ეკა ბესელია: იმდენი რამ გადამხდა, რომ თავი იმაზე ხნიერი მგონია, ვიდრე ვარ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 25.11
დაბადების დღე, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის გამორჩეულად საყვარელი დღესასწაულია, თუმცა, ზოგს არ უყვარს მისი აღნიშვნა, ზოგი კი – პირიქით, ცდილობს, ეს დღე განსაკუთრებულად აქციოს. ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს საკუთარი დაბადების დღის მიმართ ეკა ბესელიას.
ეკა ბესელია: 6 ნოემბერს დავიბადე. მე ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ეს ჩემი დღეა და არ შეიძლება, ისე გავატარო, როგორც ერთი ჩვეულებრივი დღე. მიმაჩნია, რომ საკუთარი დაბადების დღე რაღაც დეტალით შენ უნდა აქციო განსაკუთრებულად. რაღაც შენ თავად უნდა შექმნა და მოიფიქრო, რითაც მას სხვა დღეებისგან გამოარჩევ. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს. რადგან უფალმა ამ დღეს ინება ჩემი მოვლინება ამქვეყნად, ესე იგი, ჩემთვის ეს დღე გამოარჩია და ამიტომ სულ ვცდილობ, ყოველ 6 ნოემბერს რაღაც გამორჩეული გავაკეთო. თუ შემიძლია, რომ რამე ახალი დავიწყო, ვცდილობ, დავიწყო. მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რადგან ამ დღეს ყოველთვის რაღაც ახალს ველოდები. ვცდილობ, მთელი წლის შემაჯამებელ და შემდეგი წლისთვის შესანიშნავ დასაწყისად ვაქციო.
– წელს რა გააკეთეთ, როგორ შეხვდით ამ დღეს?
– ბუნებრივია, რომ გარემოებები ჩემზე ახდენს გავლენას. პირველ რიგში, მე ვარ მოქალაქე, რომელიც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით არის განწყობილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. ჩემ ირგვლივ არსებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ზურგს ვერ ვაქცევ. მე თუ მეზეიმება, მაშინ გარეთაც შესაბამისი განწყობა უნდა იყოს. რადგან ახლა ქვეყანაში რთული ვითარებაა, გარეთ აქციებია და პირადად მეც დიდი პროტესტი მაქვს ამ უსამართლო არჩევნების გამო, წელს არ მქონდა საზეიმო განწყობა.
როდესაც 50 წლის გავხდი, მაშინ შევაჯამე ჩემი ნახევარი საუკუნე და ნააზრევი, რომელშიც ჩემი ემოციები და მნიშვნელოვანი ამბები შევკრიბე, წიგნის სახით, ჩემთან სტუმრად მოსულ მეგობრებს ვაჩუქე. შარშან სახლში ძალიან ახლო მეგობრებს ვუმასპინძლე. წელს, რადგან განწყობა არ მქონდა, გადავწყვიტე, რომ ეს დღე ოჯახურ გარემოში გამეტარებინა, ასევე, რამდენიმე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად, რომლებთანაც ჩემთვის მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებდი და ჩემს ემოციებს გავუზიარებდი. ეს არ იყო ჩემთვის დამახასიათებელი დაბადების დღე. ტრადიციულად, ამ დღეს ბევრ ადამიანთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე. გვერდით ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს. მე დიდი ოჯახი მაქვს და დაახლოებით 50 ადამიანი ვიკრიბებით ხოლმე. რადგან წელს ამის განწყობა არ იყო, ასე გამოვიდა.
მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი დაბადების დღე წინა წლებისგან განსხვავდებოდა, წელსაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა. დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ 6 ნოემბერს აღმოვაჩინე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ალბათ, გავლენას მოახდენს ჩემს მომავალ გადაწყვეტილებებზე. ეს აღმოჩენა სრულიად შემთხვევით, ინტუიციურად გავაკეთე. მე საოცარი ინტუიცია მაქვს, თუკი მას ყური დავუგდე. თუ ყურს არ ვუგდებ და არ ვუჯერებ, მერე საპირისპირო მხარეს მივდივარ ხოლმე, მაგრამ ამჯერად მივყევი ამ იმპულსს და უცებ საოცარი აღმოჩენა გავაკეთე, დავინახე ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი და რამაც შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ჩემს შემდეგ ნაბიჯებზე. ასე რომ, ამ დღესაც არ ჩაუვლია მნიშვნელოვანი მოვლენის გარეშე. ასევე, გადავხედე ჩემს დამოკიდებულებებს გლობალურ და საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით. მგონია, რომ ამ დღეს სხვანაირად ვმწიფდები და ბევრ რამეს განსხვავებულ პრიზმაში ვხედავ.
– ზოგი ქალი ასაკს არ ასახელებს, როგორც მივხვდი, თქვენ არ ერიდებით.
– არა. ბევრი მწერს სოციალურ ქსელში სხვადასხვა კითხვით, ასაკს მეკითხებიან და იქვე დაამატებენ ხოლმე, საჯარო პირი ხარ და გუგლშიც შემიძლია, ვნახო შენი ბიოგრაფიაო. ასე რომ, რამდენიც არ უნდა ვმალო ჩემი ასაკი, ეს საჯარო ინფორმაციაა (იცინის). გარდა ამისა, ვიცი, რომ ასაკით პატარა არ ვარ, ისიც ვიცი, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები. 53 წლის გავხდი, ძალიან ხშირად მეუბნებიან, არ გეტყობაო და მეც ვიცი, რომ ასეა.
ბაირონისა არ იყოს, იმდენი რამ გადამხდა, რომ თავი იმაზე ხნიერი მგონია, ვიდრე ვარ. მგონია, რომ უკვე რამდენიმე ცხოვრება გავიარე. რამდენჯერმე მქონდა უკიდურესი კათარზისი. ზღვარზე ვყოფილვარ, ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, შევეხე. მქონდა ასეთი მომენტები, ამიტომ ახლა ასაკი ჩემთვის უფრო ციფრები და დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა.
– ისე, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ასაკის მატებასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ გეტყობათ?
– რაც შეეხება გარეგნობას, სარკეში რომ ვიყურები, ჩემს თავს ვეუბნები, ეკა, ბუნებრივად დაბერდი! ანუ, არ მიყვარს ხელოვნური ჩარევები. არცერთ ნაოჭს არ გავაქრობ ჩემი სახიდან. მინდა, ყველაფერი ბუნებრივად მქონდეს, საერთოდ, მე ყველაფერში მიყვარს ბუნებრიობა. ნატურალურად მინდა, შევხვდე ასაკს, ამიტომ არანაირ მანიპულაციებს არ მივმართავ, თუმცა, არ ვაკრიტიკებ მათ, ვინც ასე იქცევა.
რაც შეეხება შინაგან მდგომარეობას, მე მაინც მგონია, რომ ჩვენ გამოვიყურებით ისე, როგორი კლიმატიც ჩვენს სულშია. ჩემი შინაგანი სულიერი ამინდი ცვალებადია. მგონია, რომ ადამიანი საკუთარ თავს ძალიან მაღალ თამასას უნდა უწესებდეს და მე ჩემს თავს ნამდვილად ძალიან ბევრს ვთხოვ. ვეუბნები, რომ რადგან ადამიანად დავიბადე, ადამიანად უნდა დავრჩე. მე მთავარი ამოცანა ადამიანად დარჩენა მგონია. ვცდილობ, ჩემზე ვერაფერმა ვერ მოახდინოს ისეთი გავლენა, რომ მარადიული და ხელშეუხებელი ღირებულებები დამაკარგვინოს. ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ მინდა, გავხდე გულქვა, უემოციო, სხვის მიმართ ინდიფერენტული, დავკარგო სამართლიანობის იდეა... მინდა, ამისთვის ყოველთვის ვიბრძოლო და არასდროს დავკარგო ბრძოლის უნარი, არ შევეგუო იმას, რაც ჩემთვის მიუღებელია. ჩემს თავს ამ ტიპის ვალდებულებებს ვუწესებ და მუდმივად ვამოწმებ: „აბა, ეკა, ხომ არ დაიღალე, ხომ არ მოგბეზრდა ბრძოლა, ხომ არ შეწყვეტ მას?!“ მე მინახავს ყველა ტიპის წარმატება, მინახავს ყველანაირი გამარჯვება, მინახავს ბევრი პრიზი და ამავე დროს მინახავს ჩემი თავი უკიდურესი სირთულის წინაშე. როგორც გითხარით, სიკვდილსაც შევხებივარ და თვალებშიც ჩამიხედავს მისთვის. მოვახერხე, რომ დღემდე დავრჩენილიყავი ადამიანად და არ შემეწყვიტა სამართლიანი სახელმწიფოსთვის ბრძოლა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან