დათო ლიკლიკაძე: სიყვარულს ჩემს ცხოვრებაში ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 12.09

დათო ლიკლიკაძის "უცნობი მხარე"👇
– ვინ არის დათო ლიკლიკაძე?
დათო ლიკლიკაძე: ადამიანი, რომელმაც თვითონ შექმნა საკუთარი თავი. არავინ არასდროს დამხმარებია ჩემი იუმორის გარდა, რომელიც ბუნებრივად მაქვს. ჩემი იუმორის საბადო ჩემი ქალაქია. ამდენი წელია, ამ მადანს ვიღებ და ამოუწურავია (იცინის).
– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?
– შეიძლება, ბანალურია, მაგრამ ჩემთვის საოცნებოა, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, არ იყოს ომი, არ ვიჩხუბოთ, გული არ ვატკინოთ ერთმანეთს. გვახსოვდეს, რომ ეს ცხოვრება ხანმოკლეა და ჩვენი გასავლელი გზა მშვიდად და სიყვარულში გავიაროთ. რაც შეიძლება მეტი გამოვტყუოთ ბედნიერებას.
– რამდენად გულჩვილი და ემოციური ადამიანი ხართ?
– ძალიან გულჩვილი და ემოციური ვარ. ყველა ფილმზე ვტირი. ხომ ვიცი, ფილმია, მაგრამ ვერ ვიკავებ თავს. საერთოდ, ცრემლის კაცი ვარ, ანუ ცრემლებთან ვმეგობრობ. საჯაროდ არ ვტირი, მაგრამ არც უამისობაა. ბაკურიანში ბანაკის დირექტორი ვარ. ქუთაისის მერიის ბავშვთა ბანაკს ვხელმძღვანელობ. უამრავ ბავშვს ვმასპინძლობთ. გაცნობის საღამოზე ბავშვებს ვთხოვ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღებზე მოგვიყვნენ. მაგალითად, თუ ვინმემ თქვა: „2018 წელი, როცა მამა დაბრუნდა ემიგრაციიდან“, რომ ამიტყდება ტირილი, ბავშვები გაოცებულები მიყურებენ ხოლმე, სახეზე აწერიათ – ნეტავ, ამას რა ატირებსო (იცინის). მამის გარდაცვალების შემდეგ გავხდი გულჩვილი. ამიტომ მამასთან დაკავშირებულ ყველა ამბავს განსაკუთრებით განვიცდი. კი გამოვიგლოვე, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან შევაფარე თავი ამ გლოვას. თითქოს, ბოლომდე არ მინდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. არადა, 25 წელია, გასული. მამა 2000 წელს დავკარგე, მაშინ 24 წლის ვიყავი. დღესაც კი პარკში რომ დავინახავ, მამა შვილს ასეირნებს ტირილი მიტყდება. როცა ვხედავ, მამა-შვილი მიდის, შემიძლია, ავეკიდო. კი მრცხვენია ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ, არ მობრუნდნენ და დამინახონ – ხომ გაგიჟდებიან, რას მოგვსდევს ეს კაცი ტირილ-ტირილითო (იცინის).
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– დედა, როგორ მინდა! (იცინის) რამდენ კარგ საქმეს გავაკეთებდი. ბევრ ადამიანს მოვუტანდი სიკეთეს. ჩემი ნათესავებით, მეგობრებით, მეზობლებით დავიწყებდი. ბავშვობის მეგობრები, თანაკლასელები, მასწავლებლები – ყველას იმდენს მივცემდი, რამდენიც მათი ყოფიდან გამომდინარე იქნებოდა საჭირო. ყველას ფულს ვაჩუქებდი და არა საჩუქრებს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი საჩუქარი ფულია. ამიტომ ყველას გავახარებდი და ხომ იტყოდნენ კარგს ჩემზე. ხედავთ, ადამიანი როგორია? ამ ქველმოქმედებაშიც ანგარება გავურიე და ისევ ჩემს თავზე ვიფიქრე.
კიდევ ჩემთან დაკავშირებულ სტერეოტიპს დავამსხვრევდი. დათო გაგიჟებულია ფულზეო, მთელი საქართველო ამას იძახის. ვაღიარებ, ამ ხმებს მე თვითონ შევუწყვე ხელი, სხვადასხვა იუმორისტულ გადაცემაში საუბრით. ამიტომ დაუნანებლად დავარიგებდი მოგებულ ფულს და დაიმსხვრეოდა ეს წარმოდგენა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება, სინანულიც უკავშირდებოდეს?
– რაღაცები როგორ არ მინანია. შეიძლება, ზედმეტი სიტყვა ვუთხრა ვინმეს და მერე სულ ბოდიშები ვუხადო ან ვიღაცას ცუდად ვეხუმრე, ვიღაცას შეიძლება, გული ატკინა ჩემმა სიტყვამ... ასეთები ხშირია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისეთი არაფერი ჩამიდენია, რას გამოც სინანული მთელი ცხოვრება გამყვება. ასეთი ნაბიჯი არ გადამიდგამს და დიდება ღმერთს! არც დიდი ფული მქონია, არც ბიზნესი და გავლენები, რომ მიზნის მისაღწევად რამეს გვერდით მყოფების გაწირვისკენ ებიძგებინა ჩემთვის. არ დამჭირვებია, თორემ წინასწარ არავინ თქვას, მე ამას არ ვიზამდიო. შეიძლება, ბევრი რამ მეკადრებინა და მერე სანანებლად მქონოდა. მადლობა ღმერთს, ჩემს ცხოვრებაში წარმატებაც და ბედნიერებაც ჩემი შრომის ხარჯზე მოვიდა. არავისთვის არაფრის წართმევა და არავისზე გადაბიჯება არ დამჭირვებია. თუმცა, ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ, თუ დამჭირდებოდა, ალბათ, ვიზამდი. მადლობა ღმერთს, არ მიმიშვა ამ ცოდვის ჩასადენად. ხეზე უნდა დავაკაკუნო, იმდენად ყველაფერი ამიხდა ცხოვრებაში, რომ არავისი არაფერი შემშურებია. იმიტომ კი არა, რომ შური არ არსებობს, არსებობს კი არა, სპექტაკლზე ამხანაგს ჩემზე კარგი როლი რომ ჰქონდა, ვოცნებობდი, მანქანა დატაკებოდა (იცინის). არ მომეცა საშუალება, რომ ეს შური გადმომენთხია და მადლობელი ვარ სამყაროსი ამის გამო.
– სახალისო ამბავი, რომელიც თავს პაემანზე გადაგხდათ...
– უფრო სევდიანი (იცინის). ძალიან ხშირად, ცალმხრივად და უიმედოდ ვიყავი შეყვარებული. სიყვარულს ჩემს ცხოვრებაში ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია. ამიტომ დღესაც ვერ ვხალისობ იმ მოგონებებით. ვინც სიყვარულზე სიყვარულით მიპასუხა, იმასთან ოჯახი შევქმენი და ძალიან ბედნიერი ვარ. მეუღლეში ძალიან გამიმართლა. თორემ, მანამდე სიყვარულში გამართლებული კაცი ნამდვილად არ ვყოფილვარ. დიდად არც ფიზიკურობა მიწყობდა ხელს და თან საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში ვიყავი. არადა, ყოველთვის ლამაზი ქალები მიყვარდა, თამასა მაღალი მქონდა. ამ დროს თვითონ არაფერი მებადა (იცინის). შესაბამისად, ძლიერ კონკურენციაში ვმარცხდებოდი (იცინის). ობლის კვერი გვიან გამოცხვაო, ხომ გაგიგიათ და ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?
– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი ბედნიერი პირადი სივრცე – ჩემი ოჯახია. ირგვლივ ყველა მშვიდობიანად მყავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია. როცა სახლში ყველაფერი დალაგებულია, ეს უმთავრესია. ამის დალაგებაში დიდი დიპლომატია არ გამომიყენებია, აქაც ღმერთი დამეხმარა, მაგრამ არევას არაფერი არ უნდა და რადგან არაფერი ამრევია, ეს არის ჩემი დიდი გამარჯვება.
დამარცხებას რაც შეეხება, სხვებისთვის ბევრი სიკეთის გაკეთება შემეძლო და შემიძლია, მაგრამ გამოვტოვე ეს მომენტები. არ მეცალა – ან საკუთარ თავზე ვიყავი გადართული, ან შესაბამისი მომენტი არ იყო. მე ძალიან ბობოქარი ცხოვრებით ვცხოვრობ, სულ რაღაცას ვაკეთებ და ამ დროს, შესაძლოა, რომელიმე ჩემიანს ვჭირდები. შეიძლება, რომ იციან ჩემი ტემპის შესახებ, ვერც მეუბნებიან. ვიცი, მეგობარს სწყენია კიდეც. უთქვამთ, რად უნდა ჩემი თქმა, თვითონ ვერ უნდა მიხვდესო. ძალიან განვიცდი, რომ ვიღაცები ჩემგან ელოდნენ ყურადღებას და ვერ მიიღეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან