ელენე დარჩია: მეუბნებოდნენ, შენ რა გიჭირს, მამაშენის შვილს, მარტივად ჩააბარებო, ამის გამო უარი ვთქვი ამ სურვილზე - აღარ მინდა მსახიობობა-მეთქი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 13.11, 2023 წელი
მსახიობ დავით დარჩიას შვილმა – ელენე დარჩიამ მამის გზა აირჩია და მისი, როგორც მსახიობის, დებიუტი ცოტა ხნის წინ, გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში შედგა.
ელენე დარჩია: ჩემი დებიუტი გორში, ერისთავის თეატრში შედგა. ვითამაშე სპექტაკლში – „მზე ისევ ამოვა“, რეჟისორ გიორგი თენაძესთან. ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო. ამას მოჰყვა შემდეგი სპექტაკლი ქალბატონ ნანუკა ხუსკივაძისესთან – „გაუგებრობა“. მალე კიდევ ერთი სპექტაკლი იქნება – „პრემიერა“, ბატონ დიმიტრი ღვთისიაშვილთან. ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელად და სასიხარულოდ, მოვლენები ძალიან აქტიურად ვითარდება.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან შვიდი თვე საქმის გარეშე ვიყავი და სიმართლე გითხრათ, უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მეორე სპექტაკლზე რომ დავიწყე მუშაობა, თეატრში შტატიც შემომთავაზეს და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
– მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რთული პერიოდი იყო, მერე ყველაფერი კარგად აეწყო...
– კი, თავიდან ძალიან გამიჭირდა. უნივერსიტეტის გარდა არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ერთი თვე გავიდა – არაფერი, ორი, სამი და დრო რომ გადიოდა და ვერაფერს ვაკეთებდი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მინდოდა, ენერგია დამეხარჯა, აქტიური ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამოდიოდა და უკვე დეპრესიისკენ მივდიოდი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა დღეს რომ აქ ვარ.
– მამას დიდი გამოცდილება და შესაბამისი კავშირებიც აქვს. მისთვის არ გითხოვია დახმარება?
– ამაზე მქონდა საუბარი მამასთან, მინდოდა, რაღაცნაირად ეშველა, თუმცა, მამა იმდენად თავმდაბალი ადამიანია, რომ არ შეუძლია ასეთი რამის გაკეთება. ურჩევნია, ჩემით გავუმკლავდე პრობლემებს, ჩემით გავიკვალო გზა. კი, ერთხელ დათო დოიაშვილთან ვიყავი მისული. ეს იყო ერთადერთი მომენტი, რადგან მუსკომედია ძალიან მაინტერესებს. სიმღერა გამომდის, ცალკე საბალეტო სკოლა მაქვს დამთავრებული და სულ მინდოდა მსახიობობა, სიმღერა, ცეკვა – ყველაფერი გამეერთიანებინა ჩემს შემოქმედებაში. თუმცა ჩემი ბრალი იყო, რომ ვერ შევძელი თავი წარმომეჩინა. მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, ახლა სადაც ვარ. მე მგონია, რომ ყველაფერი რაღაცისთვის ხდება და საბოლოოდ, ძალიან კარგ ადგილას აღმოვჩნდი. ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
მანამდე რუსთაველშიც მქონდა ქასთინგი. სიმართლე გითხრათ, ასეთ საკითხებში, რაღაც კუთხით, მამაჩემის ფაქტორი ცოტა ხელის შემშლელია. მგონი, მსახიობის შვილს უფრო კრიტიკულად უყურებენ. თუმანიშვილშიც ვიყავი და იქაც იგივე ვიგრძენი – თითქოს მეტს ითხოვენ შენგან. ბატონმა რობერტ სტურუამ მითხრა, არ გეგონოს, რომ მამაშენის გამო პრივილეგიით სარგებლობ, თუმცა, ნიჭი გაქვსო. თითქოს მაინც უფრო კრიტიკულად უყურებენ მსახიობის შვილებს. ასე რომ, ეს პირიქით, ხელის შემშლელია (იცინის).
მამასთან ერთად მე თვითონაც ვკომპლექსდები. მის გვერდით უცებ ვიაზრებ, რომ მსახიობი დავით დარჩია მამაჩემია და ცოტა ვიძაბები. მირჩევნია, ეს გზა ჩემით გავიარო. მამაც ამ ბიძგს მაძლევს, უნდა ჩემით ავიდე მაღლა. დახმარების მომენტი ნაკლებად აქვს.
– მსახიობობა რომ გადაწყვიტე, მამის ჩრდილში ყოფნის შიში არ გქონია?
– მე, საერთოდ, დიდი ხანი მეგონა, რომ ბოლომდე ბალეტს გავყვებოდი. მერე ისე მოხდა, რომ რაღაც მომენტში ხელი ჩავიქნიე ამ პროფესიაზე და მსახიობობა მომინდა. მაშინ, დაახლოებით, 16 წლის ვიყავი. წარმოიდგინეთ, 12 წელი ვიცეკვე, სამი წლიდან ბალეტს ვცეკვავდი და უცებ ვიძახი, რომ თეატრალური მაინტერესებს და მსახიობობა მინდა. მერე ვიღაცები მეუბნებოდნენ, მამაშენის შვილს რა გიჭირს, მარტივად ჩააბარებო და ამან ცოტა დამაკომპლექსა. ამიტომ უარი ვთქვი ამ სურვილზე, აღარ მინდა მსახიობობა-მეთქი და 17 წლის ვიყავი, როცა განვაცხადე, რომ ბიზნესს უნდა გავყოლოდი, როცა მათემატიკა საერთოდ ახლოსაც კი არ იყო ჩემთან (იცინის). მაშინ ჩემმა ძმამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. მითხრა, მე შენ უკვე ყველაფერი ჩაგიწერე, თეატრალური შენია და აქ უნდა ჩააბარო, უბრალოდ, ჯერ შეიძლება, შენ ამას ვერ ხვდებოდეო. გუგას დამსახურებაა, აქ რომ მოვხვდი. მამას დიდად არ უნდოდა, რომ მსახიობი ვყოფილიყავი. ეს, ალბათ, არცერთ მსახიობს არ უნდა და მათი მესმის, რადგან ყოველდღე ვიაზრებ, რამდენად რთული პროფესია მაქვს.
სიმართლე გითხრათ, ჩაბარების დროს მამას ვუთხარი, იქნებ რამეში დამეხმარო-მეთქი, მაგრამ ვერაფერში ვერ დამეხმარა. ჩემით შევძელი ჩაბარება. მაშინ, ზუსტად ამ პროცესში გავიაზრე, რომ არ ვიცი, გენეტიკის დამსახურებაა თუ რის, მაგრამ ეს ჩემი პროფესია იყო და მისი წყალობით თავს სასწაულად ბედნიერად ვგრძნობდი. საერთოდ აღარ მაინტერესებდა დათო დარჩიას შვილობის ფაქტორი, ანუ, მამაჩემის ჩრდილის ქვეშ ყოფნის მომენტი მეორეხარისხოვანი გახდა. მე მართლა ძალიან ვამაყობ მამათი, მაგრამ ჩემს თავს იმდენად წინ ვწევ, რომ ვერც ვიაზრებ, რომ დათოს შვილი ვარ (იცინის). ეს კომპლექსები უკვე გადავლახე და ახლა ჩემთვის მთავარია, რომ იმას ვაკეთებ, რაც ძალიან მიყვარს.
– როგორი მამაა დათო დარჩია?
– იმიტომ არა, რომ მამაჩემია, მაგრამ საოცარი ადამიანია. მე ბავშვობიდან მამას გოგო ვიყავი. ძალიან თბილია, ყველაფერს გაგიკეთებს, ოღონდ კარგად იყო. სასწაული მამაა. ზუსტად იცის, როდის როგორ უნდა მოიქცეს და რა გითხრას. ძალიან ვამაყობ მისით, როგორც მამით და შემდეგ უკვე მსახიობით. მე და მამას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. შემიძლია, ყველა თემაზე დაველაპარაკო.
– პირად ცხოვრებაზეც უყვები ხოლმე?
– ოთხი წელია, შეყვარებული მყავს და მამამ ეს პირველივე დღიდან იცის. ჩემი შეყვარებულიც მსახიობია, ჩვენ ჯგუფელები ვიყავით. პირდაპირ გამოვაცხადე მამასთან, რომ შეყვარებული მყავდა და ის ძალიან კარგად მიუდგა ამ ამბავს. ერთმანეთსაც იცნობენ. მამამ დარიგებებიც იცის, საყვარლად (იცინის).
– დიდ დროს ატარებთ ერთად?
– ბავშვობიდან დიდ დროს ვატარებდით ერთად, მაგრამ რაც დედა და მამა დაშორდნენ, მე დედასთან ვცხოვრობ, მე ჩემი გრაფიკი მაქვს, მამას – თავისი და ცოტა დროის უკმარისობა გვაქვს, მაგრამ ყოველდღე რომ არ ველაპარაკოთ ერთმანეთს, გამორიცხულია.
– როგორ შეხვდი მშობლების დაშორების გადაწყვეტილებას?
– მარტივად შევხედე ამას. მძიმე არ ყოფილა. პირველი, რაც ვიფიქრე, ის იყო, რომ თუ ჩემი მშობლები ასე უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, რატომაც არა. დედა და მამა დღემდე მეგობრობენ. ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. დაშორება არის საჭირო? კი, ბატონო, მე მივიღებ თქვენს გადაწყვეტილებას – თავიდანვე ასე მივუდექი, არ მქონია არანაირი პრობლემა და ამის გამო თავი ცუდად არ მიგრძნია. როგორც ისინი მიიჩნევდნენ საჭიროდ, ჩემთვისაც ის იქნებოდა მისაღები და ასეც მოხდა.
– მამას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. შეძელი ამ დროს მის გვერდით დამდგარიყავი და გაგემხნევებინა?
– კი, მამას ჯანმრთელობის პრობლემები 2019 წელს შეექმნა. მე ამ დროს ვსწავლობდი და პირველი გაფრთხილება, რაც მოგვცეს, გაცდენების შეუძლებლობას ეხებოდა. დილიდან დაღამებამდე უნივერსიტეტში ვიყავი. იმ პერიოდში მამას გასტროლი ჰქონდა და ერთი თვის უნახავი მყავდა. რომ ჩამოვიდა, უცებ მირეკავენ და მეუბნებიან, მამა ცუდად არისო. მიუხედავად უნივერსიტეტის შეზღუდვებისა, რა თქმა უნდა, მაშინვე მასთან გავიქეცი. დედა ძალიან დაუდგა გვერდში. თან, მაშინ უკვე გაშორებულები იყვნენ. დედა მართლა გმირია. როგორც ადამიანებს, ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ და ყოველთვის გვერდით უდგანან ერთმანეთს. თურმე, მეც მქონია ძალა – მამასთან ვრჩებოდი და რაც საჭირო იყო ყველაფერს ვაკეთებდი. საერთოდ, ჩემი მშობლების გამო ყველაფრის გაკეთება შემიძლია.
– შეყვარებული ვახსენეთ. თქვენი ისტორია როგორია?
– კახი გაზდელიანი პირველი კურსიდან შემიყვარდა, უფრო სწორად, პირველი კვირიდანვე (იცინის). მანამდე შეყვარებული არ მყოლია. ის თავიდან ყურადღებას არ მაქცევდა და ამის გამო უფრო ვენთებოდი. 24 საათი კახის გავიძახოდი (იცინის). მისგან რომ არაფერი იგრძნობოდა, ზაფხულის პერიოდში, თითქოს, ცოტა მიმინელდა ჩემი მისდამი დამოკიდებულება, მაგრამ მეორე კურსიდან უკვე კახიმ დაიწყო ჩემკენ ნაბიჯების გადმოდგმა და პრანჭიაობა (იცინის). მეც ისევ ავენთე (იცინის). ექვსი თვე ვიწვალეთ და მერე ვთქვით, რომ ერთად ვიყავით. იყო სირთულეებიც, ჩხუბიც, დაშორებებიც, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან