შოუბიზნესი

დათო ფორჩხიძე: მინდოდა, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და სტრესი სტრესით ჩავანაცვლე

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 17.06

დათო ფორჩხიძე
დაკოპირებულია

დათო ფორჩხიძის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში დიდი გამოწვევების დროა. მან ჯერ სიგარეტის მოწევაზე თქვა უარი, შემდეგ კი ზედმეტ 20 კილოგრამს დაემშვიდობა.

დათო ფორჩხიძე: სიგარეტის მოწევას დავანებე თავი და წონაში მატება ამის შემდეგ დავიწყე, მაგრამ სიგარეტს რომ დაანებებ თავს და მერე მომატებულ კილოგრამებსაც დაიკლებ, ეს ორმაგი გამოწვევაა, რომელსაც გავუმკლავდი. ვიზუალურადაც აღარ მომწონდა ჩემი თავი. არასდროს ვყოფილვარ დიდწონიანი, მაგრამ 20 კილოგრამზე მეტი მოვიკელი. ახლა ყველა მეუბნება, რომ ძალიან გამხდარი ვარ. 95 კილოგრამიდან დავიწყე და 73-ზე ჩამოვედი. ეს მხოლოდ და მხოლოდ კვების დოზის შემცირებით და ვარჯიშით გავაკეთე, დამოუკიდებლად, ყოველგვარი ტაბლეტებისა და ქირურგიული ჩარევების გარეშე. ინფორმაციას ინტერნეტში ვიძიებდი, კარგად ვამოწმებდი და მერე ვმოქმედებდი. სწრაფი ნახშირწყლები შევამცირე პირველ ეტაპზე – ტკბილი, ცომი, გაზიანი სასმელები შევამცირე და ნელ ნახშირწყლებზე გადავედი. მერე ინტერვალურ კვებაზე გადავედი, თვე-ნახევრის განმავლობაში 24 საათში ერთხელ ვჭამდი. ძალიან მძიმეა. ღამე ვერ იძინებ, შიმშილისგან სტრესი გაქვს, მაგრამ ასატანია. ახლა ჩემი ორგანიზმი ბევრ საჭმელს არ მთხოვს, მაგრამ ტკბილეული მენატრება. როგორც კი ცოტას შევჭამ, იგივე რეჟიმში მაბრუნებს, მეტი და მეტი მინდა, ამიტომ ისევ ნებისყოფაზე ვიმუშავე. ძალიან მცირე ულუფას ავიღებდი, შოკოლადი იქნებოდა, ნამცხვარი თუ სხვა რამ, ერთი ლუკმით გემოს შევიგრძნობდი და ჩემს თავს ვუმეორებდი, რომ რამდენიც არ უნდა მეჭამა, ვერ დავკმაყოფილდებოდი და ამიტომ ერთი ლუკმაც საკმარისი იყო.

ბევრს ჰგონია, რომ ჯანსაღი საკვები უგემურია. არადა რეალურად, ორგანიზმი იმდენად არის შეჩვეული მძაფრ გემოებს, რომ ნამდვილსა და ჯანსაღს პირველი პერიოდი ვეღარ შეიგრძნობს, მაგრამ მერე და მერე ძალიან გეგემრიელება მწვანილი, უბრალო ხორცი და რაც მთავარია, წყლის დალევა ხდება ძალიან სასიამოვნო. ჩემს მდგომარეობაში ყველაფერი კარგად წავიდა, მაგრამ რამე პრობლემა რომ შემემჩნია ან დიდ წონასთან მქონოდა საქმე, ამ პროცესში აუცილებლად ჩავრთავდი სპეციალისტს. წონაში კლება რისკის ფასად არ ღირს.

მანამდე წონის გამო მქონდა პრობლემები, მაგალითად, ხერხემალი მაწუხებდა. ჩემი საქმიდან გამომდინარე საათობით ვზივარ კომპიუტერთან და რომ წამოვდგებოდი, მაწუხებდა და ვხვდებოდი, რომ ასაკში ჩემი წონის გამო კიდევ უფრო შემაწუხებდა. ახლა შემიძლია 3-4 კილომეტრი ძუნძულით გავიარო, მაშინ, როცა იმ წონით 100 მეტრს ვერ გავივლიდი. ახლა ყოველდღე რომ არ ვივარჯიშო, გამორიცხულია. ჩავიციკლე ამაზე და ძალიან მსიამოვნებს.

– რამდენი დრო დაგჭირდათ ოცი კილოგრამის მოსაკლებად?

– იანვრიდან დავიწყე და აპრილი და მაისი უკვე ეს წონა მიჭირავს. ახალი წლები, აღდგომა ამ პერიოდში იყო და არც პასკა გამომიტოვებია, არც გოზინაყი და გოჭის ხორცი, მაგრამ ერთი დარღვევის გამო არ მიფიქრია, რომ წყალში უნდა ჩამეყარა ყველაფერი და მეჭამა, რამდენიც მინდოდა. გამოდის, რომ ნებისყოფიანი კაცი ვარ. სიგარეტსაც იმ რაოდენობით ვეწეოდი, რომ ყველა ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, შენ ასე თავს მოიკლავო.

– ამაზე თავის დანებება როგორ მოახერხეთ?

– სიგარეტის მოწევას თავი სტრესის ფონზე დავანებე. ჩემი უფროსი გოგო, ნანუკა რომ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, გვერდით რომ არ მყავდა, პირველი კვირა ისეთი სტრესი მქონდა, რომ არ ვიცოდი, რა მექნა. ვიცოდი, რომ მეც შემეძლო წასვლა, ისიც ჩამოვიდოდა და ამით ქვეყანა არ დაქცეულა, მაგრამ იმდენად მიჩვეული ვიყავი, რომ სულ გვერდით მყავდა, ჩემი სხეულის ნაწილი იყო, რომ საშინლად ცუდ ხასიათზე ვიყავი. ვიგრძენი, რომ ეს რაღაცას უნდა გადაეფარა, მინდოდა, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. მაშინ გადავწყვიტე, სიგარეტისთვის დამენებებინა თავი, იქნებ მერე ამაზე ვიფიქრო, გავმწარდე უსიგარეტოდ-მეთქი. მოკლედ, ასე გავანებე სიგარეტს თავი. ორი კვირა ძალიან ვიწვალე, მაგრამ ამაზე ნერვიულობა მერჩივნა. სტრესი სტრესით ჩავანაცვლე. მე საერთოდ, არც ქეიფი მიყვარს და არც დალევა, მაგრამ იმ დღეებში სპეციალურად ვჯდებოდი ისეთ სუფრებზე, სადაც მოწევის ცდუნება დიდი იქნებოდა. ვინც თავს ანებებს და მერე ისევ იწყებს, ამბობენ ხოლმე, სუფრაზე მოვხვდი, დავლიე და თავი ვეღარ შევიკავეო. ამიტომაც გამოვიწვიე თავი. მანამდეც გადავწყვიტე ხოლმე დანებება დილას, მაგრამ საღამოს ისევ მოვწიე. როცა სამი დღე-ღამე გადავაბი მოწევის გარეშე, მერე დიდ გამოწვევებს ვუწყობდი ჩემს თავს, სიგარეტს დავიდებდი გვერდით და ვცდიდი თავს. ეს ძალიან დიდი სისულელეა, ყველას ვურჩევ, ასე არ მოიქცეს. მნიშვნელობა არ აქვს სიგარეტს ეხება საქმე, ტკბილეულს თუ სხვა გემრიელობას, ასეთ რამეს ნუ გაუკეთებთ საკუთარ თავს იმის გამო, რომ რაღაცები დაამტკიცო. სად გვერდით რომ გიდევს რაღაც, რაც ძალიან გინდა და სად მაღაზიაში რომ ხარ ჩასასვლელი მისთვის. სხვაობა ძალიან დიდია და თავს დამატებით ნუ დაისტრესავთ. ყველაფრის მიუხედავად, შევძელი მოწევისთვის დანებება, რასაც წონაში მატება მოყვა, მაგრამ ზედმეტი კილოგრამებიც მოვიშორე. მერე ნელ-ნელა ტანსაცმელი რომ სხვანაირად გიხდება, უკვე უფრო და უფრო მოგწონს. მით უმეტეს, ჩემი პროფესია პოპულარობასთან ასოცირდება, ხალხი მიცნობს და რატომაც არა, მინდა, კარგად გამოვიყურებოდე. ეს ჩემი რეიტინგისთვისაც მნიშვნელოვანია. დავინახე, რომ ახალი ვიზუალი ამისთვისაც სასარგებლოა. რაც უფრო კარგ ფორმაში ხარ, მით უფრო სასურველი ხარ ყველგან და ყველა ურთიერთობაში. მოხდენილობა თუ მოსწონს თვალს, რა არის ამაში ცუდი?! ეს თვითშეფასებაზეც კარგად მოქმედებს და ფსიქოლოგიაზეც. ყველას, ვინც წონასთან დაკავშირეულ პრობლემებს განიცდის, იმავეს ვუსურვებ.

ის, რაც მე გავაკეთე, არ არის მსოფლიო რეკორდი ან სუპერმენის ქმედება, ჩვეულებრივი ამბავია, ყველას შეუძლია იმავეს გაკეთება. ვისაც ამის სურვილი აქვს და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აწუხებს, თავის მოვლა ყველასთვის კარგია, მე ასე მესმის. ბევრი ამბობს, მაგის დრო არ მაქვსო და თუ საკუთარი თავისა და ჯანმრთელობისთვის არ გცალია, აბა, რისი დრო გაქვს?! ამაზე მნიშვნელოვანი რა არის?! თუ საკუთარ გულს, კუჭს, ღვიძლს არ უფრთხილდები, რომ დიდხანს იყო საყვარელი ადამიანების გვერდით, ამაზე მნიშვნელოვანს რას აკეთებ, ეს მხოლოდ სასურველი ტანსაცმლის მორგებასა და კარგ ტიპობასთან ხომ არ ასოცირდება?! შეიძლება, ადამიანს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა ჰქონდეს, რომ ხელს უშლიდეს ამ პროცესში, მაგრამ წონის დასარეგულირებლად რაღაც გზა მაინც იარსებებს, თუნდაც შესაძლებლობის ფარგლებში ვარჯიში. დღეს ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად არ გვაქვს და სწორი დასკვნების გამოტანაც შესაძლებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა