შოუბიზნესი

დიტო ქისიშვილი: 9-10 წლის ვიყავი, როცა უკვე ვტაქსაობდი

№42

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 22.10

დიტო ქისიშვილი
დაკოპირებულია

მომღერალ დიტო ქისიშვილის შემოქმედებას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ბოლო პერიოდში მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა და თითქოს, ყველაფერი თავიდან დაიწყო.

დიტო ქისიშვილი: ბოლო სამი წელია, არ დამისვენია, ამიტომ ამ ზაფხულს მთაც ავითვისე და ზღვაც. ვიმოგზაურე, ბევრი ადგილი მოვინახულე და ფანტასტიკური დასვენება გამომივიდა. ამ დასვენებისთვის, იმისთვის, რომ გადაღლილობა მომეხსნა, ბევრ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი.

– ბოლო სამი წლის დატვირთული გრაფიკი შემოქმედებას უკავშირდება?

– კი, ამ სამ წელიწადში დიდი გასვლები მქონდა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როგორც ევროპაში, ისე ჩრდილო კავკასიაში. მე ჩრდილოკავკასიურ ენოვან სიმღერებსაც ვმღერი, დაინტერესება დიდია, ამიტომ სამეზობლოს ხშირი სტუმარიც ვარ და ყველგან დიდი სითბოთი და სიყვარულით მხვდებიან.

– მგონია, რომ ახლა პოპულარობის ახალი ტალღა დაიწყო.

– კი, ახლა ყველაფერი ზენიტში ავიდა. ხელმეორედ დაიბადა სიმღერა, რომელიც წლების წინ ვიმღერე. 12 წლის ბავშვებიც კი იღებენ ვიდეოებს ამ სიმღერაზე. ერთი თვის წინ 125 მილიონ ნახვაზე იყო და რაოდენობა იზრდება და იზრდება. ახლა კიდევ ოსურის დასკვნითი ნაწილი ტრენდდება. ბევრი იღებს ამ სიმღერაზე ვიდეოს, სრულიად სხვადასხვა ასაკის ადამიანები.

– განსხვავდება პოპულარობის ახალი ტალღა ძველისგან?

– ჩემი პროფესიის კაცს დიდი ინტერესი უნდა ჰქონდეს, რომ მისი გაკეთებული საქმე მასშტაბური და პოპულარული იყოს, მაგრამ მე თვითონ შინაგანად არ მაქვს პოპულარობის მოთხოვნილება. არ მიყვარს ზედმეტი პოპულიზმი. შემოქმედებითი ცხოვრება მიყვარს, მინდა, რასაც ვაკეთებ, საინტერესო იყოს და ყველასთვის მისაღები და საყვარელი, მაგრამ ამას პოპულარობისთვის არ ვაკეთებ. უბრალოდ, მინდა, რა ენაზეც არ უნდა ვმღეროდე, ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი იყოს. ცნობადობა რა დოზითაც არის, მე მაკმაყოფილებს. მეტის მოთხოვნილება არასდროს მქონია. არასდროს გამირეკლამებია სოციალურ ქსელში ჩემი ვიდეოები თუ სიმღერები. ეგ კი არა, ტიკ-ტოკ პლატორმა ჩემმა გოგომ შემიქმნა. დიდად აქტიური არ ვარ. საღამოს 12 საათზე დავდე ჩრდილო კავკასიაში ნამღერი ჩემი ოსურის ვიდეო და დილის ათ საათზე 700 000 ნახვა, 4 ათასი კომენტარი და უამრავი გამოხმაურება ჰქონდა. იმავე საღამოს ჩემმა გოგომ კიდევ ერთი ვიდეო დამადებინა და ისიც 800 ათას ნახვაზე ავიდა. მერე ეს ვიდეო ნახა ამერიკაში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა გოგომ, ქეთა ბაღაშვილმა და ჩემი თუშური სიმღერა თავის სტატუსს დაადო. უცებ აიტაცეს და ნახვები კიდევ უფრო გაიზარდა.

– აქტიური ტემპი და მარიფათი არ გაკლია. იხსენებდი, რომ ბავშვობაში საკმაოდ ბევრი ფული გქონდა.

– მართლა ასე იყო (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახს არასდროს უჭირდა, მე ყოველთვის გამოვირჩეოდი შრომისმოყვარეობით. იქნებოდა ეს მთაში შრომა, თიბვა თუ სოფლის სხვა საქმეები, არ ჰქონდა მნიშვნელობა. მთაში დასასვენებლად კი არ მივდიოდი, ნამდვილი მთის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ახლა რომ წერენ, მხოლოდ მთებშია თავისუფლებაო და კარვით ათევენ ერთ ღამეს მთაში, ამის არ მწამს. მთის გემოს ვერ გაიგებ, თუ ნაბადში არ გიძინია. მე მთაში გავიზარდე. 29 აგვისტოს მთიდან რომ მოვდიოდი სკოლისთვის მოსამზადებლად, რადგან ვიცოდი, რომ მთის ნოსტალგია მალე დამეწყებოდა, ჩემს ტანსაცმელს ცხვარში გავატარებდი და რომ ჩამოვიტანდი, დედას არ ვარეცხინებდი, რომ სუნი შეენარჩუნებინა. მონატრება რომ შემომიტევდა, ამ ტანსაცმელს დავყნოსავდი და ნოსტალგიურ განწყობას ვიამებდი, ვიდრე სკოლა არ მორჩებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ევროპაში მივდიოდი ფესტივალზე ორი კვირით და იქიდან დავბრუნდებოდი თუ არა, მწყემსის ფორმას ვიცვამდი და მთაში მივდიოდი. მთელ ზაფხულს იქ ვატარებდი. რაც შეეხება შემოსავალს, ეს ძალიან პატარა ასაკიდან მაქვს. უამრავი ბიძაშვილი მყავს, ყველა ცელქი და აქტიურია, მაგრამ მე, ალბათ, კიდევ უფრო გამორჩეული ქარიზმა მქონდა და ბიძები სულ მე მასწავლიდნენ სიმღერა იქნებოდა თუ შაირი. ძალიან აქტიური ვიყავი, არ მერიდებოდა. ბიძაჩემი რომ წაიმღერებდა, მე მაშინვე ცეკვას ვიწყებდი. ბიძაჩემის ძმაკაცები რომ მოდიოდნენ საქეიფოდ, დამიძახებდა ბიძაჩემი, სკამზე დამაყენებდნენ და ხან შაირებს, ხან ლექსებს, ხან სიმღერებს მასრულებინებდნენ, მერე კი მართლა დიდ ფულს მჩუქნიდნენ ხოლმე. ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი მაქვს. მოქეიფე პაპა მყავდა. ჩვენთან კვირაში 4-5 ჯერ იშლებოდა სუფრა და წარმოიდგინეთ, რა თანხას ვშოულობდი კვირის განმავლობაში (იცინის).

მხოლოდ ეს არ იყო. მე სვანეთის უბნისა და კუკიის შუაში დავიბადე. ზემოთ მახათას მთაა, სადაც ადრე საბჭოთა სამხედრო ნაწილი იყო. სპილენძი, ალუმინი, რას არ ნახავდით იქ. ამიტომ, მაშინ თუ მინდოდა, ფული მეშოვა, ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი. ალუმინსა და სპილენძს მოვაგროვებდი, ჩავაბარებდი და უბნელებთან ერთად დიდუბეში, დახურულ აუზზე მივდიოდი. იმდენი ფული მქონდა ათას რამეს ვიგონებდით (იცინის).

9-10 წლის ვიყავი, როცა უკვე ვტაქსაობდი და ამითაც ფულს ვშოულობდი (იცინის). მამამ მოტოციკლეტი მიყიდა. ეს იყო ჩემი პირველი მოტოციკლი. მე მაშინ დედას კასპში ვყავდი წაყვანილი ბიძაჩემებთან. მამამ ვერ მოითმინა და მაშინვე ჩვენთან წამოვიდა. უკვე გვიანი იყო და დედას გაუფრთხილებია, ახლავე ნუ ეტყვი, თორემ ატყდება და ამ ღამესვე გაგაქანებს თბილისში მოტოციკლეტის სანახავადო. ვერ მოითმინა მამაჩემმა, ჩემ გასახარებლად იყო ჩამოსული და რა გააჩერებდა, მაშინვე მითხრა. მეც გადავირიე, ახლავე წავედით-მეთქი და შუაღამისას ჩამოვედით თბილისში. ღამე კატაობას ხომ ვერ დავიწყებდი, მაგრამ მოვეფერე ჩემს მოტოციკლს და დილიდან რომ გავედი სახლიდან, აღარ შემოვსულვარ (იცინის). გული რომ ვიჯერე, მერე ტყუილად ხომ ვერ დავაყენებდი, ამითაც ხომ ფული უნდა მეშოვა?! ჰოდა, ჩვენთან, კუკიაზე ძმათა სასაფლაოსთან კარგი გზა იყო, კარგი საკატაო ადგილი. ვკატაობდი და მოვიდა ერთი ბავშვი, მთხოვა, გამაკატავეო. ერთი გავაკატავე, მეორე, მესამე და ვფიქრობ, რამდენი ხანი ვიყო გულმოწყალე. ავდექი, ტრაფარეტი გამოვჭერი და ჩემს მოტოციკლს საჭესთან მივაკარი. მოვიდოდნენ ბავშვები და მეტყოდნენ, დიტო გამაკატავეო, ბაზარი არ არის-მეთქი, ვეტყოდი, ერთი წრე, ერთი ლარი (იცინის). მაშინ ერთი ლარი, იცით, რა ფული იყო? გაიქცეოდნენ, მამებს გამოართმევდნენ ფულს. ჩემი მოტოციკლეტიც ისეთი ეკონომიური იყო, ხუთი ლიტრით ხაშურში ჩახვიდოდი. ბენზინის ფულიც მქონდა, „მაროჟნისაც“ და აუზისთვისაც მრჩებოდა. მოკლედ, რაც არ მიჭირდა, ფული იყო, მართლა მაგარ ფულს ვშოულობდი (იცინის). ასეა, 13 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა