლები და ბოლომდე ჩემს მაყურებელსა და კოლეგებს ვეკუთვნი. ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა და მე მართლა გადავრჩი, უფრო ძლიერი გავხდი, იმუნიტეტი გამომიმუშავდა. სრულიად სხვანაირად ვუყურებ პრობლემებს, ადამიანებს, სხვადასხვა საკითხს. უფრო მშვიდი გავხდი, გაწონასწორებული და რაციონალური, დღეს უკვე ცივი გონებით ვიღებ გადაწყვეტილებებს.

– რთულმა გამოცდილებებმა ადამიანების ნდობა ხომ არ დაგაკარგვინათ?

– კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ჩემი საქმის, ჩემი ინტერესების ფარგლებში. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველას ძალიან ფართოდ ვუღებდი კარს და ზედმეტი გულახდილობით გამოვირჩეოდი, არა. მანამდეც ფრთხილი ვიყავი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩემი ნდობით ძალიან ცუდად ისარგებლეს. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან უნდა ელოდო ყველაზე დიდ იმედგაცრუებას. შეიძლება, ცოტა მეტად ფრთხილიც გავხდი, მაგრამ მგონია, რომ ეს ურთიერთობებში არ დამტყობია.

– უფრო ძლიერი გავხდიო, თუმცა მგონია, რომ არც მანამდე ყოფილხართ სუსტი ქალი.

– სუსტი არ ვიყავი, მაგრამ როგორც ყველას, მეც მქონდა ჩემი სისუსტეები. არ ვიცი, ცუდი თვისებაა თუ კარგი, მაგრამ ტყუილის თქმა არ მიყვარს. მშობლებმა ასე გამზარდეს. ტყუილი არასდროს არ უნდა გვეთქვა, ეს ჩვენთვის დაუწერელი კანონი იყო. დღემდე რაც არ უნდა მითხრან, მჯერა, რადგან სხვანაირად, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. აღმოჩნდა, რომ ტყუილი ადამიანებისთვის ცხოვრების წესია. ამასთან შეგუება გამიჭირდა, თორემ ძლიერი მართლა ყოველთვის ვიყავი. რაც არ უნდა ძლიერი იყო, როცა ყველაზე ახლობელი ადამიანები გაგიცრუებენ იმედს, როცა შენი ნდობით ისარგებლებენ, გიღალატებენ, გატყუებენ, უარგყოფენ, ეს დიდ დარტყმას გაყენებს და დაღს გასვამს. ამასთან გამკლავება საკმაოდ რთულია. გასული წელიწად-ნახევარი, ყველა თვალსაზრისით, ძალიან რთული მქონდა. თავიდან ძალიან შემეშინდა, როგორ გავუმკლავდებოდი ამ ყველაფერს მარტო. ერთი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ძალიან ბევრი იყო. როცა კონკრეტული ადამიანების მხარდაჭერის იმედი მქონდა, უცებ აღმოვაჩინე, რომ ყველა შემომეცალა გვერდიდან და მარტო დამტოვეს, ისე, რომ არც კი უკითხავთ, როგორ ვართმევდი თავს ყველაფერს. მადლობელი ვარ მათი, ვინც მორალური მხარდაჭერა აღმომიჩინა. უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი შვილების. ამ პერიოდში კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ ორი საოცრად კარგი ადამიანი გამიზრდია. მადლობა ღმერთს, გადავიტანე.

– თქვით, რომ ამ სირთულემ უფრო გაგაძლიერათ. წინათ გისაუბრიათ ოჯახის დანგრევაზე, მაშინაც რთული პერიოდი იყო, მაგრამ პარალელურად, კარიერული თვალსაზრისით დაიწყო ძალიან კარგი ამბავი თქვენს ცხოვრებაში. თითქოს, ამან გამოიწვია ოჯახური ცხოვრების დასრულება. ანუ, ორივე ერთად ვერ გამოდის?

– სწორად აღნიშნე. ეს ორი ამბავი, ორი რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს. არიან ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებენ ან რამდენჯერმე აკეთებენ მცდარ არჩევანს. ამ პერიოდში ძალიან ბევრს ვკითხულობდი, ფსიქოლოგებსაც ვუსმენდი, რომ გავრკვეულიყავი, ჩემში ხომ არ იყო პრობლემა, რატომ აღმოვჩნდი, თითქმის იდენტურ ვითარებაში. შეიძლება, ამას სხვადასხვა ახსნა ჰქონდეს, თუნდაც არასწორი აღზრდა და ასე შემდეგ. ძალიან ძნელია, ისე იცხოვრო, რომ შენთვისვე ძალიან მტკივნეული შეცდომა არ დაუშვა. თუმცა, შეიძლება, ღირს კიდეც შეცდომების დაშვება. ამ ყველაფერში ერთი ძალიან ღირებული რამ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიპოვე, როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ისე, შინაგანი მდგომარეობით.

ასევე, მოვიდა კარიერული წარმატება, რაც ბევრის მომცემია.

– ძალიან პირადულ მომენტს გავიხსენებ. ცოტა ხნის წინ, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოვხვდი და მაშინ საკუთარ თავს ვკითხე, ოდესმე წარმოიდგენდი, რომ ის პირველკურსელი გოგონა, რომელიც ლექციიდან ლექციზე მორიდებით, მხრებში მოხრილი დადიოდა, ამდენს შეძლებდა?! ვერა, ამაზე არც მიფიქრია. ყველას უნდა თავის სიტყვა თქვას საკუთარ პროფესიაში, მაგრამ იმ სიყვარულს, რომელსაც მე ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანებისგან ვიღებ, ვერასდროს წარმოვიდგენდი. თუ ჩემი შვილები არიან ჩემთან ერთად, მათ თვალებში ვხედავ სიამაყის განცდას და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ეს დიდი შრომის შედეგია. პროფესიულ ზრდას დიდი დრო დავუთმე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, რომ თამამად ვუყურო ჩემს გადაცემებს. ამას დღემდე ვერ ვაკეთებ, რადგან ძალიან ბევრი რამ არ მომწონს, კრიტიკულად ვუყურებ და უკმაყოფილობის განცდა მაქვს. მე დროს ვაკლებდი ჩემს პირად ცხოვრებას პროფესიის სასარგებლოდ. ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, სათანადოდ ვერ გაეგოთ ჩემი თავდადება საქმისადმი და ამას დაეზიანებინა ჩემი პირადი ურთიერთობა, შეიძლება, გარკვეულწილად ამანაც იქონია გავლენა, მაგრამ ადამიანის ძალით გაჩერება შენს ცხოვრებაში სრულიად წარმოუდგენელია და მოხდა ის, რაც მოხდა.

თუმცა, მთავარი ისაა, რომ ყველაფერმა, რაც გამოვიარე, ძალა მომცა ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა