შოუბიზნესი

დათუნა მგელაძე: ისეთები გამოვიარე, რისი დაძლევაც ბევრს ნამდვილად გაუჭირდებოდა

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 09.05

დათუნა მგელაძე
დაკოპირებულია

მომღერალი დათუნა მგელაძე რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა. მისი მეუღლე ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძეა. მომღერალთან ბოლო დროის სირთულეებსა და რთულ პერიოდში შექმნილ ოჯახზე ვისაუბრეთ.

დათუნა მგელაძე: ყველა ჩემი კოლეგისთვის რთული და ყველაზე უინტერესო ორი წელი იყო. სრული უსუსურობის განცდა გვქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დილა რომ გარდაცვლილი და დაავადებული ადამიანების რაოდენობის გაცნობით იწყება, საერთოდ აღარ გემღერება. ყველაფრის მიუხედავად, ბევრი სფერო მუშაობდა და ამიტომ ვფიქრობ, რომ პანდემიის დროს ყველაზე მეტად ხელოვანი ხალხი დავიჩაგრეთ, ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ. დღეს უკვე აღარ იწყება დილა კოშმარულად და იმედი მაქვს, ეს ზაფხული შემოქმედებითად დატვირთული იქნება. რეგიონებსა და დიდ ქალაქებში კონცერტებიც დაიწყო.

– ბიზნესის საქმე როგორ წავიდა?

– ყველაფერს შეეხო პანდემია, გამონაკლისი არც ჩვენ ვყოფილვართ. დავიკეტეთ, გავიხსენით, დავიკეტეთ, გავიხსენით და ამ რეჟიმით ვმუშაობდით. მომხმარებელსაც ეშინოდა, თუმცა მაქსიმალურად ყველა რეგულაცია უმაღლეს დონეზე გვქონდა დაცული. ჩვენმა სალონმა გაართვა თავი ამ რთულ მდგომარეობას და არსებობა გააგრძელა. ახლა რომ ვუფიქრდები, მგონია, რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და რეალურად არ ხდებოდა. ვინ წარმოიდგენდა ამას ოცდამეერთე საუკუნეში?! უცებ ყველა საოცრად უსუსურები გავხდით, შიშის ქვეშ მოვექეცით, როცა გვეგონა, რომ საოცარი განვითარებისა და მიღწევების ხანაში ვცხოვრობდით. ახლა პანდემია გავაცილეთ და ომი დაიწყო. უკრაინაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. პროექტის ფარგლებში, იქ სამი თვე ვცხოვრობდი და უკრაინაში შეძენილ მეგობებთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. კოშმარია, რაც ახლა ხდება.

– რამდენად ძლიერი ხარ კრიზისებისა და გასაჭირის დროს?

– ადამიანების ერთმა კატეგორიამ და საბედნიეროდ, ყველამ არა, რეალური და სამწუხარო სახე გამოაჩინა. კიდევ კარგი, ისინი ცოტანი არიან, ვერ გაუძლეს ზეწოლას და ალბათ, ამიტომაც. საბედნიეროდ, ჩემს თავში მსგავსი არაფერი დამინახავს. პირიქით, მეგობრების წრეში ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად კარგის შეძახილით გამეგრძელებინა ცხოვრება. არ დავასრულე ცხოვრება ამ პერიოდში, პირიქით, ვფიქრობდი, რა იქნებოდა გამოსავალი. არ დავნებდი და ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდი. საერთოდ, ყველანაირ რთულ მდგომარეობაში გამოსავალზე ვარ ორიენტირებული. ჩემი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. ძალიან რთული პერიოდები მქონია. ისეთები გამოვიარე, რისი დაძლევაც ბევრს ნამდვილად გაუჭირდებოდა. ძალიან რთული პერიოდებისთვის გამიძლია და მგონია, რომ არც არასდროს უნდა დანებდე. ეს კარგი ჩვევაა, თუ შეიძლება, ასე დავარქვათ. ცუდს აუცილებლად კარგი მოჰყვება. მაინცდამაინც ახლა მოხდა ყველაფერი ერთად, კოშმარს კოშმარი მიჰყვა, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი ძალიან კარგი იქნება.

– ამ სირთულეების ფონზე, კარგი ამბავიც მოხდა – დაქორწინდი.

– კი, ნოემბერში დავქორწინდი. ეს ყველაზე კარგი რამ არის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა და მით უმეტეს, ამ დროს. ნინიკომ ძალიან გამილამაზა ეს რთული პერიოდი. ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, ვარ უბედნიერესი ადამიანი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ბედნიერება მთელი ცხოვრება გამყვება.

– პანდემიური სირთულეები თქვენს ურთიერთობაზე არ აისახა?

– ყველა გოგონას უნდა თეთრი კაბა, ქორწილი და სიმართლეს ვიტყვი, ჩვენს ქორწილს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა (იცინის). დიდი სამეგობრო გვყავს, მაგრამ რომელ ქორწილზე იყო საუბარი. მსგავსი რამ დანაშაული იყო. ძალიან რთულია, როცა რაღაც გინდა, მთელი გულით ელოდები, რომ დამთავრდება და ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც გინდა, მაგრამ ბოლოს მივხვდით, რომ ეს შეიძლებოდა, დიდი ხანი არ დამთავრებულიყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთად გადავსულიყავით საცხოვრებლად, ხელი მოგვეწერა და დავქორწინებულიყავით. მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი, შემდეგ მე და ნინომ ხელი მოვაწერეთ და თაფლობის თვის გასატარებლად ევროპაში წავედით.

– რას ამბობს ნინო, როგორი ქმარია დათუნა?

– ერთმანეთს ვაქებთ, პოზიტიურ სიტყვებს ვეუბნებით. მგონია, რომ კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ოჯახური ცხოვრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ხვდები, რომ მარტო აღარ ხარ, ოჯახი შექმენი. ამაზე რომ ფიქრობ, ამაყიც ხარ და დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობ. მასზე უნდა იზრუნო, რაც თავისთავად სასიამოვნოა.

– ნინო ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოზე დაქორწინდა, ცოტას არ ეჭვიანობს?

– ნინოსთვის ნამდვილად არ შემიმჩნევია ეჭვიანობა, ვგულისხმობ პათოლოგიურ ეჭვიანობას. ასეთ ადამიანთან ვერც ვიცხოვრებდი. შემოქმედი ადამიანი შეიძლება, ორი კვირით წავიდეს გასტროლზე და ღმერთმა ქნას, ეს ხშირად მოხდეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და შენ თუ ამაზე იეჭვიანე და ცხოვრება მოიწამლე, არ ვიცი... მართლა ჯობს, ასეთ ადამიანთან ერთად საერთოდ არ იცხოვრო. ეჭვიანი არც მე ვარ. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ნდობა გვაქვს. ჩვენ საკმაოდ დიდხნიანი ნაცნობობა გვაკავშირებს. ხუთ წელზე მეტია, რაც ნინოს შევხვდი და ამ დროის განმავლობაში ერთმანეთი კარგად გავიცანით, შეგვიყვარდა და ერთმანეთი ისეთები მივიღეთ, როგორებიც ვართ. ამის შემდეგ დავქორწინდით. რომელიმე რომ პათოლოგიურად ეჭვიანი ვყოფილიყავით, ჩვენი ურთიერთობა ასე ლამაზად არ დაგვირგვინდებოდა.

– ნინო ჟურნალისტია, რთულია მის რეჟიმთან შეგუება?

– რთულია, მაგრამ ნინოს ძალიან უყვარს თავის პროფესია და მე არ მაქვს უფლება, მას რამე ავუკრძალო. არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინმეს რამე დავუშალო და მით უმეტეს, ჩემს საყვარელ ადამიანს, რომ საყვარელი საქმის კეთება ავუკრძალო, ბოროტი უნდა ვიყო.

– სახლში ვის რა პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული?

– ალბათ, ყველა ქმარი აქებს თავის მეუღლეს, მაგრამ ნინოს მართლა არაჩვეულებრივი ხელი აქვს. რაც უნდა გააკეთოს, ძალიან გემრიელი გამოსდის. მე ყველაზე მეტად ხინკალი მიყვარს, ეს ჩემთვის ნომერ პირველი კერძია და ახლა ეს გამოწვევაა ჩვენს ოჯახში. ნინომ გადაწყვიტა, ხინკალი გააკეთოს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი გამოუვა. რაც მთავარია, ამ პროცესში სიამოვნებას იღებს და ეს ძალიან მახარებს. როგორ შეიძლება, არ გიხაროდეს, როცა შენს მეუღლეს გემრიელი ხელი აქვს და თან, მზადების პროცესი ძალიან სიამოვნებს.

– თვითონ როგორი ხარ ამ ამბავში?

– რამდენჯერაც გინდა, მეც იმდენჯერ მომიმზადებია. ამ მხრივ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა. „მიდი, ქალო, გააკეთე“ და რამე მსგავსი წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს ჩემს ოჯახშიც არ ყოფილა. დედასა და მამას შორის ბალანსი ყოველთვის დაცული იყო და ყველაფერი სიყვარულით კეთდებოდა. თუ ნინო არ არის სახლში, გამიკეთებია და გავაკეთებ კიდეც.

– არ გაგიჭირდა თავისუფალი კაცის სტატუსთან გამომშვიდობება?

– არა. მე ვთვლი, რომ საკმაოდ ხარისხიანად და მაღალ დონეზე გავატარე თავისუფლების პერიოდი. უკვე დრო იყო, გამეგო, რა იყო თანაცხოვრება და ოჯახი. საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ავიღე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– ოჯახმა შეცვალა თქვენი ურთიერთობა?

– კი. ჩვენი ურთიერთობა გაამყარა. ადამიანთან რაც უფრო დიდ დროს ატარებ, უფრო მეტად გიყვარდება, მეტად აფასებ, შენი ხდება. ამიტომ, ძალიან კარგია ერთად ცხოვრება.

– რომანტიკულები ხართ?

– მე საერთოდ არ ვარ რომანტიკული. პირდაპირ ვუთხარი ნინოს, რაღაც ვიდეოებს რომ იღებენ ხელის თხოვნისას, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია-მეთქი. წავალ და რამდენიმე ათასიანი აუდიტორიის წინაშე ვიმღერებ, ყველანაირ ნერვიულობას გადავლახავ, მაგრამ ეს რაღაცები არ შემიძლია. ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ძალიან მომრავლდა ასეთი ვიდეოები, ზოგი სად და ზოგი როგორ სთხოვს ხელს საყვარელ ადამიანს, მე – არა, არ შემიძლია მსგავსი რამ. ნინომაც იცოდა ეს, მიცნობს. ამიტომაც არის კარგი, როცა პარტნიორს კარგად იცნობ.

– სოციალური ქსელები ახსენე და ამაზეც გკითხავ. ამ სივრცეში არ აქტიურობ, რატომ, როცა დღეს ამ პლატფორმას ძალიან კარგად იყენებენ?

– საერთოდ არ ვაქტიურობ სოციალურ ქსელში. ჩემი ფიქრები ჩემს ბიზნესს, შემოქმედებას დასტრიალებს და ამის ადგილი თუ დრო არ მრჩება. ხომ არიან ადამიანები, სოციალური ქსელის გარეშე რომ არ შეუძლიათ და მე პირიქით ვარ. შეიძლება, ცუდიცაა, ამიტომ, ამ ზაფხულს მინდა, ვაიძულო საკუთარი თავი და იქნებ, მომეწონოს (იცინის). საერთოდ, დამოკიდებული არაფერზე ვარ. სიგარეტსაც დავანებე თავი, რადგან მეზიზღება რამეზე დამოკიდებულება. ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ შეიძლება, რაღაც დოზით სასარგებლოდ გამოიყენო და ვცდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი