შოუბიზნესი

დინი ვირსალაძე: ბიბლიაშიც არის მითითებული, რომ მარგალიტები ყველას არ უნდა დაუყარო

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:08 14.06

დინი ვირსალაზე
დაკოპირებულია

დინი ვირსალაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის დინი ვირსალაძე?

დინი ვირსალაძე: ნამდვილი მუსიკოსი, მთელი თავისი არსით. იმავდროულად, სპორტსმენიც, არა იმიტომ, რომ სპორტში განსაკუთრებული მიღწევები მაქვს, უბრალოდ, ფიზიკურად ძალიან აქტიური ვარ და სპორტული ცხოვრების მუდმივი მოთხოვნილება მაქვს.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– საოცნებოა, რომ გარშემო ყველაფერი დალაგებული იყოს და ერთიან საქართველოში ვცხოვრობდეთ. საოცნებოა, რომ მქონდეს საშუალება, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთო. ახლაც ძალიან აქტიური საქველმოქმედო ცხოვრება მაქვს – მუდმივად ვმონაწილეობ საქველმოქმედო კონცერტებსა თუ აქციებში. წელიწადში 35-40 საქველმოქმედო კონცერტს ვმართავ, მაგრამ სერიოზული ფინანსური საშუალება რომ მქონდეს ადამიანების დასახმარებლად და მათთვის დიდი სიურპრიზების გასაკეთებლად, ამას სიამოვნებით გავაკეთებდი. ეს ნამდვილად არის ჩემი ოცნება.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– გადაჭარბებულად გულჩვილი ვარ. ეს ძალიან ბევრ რამეში მიშლის ხელს. ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ყველასთან რბილი, გულჩვილი და კეთილგანწყობილი არ უნდა იყო. დავინახე, რომ ამას ადამიანები ბოროტად იყენებენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ცხოვრებაში ხშირად ეხეთქები ამის მაგალითებს. ბიბლიაშიც არის მითითებული, რომ მარგალიტები ყველას არ უნდა დაუყარო, მაგრამ როცა ბავშვობიდან ასეთ გარემოში იზრდები, ვერც წარმოგიდგენია სხვანაირად ცხოვრება, თუმცა მერე გამოცდილება ბევრს გასწავლის და ცდილობ, შეიცვალო.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ძალიან ხშირად ვტირი. ეს შეიძლება, გამოიწვიოს ძალიან კარგმა მუსიკამ, კარგმა შესრულებამ, კარგმა ფერწერულმა ნამუშევარმა, ქანდაკებამ, კინომ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩემში ისეთ ემოციებს იწვევს, რომ პირდაპირ ცრემლები მომდის. იცოცხლე, კონცერტებზეც ხშირად ვტირი. რაც აღმაფრთოვანებს, ის ცრემლსაც მგვრის. ბუნების წიაღშიც შეიძლება, ვიტირო, როცა საოცარ სილამაზეს ვხედავ. მნიშვნელობა არ აქვს, მთა იქნება თუ ზღვა, ჩემში ნებისმიერი სილამაზე იწვევს ცრემლს. რაც შეეხება მტკივნეულ და ტრაგიკულ ცრემლს, ეს მაშინ მოხდა, როცა დედა გარდამეცვალა...

გიოცნებიათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი ყოფილიყავით?

– არა. მიოცნებია, რომ ბევრი მემოგზაურა, რომ ბევრ კარგ მუსიკოსთან ერთად დამეკრა და მათთან შემოქმედებითი კავშირი მქონოდა. რამდენჯერმე მოხდა კიდეც ასე. თუმცა, ვყოფილიყავი ყველასთვის ცნობილი და გავლენიანი პიროვნება, ამაზე არასდროს მიოცნებია.

– თქვენს ყველაზე ცუდ ან არასწორ საქციელად რა მიგაჩნიათ?

– ნაკლებად მჩვევია სინანული წარსულში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ რაც გაკეთებულია, იმას ვეღარ შეცვლი. რამდენიც გინდა, ინანე, აღარაფერი შეიცვლება. ამიტომ, ჯობს, წინ იყურო. თუმცა, ადამიანი ვარ და მეც ბევრ რამეზე მიფიქრია, რომ არ უნდა გამეკეთებინა. მაგალითად, რაღაცები არ უნდა მომეთმინა. მეგობართან ურთიერთობა ავიღოთ – შეიძლება, ადამიანს მთელი ცხოვრება „უტარებდე“ რაღაცას და ვერ მივხვდეს, რომ არასწორად იქცევა. ძირითადად, ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ არასწორად გექცევიან, თუ შენ მათ ამაზე არ მიუთითებ, თუ შესაბამის პასუხს არ გასცემ. საერთოდ, რომ არ პასუხობ, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ სათქმელი არაფერი გაქვს, უბრალოდ, არ გინდა მასთან კონფლიქტში შეხვიდე, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან. ცოლქმრული ცხოვრება იქნება თუ მეგობრული ურთიერთობა, ბევრის მოთმენა არცერთ შემთხვევაში არ არის სწორი. ცხოვრება ისედაც ძალიან ხანმოკლეა, ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვიბადებით და არ ღირს ამ მიზეზით ჩვენი ყოველდღიურობის გართულება.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?

– საშინლად ვერ ვიტან ტყუილებს. ვერ ვიტან, როცა მატყუებენ და ვერც იმას ვიტან, როცა თავად ვიტყუები. ვერ გეტყვით, რომ არასდროს მომიტყუებია, მაგრამ ისეთი ტყუილი არ მითქვამს, რომ ვინმე დამეზიანებინა. სკოლის პერიოდში რომ შატალოზე წავსულვართ, ამ დონის ტყუილებს თუ ჩავთვლით, კი ბატონო.

ძირითადად, ვხვდები, როცა მატყუებენ და ეს საოცრად მაბრაზებს, რადგან ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ამით ჩემს ინტელექტს შეურაცხყოფას აყენებენ. თან, ზოგი ისე აშკარად და უნიჭოდ იტყუება და იმდენად სჯერა საკუთარი თავის, ალბათ, ჰგონია, რომ შენ გონება არ გიმუშავებს – ეს მართლა საოცრებაა.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი და თუ არის ეს თქვენი ხასიათის თვისება?

– არა, სასტიკი არ ვარ. პირიქით, იმდენად ლბომიერი ვარ, რომ ხშირ შემთხვევაში, შემოტევის დროს, თავის დაცვაც არ შემიძლია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ეს თავდაცვის ცნობილი ხერხია. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად არის ჩემ თუ სხვების გარშემო მსგავსი სიტუაციები და ამას ვერ ვიტან. ზოგადად, კონფლიქტი და საქმის გარჩევები არ შემიძლია. ამიტომ სასტიკი კი არა, სადაც საჭიროა, იქაც ვერ ვახერხებ პასუხის დაბრუნებას. მირჩევნია, გავერიდო არასასიამოვნო სიტუაციას. კიდევ ვიმეორებ, ხალხი ამას ვერ ხვდება და ჰგონიათ, რომ თუ არაფერს ვეუბნები, ესე იგი, ისინი მართლები არიან. მე ვხვდები, რომ ცხოვრებაში ასეთები უფრო იგებენ. ადამიანს თუ პირველივე შემოტევის დროს მიუჩენ საკუთარ ადგილს, მერე ვეღარ გაბედავს ასე მოქცევას. მე, სამწუხაროდ, ეგ ვერ ვისწავლე. თეორიულად ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში არ გამომდის. ეს ძალიან ცუდია, რადგან რაღაც მომენტში, ამის გამო საკუთარი თავის პატივისცემას ვკარგავ – არ უნდა გაგიბედონ ის, რაც არ შეგეფერება და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. არ უნდა გაჩუმდე, პირიქით, უნდა უთხრა ის, რაც სათქმელია. საბედნიეროდ, ყველა არა, მაგრამ ისეთებიც არსებობენ, ვისთანაც, უბრალოდ, ლაპარაკსაც არ აქვს აზრი, ძალიანაც რომ მოინდომო, სიტყვასაც არ ჩაგადგმევინებენ.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ გარშემო ძალიან ბევრი და ძალიან კარგი მეგობარი მყავს. მე ისინი ძალიან მიყვარს. ეს ორმხრივი განწყობაა და ამიტომაცაა, რომ ეს დიდ გამარჯვებადაც მიმაჩნია, დიდ ბედნიერებადაც და ფუფუნებადაც.

მარცხი არის ის, რაც ზემოთაც ვილაპარაკე – ვერ ვახერხებ ჩემს ცხოვრებაში არსებულ გარკვეული კატეგორიის ადამიანებთან შესაბამისად მოქცევას. სამწუხაროდ, მე მივეცი მათ უფლება, რომ გამიბედონ ისეთი რამ, რაც წესით არ უნდა გამიბედონ.

ვცდილობ, შევიცვალო, მაგრამ მიჭირს, იმიტომ, რომ ჩემი თვისებების წინააღმდეგ მივდივარ. ჩემს ოჯახში ასე არ ყოფილა, პირიქით, აბსოლუტურად ყველაფრის მიტევებას და მოთმენას ვარ მიჩვეული. თურმე, არ ყოფილა სწორი – ეს ცხოვრებამ მასწავლა. სულგრძელობა და მიტევების უნარი კარგია, მაგრამ თუ ადამიანმა თავის ადგილი არ იცის და შეტევაზე გადმოდის, განა კონფლიქტში უნდა გადაიყვანო ურთიერთობა, უბრალოდ საკუთარი ადგილისკენ უნდა მიუთითო. მე არ შემიძლია ტონის აწევა, მაგრამ წყნარად და მშვიდადაც შეიძლება ამის გაკეთება და ამას ვცდილობ. ზოგი ისეთია, ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ყველაფერი უნდა „გაუტარო“.

– რა მოგისმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებულად კარგი და ასევე, ცუდიც, რამაც ცოტა გული გატკინათ?

– ალბათ, ორივე ბევრია. ხშირად მეუბნებიან, ყველას როგორ უყვარხარო, მაგრამ არ არსებობს ზურგს უკან არ საუბრობდნენ რამეს. სამწუხაროდ, ასეც ხდება. მე, მაგალითად, მირჩევნია, პირში ვუთხრა, თუ რამე მაქვს სათქმელი. ხშირად, პირში აქებენ ადამიანებს და უნდა მოისმინოთ, ზურგს უკან მასზე რას ლაპარაკობენ. ალბათ, უფრო სწორია, უთხრა თუ მასში რამე არასწორს ხედავ, მიუთითო თუ რამე ეშლება. ზურგს უკან ნასაუბრები ჩემ შესახებაც გამიგია, მაგრამ ნამდვილად არ დამიმახსოვრებია.

განსაკუთრებულად კარგიც ბევრი ყოფილა. კონცერტი რომ მთავრდება, იმდენ თბილ სიტყვასა და გულის ამაჩუყებელ შეფასებებს გეუბნებიან, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოხუცების შეფასებებია ძალიან გულწრფელი და ემოციური. ზოგჯერ ისეთი დაღლილი ხარ, ფოტოს გადაღებისა და საუბრის თავიც კი არა, ერთი სული გაქვს, სახლში გაიქცე და წამოწვე, რომ ცოტა მაინც დაისვენო, მაგრამ მათ ანთებულ, ბედნიერ თვალებს და სუფთა ემოციებს რომ ხედავ, ყველაფერი გავიწყდება. აბა, ხელოვანის ცხოვრება სხვა რა არის?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი