შოუბიზნესი

ეკატერინე ანდრონიკაშვილი: მიზანშიც კარგად ვისვრი და რისკიანიც ვარ

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 17.06

ეკა ანდრონიკაშვილი
დაკოპირებულია

ულამაზესი, დახვეწილი, მშვიდი და გაწონასწორებული ეკატერინე ანდრონიკაშვილი ყოველთვის არ თანხმდება ინტერვიუებს. მსახიობი, ერთი შეხედვით ნაზია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მებრძოლი ხასიათი აქვს. არასოდეს მალავს ასაკს. უზადოდ გამოიყურება და ამისთვის არც პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, არც ვარჯიშობს, არც დიეტებს იცავს. ფაქტია, მისი გარეგნობა, დახვეწილი მანერები და სახასიათო შტრიხები, მისი გენეტიკის დამსახურებაა.

ეკატერინე ანდრონიკაშვილი: საინტერესო ცხოვრების გზა გავიარე და კიდევ ბევრი საინტერესო წინ მელის. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, უფრო მეტი გამეკეთებინა, ვიდრე გამიკეთებია, სულ მაქვს თვითრეალიზაციის უკმარისობა. ყველაზე თბილად და ვარდისფერ ფერებში, ჩემი ბავშვობა მახსენდება. სკოლის პერიოდი კი – ძალიან კარგი, თავისი მეგობრებით, განცდებით, ჩხუბებით, შეყვარებებით...

– ადრეულ ასაკში გათხოვდი და როგორც ვიცი, შვილებს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

– ძალიან ადრე გავთხოვდი – 19 წლის. 21 წლისას შვილი მყავდა და ახლა უკვე 30 წლისაა. მეორე შვილი კი, ღმერთმა გამომიგზავნა, 43 წლის ასაკში გავაჩინე და 7 წლის ანგელოზი მყავს. 23 წელია შვილებს შორის სხვაობა.

– როგორ ფიქრობ, რაში გაგიმართლა ყველაზე მეტად?

– გამიმართლა ჩემს შვილებში, მშობლებში, წინაპრებში, მეგობრებში და ზოგადად, ბევრ რამეში. საერთოდ, უიღბლო არ ვარ, მაგრამ ხანდახან მგონია, თითქოს, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, გვერდით ჩამივლის, გაივლის და ჩემთან არ მოდის. იმისთვის, რომ რამეს მივაღწიო, ბრძოლა ნაკლებად, მაგრამ ბევრი შრომა მჭირდება. მაგრამ, თუ ბრძოლა დამჭირდა, საკმაოდ მებრძოლი ადამიანი ვარ და ინტუიციაც საკმაოდ განვითარებული მაქვს.

– გამართლებაში სიყვარული არ გიხსენებია და რატომ?

– ჩემი ორივე შვილის მამასთან ერთად არ ვარ. რაც შეეხება სიყვარულს, რასაკვირველია, მიყვარდა, მაგრამ მგონია, ის „ერთადერთი” არ შემხვედრია.

– ცხოვრებისეული სირთულეები, სიახლეები, ცვლილებები თუ გაშინებს?

– არა, ნამდვილად არ მაშინებს სიახლეები, სირთულეები და ცვლილებები. პირიქით, მიყვარს, მაგრამ გააჩნია – რაში. მაგალითად, ურთიერთობებში, ნამდვილად აღარ მინდა სიურპრიზები. ისეთ ასაკში ვარ სტაბილურობა, საყრდენი და სიმშვიდე მირჩევნია. ზოდიაქოთი „მშვილდოსანი“ ვარ, მიზანშიც კარგად ვისვრი და რისკიანიც ვარ. თუ გამირისკავს, სწორად გამირისკავს და არ წამიგია.

– შენს განვლილ გზას რომ გადახედო, ღალატის მსხვერპლი ხშირად გამხდარხარ? ბევრი ადამიანი ჩამოგცილებია ან ჩამოგიცილებია?

– დროთა განმავლობაში იფილტრება სამეგობრო წრე და ბოლოს რჩება ის ნამდვილი, ნაღდი მეგობრები, რომლებიც ნათესავებივით შენები არიან. სამწუხაროდ, მქონია შოკური იმედგაცრუება მეგობრის მხრიდან, როცა საერთოდ არ მოელი და საბოლოოდ გაწყდა მასთან კავშირი. მე მეგობრისგან ღალატი უფრო მწარედ მიმაჩნია, ვიდრე სხვა ღალატი.

– რაც წლები ემატება, ადამიანს ფიზიკური ცვლილებისა და სიბერის შიში უჩნდება. შენ თუ გიფიქრია ამაზე?

– შიში ძალიან ნორმალურია და ყველას აქვს. თუ ადამიანი ამბობს, სიბერის არ მეშინიაო, ის არ ამბობს სიმართლეს. თუმცა, გარეგნული ცვლილებების შიში, ნამდვილად არ მაქვს. ადამიანის გონებას აქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად დიდხანს იყოს ახალგაზრდა. თუ შენში ბავშვობა სულ ცოცხლობს და ამას გრძნობ, ეს გაძლევს სიცოცხლის ტონუსს. შეიძლება, ძალიან მოვლილი იყო, ათასი პლასტიკური ოპერაცია და ბოტოქსი გაიკეთო, ამის ფონზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, მაგრამ თვალები გქონდეს დაბერებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ სხივს, რომელიც ადამიანის თვალებში ჩანს.

– შენს შემთხვევაში, ასეთ სხივს როგორ ინარჩუნებ, ეს გენეტიკის დამსახურებაა?

– სხივი შინაგანი მოცემულობაა, ფიზიკური მონაცემი კი – გენეტიკა. ჩემს შემთხვევაში, როგორც გამოვიყურები, ეს გენეტიკის დამსახურებაა. დიდ ძალისხმევას არ ვდებ ჩემს გარეგნობაში. არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ მაქვს გაკეთებული და თითქმის არანაირ პროცედურებს არ ვიტარებ. დილით ვიბან სახეს, ვისვამ კრემს და სულ ესაა. კი, მაქვს სახის ნიღბები, მაგრამ როცა მახსენდება, მაშინ ვიკეთებ. ერთადერთი, რასაც ზედმიწევნით ვასრულებ, ესაა მაკიაჟის მოცილების პროცესი – მიცერალური წყლით კარგად ვიცილებ, მერე ვიბან, ნელთბილი წყლით, ისე, რომ კანი სისუფთავისგან „კრაჭუნობდეს“, ბოლოს კი ვისვამ კრემს. და, მასაჟორი მაქვს ნაყიდი, რომელსაც ყელზე და კონტურებზე ვხმარობ.

არაჩვეულებრივად გამოიყურები, შესაშური წონა გაქვს. ამისთვის განტვირთვის დღეები გაქვს, დიეტას იცავ, სწორი კვების რეჟიმს თუ ვარჯიშობ?

– ვარჯიშს რაც შეეხება, ძალიან ზარმაცი ვარ, ჩემი ვარჯიშია ხანდახან იოგა, კიდევ არის სტატიკური ვარჯიშები, კალანეტიკა ჰქვია... ამასაც კვირაში ერთხელ, თუ არ მეზარება, 5-10 წუთი ვაკეთებ. როგორც საჭმელი, ისე ვარჯიშიც ცოტა მყოფნის. არანაირ დიეტას არ ვიცავ, თუმცა, შემიძლია, გასწავლოთ ძალიან ეფექტური, ჩემი ბავშვობის დროინდელი დიეტა: ერთ ქილა სოფლის მაწონში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი ყავა და ერთი ჩაის კოვზი თაფლი, აურიეთ და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში. წყალი და ყავა, რამდენიც გსურთ იმდენი დალიეთ. ძალიან გემრიელია და სწრაფად კარგავთ ზედმეტ კილოგრამებს. მაგრამ 3 დღეზე მეტს არ გირჩევთ ეს აკეთოთ, ექსტრემალური დიეტაა, სასწრაფოდ რომ დაიკლო 1-3 კილო. მე, ზოგადად, ძალიან ცოტას ვჭამ, მცირედი ულუფა მაკმაყოფილებს, არ მიყვარს დანაყრების გრძნობა! მიყვარს ჯანსაღი კვება. გურმანიც ვარ, მიყვარს გემრიელი საკვები, მაგრამ – ცოტ-ცოტა! შევეჩვიე და სამი წელია, ყოველ საღამოს ვჭამ მზესუმზირას, სერიალების ყურების დროს. მითხრეს, ძალიან ასუქებსო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. სოციალურ ქსელში დავგუგლე და წავიკითხე, რომ ძალიან სასარგებლო ყოფილა კუჭისთვის, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და სახის კანისთვისაც კარგია. 52 წლის გავხდი და არასოდეს დამიმალავს ასაკი. რატომ უნდა დავმალო? პირიქით, მიხარია, რომ ამ ასაკში, ასე გამოვიყურები, ყველანაირი სამედიცინო ჩარევების გარეშე. და საერთოდაც, არც არანაირ ასაკად არ ვთვლი ამას – ნახევარი ცხოვრება კიდევ წინაა.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორია თამო გონჯილაშვილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა